¹ბს-766-728(კ-07) 26 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ მ. ჩ.-ი, ც. დ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 14 აპრილს მ. ჩ.-მ და ც. დ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მიმართ და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მუშაობდნენ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილებაში, საკონტრაქტო (ხელშეკრულების) საფუძველზე. ხსენებული კონტრაქტების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 31 დეკემბრამდე. 2004 წლის 19 მარტს მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო ბრძანება მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებულ იქნა 2004 წლის 27 თებერვალს. მოსარჩელეებმა აღნიშნული ბრძანება უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ ისინი სამსახურებრივ მოვალეობებს 2004 წლის 19 მარტამდე ასრულებდნენ, ამასთან, სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ არ იყვნენ გაფრთხილებულები.
მოგვიანებით, მოსარჩელეებმა გაადიდეს სასარჩელო მოთხოვნათა ოდენობა, სამუშაოზე აღდგენა და 2004 წლის 27 თებერვლიდან იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტზე მითითება, ვინაიდან, აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეეძლო ვადამდე მოეთხოვა შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ხოლო ხსენებულ ბრძანებაში არ იყო მითითებული, თუ რა შემთხვევა იყო მოცემულ ვითარებაში. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ გაუფრთხილებიათ სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი წესით. ამასთან, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტები.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ც. დ.-ი და მ. ჩ.-ი აღდგენილნი იქნენ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების სოციალური მუშაკების თანამდებობაზე; ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელეებისათვის 2004 წლის 27 თებერვლიდან 2004 წლის 14 აპრილამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება იყო შეუძლებელი. რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნები. ამასთან, რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული საქმის გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, მოცემულ საქმეში არ მოიპოვებოდა ცნობა იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად, როდის გათავისუფლდნენ მოსარჩელეები სამსახურიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანების თანახმად, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებელმა სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დაავალა შეეწყვიტა განყოფილების მუშაკებისათვის შრომითი ხელშეკრულებები. საქმის მასალებიდან არ ირკვეოდა, აღასრულა თუ არა სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა რაიონის გამგებლის ხსენებული დავალება, შეუწყვიტა თუ არა მან თავის თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები და დადებითი პასუხის შემთხვევაში, როდიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ ვის მიერ იქნენ გათავისუფლებულნი მოსარჩელეები სამსახურიდან, რა დროს და რა საფუძვლით. რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია, იყო თუ არა შესაძლებელი მოსარჩელეების აღდგენა სამსახურში, როდესაც მათ მიერ არ იქნა გასაჩივრებული ადმინისტრაციის ის ბრძანება, რომლითაც ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანება მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში; მ. ჩ.-ი და ც. დ.-ი აღდგენილ იქნენ სოციალური მუშაკის თანამდებობაზე; მოპასუხე ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობას მ. ჩ.-ისა და ც. დ.-სათვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელეთა შრომის წიგნაკებიდან ამონაწერების თანახმად, მ. ჩ.-ი 1994 წლის 26 იანვარს დაინიშნა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილებაში სოციალური დახმარების მუშაკად, 2004 წლის 1 მარტს კი მას შეუწყდა ხელშეკრულება და გათავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო ც. დ.-ი 1994 წლის 26 იანვარს დაინიშნა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილებაში სოციალური დახმარების მუშაკად, 2004 წლის 1 მარტს კი მას შეუწყდა ხელშეკრულება და გათავისუფლდა სამსახურიდან. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანებით იმავე გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დაევალა გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ყოფილ უფროსსა და სოციალურ მუშაკებს შორის 2004 წლის 1 მარტიდან დადებული ხელშეკრულებების გაუქმება იმ მოტივით, რომ ხსენებული ხელშეკრულებები არ იყო გაფორმებული კანონმდებლობის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მან არაერთხელ გამოითხოვა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობისაგან მოსარჩელეთა პირადი საქმეები, მათ შორის, მოსარჩელეთა სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების ბრძანებები, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოში არ წარუდგენია.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ წერილობითი მტკიცებულებების წარდგენაზე უარს ამბობდა ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფდა, რომ მტკიცებულებები მის ხელთ იყო, ან თუ წერილობითი მტკიცებულებების წარდგენაზე უარის თქმას სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევდა, სასამართლოს შეეძლო გაეთავისუფლებინა მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი დაეკისრებინა მხარისათვის, რომელიც უარს ამბობდა წერილობითი მტკიცებულებების წარდგენაზე.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ სამსახურიდან მოსარჩელეთა გათავისუფლება განხორციელდა კანონის დარღვევით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და მე-6 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეები ახორციელებდნენ საჯარო სამსახურს და ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობა თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას ვალდებული იყო დაეცვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. ხსენებული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდებოდა, რეგულირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლით კი განსაზღვრული იყო ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელეთა შრომის წიგნაკებიდან ამონაწერებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანება. აღნიშნული ბრძანებით იმავე გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დაევალა მითითებული განყოფილების ყოფილი უფროსის მიერ დადებული შრომითი ხელშეკრულებების გაუქმება, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები არ იყო გაფორმებული კანონის შესაბამისად. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საფუძვლით შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა არ იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უფლებამოსილება გააჩნდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობას და შესაბამისად, იგი იყო ვალდებული და პასუხისმგებელი კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეფორმებინა ხელშეკრულებები. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ კანონის დარღვევით დადებული ხელშეკრულებების გამო, არ შეიძლებოდა მოსარჩელეთა შრომითი უფლებების დარღვევა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ დარღვეული იყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელეთა შრომის წიგნაკებში არ იყო მითითებული მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი _ შესაბამისი კანონის მუხლი. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობამ ასევე დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, ვინაიდან, მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე არ ყოფილან წინასწარ გაფრთხილებულნი, მათ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შეიტყვეს მხოლოდ 2004 წლის 19 მარტს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე კი ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი შესაგებელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოსარჩელეთა შრომის წიგნაკებიდან ამონაწერებით დასტურდებოდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ მოსარჩელეების სამსახურიდან კანონის დარღვევით გათავისუფლება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ უგულებელყო ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნა. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ მოპასუხეს სასამართლოს განჩინებით დაევალა მოსარჩელეების პირადი საქმეების სასამართლოში წარდგენა, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობამ არ შეასრულა სასამართლოს ხსენებული განჩინებით დაკისრებული ვალდებულება.
საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა სასამართლოში მოსარჩელეთა პირადი საქმეები. ამდენად, მოპასუხის მიერ შეგნებულად არ იქნა წარდგენილი სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებები, რათა ამით ხელი შეშლოდათ მოსარჩელეებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებაში.
2006 წლის 17 მაისს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, მ. ჩ.-ი და ც. დ.-ი არ წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს და ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების თანახმად, მათზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებლის 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანება მოსარჩელეთა გათავისუფლების თაობაზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად, უნდა გასაჩივრებულიყო მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელეებმა კი, შესაბამისი ხელშეკრულებების შეწყვეტისა და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ იმ დღესვე იცოდნენ და მათი ბრალი უკვე გამოკვეთილი იყო.
შესაგებლის ავტორის მტკიცებით, მ. ჩ.-ი და ც. დ.-ი არა საშტატო განრიგით დამტკიცებულ მოსამსახურეებს, არამედ ხელშეკრულებების საფუძველზე დაქირავებულ დამხმარე მოსამსახურეებს _ სოციალურ მუშაკებს წარმოადგენდნენ და მათსა და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობას შორის შრომითი ხელშეკრულებები 2004 წლის 4 იანვრიდან 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იყო გაფორმებული. ვინაიდან ამ შესაგებლის წარდგენის დროს მოსარჩელეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა გასული იყო, მათი, როგორც მუშაკების ადგილი, აღარ არსებობდა და მათი აღდგენა შეუძლებელი იყო. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 206-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად კი, სასამართლო უფლებამოსილი იყო, უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკი აღედგინა პირვანდელ თანამდებობაზე, მაშინ, როცა კვლავ არსებობდა გამოთავისუფლებული ადგილი. ამ შესაგებლის წარდგენის დროისათვის ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტში სოციალური მუშაკებისათვის გამოიყო თანხა მხოლოდ 20 სოციალური მუშაკისათვის, რაზედაც 2006 წლის 3 იანვარს გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები ახლად მიღებულ სოციალურ მუშაკებთან, ხოლო 2005 წელს ხელშეკრულებით აყვანილ სოციალურ მუშაკებს უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულებები. მ. ჩ.-სა და ც. დ.-ს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მათი ბრალეული ქმედების გამო, რაც აღნიშნული იყო საქმეში არსებულ, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარში, ადმინისტრაციის ინიციატივით შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები (კონტრაქტები).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში მიჩნეულ იქნა ქ. თბილისის მერია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მარინა ჩ.-ისა და ც. დ.-ის სასარგებლოდ 2004 წლის 1 მარტიდან 2005 წლის 5 იანვრამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები 1994 წლიდან მუშაობდნენ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილებაში. 2004 წლის 5 იანვრიდან მოსარჩელეებთან დაიდო შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 31 დეკემბრამდე. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებლის 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანებით გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დაევალა 2004 წლის 1 მარტიდან გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ყოფილ უფროსსა და სოციალურ მუშაკებს შორის დადებული ხელშეკრულებების გაუქმება იმ მოტივით, რომ ხსენებული ხელშეკრულებები არ იყო გაფორმებული კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, დადებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მ. ჩ.-თან და ც. დ.-თან შრომითი ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ხსენებული მუხლი ზემოთ მითითებული საფუძვლით შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას არ ითვალისწინებდა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულებები დადებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან აღნიშნულს გამორიცხავდა თვით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებლის 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანება, რამდენადაც აღნიშნული ბრძანებით სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დაევალა მისი წინამორბედის მიერ დადებული შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავი იყო ის გარემოება, რომ ხსენებული ბრძანების აღსრულების მიზნით, რაიმე აქტი მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ იყო გამოცემული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სამსახურში აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის სახეზე იყო ვადიანი შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა – ვადის გასვლა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელეებისათვის სამსახურში აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნა, რომ მ. ჩ.-სა და ც. დ.-ს უნდა ანაზღაურებოდათ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროიდან მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ანუ 2004 წლის 1 მარტიდან 2005 წლის 5 იანვრამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2004 წლის 1 მარტიდან 2005 წლის 5 იანვრამდე. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ ხსენებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის გამოყენებული სამოქალაქო სამართლის მატერიალური თუ სხვა შესაბამისი სამართლის ნორმები, რომელთაც გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითებული სამართლის ნორმები, რომლებსაც ემყარებოდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და ხსენებული გადაწყვეტილება არ პასუხობს იმავე კოდექსის 389-ე მუხლის «დ» და «ე» ქვეპუნქტებს.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიას აქვს კანონიერი ინტერესი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღძრას აღიარებითი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში იმისათვის, რომ დადგინდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა ყოფილ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობასა და მოსარჩელეებს შორის, კერძოდ, საუბარია შრომითი ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრაზე, რაც განხორციელდება უახლოეს მომავალში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 7 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 28 ნოემბერს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემული საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელეთა შრომის წიგნაკებიდან ამონაწერების თანახმად, მ. ჩ.-ი 1994 წლის 26 იანვარს დაინიშნა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილებაში სოციალური დახმარების მუშაკად, 2004 წლის 1 მარტს კი მას შეუწყდა ხელშეკრულება და გათავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო ც. დ.-ი 1994 წლის 26 იანვარს დაინიშნა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილებაში სოციალური დახმარების მუშაკად, 2004 წლის 1 მარტს კი მას შეუწყდა ხელშეკრულება და გათავისუფლდა სამსახურიდან (ტ. 1, ს.ფ. 4-5). ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ქ. თბილისის მერია) სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა მ. ჩ.-სთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმა 2004 წლის 5 იანვარს 2005 წლის 1 იანვრამდე, ასევე _ ც. დ.-სთან 2004 წლის 5 იანვარს 2005 წლის 1 იანვრამდე (ტ. 2, ს.ფ. 37, 58). ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანებით იმავე გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დაევალა 2004 წლის 1 მარტიდან გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ყოფილ უფროსსა და სოციალურ მუშაკებს შორის დადებული ხელშეკრულებების გაუქმება, რომლებიც არ იყო გაფორმებული კანონმდებლობის შესაბამისად (ტ. 1, ს.ფ. 32).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ქ. თბილისის მერია) სააპელაციო საჩივრის განხილვისას საერთოდ არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ხომ არ უნდა განეხილა იგი სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ანუ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განსჯად სასამართლოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ქ. თბილისის მერია) მიერ შესაგებელში გაკეთებული განმარტება იმის თაობაზე, რომ მ. ჩ.-ი და ც. დ.-ი არ წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს და ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების თანახმად, მათზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო, მ. ჩ.-ი და ც. დ.-ი არა საშტატო განრიგით დამტკიცებულ მოსამსახურეებს, არამედ ხელშეკრულებების საფუძველზე დაქირავებულ დამხმარე მოსამსახურეებს _ სოციალურ მუშაკებს წარმოადგენდნენ და მათსა და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ქ. თბილისის მერია) შორის შრომითი ხელშეკრულებები 2004 წლის 4 იანვრიდან 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იყო გაფორმებული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებული საქმე ექვემდებარებოდა განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ქ. თბილისის მერია) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის მერიას (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) დაეკისრა მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სასარგებლოდ 2004 წლის 1 მარტიდან 2005 წლის 5 იანვრამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ მ. ჩ.-სა და ც. დ.-ს და იგი საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ქ. თბილისის მერიამ (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის მერიას (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) დაეკისრა მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2004 წლის 1 მარტიდან 2005 წლის 5 იანვრამდე. ამდენად, იმ ნაწილში, რომლითაც, მ. ჩ.-სა და ც. დ.-ს უარი ეთქვათ გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილი უფრო კონკრეტულად განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ, რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი _ დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მ. ჩ.-სა და ც. დ.-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ქ. თბილისის მერია) შორის დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ქ. თბილისის მერია) 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,მ» ქვეპუნქტზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება, კერძოდ, ხსენებული ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტში მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ანუ თუ სამართლებრივი აქტი გამოცემულია კერძო სამართლის საფუძველზე, აღნიშნული აქტი არ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ქ. თბილისის მერია) 2004 წლის 27 თებერვლის ¹1/7 ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც მოცემული დავა არ არის თავისი შინაარსის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ «საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში» რანგირების მიხედვით მოცემულ ჩამონათვალში არ არის მოხსენიებული რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების სოციალური მუშაკი, როგორც საჯარო სამსახურის ფარგლებში საჯარო სამსახურის განმახორციელებელი სუბიექტი.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ჩ.-ი და ც. დ.-ი სამუშაოდან გათავისუფლებამდე მუშაობდნენ რა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ქ. თბილისის მერია) სოციალურ საკითხთა განყოფილებაში სოციალურ მუშაკებად, არ წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს და შესაბამისად, მათზე ვრცელდებოდა არა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი, არამედ იმჟამად მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი. ამდენად, მ. ჩ.-ისა და ც. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე ექვემდებარება განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც ქ. თბილისის მერიის (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და მოცემული საქმე ამ ნაწილში განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიის (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და მოცემული საქმე ამ ნაწილში განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.