Facebook Twitter

¹ბს-764-730(კ-06) 13 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ლ. ჭანტურია

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წარმომადგენელი ნ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ვ. ს-ა

მოპასუხე _ ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველო

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 27 მაისს ვ. ს-ამ სარჩელი აღძრა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2005 წლის 15 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-5)

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

ვ. ს-ა 1983 წლიდან მუშაობდა ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოში უფროს, ხოლო 1993 წლიდან მთავარ .......-ად, საიდანაც გათავისუფლდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 აპრილის ¹1 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მოსარჩელე პერსონალურად არ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 თებერვლის ¹1-1-9/56 გაფრთხილების ფურცელზე აღნიშნული ვ. ს-ას ხელმოწერა, რადგან მითითებულ დოკუმენტზე ხელს აწერს სამმართველოს ყველა თანამშრომელი და იგი არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული პერსონალური გაფრთხილება. ამასთან, ვ. ს-ა თანამდებობაზე დანიშნული იყო ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მიერ და მასვე უნდა გაეფრთხილებინა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

ვ. ს-ას გათავისუფლებისას ასევე დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან გათავისუფლება მოხდა პროფკავშირის თანხმობის გარეშე. აგრეთვე არ იქნა გათვალისწინებული სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლება. გარდა აღნიშნულისა, ვ. ს-ა მუშაობდა მთავარი .......-ის თანამდებობაზე, 2005 წლის 28 აპრილის ¹1 ბრძანების თანახმად კი, გათავისუფლდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან. ამასთან, ვ. ს-ა სამუშაოდან გათავისუფლდა 2005 წლის 15 აპრილიდან, ხოლო 2005 წლის 22 აპრილს ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ინტერესების დასაცავად წარგზავნილ იქნა სააპელაციო სასამართლოში

მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართვის შესახებ.

მოპასუხემ _ ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველომ არ ცნო ვ. ს-ას სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის ¹19 დადგენილების თანახმად, განხორციელდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაცია, რის გამოც ისინი ორმაგი დაქვემდებარებიდან გადავიდნენ სამინისტროს დაქვემდებარებაში. აღნიშნულის შესაბამისად, ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ყველა თანამშრომელი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაფრთხილებულ იქნა 2005 წლის 11 თებერვალს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც თანამშრომლების მიერ დადასტურებულია ხელმოწერებით. ამდენად, მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის დარღვევის შესახებ, რადგან თანამშრომელთა გაფრთხილება მოხდა არა შრომის კანონთა კოდექსის, არამედ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც არ ითვალისწინებს მოხელის პერსონალურ გაფრთხილებას. მოპასუხის მითითებით, აღნიშნულის მიუხედავად, ვ. ს-ა გაფრთხილებულ იქნა პერსონალურად, რადგან გაფრთხილების ფურცელში კონკრეტულად არის მითითებული მისი სახელი, გვარი, რასაც ვ. ს-ა პირადად აწერს ხელს.

მოპასუხის მითითებით, ვ. ს-ა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ტერიტორიული ორგანოების მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელეს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, პროფკავშირის თანხმობა საჭიროა ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში პროფკავშირები არ იყო.

მოპასუხის განმარტებით, ვ. ს-ას მიმართ დაცულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ 2005 წლის 11 თებერვალს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ორი თვის შემდეგ, 2005 წლის 15 აპრილს და ხელფასიც მოსარჩელეს მიღებული აქვს 2005 წლის 15 აპრილამდე.

მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის _ 297 ლარის ანაზღაურების შესახებ, რადგან გათავისუფლებამდე სრულად აქვს მიღებული კუთვნილი თანხა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის განმარტებით, ვ. ს-ა თანამდებობიდან გათავისუფლდა სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹50-კ ბრძანებით, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამდენად, მოპასუხის მოსაზრებით, ვ. ს-ას უნდა გაესაჩივრებინა მითითებული ბრძანება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილმდებარეობის მიხედვით (ს.ფ. 21-23).

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა 2005 წლის 15 აპრილიდან იძულებითი განაცდური, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ვ. ს-ა 1983 წლიდან მუშაობდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში. 2005 წლის 11 თებერვალს ვ. ს-ა სხვა თანამშრომლებთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის 2005 წლის 29 აპრილის ¹1 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამავე წლის 15 აპრილიდან ვ. ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების გამო, რის შესახებაც იგი გაფრთხილებული არ ყოფილა. ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ მხოლოდ რაიონებში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოების რეორგანიზაციისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მათი გათავისუფლების შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ გაფრთხილებად, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელის გაფრთხილება კი არ შეიცავს ინფორმაციას არც ერთი ზემომითითებული საფუძვლების შესახებ. ის გარემოება, რომ ¹1 ბრძანებით ვ. ს-თან ერთად იმავე საფუძვლით, შტატების შემცირების გამო, გათავისუფლდა ამავე სამმართველოს ყველა თანამშრომელი, ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე მის მიერ დაკავებული შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილა. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებულებაში მოხდა რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, ყველა შტატის შემცირება მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, ვ. ს-ა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო გაფრთხილების ერთთვიანი ვადის გასვლიდან პირველივე დღეს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია, რადგან მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა გაფრთხილების დღიდან ორი თვის შემდეგ.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ვ. ს-ა კი გაფრთხილებული არ ყოფილა შტატების შემცირების შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების შესაბამისად, სამმართველოში არსებული ექვსი საშტატო ერთეული გათვალისწინებული იყო მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებისათვის. მითითებული დებულების მე-2 და მე-3 მუხლებიდან გამომდინარე, იურიდიული განათლების მქონე პირის მთავარ სპეციალისტად დანიშვნა არ ეწინააღმდეგება სამმართველოს მიზნებს. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებით სამმართველოს დაკომპლექტების შესახებ სამინისტროდან ოფიციალური მითითების მიღების შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოთხოვნა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ, რადგან მოსარჩელე გათავისუფლებამდე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოსთან, რომლის სამართალმემკვიდრეც არის მოპასუხე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 28 აპრილის ¹2-115 ბრძანებით რაიონის ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ რაიონის სამმართველოს უფროსებს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, ეს უკანასკნელი კი საქმეში მონაწილეობს მესამე პირის სტატუსით. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს შესაბამის რაიონში.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 97-ე, 108-ე და 112-ე მუხლების საფუძველზე ვ. ს-ას სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას (ს.ფ. 53-58).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველომ და მოითხოვა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ვ. ს-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის ¹19 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რაიონის სამმართველოების რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ 2005 წლის 11 თებერვალს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც დადასტურებულია ხელმოწერებით.

აპელანტის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლებრივად უსაფუძვლო, კერძოდ, არასწორია რაიონული სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო გაფრთხილების ვადის გასვლის პირველსავე დღეს, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაფრთხილების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მუშაკს ეძლევა გაცდენილი დროის ხელფასი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია და მოსარჩელეს მიეცა ხელფასი 2005 წლის 15 აპრილამდე, რომელიც უგულებელყოფილ იქნა რაიონული სასამართლოს მიერ.

აპელანტის მითითებით, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და პირდაპირ სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა. შესაბამისად, რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია ბრძანების კანონიერებაზე და მისი ბათილად გამოცხადების გარეშე აღადგინა მოსარჩელე სამუშაოზე, ამასთან, აღდგენა მოხდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, სადაც მოსარჩელეს არასოდეს უმუშავია.

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ ასევე არ იმსჯელა მოცემული საქმის განსჯადობაზე, რადგან “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლდა მინისტრის ბრძანებით, რის გამოც ბრძანება უნდა გასაჩივრებულიყო არა ტყიბულის რაიონულ, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოპასუხედ მიწვეული უნდა ყოფილიყო სოფლის მეურნეობის მინისტრი (ს.ფ. 62-64).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოითხოვა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. ს-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევითა და უგულებელყოფით, რადგან ვ. ს-ას გათავისუფლება მოხდა კანონიერად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად და მას მიეცა საბოლოო ანგარიში.

რაიონულმა სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რადგან მითითებული ნორმიდან გამომდინარე, დავის საგანი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული აქტი, სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹50 ბრძანება, რომელიც არ გასაჩივრებულა და სასამართლომ ისე დააკმაყოფილა ვ. ს-ას სარჩელი და აღადგინა იგი სამუშაოზე, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გაუუქმებია და იგი ძალაშია (ს.ფ. 65-66).

ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ ცნო ვ. ს-ამ და შესაგებლით მოითხოვა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და მასში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹50 ბრძანების ბათილად ცნობა ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში შემდეგი მოტივით:

შესაგებლის ავტორის მოსაზრებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან არ იქნა პერსონალურად გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ვ. ს-ა შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან, რის გამოც სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ უნდა გაეფრთხილებინა არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არამედ ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქნა გაფრთხილებული ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 თებერვლის ¹1-1-9/56 გაფრთხილების ფურცელს ხელს აწერს ყველა თანამშრომელი, რის გამოც იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პერსონალურ გაფრთხილებად.

შესაგებლის ავტორის მითითებით, იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან, შესაბამისად, გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო მის მიერ. ამავე მოტივით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოცემული საქმის განსჯადობის შესახებ და მიიჩნია, რომ საქმე განხილულ იქნა განსჯადი სასამართლოს მიერ, რადგან იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან და არა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გარდა ამისა, ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს 1996 წლის 4 ოქტომბრის ¹8 ბრძანების თანახმად, ვ. ს-ა მუშაობდა მთავარ სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში, ხოლო 2005 წლის 28 აპრილის ¹1 ბრძანებით გათავისუფლდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან.

შესაგებლის ავტორმა ასევე არ გაიზიარა აპელანტ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რადგან ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის გათავისუფლება დაუშვებელია, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, კონკრეტულ შემთხვევაში ვ. ს-თვის არანაირი თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.

შესაგებლის ავტორის განმარტებით, არასწორია აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება, რადგან, მართალია, სარჩელში კონკრეტულად არ არის მითითებული ბრძანების ბათილად ცნობაზე, მაგრამ ეს საკითხი დაყენებულ იქნა სასამართლოში და უნდა ასახულიყო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოს მიერაც და აღნიშნული არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერ საფუძველს.

შესაგებლის ავტორის მოსაზრებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას ასევე დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა (ს.ფ. 76-78).

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მოპასუხედ იქნა ჩართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ს.ფ. 86-87).

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 103-108).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, მასში ცვლილების შეტანა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹50-კ ბრძანების ბათილად ცნობა ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ვ. ს-ას სასარგებლოდ 2005 წლის 15 აპრილიდან 2005 წლის 11 ოქტომბრამდე იძულებითი განაცდურის _ 1584 ლარისა და კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 594 ლარის ანაზღაურების დაკისრება (ს.ფ. 115-120).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის განჩინებით ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 153-167).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე 2005 წლის 11 თებერვალს გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2005 წლის 29 აპრილს ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის ¹1 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 97-ე მუხლის თანახმად. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ¹2-100 ბრძანებით დამტკიცდა ტერიტორიული სამმართველოების საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოში რეორგანიზაციის შედეგად არსებული 12 შტატიდან დარჩა 6, რომელზეც დაინიშნენ ისეთი პირები, რომლებსაც ადრე სხვა თანამდებობა ეკავათ.

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე პერსონალურად არ ყოფილა გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რითაც დაირღვა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა. ასევე, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ განმარტა, რომ სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების მე-2 და მე-3 მუხლებიდან გამომდინარე, იურიდიული განათლების მქონე პირის მთავარ სპეციალისტად დანიშვნა არ ეწინააღმდეგება სამმართველოს მიზნებს. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, ვ. ს-ას გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას უნდა ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სასამართლოს დასკვნით, რადგან სოფლის მეურნეობის ტყიბულის სამმართველო გაუქმდა და შეუძლებელი იყო ვ. ს-ას სამუშაოზე აღდგენა, შესაბამისად, მოსარჩელეს იძულებითი განაცდური უნდა ანაზღაურებოდა 2005 წლის 15 აპრილიდან სოფლის მეურნეობის სამმართველოს გაუქმებამდე (იხ. ს.ფ. 197-200).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასაციის მოტივები:

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა და დააკმაყოფილა ვ. ს-ას სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მაშინ, როცა სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცველელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა ახალი გადაწყვეტილების მიღებაზე, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც ვ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, ვინაიდან მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის ¹19 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების _ რაიონული სამმართველოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე, ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და მათ შორის _ ვ. ს-აც.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის ¹19 დადგენილების საფუძველზე გამოიცა ბრძანება ¹50-კ, რომლის თანახმადაც, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ იმერეთის მხარის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაცულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები _ დროულად განხორციელდა თანამშრომელთა გაფრთხილება თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ, 2005 წლის 15 აპრილს, გამოიცა ბრძანება “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის “დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად იმსჯელა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ 2005 წლის საშტატო განრიგზე, რომლითაც 12 საშტატო ერთეულის ნაცვლად განისაზღვრა 6 საშტატო ერთეული (მათ შორის იყო მთავარი სპეციალისტის 4 საშტატო ერთეული) და ყოველგვარი დაუსაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ საშტატო განრიგში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო .........-ის თანამდებობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა “შრომის კანონთა კოდექსის” 36-ე მუხლი _ თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, რადგან გათავისუფლებული თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და მათ მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, ხოლო შრომის კანონთა კოდექსი მათზე ვერ გავრცელდებოდა. შრომის კანონთა კოდექსის გამოყენების შემთხვევაშიც, თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება მიენიჭებოდათ იმ მოხელეებს, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან, სასამართლოს კი არ უმსჯელია და, შესაბამისად, არც დაუდგენია, დარჩენილ თანამშრომლებთან შედარებით, ვ. ს-ას გააჩნდა თუ არა სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა (იხ. ს.ფ. 208-213; 221-228).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 238-241).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრული იგნორირებით საქმეზე მიიღო სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, არ გამოუკვლევია მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის განჩინებაში ასახული მითითებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად, ვ. ს-ას არ შესთავაზა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, ასევე არ გაურკვევია, ვ. ს-ამ შეამცირა თუ არა სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში ასახული განმარტება, რომ ვ. ს-ას მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, გაგებულ უნდა იქნეს თუ არა დავის საგნის შემცირებად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გაურკვევია, ვ. ს-ა ითხოვდა თუ არა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და კონკრეტულად, რომელი ბრძანების კანონიერებას ხდიდა სადავოდ, რადგან, მართალია, სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნა მოიცავს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასაც და მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება დაკავშირებულია ბრძანების კანონიერების შემოწმებასთან, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ფაქტობრივად არსებობს ორი ბრძანება ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹50-კ ბრძანებით ვ. ს-ა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების _ რაიონული სამმართველოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1 მუხლის საფუძველზე 2005 წლის 15 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 28 აპრილს ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის მიერ გამოიცა ¹1 ბრძანება ვ. ს-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა აღნიშნული გარემოებებისათვის და გამოერკვია, ვ. ს-ა სადავოდ რომელ ბრძანებას ხდიდა. სააპელაციო სასამართლომ კი, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების გარეშე მიიჩნია არამართლზომიერად ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლება და უცვლელად დატოვა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის გარეშე ვ. ს-ა აღდგენილ იქნა სამუშაოზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების გზით, უნდა გაარკვიოს, ვ. ს-ა ითხოვს თუ არა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და უნდა დააკონკრეტოს რომელ ბრძანებას ხდის იგი სადავოდ, ამცირებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულზე არ უმსჯელია და ფაქტობრივად, დავის საგნის გარკვევის გარეშე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება, სამართლებრივი შეფასება არ მისცა სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის სხდომის ოქმში გაკეთებულ ჩანაწერს სასარჩელო მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით, რაზეც მიეთითა სააპელაციო სასამართლოს საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის განჩინებით. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ს-ას სამუშაოზე აღდგენის შესახებ ასეთი მოთხოვნის არსებობის დაუდგენლობის პირობებში, ამასთან, აღდგენა მოხდა გაუქმებულ სამსახურში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვ. ს-ამ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის სხდომაზეც მიუთითა, რომ მისი მოთხოვნაა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის მიცემა. ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებების გარკვევის შედეგად უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია ასევე ვ. ს-ას მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია აღნიშნული ნორმა დარღვეულად, რომ არ დაუსაბუთებია, რის საფუძველზე მივიდა ასეთ დასკვნამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 თებერვლის ¹1-1-9/56 გაფრთხილების ფურცელი, რომლითაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის ¹19 დადგენილების შესაბამისად, სოფლის მეუნრეობისა და სურსათის სამმართველოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნენ ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს თანამშრომლები, მათ შორის _ ვ. ს-აც. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ უარყო მითითებული მტკიცებულება და რატომ არ მიიჩნია იგი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლი და მიუთითა, რომ ვ. ს-ა არ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ პერსონალურად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლი ითვალისწინებს გაფრთხილების ვალდებულებას, მაგრამ არ შეიცავს პერსონალური გაფრთხილების შესახებ დანაწესს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ განუმარტავს, რა იგულისხმება პერსონალურ გაფრთხილებაში და ასეთად რატომ არ უნდა იქნეს მიჩნეული საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 11 თებერვლის ¹1-1-9/56 გაფრთხილების ფურცელი, რომელშიც პერსონალურად არის მითითებული გასაფრთხილებელი თითოეული თანამშრომელი და დადასტურებულია თითოეულის ხელმოწერით. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლის მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენს თუ არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველს თუ წარმოშობს კომპენსაციის მიღების უფლებას, თანახმად ამავე კანონის 108.2 მუხლისა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ასევე დაუსაბუთებელია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც, რადგან სააპელაციო სასამართლომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის თანახმად, საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მაგრამ არ გამოუკვლევია ასანაზღაურებელი თანხის, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ვ. ს-ას ხელფასის ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, უნდა გამოითხოვოს სათანადო მტკიცებულებები და მითითებული გარემოებების გარკვევის შედეგად, იმსჯელოს გათავისუფლებიდან სამსახურის გაუქმებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად მიიღოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება, რადგან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.