ბს-767-354(კ-05) 16 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი – ქ. თბილისის მერია
მოწინააღმდგე მხარე – მ. ბ-ი (დ. ბ-ის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქონების რეკვიზიცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 15 დეკემბერს ქ. თბილისის მერიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის დ. ბ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
Oმოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 28 თებერვლის ¹23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დ. ბ-ების იჯახის საცხოვრებელი ბინიდან იძულებით გამოყვანას სანაცვლო ბინის ან ფულადი კომპენსაციის მიცემით.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,ცენტრ პოინტ ჯგუფი”.
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სათანადო ფულადი ანაზღაურების 1 კვ.მ 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდის შემდეგ მოპასუხე დ. ბ-ს ჩამორთმეოდა საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ..... ქ. ¹17-ში მდებარე ავარიულ სახლზე, მის სახელზე აღრიცხულ საცხოვრებელ და დამხამარე, სულ – 68,22 კვ.მ. ფართზე; დ. ბ-ი გამოსახლებულ ყოფილიყო მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე დ. ბ-ს ქ. თბილისში, .... ქ. ¹17-ში მდებარე ავარიულ სახლზე საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, სათანადო ფულადი ანაზღაურების 1კვ.მეტრზე 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში მიცემის შემდეგ, ჩამოერთვა საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება – ბინა საცხოვრებელი და დამხმარე ფართით, რაც მთლიანობაში შეადგენდა 68,22 კვ.მ. და დ. ბ-ი გამოსახლდა ზემოაღნიშნული ბინიდან თანმხლებ პირებთან ერთად.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ბ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარზე, მოწინააღმდგე მხარის (მოპასუხის) – დ. ბ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
2007 წლის 10 ივლისს ქ. თბილისის მერიამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კასატორ – ქ. თბილისის მერიის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა – ქ. თბილისის მერიამ უარი განაცხადა რა საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ" პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე და განმარტავს, რომ მითითებულ პუნქტს საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, პირის შესაძლებლობა, განკარგოს საკუთარი პროცესუალური უფლებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, თვლისს, რომ ქ. თბილისის მერიის მხრიდან სარჩელზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას,
აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. კასატორს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივაზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს იგივე გადაწყვეტილება საკასაციო წესით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.