Facebook Twitter

ბს-753-719(კ-06) 22 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს “პ-ა”

თანამოსარჩელე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 10 ივლისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველომ მოპასუხე შპს “პ-ას” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს “პ-თვის” გადაუხდელი საგზაო გადასახადის _ 4670.55 ლარის, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის _ 4101.62 ლარისა და ამავე კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ჯარიმის _ 1167.54 ლარის, მთლიანობაში _ 9939.71 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

შპს “პ-ა” 2000 წლის ოქტომბრიდან აწარმოებდა საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციას. საწავავის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებზე იგი იხდიდა დღგ-ს, ასევე სხვა სახის გადასახადებს, თუმცა თავს არიდებდა საგზაო გადასახადის გადახდას. საგზაო საგადასახადო სამმართველოს მრავალი თხოვნის მიუხედავად, არ წარუდგენია დეკლარაციები დადგენილი წესით. 2001-2002 წლებში გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 531.0 ლარი და უარს აცხადებდა დანარჩენი გადასახადის გადახდაზე.

საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ შპს “პ-ას” საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით 2000 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის დეკემბრის ჩათვლით შემოზიდულ და რეალიზებულ საწვავზე უნდა გადაეხადა 4670.55 ლარი, რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა გადასახადის გადაუხდელობის გამო საურავი 4101.62 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმა დეკლარაციის წარუდგენლობისათვის _ 1167.54 ლარი. მთლიანობაში შპს “პ-ას” გადასახდელი ჰქონდა 9939.71 ლარი.

“საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც აწარმოებს საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციას, ვალდებულია გადაიხადოს საგზაო გადასახადი ამ მასალების რეალიზაციით მიღებულ თანხებსა და მათ შესაძენად გაღებულ თანხებს შორის სხვაობის 5%-ის ოდენობით.

“საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ” დებულების შესაბამისად (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 იანვრის ¹17 და 2001 წლის 28 ნოემბრის ¹483 ბრძანებულებებით), საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 თავის თანახმად. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარუდგინოს საგზაო საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელს ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო დეკლარაცია (ფორმა ¹2) ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და იმავე ვადაში ჩარიცხოს გადასახდელი თანხა საგზაო საგადასახადო სამსახურის მიერ მოცემულ რაიონში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე. გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული თვე (ს.ფ. 3-4).

რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მოთხოვნა შეამცირა, კერძოდ, მოითხოვა ჯარიმისა და საურავის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება და მოპასუხისათვის 4670.55 ლარის დაკისრება (ს.ფ. 35-43).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “პ-ას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის საგზაო გადასახადის სახით (დასარიცხი საურავისა და ჯარიმის გარეშე) 1303 ლარის გადახდა (ს.ფ. 46-50).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს “პ-თვის” ძირითად გადასახადთან _ 1304 ლართან ერთად საურავის _ 1022 ლარისა და დეკლარაციების წარუდგენლობისათვის ჯარიმის _ 487 ლარის, მთლიანობაში _ 2813 ლარის დაკისრება (ს.ფ. 53-54).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 66-69).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე (ს.ფ. 74-75).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს განჩინებით აღნიშნული საქმის წარმოება განახლდა, მოსარჩელე საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და ფოთის საგადასახადო ინსპექცია (ს.ფ. 82-83).

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა, რომ შპს “პ-ას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2000-2002 წლების პერიოდის საგზაო ფონდის გადასახადი 1970 ლარის ოდენობით, ჯარიმა _ 492 ლარის ოდენობით და საურავი 2005 წლის 1 დეკემბრამდე _ 3729 ლარის ოდენობით, მთლიანობაში _ 6191 ლარი (ს.ფ. 126-140).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “პ-ას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 წლის ოქტომბრის თვიდან 2002 წლის ჩათვლით პერიოდისათვის საგზაო ფონდის გადასახადის დავალიანების _ 1303 ლარის, ჯარიმის _ 487 ლარისა და 2005 წლის 1 დეკემბრამდე დარიცხული საურავის _ 2753.42 ლარის, მთლიანობაში _ 4543 ლარის გადახდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “პ-ა” ეწეოდა საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციას. მას 2000 წლის ოქტომბრის თვიდან 2002 წლის ბოლომდე წარმოეშვა საგზაო ფონდის გადასახადის დავალიანება. აღნიშნული გადასახადები საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქცია) მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად რეგულირდებოდა “საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს 1995 წლის 2 სექტემბრის კანონით, რომელიც შემდგომ ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წლის 1 იანვრიდან. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 5%-ის ოდენობით. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტებია: ამ მასალის მწარმოებელი საწარმოებისათვის _ რეალიზებული პროდუქციის ღირებულება აქციზებისა და დამატებითი ღირებულების გარეშე, ხოლო სავაჭრო და საშუამავლო საწარმოებისათვის _ ამ მასალის რეალიზაციით მიღებულ თანხებსა და მათ შესაძენად გაღებულ თანხებს შორის სხვაობა (ორივე შემთხვევაში აქციზებისა და დამატებითი ღირებულების გარეშე). ამდენად, შპს “პ-ა” ნამდვილად წარმოადგენდა საგზაო ფონდის გადასახადის გადამხდელს, როგორც საწვავ-საპოხი მასალების სავაჭრო-საშუამავლო საწარმო და ვალდებული იყო გადაეხადა გადასახადი “საგზაო ფონდის გადასახადის აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 ნოემბრის ¹483 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესით.

თავდაპირველმა მოსარჩელემ აღიარა, რომ შპს “პ-ას” გადახდილი ჰქონდა 667 ლარი და მოითხოვა შპს “პ-თვის” 1304 ლარის დაკისრება ანუ ერთ ლარით მეტი, რაც სასამართლომ დაადგინა. საქმეზე მოწმედ დაკითხულმა საგზაო საგადასახადო სამმართველოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შპს “პ-ას” ნამდვილად გადახდილი ჰქონდა 667 ლარი და არსებობდა შესაბამისი საბუთები, რაც ზემოდგომ სასამართლოს გადასცა. ამ საბუთების საფუძველზე შედგა გაანგარიშება სააპელაციო საჩივრისათვის, რაც აისახა სააპელაციო საჩივარში. ასე რომ არ ყოფილიყო, ზემდგომი სასამართლო მის გაანგარიშებას არ დაეთანხმებოდა. გარდა ამისა, მოპასუხე შპს “პ-ას” წარმომადგენელმა წარადგინა ერთი ქვითარი, სადაც ჩანდა, რომ 2000 წლის 31 ოქტომბერს გადახდილი იყო საგზაო გადასახადი 52 ლარის ოდენობით. მანვე წარადგინა შედარების აქტის ასლი ფოთის საგადასახადო ინსპექციასთან, სადაც ჩანდა, რომ შპს “პ-ას” 2005 წლის 7 დეკემბრისათვის საგზაო ფონდის დავალიანება ჰქონდა 1312 ლარი, ანუ 9 ლარით მეტი, ვიდრე სასამართლოს მიერ დადგენილი 1303 ლარია. საგულისხმოა, რომ ეს ციფრი გადაეცა საგადასახადო ორგანოებს საგზაო საგადასახადო სამმართველოდან, რადგან მათ საგზაო ფონდის გადასახადის ადმინისტრირება აღარ ეხებოდათ (ს.ფ. 143-148).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “პ-ამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ. 150-152).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს “პ-ას” მიერ 667 ლარის გადახდილად ჩათვლის ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის 4543 ლარის ნაცვლად 6191 ლარის გადახდის დაკისრება.

აპელანტის მითითებით, შპს “პ-თვის” წარდგენილია და სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურებულია, რომ მის მიერ 2000-2002 წლებში საგზაო საგადასახადო ფონდის გადასახადის გადაუხდელი თანხის ოდენობამ 1970 ლარი შეადგინა. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას დეკლარაციის წარუდგენლობაზე დაერიცხებოდა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 5%-ის ოდენობით, ე.ი. 492 ლარი. ამავე კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით გადამხდელს დაეკისრებოდა საურავი ყოველ გადაუხდელ დღეზე. საურავის თანხამ 2005 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 3729 ლარი შეადგინა.

საქმეში არ მოიპოვებოდა და მოპასუხემაც ვერ წარადგინა დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთად ვერ ჩაითვლებოდა გადამხდელის ან სხვა რომელიმე პირის ზეპირი განცხადება. თანხის შეტანის შემთხვევაში გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა არ გაუჭირდებოდა, რამდენადაც მისი გადახდა დაფიქსირდებოდა საბანკო ამონაწერით, საგადასახადო დავალებით და სხვა რაიმე დოკუმენტით, რაც მოცემულ შემთხვევაში მას არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის საგადასახადო ინსპექციის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ შპს “პ-ას” გადახდილი ჰქონდა 667 ლარი. ამის გამო სასამართლომ შპს “პ-ას” ძირითადი გადასახადის _ 1970 ლარის ნაცვლად დააკისრა 1303 ლარი, ჯარიმის _ 492 ლარის ნაცვლად _ 487 ლარი, ხოლო საურავის _ 3729 ლარის ნაცვლად _ 2753 ლარი. საბოლოო ჯამში, სხვაობამ მათ მოთხოვნასა და სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხებს შორის შეადგინა 1648 ლარი (ს.ფ. 159-160).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს “პ-ასა” და ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “პ-მა” ეწეოდა საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციას. მას 2000 წლის ოქტომბრის თვიდან 2002 წლის ბოლომდე წარმოეშვა საგზაო ფონდის გადასახადის დავალიანება. აღნიშნული გადასახადები საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქცია) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად რეგულირდებოდა “საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს 1995 წლის 2 სექტემბრის კანონით, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წლის 1 იანვრიდან.

“საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 აპრილის ¹12 დადგენილების შესაბამისად, 2004 წლის 1 მარტიდან საგზაო ფონდის გადასახადის ადმინისტრირების განხორციელება დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოებს. აღნიშნულის გამო მოცემულ დავაში თავდაპირველი მოსარჩელის _ საგზაო საგადასახადო სამმართველოს უფლებამონაცვლედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და ფოთის საგადასახადო ინსპექცია. აპელანტებმა ცნეს საგადასახადო ორგანოს სპეციალისტების მიერ ნაწარმოები გაანგარიშება, რომ შპს “პ-ას” საგზაო ფონდის გადასახადის დავალიანება 2000-2002 წლებში შეადგენდა 1970 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული თანხიდან გადაანგარიშებით მოითხოვეს მოპასუხეს ძირითად თანხასთან ერთად დაკისრებოდა ჯარიმა 492 ლარი და საურავი 2005 წლის 1 დეკემბრამდე 3729 ლარი, მთლიანობაში 6191 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმ ნაწილში, რომ შპს “პ-ას” ძირითადი დავალიანება შეადგენდა 1970 ლარს, კერძოდ, თავდაპირველი მოსარჩელე აღიარებდა, რომ შპს “პ-ას” ამ თანხიდან გადახდილი ჰქონდა 667 ლარი და მოითხოვდა ძირითადი დავალიანების სახით მხოლოდ 1304 ლარის დაკისრებას. ის ფაქტი, რომ შპს “პ-ას” ნამდვილად ჰქონდა გადახდილი 667 ლარი, დაადასტურა საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მოწმედ დაკითხულმა საგზაო-საგადასახადო სამმართველოს წარმომადგენელმა. გარდა ამისა, შპს “პ-ას” საქმეში წარდგენილი ჰქონდა ქვითარი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2000 წლის 31 ოქტომბერს გადახდილი გადახდილი იყო საგზაო გადასახადი 52 ლარის ოდენობით. მან ასევე წარადგინა შედარების აქტის ასლი ფოთის საგადასახადო ინსპექციასთან, რომლითაც დგინდება, რომ შპს “პ-ას” 2005 წლის 7 დეკემბრისათვის საგზაო ფონდის გადასახადების დავალიანება შედგენდა 1312 ლარს.

ამდენად, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “პ-ას” 2002 წლის ბოლოსათვის საგზაო ფონდის გადასახადების დავალიანებიდან (1970 ლარი), გადახდილი ჰქონდა 667 ლარი და გადასახდელი დარჩა 1303 ლარი, რაც ჯარიმასთან (487 ლარი) და საურავთან (2753 ლარი) ერთად უნდა დაკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს “პ-ას” მოსაზრება საურავის დაკისრების ნაწილში, რომ მას საურავის სახით გადასახდელი ჰქონდა არა 2753 ლარი, არამედ 1022 ლარი, რის გამოც 4543 ლარის ნაცვლად გადასახდელად უნდა დაკისრებოდა 2813 ლარი. დადგენილი იყო, რომ შპს “პ-ას” 2002 წლის ბოლოსათვის გააჩნდა საგზაო გადასახადის დავალიანება 1303 ლარის ოდენობით. აღნიშნულს შპს “პ-ას” წარმომადგენელი სადავოდ არ ხდიდა. იგი არც იმ გარემოებას ხდიდა სადავოდ, რომ 2002 წლის ბოლოსათვის 1303 ლარიდან, საურავის თანხა შეადგენდა 1022 ლარს. საგზაო გადასახადის თანხა (1303 ლარი) შპს “პ-ას” არც ამ დროისათვის ჰქონდა გადახდილი. შესაბამისად, 2003 წლის იანვრიდან 2005 წლის 1 დეკემბრამდე აღნიშნულ თანხას დამატებით დაერიცხა 1731.42 ლარი, რამაც 1022 ლართან ერთად შეადგინა 2753.42 ლარი (ს.ფ. 199-205).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის 6191 ლარის გადახდის დაკისრება.

კასატორის მითითებით, შპს “პ-თვის” წარდგენილია და სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურებულია, რომ მის მიერ 2000-2002 წლებში საგზაო საგადასახადო ფონდის გადასახადის გადაუხდელი თანხის ოდენობამ 1970 ლარი შეადგინა. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას დეკლარაციის წარუდგენლობაზე დაერიცხებოდა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 5%-ის ოდენობით, ე.ი. 492 ლარი. ამავე კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით გადამხდელს დაეკისრებოდა საურავი ყოველ გადაუხდელ დღეზე. საურავის თანხამ 2005 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 3729 ლარი შეადგინა.

საქმეში არ მოიპოვებოდა და ვერც მოპასუხემ წარადგინა დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთად ვერ ჩაითვლებოდა გადამხდელის ან სხვა რომელიმე პირის ზეპირი განცხადება. თანხის შეტანის შემთხვევაში გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა არ გაუჭირდებოდა, რამდენადაც მისი გადახდა დაფიქსირდებოდა საბანკო ამონაწერით, საგადასახადო დავალებით და სხვა რაიმე დოკუმენტით, რაც მოცემულ შემთხვევაში მას არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ შპს “პ-ას” გადახდილი ჰქონდა 667 ლარი. შედეგად, სასამართლომ შპს “პ-ას” ძირითადი გადასახადის თანხის _ 1970 ლარის ნაცვლად დააკისრა 1303 ლარი, ჯარიმის _ 492 ლარის ნაცვლად _ 487 ლარი, ხოლო საურავის _ 3729 ლარის ნაცვლად _ 2753 ლარი. საბოლოო ჯამში, სხვაობამ მათ მოთხოვნასა და სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხებს შორის შეადგინა 1648 ლარი (ს.ფ. 212-213).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველო სარჩელით ითხოვდა შპს “პ-თვის” გადაუხდელი საგზაო გადასახადის, საურავისა და ჯარიმის სახით მთლიანობაში 9939.71 ლარის დაკისრებას.

რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა ჯარიმისა და საურავის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება და მოპასუხისათვის საგზაო გადასახადის სახით 4670.55 ლარის დაკისრება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “პ-ას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გადასახადის გადახდა 1303 ლარის ოდენობით (საურავისა და ჯარიმის გარეშე).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს “პ-თვის” ძირითად გადასახადთან _ 1304 ლართან ერთად საურავის _ 1022 ლარისა და დეკლარაციების წარუდგენლობისათვის ჯარიმის _ 487 ლარის, მთლიანობაში _ 2813 ლარის დაკისრება. ამდენად, აღნიშნული სააპელაციო საჩივრით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საგზაო გადასახადის დანარჩენ ნაწილში, რაც თავდაპირველი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა, არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში (1303 ლარი) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

მართალია, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოებს გამოკვეთილად არ უმსჯელიათ, მაგრამ შპს “პ-თვის” დაკისრებული საგზაო გადასახადის თანხა _ 1303 ლარი არ შეცვლილა საქმის განხილვის შედეგად მიღებული პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით. საკასაციო საჩივარში კი კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს “პ-ას”, ნაცვლად 1303 ლარისა, უნდა დაკისრებოდა 1370 ლარი _ 667 ლარით მეტი. კასატორი აღნიშნულ გარემოებას სადავოდ ხდის იმ ვითარებაში, როდესაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში იგი დაეთანხმა შპს “პ-თვის” გადაუხდელის გადასახადის სახით მხოლოდ 1303 ლარის და არა 1370 ლარის დაკისრებას და ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებთან მიმართებაში კასატორს არა აქვს წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც მისი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას დაადასტურებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია არსებითად სწორი განჩინება და საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.