Facebook Twitter

¹ბს-758-723(კ-07) 16 იანვარი, 2008 წ.

¹ ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

05.09.06წ. დ. მხეიძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2005 წლის 5 აპრილს გათავისუფლდა ცენტრალური ბიღალტერიის მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შემდგომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც ძალაში დარჩა უზენაესი სასამართლოს განჩინებით, აღდგენილ იქნა წინანდელ თანამდებობაზე და ამასთან, მოპასუხეს – ქუთაისის მერიას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მთელი მოცდენილი დროისათვის. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად იგი არ იქნა აღდგენილი წინანდელ თანამდებობაზე და მის ნაცვლად ქუთაისის მერიამ შესთავაზა მას სხვა, უფრო დაბალი რანგის თანამდებობა. აღნიშნულზე დ. მხეიძემ უარი განაცხადა და მოითხოვა ადრინდელ თანამდებობაზე აღდგენა, რომელსაც რეორგანიზაციის შემდეგ შეეცვალა სახელწოდება, მაგრამ ფუნქციები იგივე დარჩა. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ოქტომბრის ¹278 ,,კ” განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე, იმ საფუძვლით, რომ დ. მხეიძემ უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე, ხოლო მთავარი ბუღალტერის თანამდებობა აღარ არსებობდა და აუნაზღაურა მას იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ზემოაღნიშნული განკარგულების გამოცემამდე. დ. მხეიძემ გაასაჩივრა მერის მოვალეობის შემსრულებლის ¹278 ,,კ” განკარგულება და მოითხოვა განკარგულების ბათილად ცნობა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თანამდებობაზე აღდგენა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.01.07წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ც. ხარატიშვილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.02.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 18.08.06წ. ¹278 ,,კ” განკარგულების ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მხეიძემ. საქალაქო სასამართლოს განჩინება საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. ხარატიშვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.04.07წ. განჩინებით ც. ხარატიშვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.01.07წ. განჩინება ც. ხარატიშვილის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.07წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. მხეიძის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.02.07წ. გადაწყვეტილება; დ. მხეიძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 18.08.06წ. ¹278 ,,კ” განკარგულება ,,დარიკო (დარეჯან) მხეიძის შრომითი ურთიერთობის დარეგულირების თაობაზე” და ქუთაისის მერიას დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ,,თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის, მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. ქუთაისის საკრებულოს 14.12.06წ. ¹8 და ¹9 დადგენილებების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 18 აპრილის ¹351 ბრძანებით დამტკიცდა თვითმმართველი ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების (მერიის აპარატისა და საქალაქო სამსახურების) ახალი საშტატო განრიგი და ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ქუთაისის მერიის 2006 წლის 29 დეკემბრის ¹623 ბრძანება. სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 აგვისტოს წერილით მოსარჩელეს შესთავაზეს მთავარი სპეციალისტის (ბუღალტრის ფუნქციებით) თანამდებობა ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსპორტის მართვისა და რეგულირების სამსახურში სახელშეკრულებო ფორმით, თანამდებობრივი სარგო 240 ლარი, ხოლო 2006 წლის 15 აგვისტოს წერილით მას შესთავაზეს ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსპორტის მართვისა და რეგულირების სამსახურის უფროსის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობა (მთავარი ბუღალტრის ფუნქციებით) თანამდებობრივი სარგო – 250 ლარი, მაშინ, როცა მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე დ. მხეიძის ხელფასი შეადგენდა 300 ლარს.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას და განმარტა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად ახალი საშტატო განრიგით მანამდე არსებული თანამდებობის გაუთვალისწინებლობა და აღნიშნული თანამდებობის შესაბამისი ფუნქციების სხვა თანამდებობის გათვალისწინება, არ ნიშნავს მანამდე არსებული თანამდებობის კვლავ შენარჩუნებას, მის არსებობას სხვა სახელწოდებით, არამედ შესაბამისი ფუნქციის მქონე ახალი თანამდებობის შემოღებას და ამ თანამდებობაზე აღდგენა არ ჩაითვლება მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენად.

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მუშაკისათვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება სცილდება სასამართლოს უწყებრივ კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ამასთანავე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის კანონშეუსაბამოდ ცნობის ფაქტი წარმოშობს გათავისუფლებული პირის შრომითი მოწყობის საკიტხის გადაწყვეტის ვალდებულებას: “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი დაწესებულების ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებას არ განიხილავს მოხელეთა სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლებასა და აღნიშნული საშტატო ერთეულების ამ დაწესებულებაში ადრე დასაქმებულ მოხელეთა მხედველობაში მიღების გარეშე დაკომპლექტების საფუძვლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის მერის ¹278 ,,კ” განკარგულება ,,დარიკო (დარეჯან) მხეიძის შრომითი ურთიერთობის დარეგულირების თაობაზე” იურიდიულად არ არის დასაბუთებული და გაურკვეველია, რა მიზეზით არ შესრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც კანონიერი ძალა აქვს და სავალდებულოა ყველა დაწესებულების ხელმძღვანელობისათვის. ქუთაისის მერის ¹278 ,,კ” განკარგულებით დ. მხეიძეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე, რაც დაუსაბუთებელია და მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული განკარგულება და მოპასუხე მხარეს დაავალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის მერიამ.

კასატორი თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დარიკო მხეიძის მიერ სარჩელის შეტანისას ამოქმედებული იყო ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, რომლის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ცნობის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი და მის საფუძველზე მოქმედი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ადგილობრივი არჩევნების შედეგების ცნობის შემდეგ ქუთაისში შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ორგანო ,,თვითმმართველი ერთეულის ქ. ქუთაისის” სახით, რომლის საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე შეიქმნა თვითმმართველი ერთეული ქ. ქუთაისის მერია, მისი ახალი სტრუქტურული ერთეულებით, შესაბამისად, ლიკვიდირებულია არა მხოლოდ ის სტრუქტურები, რომლის იდენტურობაზეც მოსარჩელე აყენებდა საკითხს, არამედ მთლიანად ყველა სრუქტურული ერთეული და ქვედანაყოფი, ხოლო, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის თანახმად კი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, მაგრამ მოხელე შეიძლება აღდგენლ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კვლავ არსებობს გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა. საქმის მსასალებით კი დადგენილია, რომ აღარ არსებობს ის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც მუშაობდა დ. მხეიძე, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს მოხელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატის 01.08.07წ. განჩინებით ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ქუთაისის მერიამ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად. მოწინააღმდეგე მხარემ დ. მხეიძემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.