ბს-753-719(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 12 იანვარს თ. ყ-მა, ი. ჭ-მა, გ. მ-მა და ა. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ 1992 წელს მოხალისეებად ჩაირიცხნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹103 რეზერვისტთა ბატალიონში და 1992 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, რაც დასტურდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მათზე გაცემული “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის” პირადობის დამადასტურებელი უვადო მოწმობებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით. აღნიშნულის მიუხედავად, მათ შეუწყდათ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და შეღავათები, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ. აღნიშნული უფლებებისა და შეღავათების აღდგენის მიზნით, ვეტარანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტმა მათ მოსთხოვა წარედგინათ ცნობები იმის შესახებ, რომ ისინი ნამდვილად მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. მითითებული ცნობების მისაღებად მოსარჩელეებმა 2004 წელს განცხადებით მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს და მოითხოვეს ცნობების გაცემა იმის თაობაზე, რომ ისინი ნამდვილად მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. 2005 წლის 20 დეკემბერს საქართველოს შე იარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალური საკითხების სამმართველოდან მათ მიიღეს წერილობითი უარი საბრძოლო მოქმედებებში მათი მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის თაობაზე. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ 2005 წლის 16 დეკემბერს გამოცემული ¹5711 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათთვის ცნობების გაცემაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლო იყო, რადგან მათ აღნიშნულ დეპარტამენტს ცნობების მისაღებად წარუდგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა საბრძოლო მოქმედებებში მათ მონაწილეობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები – თ. ყ-ი, ი. ჭ-ი, გ. მ-ი და ა. მ-ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვდნენ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ 2005 წლის 16 დეკემბერს გამოცემული ¹5711 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას და მათთვის ცნობების გაცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მათი მონაწილეობის თაობაზე. ასევე, მოითხოვდნენ თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა მათთვის მატერიალური ზაიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 500 ლარის და მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულისთვის 5000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების – თ. ყ-ის, ი. ჭ-ის, გ. მ-ისა და ა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის ¹5711 წერილი და დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განიხილოს მოსარჩელეების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე ცნობის გაცემის საკითხი და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისა და მტკიცებულების დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეების – თ. ყ-ის, ა. მ-ისა და გ. მ-ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობები საარქივო მასალების გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა, რის გამოც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ არსებობს და თავდაცვის სამინისტრო 2007 წელს ვერ გამოსცემდა ცნობას მოსარჩელეების 1992-1993 წლებში შეიარაღებულ ძალებში მონაწილეობის შესახებ, სათანადო დოკუმენტაციის არსებობის გარეშე და ვერ აწარმოებდა მოკვლევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებდა, რომ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რადგან, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისად, საბრძოლო მოკვლევას აწარმოებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მასვე ეკისრება შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა, რეზერვისტთა, მოხალისეთა ჩარიცხვა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვა. საბრძოლო მოკვლევით დადგენილი ფაქტების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს და მოქალაქეებს შესაძლებელია დაუდასტურდეთ შეირაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა-ამორიცხვა, რაც მტკიცდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ 2005 წლის 16 დეკემბერს გამოცემული ¹5711 ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითება, რომ ვერ იქნა მოძიებული შეიარაღებული ძალების რიგებში მოსარჩელეების ჩარიცხვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისა და სამხედრო სამსახურიდან ამორიცხვის შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან მოპასუხე ადასტურებს, რომ სამობილიზაციო განყოფილებების მიერ სამხედრო შეკრებაზე გაწვეული ....-ე ბატალიონის რეზერვისტთა სახელობით სიაში ირიცხებოდნენ მოსარჩელეები, ასევე მოსარჩელეებს არ მისცემიათ შესაძლებლობა, წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები და მტკიცებულებები, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნა, რაც ამავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, რომლის საფუძველზეც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარში არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ჟ-..... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის გენერალური შტაბის 2005 წლის 16 დეკემბრის ¹5711 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეებს არ აყენებს უშუალო ზიანს და არ ზღუდავს მათ უფლებებს, რადგან მოსარჩელეთა მოთხოვნის ძირითადი მიზანია ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიღება. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულებისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2004 წლის 21 დეკემბრის დებულების თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ევალება ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს. კასატორის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო არ არის ვალდებული, იმ პირთა მიმართ, რომელთა მონაცემებიც თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება, ჩაატაროს რაიმე მოკვლევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საკითხი შესწავლილი და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტში და არა თავდაცვის სამინისტროში, რის გამოც თავდაცვის სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, გასაჩივრებულ განჩინებას, საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.