Facebook Twitter
¹ბს-753-340(კ-05) 14 თებერვალი, 2008წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორები _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი ლ. გ-ე (მოპასუხე); 2. ნ. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ანაბარზე შეტანილი თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 6 ივნისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ჯ-ემ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო შემნახველი ბანკის ანგარიშზე მის სახელზე რიცხული თანხის შესაბამისი ინდექსირებული კურსით დაბრუნება, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სსრკ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1982 წლის 9 დეკემბრის ¹8 დადგენილების საფუძველზე დიდ სამამულო ომში დაღუპული მამის პენსიის დანიშვნის დავალება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1989 წლის 5 სექტემბრიდან საბჭოთა კავშირის სახელმწიფო შრომითი შემნახველი ბანკის თბილისის ¹..... ფილიალში გახსნილი ჰქონდა ანგარიში და გააჩნდა შესაბამისი სალაროს წიგნაკი. 1991 წლის 3 დეკემბრისათვის ნაშთად ერიცხებოდა 2079 საბჭოთა მანეთი. თავად იყო მარტოხელა პენსიონერი, მამამისი, რომელიც იყო კადრის ოფიცერი, დაიღუპა დიდ სამამულო ომში (ს.ფ. 1).
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ივნისის განჩინებით ნ. ჯ-ეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი (ს.ფ. 2).
2000 წლის 22 ივნისს ნ. ჯ-ემ იმავე სასამართლოში კვლავ შეიტანა სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო შემნახველი ბანკის ანგარიშზე მის სახელზე რიცხული თანხის შესაბამისი ინდექსირებული კურსით დაბრუნება, საბჭოთა მანეთის მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით.
მოსარჩელის განმარტებით, 1989 წლის 5 სექტემბრიდან სახელმწიფო შემნახველი ბანკის თბილისის ¹..... ფილიალში გახსნილი ჰქონდა ანგარიში ¹..... , რომელზეც 1991 წლის 3 დეკემბრისათვის ნაშთად ერიცხებოდა 2079 საბჭოთა მანეთი. მან აღნიშნული თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დავალებოდა აღნიშნული თანხის ანაზღაურება დაურიცხავი პროცენტებისა და საბჭოთა მანეთის მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მასზე არ გავრცელებულიყო “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება და მისი სარჩელი დაკმაყოფილებულიყო სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 389-ე, 874-ე მუხლების საფუძველზე (ს.ფ. 3).
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის შესაბამისად, სადავო დავალიანება აღიარებული იყო სახელმწიფო საშინაო ვალად და მისი დაფარვა განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულებით.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემული სარჩელის განხილვისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლი, რამდენადაც ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ე.ი. 1997 წლის 25 ნოემბრიდან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა (ს.ფ. 64-65).
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ს.ფ. 85-87).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 0,002 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1993 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში იყო ყოფილი საბჭოთა მანეთი. 1993 წლის 3 აგვისტოდან ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა კუპონი (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის ¹575 დადგენილება). საქართველოს ტერიტორიაზე საბანკო დაწესებულებებს 1993 წლის 3 აგვისტომდე საბჭოთა და რუსული ფულადი ნიშნები კუპონებზე გადასაცვლელად უნდა მიეღოთ შეფარდებით: 1 მანეთი _ 1 კუპონი. გარდა ამისა, საბანკო დაწესებულებებს მოეთხოვებოდათ, 1993 წლის 3 აგვისტოდან იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშზე არსებული ნაშთები გადაეყვანათ მანეთიდან კუპონებზე, შეფარდებით 1:1, ანგარიშზე რიცხული თანხის მიუხედავად. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულებით მიმოქცევაში შემოღებულ იქნა ეროვნული ვალუტა (ლარი) და 1995 წლის 2 ოქტომბრიდან იგი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად. განისაზღვრა კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი: 1 000 000 კუპონი _ 1 ლარი, რის საფუძველზეც მოსახლეობის ანაბრებზე კუპონებში რიცხული თანხა ზემოაღნიშნული შეფარდებით გადავიდა ლარებში. 1997 წლის 8 დეკემბერს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ¹711 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ”, რომლის თანახმად დიფერენცირებულად უნდა განხორციელებულიყო ანაბრებზე რიცხული თანხების ინდექსაცია მათი წარმოშობის წლებისა და მოცულობის შესაბამისად ამ აქტის ¹1 დანართის მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ზემოხსენებული ბრძანებულება და ამავე აქტით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა ორი თვის ვადაში წარედგინა საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების შემდგომი დაბრუნების პროცესის კომპლექსური მოწესრიგების შესახებ. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის ¹455 ბრძანებულებით, 2-თვიანი ვადა გაიზარდა 10 თვემდე, მაგრამ დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სამართლებრივი აქტი არ მიღებულა. 1998 წლის 25 ივნისს საქართველოს კანონით ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ, ლარის მიმოქცევაში შემოღებამდე, ანუ 1995 წლის 2 ოქტომბრამდე, საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების ინდექსაცია არ ხდებოდა, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება აღიარებული იყო სახელმწიფო საშინაო ვალად და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ სავალო ვალდებულებების დაფარვა უნდა მომხდარიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დღეისათვის არ არსებობდა ინდექსაციის განმსაზღვრელი რაიმე ახალი საკანონმდებლო აქტი, ნ. ჯ-ეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მხოლოდ რუსული რუბლის კუპონზე და კუპონის ლარზე გადაცვლის კურსით გათვალისწინებული თანხა _ 0,002 ლარი. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მითითებული კოდექსის ნორმები ვრცელდებოდა მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოშობილი იყო ახალი სამოქალაქო კოდექის ამოქმედების შემდეგ. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენებოდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა სადავო სამართალურთიერთობაზე სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის გავრცელების შესახებ (ს.ფ. 153-155).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილება, რომლითაც შეიქმნა კომისია და მასვე დაევალა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვა, გადაჭრა და რეკომენდაციების შემუშავება, ხოლო ამ დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავებულ ნორმატიულ პროექტებს დადგენილი წესით გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენდა საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. ვინაიდან მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანების პრობლემების შესწავლა, მათი ანაზღაურების საკითხების გადაჭრა და რეკომენდაციების შემუშავება ევალებოდა აღნიშნულ კომისიას, ხოლო გადაწყვეტილების მიღება _ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს, ანუ სადავო საკითხის განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედიოდა, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება.
გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა “ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ” კანონი, ვინაიდან ლარის მიმოქცევაში გაშვებამდე _ 1995 წლის 2 ოქტომბრამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების ინდექსაცია არ ხდებოდა, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო სავალო ვალდებულებათა დაფარვა დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716-ე, ¹717-ე ბრძანებულებების შესაბამისად, ვინაიდან ეს ბრძანებულებები ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული და ამდენად, ფინანსთა სამინისტროს თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა (ს.ფ. 172-173).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ნ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად ვერ გაარკვია მისი სასარჩელო მოთხოვნის არსი, კერძოდ, იგი ითხოვდა ანაბარზე რიცხული თანხის შესაბამისი ინდექსირებული კურსით დაბრუნებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ნ. ჯ-ე წარმოადგენდა სახელმწიფო და არა რომელიმე კომერციული ბანკის მეანაბრეს.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სავალო ვალდებულებათა დაფარვა დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 და ¹717 ბრძანებულებების შესაბამისად. მოგვიანებით დასახელებული ბრძანებულებები შეიცვალა ¹258 ბრძანებულებით, რითაც უნდა ეხელმძღვანელა სასამართლოს დავის გადაწყვეტისას.
გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ მცდარია სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებები ექსპირტიზის საკითხზე, რამდენადაც ექსპერტთა მიმართ გამოსარკვევი საკითხები იმთავითვე არასწორად დაისვა. 2079 საბჭოთა მანეთის აშშ დოლართან შეფარდების საკითხთან ერთად საექსპერტო დაწესებულებას უნდა დაედგინა, როგორი იყო 2079 საბჭოთა მანეთის მსყიდველობითუნარიანობა 1989-1991 წლებში, როგორია აღნიშნული დღეის მდგომარეობით, რამდენია სხვაობა მითითებული წლების მიხედვით ნ. ჯ-თვის ასანაზღაურებელ თანხებს შორის და აღნიშნული შეფარდების გათვალისწინებით მოეხდინა მეანაბრეზე თანხის ანაზღაურება. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს წლების მანძილზე მიღებული ზიანის მიუხედავად, არ მოუთხოვია ამ ზიანის ანაზღაურება, იგი ითხოვს მხოლოდ იმ თანხის შესაბამისი ინდექსირებული კურსით ანაზღაურებას, რომელიც 1991 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო შემნახველი ბანკის ანგარიშზე მის სახელზე ირიცხებოდა.
სასამართლო დაეყრდნო საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა მასში არ ჩანს, თუ როგორ იქნა დაანგარიშებული 0.002 ლარი, რა კრიტერიუმებით და ტარიფებით ისარგებლეს ექსპერტებმა აღნიშნული დასკვნის შედგენისას. საექსპერტო დასკვნის ბუნდოვანებისას სასამართლოს უნდა დაეკითხა ექსპერტები და არასრულყოფილი დასკვნა არ გაეზიარებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა (ს.ფ. 192; 222-225).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. ჯ-ის სარჩელის დავის საგანია ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო შემნახველი ბანკის ანგარიშზე მის სახელზე რიცხული საბჭოთა მანეთის შესაბამისი ინდექსირებული თანხით დაბრუნება, საბჭოთა მანეთის მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ობიექტია უშუალოდ ანაბრის ინდექსაციით მიღებული დავალიანება.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა იმ ძირითადი მოტივით, რომ არ არსებობდა ინდექსაციის განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტი და ნ. ჯ-ეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მხოლოდ რუსული რუბლის კუპონზე და კუპონის ლარზე გადაცვლის კურსით გათვალისწინებული თანხა _ 0,002 ლარი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება. ამავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი არის ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი. აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა ამ ვალდებულების დაფარვის წესი, რაც უნდა განხორციელებულიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 და ¹717 ბრძანებულებების შესაბამისად. „მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულებით განისაზღვრა მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული თანხების ინდექსაციის მექანიზმი და დადგინდა ინდექსაციის კოეფიციენტები. „საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულება; შეიქმნა საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა მთავრობისათვის საკანონმდებლო წინადადებათაAპაკეტის წარდგენა საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული თანხების დაბრუნების მექანიზმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, ლარის მიმოქცევაში გაშვებამდე, 1995 წლის 2 ოქტომბრამდე, საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების ინდექსაცია არ ხდებოდა, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმის მიხედვით, როგორც ნაშთების სახით არსებული თანხების ინდექსაცია, ასევე მისი მექანიზმი და შესაბამისი ანაზღაურების წესი დადგენილი უნდა ყოფილიყო საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
“საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია. აღნიშნულ კომისიას დაევალა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. ამდენად, ნაშთებზე არსებული თანხების ინდექსაციისა და ანაზღაურების წესი განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო კომისიის მიერ. “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის ¹259 დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2009 წლის 1 იანვრამდე.
ამდენად, “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია ამჟამად კვლავ ფუნქციონირებს, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია 2009 წლის 1 იანვრამდე, რა დრომდეც მან უნდა შეიმუშაოს სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წარუდგინოს ისინი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება 1995 წლის 2 ოქტომბრამდე ნ. ჯ-ის საბანკო ანგარიშზე რიცხული ანაბრის ინდექსაციისა და “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების საფუძველზე მოსარჩელის უფლების რეალიზაციის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ნ. ჯ-ის მოსაზრებას ექსპირტიზის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნების უსწორობის თაობაზე, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას აღნიშნულ საკითხზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტის დასკვნა ვერ იქნება მიჩნეული ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტად და იგი ვერ შეცვლის საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებას. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ექსპერტის დასკვნას სასამართლო ამოწმებს თავისი შინაგანი რწმენით და შეუძლია შესაბამისი დასაბუთებით არ მიიღოს იგი, მით უმეტეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტის დასკვნა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და თუ მისი მიღება, გაზიარება და მის საფუძველზე საქმის გადაწყვეტა იურიდიულად შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ. ჯ-ის მსჯელობას სახელმწიფოს მიერ მოსარჩელის მატერიალური უფლების აღიარებისათვისთავის არიდების თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი _ მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანების სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარება. აღნიშნული ნორმით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულია არა მოსახლეობის მიერ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილ ანაბრებზე რიცხული თანხა, არამედ მოსახლეობის მიერ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ანაბრებზე შეტანილი თანხების ინდექსირებული სახით დაბრუნების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ამისათვის აუცილებელია, “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილმა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელმა სახელმწიფო კომისიამ უფლებამოსილების ვადაში (2009 წლის 1 იანვრამდე) შეიმუშაოს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წარუდგინოს ისინი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს მოსარჩელისათვის ანაბარზე მის უფლებაზე უარის თქმას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.