¹ბს-768-730(კ-07) 19 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. პ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
24.05.06წ. რ. პ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.12.05წ. გადაწყვეტილებით იგი გახდა სამხედრო პენსიონერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით და დაენიშნა პენსია 2005 წლის 27 ივნისიდან - სამხედრო სამსახურიდან თადარიგში გასვლის დღიდან. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა 12 თვის უკან დახევით, რაზეც მას უარი განუცხადეს. რ. პ.-მ გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაცვის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უარი. მოსარჩელემ განმარტა, რომ სამხედრო პენსიის დასანიშნად საკმარისი იყო 10-წლიანი სტაჟი, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის სტაჟი შეადგენდა 11 წელსა და 10 თვეს, 10 წლის სტაჟი მას შეუსრულდა 2003 წლის 17 აგვისტოს. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის პენსიის 12 თვის პერიოდის გაცემისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 500 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.07.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 05.05.06წ. ¹მ-05/05-5199 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობაზე და მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ 12 თვის გაუცემელი პენსიის მისაღებად ახალი აქტის გამოცემის დავალებაზე და საადვოკატო მომსახურების ხარჯის – 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ რ. პ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.05წ. გადაწყვეტილების საფუძველზე დაენიშნა სამხედრო პენსია წელთა ნამსახურობის მიხედვით 2005 წლის 27 ივნისიდან, რაც ასევე დასტურდება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ¹30-56727 საპენსიო მოწმობით.
სასამართლომ დაადგინა, რომ რ. პ.-მ მოპასუხეს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა 26.09.05წ. და უარის მიღების შემდგომ სასამართლოში აღძრა სარჩელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაენიშნა პენსია პენსიის მიღების უფლების წარმოშობის დღიდან – 2005 წლის 27 ივნისიდან, რაც აუნაზღაურდა კიდეც.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი - ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც პენსიის მიღების უფლების მქონე პირი სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართავს პენსიის მიღების უფლების წარმოშობის დღიდან 12 თვეზე მეტი ხნის შემდგომ, ასეთ შემთხვევაში გადაუანგარიშდება პირს მიუღებელი პენსია არა უმეტეს 12 თვის უკან დახევით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 05.05.06წ. ადმინისტრაციული აქტი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება და განმარტა, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში. რადგან მოსარჩელე რ. პ.-ს მთლიანად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. პ.-მ და მოითხივა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.07წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.07.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. პ.-მ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არ არის მითითებული სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. რ. პ.-ის განმარტებით, სამხედრო პენსიის დანიშვნის უფლება მას წარმოეშვა 2003 წლის 17 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც შეუსრულდა სამხედრო სამსახურში მუშაობის 10 წლის სტაჟი. ამავე დროს მას შესრულებული ჰქონდა სამხედრო პენსიის დანიშვნისათვის საჭირო ასაკი, სამხედრო პენსიის დანიშვნისათვის კანონმდებლობით დადგენილ მე-3 პირობას – საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევას იგი აკმაყოფილებდა 1993 წლიდან, მას შემდეგ, რაც რ. პ.-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩაბმული. ვინაიდან, მის სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც საქალაქო სასამართლოს 09.12.05წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ძალაში შევიდა, წარმოადგენდა მხოლოდ პენსიის დანიშვნა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი იყო ვალდებული აენაზღაურებინა საპენსიო თანხა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მიმართვის დღიდან, 2005 წლის 26 სექტემბრიდან 12 თვის უკან დახევით.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის 14.09.07წ. განჩინებით რ. პ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
მოპასუხემ – სოციალური სუფსიდიების სააგენტოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ რ. პ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და რ. პ.-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის და განსახილველ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება. საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. პ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.