¹ბს-769-735(კ-06) 13 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ბათუმის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. შ-ე
მესამე პირები – 1. რ. შ-ე
2. გ. ჩ-ე
3. ზ. მ-ე
4. გ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მ. შ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – ბათუმის მთავრობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-2).
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
ბათუმის მერის 2006 წლის 31 იანვრის ¹02-12-10 განკარგულებით მ. შ-ე გათავისუფლდა ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ........... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, იგი ისე გათავისუფლდა თანამდებობიდან, რომ ამის შესახებ არ იყო წინასწარ გაფრთხილებული კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით, რადგან ბათუმის მერის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹154 განკარგულებაში საუბარია მხოლოდ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და თანამდებობის (საშტატო ერთეულის) შემცირების თაობაზე აპარატის საჯარო მოსამსახურეთა გაფრთხილების შესახებ. ადმინისტრაციულ აქტში არაფერია ნათქვამი მოხელეთა თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. განკარგულების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ შტატების შემცირების და არა გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებას. ამასთან, მ. შ-ე გათავისუფლდა 2006 წლის 31 იანვარს, მაშინ როცა განკარგულება გაფრთხილების შესახებ გამოიცა 2005 წლის 26 დეკემბერს. შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლება განხორციელდა არა გაფრთხილების ერთთვიანი ვადის გასვლიდან პირველივე დღეს, როგორც ეს კანონში არის მითითებული, არამედ მეექვსე დღეს.
მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დანაწესი თანამდებობაზე უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ. მოსარჩელის თქმით, მას ჰქონდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება სხვა თანამშრომლებთან შედარებით, რადგან წარჩინებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, ჰქონდა უფრო მაღალი კვალიფიკაცია, მუშაობის მეტი სტაჟი, გამოირჩეოდა შრომის ნაყოფიერებით და კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ამასთან, მის კმაყოფაზე იყო ოჯახის წევრები და ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მშობლები.
ადმინისტრაციამ უკანონოდ გაათავისუფლა მ. შ-ე, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების დროსათვის არ არსებობდა სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ აქტი. ბათუმის მერიამ ჯერ მიიღო რეორგანიზაციის შესახებ გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული აქტი და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამოსცა ბათუმის საკრებულომ ნორმატიული აქტი აპარატის რეორგანიზაციის შესახებ.
მ. შ-ის აზრით, რომ ბათუმის მერიაში არ განხორციელებულა რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, რადგან ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის 2006 წლის 15 თებერვლის ¹შ-766 წერილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში რეორგანიზაციისა და შტატების ლიკვიდაციის შესახებ დოკუმენტი საკრებულოს მიერ არ განხილულა. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის მერიამ არ გადასცა მას 2006 წლის 26 იანვრამდე და მის შემდგომ მოქმედი აპარატის საშტატო განრიგი. შესაბამისად, კვლავ ძალაშია 2005 წლის 22 აგვისტოს ¹36 ბრძანება “ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის მოსამსახურეთა საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ", რომლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის .......... სამსახური განისაზღვრა ცხრა საშტატო ერთეულით.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის გათავისუფლებისას ბათუმის მერიამ დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლი, ვინაიდან იგი არ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე. ადმინისტრაციამ ასევე დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა, რადგან ბათუმის მერიის 2005 წლის 25 დეკემბრის განკარგულება რეორგანიზაციის შესახებ თუ იქნება მიჩნეული გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებად, მაშინ ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად მოსარჩელე სამსახურიდან არ გათავისუფლდა კანონით დადგენილი გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
ადმინისტრაციის მხრიდან ასევე დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან მოპასუხემ შტატების შემცირებისას არ გამოიკვლია და არ განსაზღვრა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების მქონე პირთა წრე.
ამასთან, მოპასუხემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე და 97-ე მუხლები, რადგან ჯერ მიღებული იქნა რეორგანიზაციის შესახებ გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული აქტი და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამოსცა ბათუმის საკრებულომ ნორმატიული აქტი ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის რეორგანიზაციის შესახებ.
მ. შ-ემ საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ბათუმის მერის 2006 წლის 31 იანვრის ¹56, 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹53 და 2005 წლის 22 აგვისტოს ¹36 ბრძანებების არარა აქტად აღიარება და შესაბამისად, გათავისუფლების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 25-26).
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ – ბათუმის მთავრობის წარმომადგენელმა ზ. მ-ემ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. მოპასუხის განმარტებით, მ. შ-ე გაფრთხილებული იყო გათავისუფლების შესახებ ბათუმის მერის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹154 განკარგულებით, რაზეც მოსარჩელეს ხელი მოწერილი აქვს 27 დეკემბერს. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ აღნიშნული განკარგულება არ ითვალისწინებდა მოხელეთა გათავისუფლებას, ვინაიდან განკარგულება მიღებულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოხელის გათავისუფლებას შტატების შემცირებისას. ასევე, უსაფუძვლოა მითითება იმის შესახებაც, რომ იგი უნდა გათავისუფლებულიყო გაფრთხილების ერთთვიანი ვადის გასვლიდან პირველივე დღეს, მოსარჩელე კი გათავისუფლდა მეექვსე დღეს, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული მერის უფლებამოსილებას წარმოადგენს, რითაც არ დარღვეულა კანონის მოთხოვნა. ადმინისტრაციამ ასევე გაითვალისწინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 111-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნულ მოთხოვნებს მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა. ბათუმის მერიამ ასევე განმარტა, რომ მ. შ-ის მოთხოვნა მერის ბრძანებების არარა აქტად აღიარების შესახებ არის უსაფუძვლო, ვინაიდან მოსამსახურეთა საშტატო განრიგის დამტკიცება მოხდა ბათუმის საკრებულოს 2005 წლის 12 ივლისის ¹11-3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ბათუმის მთავრობის დებულების 8.2 მუხლის შესაბამისად, ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო განრიგს, აპარატის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ბათუმის მერი (იხ. ს.ფ. 80-84).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მერის 2006 წლის 31 იანვრის ¹2-12-10 განკარგულება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და აღდგენილ იქნა ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში ............. სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაევალა იძულებითი განაცდურის, თებერვლის _ 180 ლარისა და მარტის _ 240 ლარის ანაზღაურება; შეწყდა წარმოება ბათუმის მერის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹36, 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹53 და 2006 წლის 31 იანვრის ¹56 ბრძანებების არარა აქტად აღიარების თაობაზე, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მ. შ-ე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 18 თებერვლის ¹2-10-129 ბრძანებით დაინიშნა ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველოის აპარატის .............. სამსახურის მთავარ სპეციალისტად. ბათუმის მერის ბრძანებით ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში საშტატო რაოდენობა 87-დან 66 ერთეულამდე შემცირდა.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლებისას ადმინისტრაციამ არ იმსჯელა მ. შ-ის სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებაზე და დაადგინა, რომ მ. შ-ეს “შრომის კანონთა კოდექსის" 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გააჩნდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. ასევე დადგინდა, რომ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში მოსარჩელის გათავისუფლებისას არსებობდა პროფკავშირული ორგანიზაცია, რომლის თანხმობა მ. შ-ის გათავისუფლებაზე არ იყო.
სასამართლოს დასკვნით, ადმინისტრაციამ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული განკარგულების მომზადება არ შეესაბამებოდა “შრომის კანონთა კოდექსის” 36-ე მუხლის მოთხოვნებს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ იგი არ გააფრთხილეს შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ბათუმის მერის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹154 განკარგულებას მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და საშტატო ერთეულების შემცირების თაობაზე, მოსარჩელე გაეცნო 27 დეკემბერს, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საშტატო ერთეულთა შემცირება თავისთავად გულისხმობდა მუშაკთა რიცხოვნობის შემცირებას და მათი ნაწილის გათავისუფლებას.
სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია მ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა ბათუმის მერის ბრძანებების არარა აქტად ცნობის ნაწილში და შეწყვიტა საქმის წარმოება. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამავე კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. შ-ეს შეეძლო მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი აღეძრა გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც მოსარჩელემაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, მითითებული სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას იმისათვის, რომ მოსარჩელეს შეეძლო სარჩელი აღეძრა მერის გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბათუმის საკრებულოს 2005 წლის 11 აგვისტოს ¹12-2 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის მიხედვით ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო განრიგს აპარატის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ბათუმის მერი, შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იყო გამოეცა გასაჩივრებული აქტები და ამ მხრივ მოსარჩელის მოთხოვნა აღიარებითი სარჩელის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაში უსაფუძვლო იყო (იხ. ს.ფ. 146-150).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მერიის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ........ სამსახურში არსებული ცხრა საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ განისაზღვრა ხუთი ერთეულით. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციას მოხელეთა გათავისუფლებისას არ უმსჯელია თუ ვის გააჩნდა თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება. ბათუმის მერიამ მოსამსახურეთა გათავისუფლებისას გაითვალისწინა, როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის ისე, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები. რეორგანიზაციის შედეგად აპარატის .............. სამსახურში დარჩენილ თანამშრომლებთან შედარებით მზია შ-ეს არ გააჩნდა თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება. შესაბამისად, ბათუმის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლო იყო საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობას არ უმსჯელია მ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, უპირატესი დარჩენის უფლების მქონე პირთა წრის განსაზღვრაზე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად საერთოდ არ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება მ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისას და თვითონ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ. შ-ეYისე აღადგინა თანამდებობაზე, რომ არაფრად ჩათვალა კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება შეუძლია მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან ერთად, საქალაქო სასამართლომ ისე აღადგინა მ. შ-ე თანამდებობაზე, რომ არ მიუთითა, რეორგანიზაციის შედეგად რომელ თანამშრომლებთან შედარებით ჰქონდა უპირატესი დარჩენის უფლება. აპელანტმა განმარტა, რომ მ. შ-ის თანამდებობაზე აღდგენისას სხვა თანამშრომელი არ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად კი ბათუმის მერია ვალდებული ხდება, მ. შ-ის აღსადგენად დაუშვას კიდევ ერთი შტატი.
ბათუმის მერიის მითითებით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მასალები. აღნიშნული მტკიცებულებებით კი დასტურდებოდა, რომ მ. შ-ეს არ გააჩნდა დარჩენის უპირატესი უფლება. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო სასამართლოს მითითება, რომ ბათუმის მერიამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები _ გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამდენად, აპელანტის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი _ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. ს.ფ. 153-158).
მოწინააღმდეგე მხარემ – მ. შ-ემ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინებით ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ბათუმის მერის 2006 წლის 31 იანვრის განკარგულებით მ. შ-ე გათავისუფლდა ........... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლომ დაადგინა, რომ მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, .......... სამსახურში განისაზღვრა მთავარი სპეციალისტის ხუთი საშტატო ერთეული.
სასამართლოს დასკვნით, რომ, რამდენადაც მ. შ-ე გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 97-ე მუხლის თანახმად, შტატების შემცირების საფუძვლით, ადმინისტრაციას უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ-ის გათავისუფლებისას ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნდა სხვა თანამშრომლებთან შედარებით სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მ. შ-ის გათავისუფლებისას არ არსებობდა პროფკავშირის თანხმობა. ამასთან ერთად, ადმინისტრაციის მხრიდან სახეზე არ იყო მოსარჩელესათვის სხვა სამსახურის შეთავაზების ფაქტი, რასაც ითვალისწინებს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მერიის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები:
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ბათუმის მერიამ მოსარჩელის გათვისუფლებისას არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ, უსაფუძვლოა, რადგან ბათუმის მერიამ, პირველ რიგში, განსაზღვრა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში დასაქმებულ მოხელეთა შორის, რომელი მუშაკის გათავისუფლება იყო დაუშვებელი. აღნიშნული მუხლის მიხედვით მ. შ-ე ექვემდებარებოდა თანამდებობიდან გათავისუფლებას. ამის შემდგომ, მერიამ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დანაწესი უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ, რომლის საფუძველზეც ბათუმის მერიამ განსაზღვრა თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლების მქონე პირთა წრე და დაადგინა, რომ მოსარჩელე _ მ. შ-ეს სხვა თანამშრომლებთან შედარებით არ გააჩნდა თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება. კასატორის განმარტებით, მერიამ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო სააპელაციო სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოუყენებლობაზე.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ისე გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და დაადგინა, რომ მ. შ-ეს გააჩნდა დარჩენის უპირატესი უფლება, რომ არ განსაზღვრა, თუ რომელ მოხელესთან შედარებით ჰქონდა მოსარჩელეს თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება. მაშინ, როცა საკითხის უფრო სამართლიანი გადაწყვეტა იქნებოდა სადავო საკითხი დამატებითი შესწავლის და დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნდებოდა ბათუმის მერიას.
კასატორმა ასევე განმარტა, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მიუთითა 1973 წლის 28 ივნისის შრომის კანონთა კოდექსზე მაშინ, როცა საქმის განხილვისას ძალაში იყო შესული 2006 წლის 25 მაისის საქართველოს შრომის კოდექსი, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 1973 წლის შრომის კანონთა კოდექსი, ხოლო ახალი კოდექსი კანონმდებელმა გაავრცელა შრომით ურთიერთობებზე მათი წარმოშობის დროის მიუხედავად. ეს უკანასკნელი კი აღარ ითვალისწინებდა მოხელის დათხოვნისას პროფკავშირის თანხმობას და სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას (იხ. ს.ფ. 225-233). კასატორმა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლის მიხედვით ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 27 ოქტომბრის@¹2-2 დადგენილებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატი, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა მ. შ-ე. შესაბამისად, ძალადაკარგული გამოცხადდა ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის საშტატო განრიგი, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად იგი მიიღება დაწესებულების დებულების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 261-264).
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას. მ. შ-ემ მიუთითა, რომ საქმე არ იყო მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ასევე, არასწორია კასატორის მითითება 1973 წლის 28 ივნისის შრომის კანონთა კოდექსის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან მ. შ-ესა და ბათუმის მერიას შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2006 წლის 24 მაისის შრომის კოდექსის ამოქმედებამდე, ხოლო 2006 წლის 24 მაისის შრომის კოდექსი გავრცელდა მისი ამოქმედების შემდგომ არსებულ შრომით ურთიერთობებზე მიუხედავად მისი წარმოშობის დორისა (იხ.ს.ფ. 267-269).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/(იხ. ს.ფ. 271-274).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის მერიის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მზია შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის მერიის 2006 წლის 31 იანვრის ¹02-12-10 განკარგულება მ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, მ. შ-ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394.,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც ის დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და არ იზიარებს სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ბათუმის მერიას რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისას არ უმსჯელია, თუ ვის გააჩნდა თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება. სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა ბათუმის მერიის მიერ სადავო განკარგულების გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა, რეალურად არსებობდა თუ არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, აღნიშნულზე მსჯელობა და დასკვნა გასაჩივრებულ განკარგულებაში არ არის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. შ-ე თანამდებობიდან გათავისულდა სრულიად უკანონოდ, კერძოდ, 1997 წლის 31 ოქტომბრის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14.1. მუხლის თანახმად საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. მ. შ-ის გათავისუფლების მომენტისათვის მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 421.2 მუხლის თანახმად გათავისუფლებული მუშაკის შრომის უფლება გარანტირებულია _ ა) სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში; ბ) წინანდელ პროფესიის (სპეციალობის) კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაოს მიცემით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის უქონლობისას – სხვა სამუშაოს მიცემით პირადი სურვილისა და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით; გ) ახალი პროფესიების (სპეციალობების) შესწავლის შესაძლებლობის მიცემით შესაბამისი სამუშაოთი დაკმაყოფილებასთან ერთად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის მერიას შრომის კანონთა კოდექსის 421.2 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევს პირის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებს ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას. აღნიშნული პირობა მუშაკისათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ-ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მ. შ-თვის გათავისუფლებისას მისთვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. შრომის კანონთა კოდექსის 421.2 მუხლის იმპერატიული მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა წარმოადგენს არსებით დარღვევას, რაც გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოხელის სამსახურში აღდგენის საფუძველია.
სადავო განკარგულების გამოცემის მომენტისათვის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ამოღებული იყო ორგანოს ვალდებულება სხვა სამსახურის შეთავაზების თაობაზე, მიუხედავად აღნიშნულისა, ამგვარი ვალდებულება დადგენილია შრომის კანონთა კოდექსის მითითებული ნორმით. ამდენად, აღნიშნული ნორმა სრულად ვრცელდება საჯარო მოხელეების მიმართ ისევე, როგორც შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დებულება – უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა სწორად იქნა მითითებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, თუმცა არ განიმარტა მისი გამოყენების მნიშვნელობა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას დავის გადაწყვეტისას 1973 წლის 28 ივნისის შრომის კანონთა კოდექსის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ და განმარტავს, რომ 2006 წლის 24 მაისის შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად მისი მოქმედება ვრცელდება დენად შრომით ურთიერთობებზე, რომელიც წარმოიშვა კოდექსის მიღებამდე და გრძელდება მის შემდგომაც. შესაბამისად, წინამდებარე სამართლებრივ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება 2006 წლის 24 მაისის შრომის კოდექსი, ვინაიდან მ. შ-ესა და ბათუმის მერიას შორის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2006 წლის 24 მაისის შრომის კოდექსის ამოქმედებამდე, შესაბამისად აღნიშნულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსი.
მოსარჩელის მიმართ, აგრეთვე, დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, რის გამოც ის ექვემდებარება სამსახურში უპირობო აღდგენას. ამასთან, კონკრეტული თანამდებობის შერჩევა, რომელზეც ის უნდა აღდგეს, წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას ყოველი კონკრეტული გარემოების ერთობლიობაში გათვალისწინებით, რაზეც სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას. ამასთან, ასეთივე მსჯელობის საგანს წარმოადგენს უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც, რამდენადაც შტატების შემცირებისას შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი ადგენს, რომ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მითითებულ გარემოებაზე არ უმსჯელია. ზემომითითებული დარღვევების გამო, როგორც კანონსაწინააღმდეგო, სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო ახლის გამოცემისას ორგანო ვალდებულია ზემოაღნიშნული გარემოებებთან ერთობლიობაში იმსჯელოს შრომის კანონთა კოდექსის მითითებულ დანაწესზეც, რამდენადაც ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას მოსარჩელის უპირატესი დარჩენის უფლების თაობაზე და განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ძირითადი უფლებების პრინციპებიდან გამომდინარე.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ზღუდავს სასამართლოს მხრიდან მისი გადამოწმების შესაძლებლობას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ანუ მისი დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება. პირს შეუძლია გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონშესაბამისობა. სასამართლო კი უფლებამოსილია გადაამოწმოს არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ თავად გამოიყენა კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და არამართლზომიერად მიიჩნია მ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული განკარგულება არ შეიცავს არანაირ მსჯელობას და მოტივაციას უპირატესი დარჩენის უფლების არარსებობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, უპირატესი დარჩენის უფლებაზე იმსჯელა არა ადმინისტრაციულმა ორგანომ, არამედ სასამართლომ, მაშინ როცა ეს სწორედ ადმინისტრაციის ვალდებულებას წარმოადგენს და სასამართლო კონტროლი ვრცელდება სწორედ ადმინისტრაციის გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და კანონიერების თვალსაზრისით. საქმის მასალებით უტყუარად ირკვევა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ორგანოს აღნიშნულზე არ უმსჯელია, რადგან ეს სადავო აქტში არ ასახულა, ადმინისტრაციული ორგანო ფაქტობრივად ამ საკითხზე მსჯელობს ,,პოსტ-ფაქტუმ”, სასამართლო დავის სტადიაზე, რითაც სახეზეა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის აშკარა და უხეში დარღვევა _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმიანობის მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელების ვალდებულების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში 1997 წლის 31 ოქტომბრის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის და შრომის კანონთა კოდექსის დებულებები მოხელის გათავისუფლებისას ადგენს მკაცრად განსაზღვრულ პროცედურას, რომელიც დაცულ უნდა იქნეს ადმინისტრაციის მხრიდან, რაც განსახილველ დავაში სრულიად უგულვებელყოფილია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ბათუმის მერიამ სადავო აქტის გამოცემისას დაარღვია როგორც კანონის იმპერატიული დანაწესი, ასევე მისი გამოცემის წესი. ადმინისტრაცია მოსარჩელის გათავისუფლებისას ვალდებული იყო შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა, აღნიშნულის შეუსრულებლობა წარმოადგენს კანონის მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის გამოყენების პროცესუალური საფუძვლები, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლდა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო ისე, რომ ადმინისტრაციას არ უმსჯელია თანამშრომლებიდან ვის გააჩნდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ხოლო მხარეს გააჩნდა გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სადავო აქტის ბათილად ცნობისთვის ზემომითითებული გარემოების გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო ახალი აქტის გამოცემისას ორგანო ვალდებულია, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთობლიობაში იმსჯელოს თუ რომელ თანამშრომლებთან შედარებით გააჩნია მას უპირატესი დარჩენის უფლება, რამდენადაც ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს, ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც, შრომის კანონთა კოდექსის 207.1. მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულება საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1. მუხლის საფუძველზე კანონსაწინააღმდეგოდ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მისი უპირობო აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლება ექვემდებარება აღდგენას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე.
კასატორის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹2-2 დადგენილების საფუძველზე მოხდა ადგილობრივი თვითმართველობის აპარატის ლიკვიდაცია, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა მ. შ-ე. ამავე დადგენილებით ცნობილი ხდება, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი გამოცხადდა იმ ქალაქის სამართალმემკვიდრედ, რომელიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიოდა რაიონის შემადგენლობაში. აღნიშნული ცვლილებები შეეხო ქალაქ ბათუმსაც, როგორც დღეისათვის არსებულ თვითმმართველ ქალაქს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, მოხელე შეიძლება გათვისუფლდეს სამსახურის ლიკვიდაციისას და იგი აღდგენას არ ექვემდებარება. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაცია წარმოადგენს სტრუქტურულ ცვლილებას, რომლითაც დაწესებულება, როგორც სუბიექტი, წყვეტს საქმიანობას, აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი უფლებები და მოვალეობები სხვა სუბიექტს არ გადაეცემა. ლიკვიდაცია თავისი არსით დაუშვებლად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა დაწესებულების ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, რადგან ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად მუნიციპალური ორგანო _ მერია გამოცხადდა მანამდე არსებული თვითმმართველი ორგანოს უფლებამონაცვლედ. ამდენად, მ. შ-ის დარღვეული შრომით უფლებების აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციული ორგანოს ფაქტიური რეორგანიზაცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.2. მუხლის თანახმად არ წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, 96-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს ¹2-2 დადგენილების თანახმად, თვითმმართველი ქალაქი გამოცხადდა იმ ქალაქის სამართალმემკვიდრედ, რომელიც არ შედიოდა რაიონის შემადგენლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1. მუხლის თანახმად, სადავო ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი მისი გამოცემის მომენტიდან და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ზემომითითებული გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 10.2, 32.4, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1, 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის მერის 2006 წლის 31 იანვრის ¹02-12-10 განკარგულება მ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში;
5. მ. შ-ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.