ბს-754-726(კ-08) 15 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. და ვ-ია მ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
23.01.03წ. ბორჯომის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს რაიონული გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებამ სარჩელი აღძრა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს წინააღმდეგ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 13.10.2000წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველომ გამოაცხადა კონკურსი ბიბლიოთეკის და კლუბის შენობის იჯარა-გამოსყიდვით გაცემაზე, რომელშიც გაიმარჯვეს თ. და ვ. მ-ებმა. მხარეებს შორის 17.11.2000წ. გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ¹227 და საიჯარო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. 26.02.01წ. თ. და ვ. მ-ებმა გადაიხადეს საიჯარო ქირა 301,6 ლარი და გამოსასყიდი თანხა 2714,4 ლარი. მოსარჩელის აზრით, ზემოთმითითებული კონკურსი და მის საფუძველზე გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება უკანონოა, რადგან ხელშეკრულების დადებით დარღვეულია ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად პრივატიზებას არ ექვემდებარება ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემის ფუნდამენტური მეცნიერებების დაწესებულებები, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და მათდამი დაქვემდებარებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ყველა ტიპის მოქმედი და საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს". ზემოთაღნიშნულ პრივატიზებულ შენობაში განლაგებულია სასოფლო კლუბი და ბიბლიოთეკა. ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ,,ბიბლიოთეკა არის კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება". ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო არის ბიბლიოთეკების ფუნქციონირების გარანტი. საქართველოს კანონი ,,კულტურის შესახებ" პირდაპირ კრძალავს ბიბლიოთეკებისა და მათში დაცული ფონდების პრივატიზაციას. მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ბორჯომის რაიონული გამგეობის 1998 წლის ¹85 დადგენილების საპრივატიზაციო ნუსხაში ქვაბისხევის კლუბის და ბიბლიოთეკის შენობა სახელობით არ არის შეტანილი და არც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს არ უნდა შეეპარებინა იგი მომდევნო ეტაპზე საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში. დადგენილებაში აღნიშნულია მხოლოდ ყოფილი საბჭოთა მეურნეობები ზოგადად. ანალოგიური მდგომარეობაა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის აპრილის ¹1-3/250 ბრძანებაშიც. მოსარჩელემ მოითხოვა თ. მ-ესა და ვ. მ-ეს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს შორის 17.11.2000წ გაფორმებული ¹227 საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 31.05.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, მოწინააღმდეგე მხარემ _ ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. მესამე პირებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.11.04წ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბორჯომის რაიონის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.11.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა თ. მ-ემ და ვ. მ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.06.05წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.08წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, ბორჯომის რაიონული სასამართლოს 31.05.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გაუქმდა თ. მ-ეს, ვ. მ-ეს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს შორის 17.11.2000წ. გაფორმებული ¹227 საიჯარო ხელშეკრულება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მესამე პირების თ. და ვ. მ-ების მოტივაციას სადავო ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ, წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო ინტერესი, რომ სადავო შენობა განთავსებული იყო მათ მეზობლად და მისი შემოერთებით მოახდენდნენ ეზოს გაფართოებას. სააპალაციო პალატამ მიუთითა, რომ დავას არ იწვევდა სადავო შენობაში განთავსებული ბიბლიოთეკის პრივატიზების ნაწილში სადავო ხელშეკრულების ნაწილი და იგი უნდა გაუქმებულიყო კანონის “საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ” 29-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად. “კულტურის შესახებ” კანონის 27-ე მიხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი კულტურის ობიექტების პრივატიზებისათვის საჭირო იყო დარგობრივ უწყებასთან შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება შესაბამისი სამინისტროს მიერ, სადავო შენობის პრივატიზებისას, გაცემული არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა “კულტურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლით დადგენილ კულტურული მოღვაწეობის პრინციპებზე, რომლის შინაარსია კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელმისაწვდომობა და საჯაროობის შეუზღუდავობა, ასევე საქართველოს მოქალაქეთა კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავებისათვის ხელშეწყობა. ამავე კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სხვა საბიბლიოთეკო რესურსები ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო შენობაში განთავსებული კულტურული ობიექტების შენარჩუნების მაღალი საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატებოდა სოფლის მკვიდრთა მიერ გამოხატული აქტიური პოზიციით, რომ მათ მისცემოდათ კულტურული ობიექტებით სრულფასოვნად სარგებლობის საშუალება. სადავო ნაგებობის პირველი სართულის პრივატიზება და მისი მესაკუთრის შეხედულებისამებრ საყოფაცხოვრებო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელს გახდიდა სასოფლო კლუბისა და ბიბლიოთეკის ფუნქციონირებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ აშკარა იყო სოფლის მაცხოვრებელთა საჯარო ინტერესის უპირატესობა შენობის პრივატიზების კერძო ინტერესთან შედარებით. სააპელაციო პალტამ მიუთითა ზაკ-ის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს, მისთვის დადგენილი ფუნქციის თანახმად, არ შეეძლო ადმინისტრაციული ორგანოს როლის შეთავსება, მაგრამ იგი ვალდებული იყო განეხორციელებინა კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავიანთი ფუნქციის განხორციელებაზე, მათ შორის გასათვალისწინებელი იყო საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.
თბილისის სააპალაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა _ თ. და ვ. მ-ებმა. კასატორების განმარტებით, ოქმი ¹06_ით მტკიცდება, რომ კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ესწრებოდა გამგეობის სხდომას, როდესაც განიხილებოდა სახელმწიფო საწარმო “განახლების” საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცება, ეს კი ნიშნავდა რომ კულტურის განყოფილებასთან მოხდა შეთანხმება სადავო შენობის პრივატიზებაზე. გაპროტესტება ამ ფაქტისა უნდა მომხდარიყო გაყიდვამდე. ცნობა ¹51-ით დგინდება, რომ რაიკოოპერატივს 1975წ.-დან დროებით სარგებლობაში ჰქონდა მაღაზია; წერილი ¹122-ით დასტურდება, რომ ქვაბისხევის კლუბ-კანტორა, აშენებული 1966წ. დატვირთული იყო მაღაზიით, სამეურნეო საწყობით, სამკერვალო ოთახით, საპარიკმახეროთი და მათ შორის ბიბლიოთეკითაც. ასევე ირკვეოდა, რომ შენობის საპრივატიზაციოდ გადაცემა ქონების მართვის სამინისტროს მიერ მოხდა ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოზე. სადავო ობიექტი 1998წ._დან 2000წ._მდე იდგა საპრივატიზაციო ნუსხაში გასაყიდად. კლუბის გამგის, ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარის და სოფლის მოსახლეობის განცხადებებით დასტურდებოდა, რომ შენობის პირველ სართულზე გაიხსნა მაღაზია, მეორე სართულზე განთავსდა კლუბი და ბიბლიოთეკა. კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წერილის თანახმად, სოფელ ქვაბისხევის ბიბლიოთეკა სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრში შესული არ იყო, ხოლო ბიბლიოთეკის დირექტორი თავის წერილში აღნიშნავდა რომ ბიბლიოთეკა რეგისტრირებული იყო რეესტრში, აღნიშნულიდან გამომდინარე დირექტორის წერილი იყო ყალბი. სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა შესრულებული უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ახალი დოკუმენტების მოძიების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.07.08წ. განჩინებით თ. და ვ. მ-ების საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. და ვ. მ-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. და ვ. მ-ების სააკასააციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. და ვ. მ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. თ. და ვ-ა მ-ებს დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 300773150, გადახდის დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს იზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.