¹ბს-768-734(კ-06) 24 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 19 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსა და სს “...." მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 აპრილის ¹102 განკარგულებით საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან სს “...." გამოეყო სესხი 70 000 ლარის ოდენობით, 3 თვის ვადით, წლიური 12%-ის დარიცხვით.
ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 1997 წლის 14 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “...." შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის შესაბამისად, სს “....” გამოეყო კრედიტი 100 000 ლარის ოდენობით, 9 თვის ვადით წლიური 12%-ის დარიცხვით, ამავე ხელშეკრულების 1.2. პუნქტით, სეხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 1998 წლის 14 იანვარი.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ვადისათვის სესხის არ დაფარვის შემთხვევაში მსესხებელს უნდა გადაეხადა კრედიტორისათვის საურავი 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის დაფარვაზე თავდებობა იკისრა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ 1997 წლის 10 აპრილის ¹85/31 წერილით, რაც აისახა ხელშეკრულების 4.2 პუნქტში, რომლის შესაბამისად, თუ “მსესხებლის" ანგარიშზე არ აღმოჩნდება შესაბამისი თანხები, “კრედიტორი" უფლებამოსილია, როგორც ძირითადი ვალის, ისე კრედიტის პროცენტის დარცხული თანხები ამოიღოს აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან.
მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლის 30 ივნისს სს “...." უკან დააბრუნა გამოყენებული 30 000 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 70 000 ლარი, რომლიდანაც მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, 1998 წლის 8 ივლისს დაფარა 10 000 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა, მიუხედავად არაერთგზის წერილობითი შეხსენებისა, სს “...." არ განუხორციელებია არც საპროცენტო განაკვეთის და არც ძირითადი თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 2003 წლის 25 ივლისის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 201 240 ლარს, მათ შორის - ძირითადი თანხა 60 000 ლარი, მასზე დარიცხული პროცენტი 6 700 ლარი, ხოლო საურავი - 134 540 ლარი.
ვინაიდან “მსესხებელი" _ სს “...." და აჭარის ა/რ მინისტრთა კაბინეტი არ ასრულებენ მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 895-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვდა აჭარის ა/რ მინისტრთა კაბინეტისა და სს “...." ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა 201 240 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ასევე ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სს “...." უძრავ-მოძრავ ქონებაზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე, საბანკო ანგარიშებზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე ყადაღის დადებას.
მოპასუხე _ აჭარის ა/რ მთავრობამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს “...." საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 60 000 ლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი, ვინაიდან ხელშეკრულების მონაწილე არც ერთ მხარეს ხელშეკრულების მოშლა არ მოუთხოვია. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სს “...." ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის - 60 000 ლარის გადაცემით, ხელშეკრულება, მისი სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე, მითითებული თანხის ნაწილში ითვლება დადებულად და წარმოშობს მხარეთა ვალდებულებებს, ხოლო რამდენადაც მხარეებს ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ მოუთხოვიათ, შესაბამისად, ძირითად თანხას უნდა დაერიცხოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტიც და საურავიც. აღნიშნულიდან გამოდინარე, არამართებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის გამოყენებაც.
აპელანტის მოსაზრებით, ასევე არამართებულია საქალაქო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ მთავრობა ხელშეკრულების მონაწილე მხარე არ არის და აქედან გამომდინარე, არც ვალდებულება ეკისრება, ვინაიდან, აპელანტის განმარტებით, სესხის დაფარვაზე თავდებობა იკისრა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ 1997 წლის 10 აპრილის ¹85/31 წერილით, რაც ასევე აისახა ხელშეკრულების 4.2 პუნქტში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სს “...." დარიცხული პროცენტისა და საურავის ნაწილში; სს “....." საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტის სახით 6700 ლარისა და საურავი _ 67 270 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვტილებაში მიუთითებდა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
1997 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ვალდებულია დაუბრუნოს კრედიტორს სესხი და სესხით სარგებლობისათვის განკუთვნებული წლიური 12%. 1998 წლის 14 იანვრის იმავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტში აღნიშნული ვადისათვის სესხით სარგებლობისათვის განკუთვნილი თანხის დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს კრედიტორს საურავი - 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თანხის დაუფარაობის გამო ტუნგოს ქარხანამ ფინანსთა სამინისტროს უნდა გადაუხადოს საურავის სახით 134540 ლარი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს განმარტებით, 134550 ლარი ძირითად თანხასთან 60 000 ლართან მიმართებაში აშკარად მაღალი პირგასამტეხლოა, რის გამოც იგი უნდა განახევრდეს.
ხოლო რაც A შეეხება ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნას აჭარის ა/რ მთავრობის სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ, სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია, დარიცხული თანხები ამოიღოს აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან, თუU მსესხებელს ანგარიშზე არ აღმოაჩნდება შესაბამისი თანხები, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს სოლიდარულ ვალდებულებას. თანხის ამოღება აჭარის ა/რ მთავრობის ბიუჯეტიდან მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ქარხანას არ აღმოაჩნდება შესაბამისი თანხები. ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლიდან.
სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის შესაბამისად, თავდებს შეუძლია უარის თქმა კრედიტორის დაკმაყოფლებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას, აქედან გამომდინარე, როცა გადაწყვეტილება შევა ძალაში და იძულებითი აღსრულებითაც ვერ ამოიღებს თანხას ფინანსთა სამინისტრო ამის შემდეგ უფლებამოსილი იქნება ვალდებულების შესრულება მოითხოვოს აჭარის ა/რ მთავრობისაგან.
ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის არსებობის მიუხედავად, ხელშეკრულების მხარე არ არის აჭარის ა/რ მთავრობა, მას ამ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა და შესაბამისად, არ არის სოლიდარული მოვალე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებაზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში და ამასთან მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს სესხი გამოეყო ჯერ კიდევ 1997 წლის აპრილში, ხოლო მისი დაფარვის ბოლო ვადად განისაზღვრა 1998 წლის 14 იანვარი. მათ მიერ სარჩელი აღძრულ იქნა 2003 წლის აგვისტოში. ამდენად, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების გადახდა საერთოდ არ უწარმოებიათ. ამ ხნის განმავლობაში ძირითად თანხას და საპროცენტო განაკვეთს ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია საურავის სახით დარიცხული თანხების ზრდა.
საურავის სახით დარიცხული თანხების ზრდა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ საწარმომ წლების განმავლობაში არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შემდეგ დარიცხული საურავის ზრდაში ბრალი მიუძღვის თავად საწარმოს. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დღესაც გრძელდება, რაც თავისთავად იწვევს საურავის დარიცხვის შედეგად დაგროვებული დავალიანების კიდევ უფრო ზრდას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპლაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
2006 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელშიც მიუთითებდა, რომ სადავო საკითხი ეხება პირგასამტეხლოს განაკვეთის ოდენობას. კასატორის მოსაზრებით, სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში იგულისხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის განაკვეთი, თუ საურავის დარიცხვის ხანგრძლივობა(პროცენტი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსაზრების ავტორი ითხოვდა მისი საჩივრის დასაშვებად ცნობას, ვინაიდან იგი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების მოქმედების ვადას და სარჩელის წარმოდგენის თარიღს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.