Facebook Twitter

¹ბს-767-733(კ-06) 14 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.10.05წ. სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით ლ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1983 წლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. ბოლოს მუშაობდა ........... განყოფილების წამყვან სპეციალისტად. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 04.05.05წ. ¹144 ბრძანებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 104-ე მუხლის საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო, მის პირად საქმეს თუ აკლდა რაიმე დოკუმენტი. არც განთავისუფლების შესახებ ბრძანებაში არ არის მითითებული, თუ რა დოკუმენტის წარუდგენლობა გახდა მოხელის განთავისუფლების მიზეზი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოსალოდნელ განთავისუფლებაზე 1 თვით ადრე პერსონალურად გაფრთხილებული არ ყოფილა და მის განთავისუფლებაზე არც პროფკავშირისგან ყოფილა თანხმობა მიღებული (ს.ფ. 1-3).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ლ. კ-ე გაფრთხილებული იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, პირადი საქმის წარმოდგენის შესახებ, თუმცა მან ვერ უზრუნველყო საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა, რის გამოც მიჩნეულ იქნა, რომ მას არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტები.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 08.12.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, არაკანონიერად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 04.05.05წ. ¹144 ბრძანება ლ. კ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის ............... განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე 2005 წლის 4 მაისიდან, მოპასუხეს დაეკისრა განთავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 08.12.05წ. განჩინებით გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 08.12.05წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლ. კ-ეს მის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი იქნა კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, დიპლომის ასლი, სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და ავტობიოგრაფია. სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მოხელე არ ექვემდებარება განთავისუფლებას, თუ განთავისუფლების საფუძველი აღმოიფხვრა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. კ-ემ სადავო აქტი სასამართლოში კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს 07.06.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ. კასატორმა განმარტა, რომ ლ. კ-ე 1963 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამინისტროების ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიულ ორგანოებში. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში _ რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში, ბოლო პერიოდში _ აჭარის ა.რ. მიწის მართვის სახელმწიფო დეპატამენტის ტერიტორიულ ორგანოში _ ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამსახურში. კასატორმა აღნიშნა, რომ მითითებული სამსახურები არ წარმოადგენდნენ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს და მათზე რაიონის გამგეობა მხოლოდ ორმაგი დაქვემდებარების პრინციპით სამსახურებრივი უფლებამოსილებათა განხორციელებაში თანამშრომლობდა. საკადრო საკითხების გადაწყვეტა ამ ორგანოთა ხელმძღვანელობის კომპეტენციას განეკუთვნებოდა. აჭარის ა.რ. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და ლ. კ-ეს შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრამდე ლ. კ-ე ასრულებდა მიწათმომწყობის მოვალეობას. 01.01.05წ. დაინიშნა რაიონის .......... განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, საიდანაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 104-ე მუხლის შესაბამისად განთავისუფლდა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლ. კ-ემ მოგვიანებით აღმოფხვრა განთავისუფლების საფუძველი. კასატორის განცხადებით, სააპელაციო წარმოების დროს სასამართლოს მთავარ სხდომაზე ლ. კ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები: განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა დაკარგული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ, კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან და ავტობიოგრაფია _ დამოწმებული არ იყო სანოტარო წესით. სასამართლოს არ წარედგინა ასევე აღნიშნული დოკუმენტების დედნები. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შედგენილი იყო რუსულ ენაზე და გარკვევით ეტყობოდა, რომ ჩასწორებული იყო სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით. კასატორის განცხადებით, ყველა სხვა დოკუმენტი თარიღდებოდა მიმდინარე წლის თარიღით, რაც ადასტურებდა რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული დოკუმენტები შედგენილი იყო სამსახურიდან მისი განთავისუფლების შემდეგ.

კასატორი თვლის, რომ ლ. კ-ის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ. კასატორის განმარტებით, სამსახურიდან ლ. კ-ის განთავისუფლების შესახებ 04.05.05წ. ბრძანების ჩაბარება იმავე დღეს სთხოვა განთავისუფლებულ თანამშრომელს, თუმცა იგი გაეცნო მხოლოდ ბრძანებას და უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე. აღნიშნულზე შედგა აქტი და წარედგინა რაიონის გამგებელს. მოსარჩელეს სადავო აქტი არ გამოუთხოვია გამგეობიდან. 16.07.05წ. დასაქმების თხოვნით მიმართა ხელვაჩაურის გამგეობას. განცხადებაში მიუთითა, რომ 04.05.05წ. ¹144 ბრძანებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იყო განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან.

კასატორის აზრით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ლ. კ-ე გაცნობილი იყო სადავო ბრძანებას, რომელიც არ ჩაიბარა.

კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ .......... განყოფილება ლიკვიდირებული იყო და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორი თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოების გამო შეუძლებელია ლ. კ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს 07.06.06წ. განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს 31.10.06წ. განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის გაცნობის და განსახილველ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება. საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.