Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-769-738(კ-08) 26 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. დ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო (მოპასუხე)

დავის საგანი – პრივატიზაციასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,გ-ის” დირექტორმა ა. დ-ემ 2005 წლის იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და მოითხოვა პრივატიზაციასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის დაბრუნება. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,გ-ის” ყოფილ დირექტორს, იმჟამად ფიზიკურ პირის სახით წარმოდგენილი ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მის სასარგებლოდ დაეკისრა 221220 აშშ დოლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ა. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

შპს ,,გ-ის” ყოფილმა დირექტორმა ა. დ-ემ 2007 წლის 7 მარტს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შპს “გ-ის” ყოფილი დირექტორის ა. დ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ-ის” ყოფილმა დირექტორმა ა. დ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ ა. დ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “გ-ის” ყოფილი დირექტორის ა. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინებით ა. დ-ეს დაევალა ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მას ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 157-158).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ა. დ-ეს და მის წარმომადგენელს ე. ტ-ეს (ს.ფ. 159).

ს.ფ. 162-ზე წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის ექსპლუატაციის დირექტორის წერილის თანახმად ა. დ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინება ჩაბარდა 2008 წლის 1 აგვისტოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. შესაბამისად, მისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2008 წლის 2 აგვისტოს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 8 აგვისტოს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ვინაიდან ა. დ-ემ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს ა. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.