ბს-764-733(კ-08) 26 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. და ხ. ვ-ები (მოსარჩელეები)
მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ თ. დ-ე
დავის საგანი – ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების დადგენა და რეგისტრაციის დავალდებულება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. და ხ. ვ-ებმა 2007 წლის 26 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 13 აპრილის განკარგულების, ამის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების დადგენა და რეგისტრაციის დავალდებულება.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ .......-ში აქვთ საცხოვრებელი სახლი, რომელიც დამაგრებულია 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც დასტურდება ქობულეთის რაიონულ არქივში დაცული საკომლო წიგნების ჩანაწერებით. ხსენებული ქონება მათ საჯარო რეესტრში არ გაუტარებიათ. მოსარჩელეთათვის 2007 წლის ნოემბერში ქობულეთის სარეგისტაციო სამსახურიდან მიღებული წერილით ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 7 თებერვალს დაუსწრებელი ¹2-237 გადაწყვეტილების საფუძველზე ა. ვ-ის მამას და ხ. ვ-ის მეუღლეს გ. ვ-ეს ვინმე თ. დ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებია 14750 ლარის გადახდა, და ეს მაშინ, როცა გ. ვ-ე დიდი ხნის წინ ამოწერილია კომლიდან და წასულია საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში. აღსრულების მიზნით დანიშნული ორი აუქციონის შემდეგ კრედიტორ თ. დ-ეს მოუთხოვია ქონების ნატურით გადაცემა, რაც აღმასრულებლის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა. ქობულეთის საარსრულებო ბიუროს 2004 წლის 13 აპრილის განკარგულების საფუძველზე სადავო ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში 2007 წელს დარეგისტრირდა თ. დ-ის საკუთრებად. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდგომ გამოსახლებულ იქნენ სადავო საცხოვრებელი სახლიდან და ამჟამად დროებით, ცხოვრობენ სამეურნეო ნაგებობაში. მოსარჩელეები მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევენ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მოთხოვნებისა და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-8 და 21-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. და ხ. ვ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 13 აპრილის ქობულეთის რაიონის საარსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ზ. მ-ის ¹5 განკარგულება თ. დ-ზე მოვალე გ. ვ-ის კუთვნილი ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე, როგორც უკანონოდ გაცემული; ბათილად იქნა ცნობილი თ. დ-ზე საკუთრების უფლების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრში, 2007 წლის 21 ივნისს განხორციელებული რეგისტრაცია-განაცხადის ¹....... , მიწის სარეგისტრაციო ნომერი ........ ამონაწერის მომზადების თარიღი 3.07.07 წელი; დადგენილ იქნა მოსარჩელეების ა. და ხ. ვ-ების საკუთრების უფლება, ქობულეთის რაიონის სოფელ .......-ში მდებარე 150 კვ.მ საცხოვრებელ სახლზე განლაგებულ 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე; ქობულეთის საჯარო რეეტრს დაევალა ხსენებული ქონება დაერეგისტრირებინა მოსარჩელეების ა. და ხ. ვ-ების თანასაკუთრებად.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის იპატოვსკის რაიონის პოლიციის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მოქალაქე გ. ვ-ე 1994 წლის პირველი აპრილიდან დარეგისტრირებულია იპატოვსკის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლად და მის სახელზე გაცემულია რუსეთის ფედერაციის პასპორტი 2004 წლის 27 აგვისტოს. ქობულეთის რაიონის ქაქუთიას თემის საკრებულოს საარქივო ცნობით დადგენილია, რომ 2001-2005 წლების ¹8 საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ითვლება ა. ვ-ე, დაბადებული 1977 წელს. კომლში სხვა წევრები არ ჩანს და მას განეკუთვნება საცხოვრებელი სახლი 150 კვ.მ რომელიც აგებულია 2000 წელს. საფუძველი: ფონდი 25 აღწერა 3 საქმე 34 ფურცელი 30. ანალოგიური დადასტურებულია ქობულეთის რაიონის სოფელ .....-ში მცხოვრები მოქალაქეთა კოლექტიური განცხადებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქონება არ იყო გ. ვ-ის საკუთრება. სასამართლომ გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლი, რომლის თანახმად სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებით აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებულია როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე. ასევე გამოიყენა ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, რომლის თანახმად საკომლო მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო მიწით საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით წარმოადგენს ფიზიკური პირის ანდა მეუღლეთა ოჯახის წევრების საერთო საკუთრებას. სასამართლომ მიუთითა, აღმასრულებელს არ გაურკვევია თუ ვისი იყო, ან იყო თუ არა ვინმეს საკუთრება გ. ვ-თან ერთად სოფელ ...-ში მდებარე საკომლო ქონება, ისე გასცა განკაგულება მისი ნატურით გადაცემის თაობაზე რაც კანონსაწინააღმდეგოა. ასევე სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის მე-8 მუხლზე, რომლითაც მესაკუთრეს, რომელიც საკომლო მეურნეობას უძღვება მეუღლესთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, შეუძლია მიწა ან საკომლო მეურნეობა ანდა თავისი წილი საერთო საკუთრებიდან გაასხვისოს მხოლოდ მათი თანხმობით, თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი კი საქმეში არ მოიპოვება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებელმა უხეშად დაარღვია წინამდებარე კანონის მოთხოვნა, როცა გასცა გ. ვ-ის სახელზე არარიცხული მისი ყოფილი საკომლო ოჯახის უძრავ ქონებაზე სააღსრულებლო განკარგულება ქონების ნატურით გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც ამ კანონს არ შეესაბამება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის სააღსრულებო ბიურომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. დ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება ქობულეთის რაიონში სოფელ ......-ში მდებარე 150 კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ა. და ხ. ვ-ების საკუთრების უფლების აღიარებისა და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ვ-ეს დაეკისრა თ. დ-ის სასარგებლოდ 14 750 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება. საცხოვრებელი სახლი მდებარე ქობულეთის რაიონის სოფელ ......-ში 2 500 კვ.მეტრი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით ნატურით გადაეცა კრედიტორ თ. დ-ეს და საკუთრების უფლებით აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად. დადგენილია, რომ თ. დ-ის მოთხოვნით ა. და ხ. ვ-ები გამოასახლეს ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლიდან, რამაც განაპირობა სარჩელის აღძვრა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა სააღსრულებო საქმე აჭარის არ სააღსრულებო ბიუროდან, რაც წარმოდგენილი ვერ იქნა. აჭარის არ სააღსრულებო ბიუროს უფროსმა სააპელაციო სასამართლოს განუცხადა, რომ საქმის მოძიება შეუძლებელია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო შეემოწმებინა სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების შესაბამისობა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონთან, კერძოდ 72-77-ე მუხლებთან.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მოსარჩელეების მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების გამო სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს კრედიტორისა და მოვალის უფლება-მოვალეობებს. შესაბამისად მითითებული სუბიექტებისათვის ადგენს სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრების ერთთვიან ვადას. მოცემულ შემთხვევაში სადავო სააღსრულებო მოქმედებაზე მოვალე არის გ. ვ-ე, ხოლო კრედიტორი თ. დ-ე, ამდენად ა. და ხ. ვ-ების მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ სოფელ ......-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ ყოფილა რეგისტრირებული გ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებულია როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე, მაშასადამე, იძულებითი აღსრულებისას კანონით დადგენილი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმ ქონებაზე რომლის მესაკუთრეც არის მოვალე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია დადგინდეს საერთოდ არსებობდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, მაგრამ ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი იგი კანონშეუსაბამო იქნებოდა, რადგან ქონება, რომლის რეალიზაციის მიზნითაც გაიცა განკარგულება არ ყოფილა რეგისტრირებული მოვალე გ. ვ-ის საკუთრებად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ირკვევა ქონების რეალიზაციის მიზნით აღმასრულებლის მიერ გამოცემული განკარგულების არ არსებობა, არ არსებობს აუქციონის ჩატარების მიზნით განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტები და თვით აუქციონის ოქმები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ვერ განხორციელდა აუქციონზე ქონების რეალიზაცია, რაც შესაძლებელს ხდის კრედიტორის განცხადებით ქონების ნატურით გადაცემის აუცილებლობას. საქმეში წარმოდგენილი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულებით სოფელ ......-ში მდებარე მოვალე გ. ვ-ის კუთვნილი ქონება, საცხოვრებელი სახლი და 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი – შეფასებულია 5000 ლარად, რომლის რეალიზაციაც ვერ განხორციელდა პირველ და მეორე აუქციონზე და ნატურით გადაეცა კრედიტორ თ. დ-ეს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო ვალდებულია ამტკიცოს მის მიერ განხორციელებული მოქმედების კაონიერება. იმ პირობებში კი, როცა არ მოიპოვება კრედიტორისათვის ნატურით გადაცემული 5000 ლარად შეფასებული საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე მოვალე გ. ვ-ის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი, შეუძლებელია დადგენილად იქნეს მიჩნეული, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ კანონიერად განხორციელდა განკარგულებაში მითითებული ქონების ნატურით გადაცემა კრედიტორ თ. დ-თვის. სასამართლომ ჩათვალა, რომ თ. დ-ის სახელზე ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს, რაც სრულიად საფუძვლიანად იქნა მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საარქივო ცნობა საკმარის დოკუმენტს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე აღსრულების მისაქცევად. აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებს გ. ვ-ის საკუთრების უფლებას 150 კვ.მ საცხოვრებელ სახლსა და 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად მასზე იძულებითი აღსრულების ღონისძიება არ უნდა მიქცეულიყო. საჯარო რეესტრის ქობულეთის სარგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 26 ნოემბრის ცნობით დასტურდება, რომ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 129კვ.მ გ. ვ-ის საკუთრებად არ ყოფილა რეგისტრირებული. საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით ირკვევა, რომ საკომლო წიგნის 1986-1990 წლების ჩანაწერებით კომლის უფროსად რეგისტრირებულია გ. ვ-ე ოჯახის წევრებად ნ. (იგივე ხ.) ვ-ე – ცოლი; შვილები: მი., მა., ა. და მო. ვ-ები, ოჯახს აწერია მიწა – 0.25 ჰა და საცხოვრებელი სახლი. სადავო ქონება (საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი) საჯარო რეესტრში იძულებითი აღსრულების დროისათვის რეგისტრირებული არ ყოფილა კომლის რომელიმე წევრის სახელზე. როგორც ირკვევა აღნიშნული ქონება აღრიცხულია მხოლოდ საკომლო წიგნში, რაზეც მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ქობულეთის რაიონის სოფელ ......-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების უფლების დადგენის ნაწილში, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, აღძრულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს უფლების სასამართლო წესით აღიარების იურიდიული ინტერესი. ასეთი ინტერესი გაცხადებული არ ყოფილა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საკომლო წიგნის ჩანაწერები კომლის ექვს წევრზე მიუთითებს, ხოლო სარჩელით საკუთრების უფლების აღიარებას კი ითხოვს მხოლოდ ორი, რის გამოც გასარკვევია დანარჩენი ოთხი პირის ინტერესი და უფლება აღნიშნულ ქონებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიურომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორი განმარტავს, რომ არ იზიარებს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ დარღვეულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართევლოს კანონის 69-ე მუხლი, ვინაიდან სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებულია როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო სადავო ქონება კი საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული გ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით, რადგან აღნიშნული ქონება, რომ გ. ვ-ის საკუთრებას წარმოადგენდა, ამას ადასტურებს სოფელ ქაქუთის თემის საკრებულოს 2000 წლის 14 აგვისტოს ¹48 წერილი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღდა გ. ვ-ის საცხოვრებელი სახლი ქობულეთის რაიონის სოფელ ......-ში. აღნიშნული განჩინება არ გაუქმებულა და ყადაღა ძალაში იყო აღსრულების მიმდინარეობის დროსაც, ანუ აღსრულება მიექცა იმ ქონებაზე, რომელიც კრედიტორის სარჩელის უზრუნველსაყოფად მომავალი გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობისათვის დაყადაღდა. კასატორის მოსაზრებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69- მუხლი. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაცემული განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ. კასატორი განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შეახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის თანახმად სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია და არა ვალდებულია გასცეს განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას აგრეთვე იმ საკითხზე, რომ ვინაიდან არ არსებობს სააღსრულებო წარმოება შეუძლებელია დადასტურდეს, რომ ვერ განხორციელდა აუქციონზე ქონების რეალიზაცია, რაც შესაძლებელს ხდის კრედიტორის განცხადების ქონების ნატურით გადაცემის აუცილებლობზე. კასატორი მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ 2002 წლის 14 მაისისა და 2002 წლის 4 ივნისის გაზეთი ,, ......-ის” ასლზე, საიდანაც ირკვევა, რომ როგორც პირველი, ასევე განმეორებითი აუქციონის შესახებ გამოქვეყნდა საჯაროდ, ხოლო ორივე აუქციონი რომ უშედეგო აღმოჩნდა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე გადაეცა ნატურით ქონება მოქალაქე თ. დ-ეს, ამას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის 2004 წლის წერილი, რომელსაც საფუძვლად უდევს აჭარის იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2004 წლის 28 მაისის ¹01/05-37 წერილი. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ ვინაიდან განმეორებითი აუქციონის შედეგადაც ვერ მოხერხდა გ. ვ-ის უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 771-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება ჰქონდა მოვალის ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განცხადებით მიემართა ქობულეთის საასღრულებო ბიუროსთვის.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13 აპრილს სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკაგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტით დეფინიცირებულ ინდივიდუალურ ადმინიტსრაცილ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გაცემულია ,,სააღსრუებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ადმინიტსრაციული ორგანოს, სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ და რომელიც წყვეტს მოვალის საკუთრების უფლებას ნგატურით გადაცემულ ქონებაზე და ადასტურებს კრედიტორის (ქონების მიმღები პირი) უფლებას გადაცემულ ქონებაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშულო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. სასარჩელო განცხადება სასამართლო აღმასრულებლის 2004 წლის 13 აპრილის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, სასამართლოს წარედგინა ხ. და ა. ვ-ების მიერ, თუმცა საქმეში არ არის, გარდა საარქივო ცნობისა, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მათ საკუთრებას აღსრულების დროს. ასეთი მტკიცებულება მათ მიერ შეუძლებელია ყოფილიყო წარმოდგენილი, ვინაიდან სადავო ქონებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ყადაღა დაედო და ეს განჩინება არ გაუქმებულა. ქონება ყადაღადადებული იყო აღსრულების მიმდინარეობის დროსაც. ყოველივე აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ა. და ხ. ვ-ებს არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიადგათ 2004 წლის 13 აპრილის ადმინისტრაციული აქტით, ვინაიდან სააღსრულებო ბიუროს მიერ აუქციონზე გავიდა მოვალის გ. ვ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და სასამართლო აღმასრულებლის განკარგულებით ნატურით გადაცემის შესახებ, თ. დ-ეს გადაეცა საკუთრებაში გ. ვ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ზ. მ-ის 2004 წლის 13 აპრილის ¹5 განკარგულების მოვალე გ. ვ-ის კუთვნილი ქონების თ. დ-ზე ნატურით გადაცემის თაობაზე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრში თ. დ-ზე საკუთრების უფლების 2007 წლის 21 ივნისს განხორციელებული რეგისტრაცია-განაცხადის ¹....... , მიწის სარეგისტრაციო ნომერი ....... ამონაწერის მომზადების თარიღი 3.07.07 წელი, ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. დ-ის განცხადება. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ იქნა მოპასუხე გ. ვ-ის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა გაზ-24 სახ. ¹....... და კამაზ 5320 სახ. ¹....... , აგრეთვე გ. ვ-ის საცხოვრებელი სახლი ქობულეთის რაიონის სოფელ .....-ში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ვ-ეს დაეკისრა თ. დ-ის სასარგებლოდ 14 750 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება. საცხოვრებელი სახლი მდებარე ქობულეთის რაიონის სოფელ .....-ში 2 500 კვ.მეტრი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით ნატურით გადაეცა კრედიტორ თ. დ-ეს და საკუთრების უფლებით აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად. დადგენილია, რომ თ. დ-ის მოთხოვნით ა. და ხ. ვ-ები გამოასახლეს ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლიდან.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების შესაბამისობა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 72-771-ე მუხლებთან იმის გამო, რომ შეუძლებელია სადავო ქონების თაობაზე სააღსრულებო წარმოების მოძიება. სააპელაციო სასამართლომ ს.ფ. 29-ზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 26 ნოემბრის ცნობის თანახმად დადგენილად ჩათვალა, რომ სოფ. .....-ში მდებარე 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 129 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში გ. ვ-ის საკუთრებაში არ არის რეგისტრირებული. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და სწორად არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ს.ფ. 15-ზე წარმოდგენილი საარქივო ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ქობულეთის რაიონის .....-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის საარქივო დოკუმენტებით 1986-1996 წლების საკომლო წიგნი ¹2 დასტურდება, რომ კომლის უფროსად რეგისტრირებულია გ. ვ-ე ოჯახის წევრებად ნ. (იგივე ხ.) ვ-ე – ცოლი; შვილები: მი., მა., ა. და მო. ვ-ები, ოჯახს აწერია მიწა – 0.25 ჰა და საცხოვრებელი სახლი. ს.ფ. 96-ზე კი წარმოდგენილია ქობულეთის რაიონის .......-ის სოფლის საკრებულოს გამგეობის 2000 წლის 14 აგვისტოს ცნობა იმის შესახებ, რომ გ. ვ-ეს ქაქუთის თემის საკრებულოში ზონარგაყრილი წიგნით არიცხია 0.25ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ გარემოებებს და არ იმსჯელა იმის შესახებ, რომ სადავო ქონება გ. ვ-ისა და მისი ოჯახის წევრთა საერთო საკუთრებას ხომ არ წარმოადგენდა მოცემულ ქონებაზე ყადაღის დადების მომენტისათვის. აღნიშნული გარემოების გამოკვლევას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის გადასაწყვეტად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომლის წევრთა საერთო ქონება წარმოადგენს მის წევრთა საზიარო უფლებას თანაბარ წილში. ამიტომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა სააღსრულებო ბიუროს განკარგულების კანონიერების საკითხი სადავო საერთო საკუთრების ქონებიდან გ. ვ-ის წილის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველად მიიჩნია ის გარემოება, რომ არ არსებობს აუქციონის ჩატარების მიზნით განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტები და თვით აუქციონის ოქმები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ვერ განხორციელდა აუქციონზე ქონების რეალიზაცია, რაც შესაძლებელს ხდის კრედიტორის განცხადებით ქონების ნატურით გადაცემის აუცილებლობას; საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობა, რადგან იგი არ ეფუძნება მოცემულ საქმეში არსებულ მასალების, კერძოდ, სადავო ქონების აუქციონის ჩატარების თაობაზე საჯარო გამოქვეყნების, ასევე სადავო ქონების ნატურით გადაცემის განკარგულების, ს.ფ. 21-ზე წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების, რომლითაც გ. ვ-ის მეუღლე ხ. (ნ. ) ვ-ეს უარი ეთქვა მესამე პირად ჩაბმაზე სამოქალაქო საქმეში თ. დ-ის სარჩელისა გამო გ. ვ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, ყოველმხრივ და სრულყოფილ გამოკვლევას.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოვალე გ. ვ-ის კუთვნილი ქონების თ. დ-ზე ნატურით გადაცემის თაობაზე ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ზ. მ-ის 2004 წლის 13 აპრილის ¹5 განკარგულების, ასევე თ. დ-ზე საკუთრების უფლების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრში განხორციელებული 2007 წლის 21 ივნისს ¹..... რეგისტრაცია-განაცხადის, მიწის სარეგისტრაციო ნომერი ...... ამონაწერის მომზადების თარიღი 2007 წლის 3 ივლისი, ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.