Facebook Twitter

¹ბს-770-732(კ-07) 15 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი _ ნ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინება

დავის საგანი _ კომპენსაციის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ლ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2-4/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე ლ. გ-ი 1997 წლის 16 ივნისიდან მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალურ ორგანოში განყოფილების უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო 2004 წლიდან – სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 1998-2000 წლებში საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებს დაუგროვდათ სახელფასო დავალიანებები, რომლებიც ასახული იყო ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოველწლიური ბიუჯეტისა და სპეციალური შემოსავლების შესრულების ანგარიშებში, როგორც სახელმწიფოს საბიუჯეტო ვალი.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ 1998-2000 წლებში მოსარჩელეზე დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1263,30 ლარს, რომელიც დღემდე არ მიუღია, ასევე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109.1. მუხლით გათვალისწინებული ორი თვის კომპენსაცია – 500 ლარის ოდენობით, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებას, ხოლო სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ქვემო ქართლის ბიურო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიულ ორგანოს, შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ლიკვიდაციის შემდეგ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ითვლებოდა ლიკვიდირებული დაწესებულების უფლებამონაცვლედ.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაკისრებოდა 1998-2000 წლებში მის სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულების - სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებისათვის დარიცხული მიუღებელი ხელფასი, კერძოდ, 1999 წლის სექტემბრიდან 2000 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, თანხით - 1263,30 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელემ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109.1. მუხლი, რომლის შესაბამისად მოითხოვა, დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ორი თვის კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი სახელფასო დავალიანების - 1263,30 ლარის გადახდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს მიერ გაცემული ცნობით დადასტურებული იყო მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების არსებობა, ასევე, სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ორი თვის კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1. მუხლი, რომლის თანახმად დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამასთან, “შრომის კანონთა კოდექსის” 96-ე მუხლის თანახმად, მუშაკს ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი არ მსახურობდა დათხოვნის დღეს, მაშინ შესაბამისი თანხა გადაეცემა არა უგვიანეს შემდეგი დღისა, დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ასევე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109.1. მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის მიხედვით, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა ორი თვის თანამდებობრივი სარგო. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ორი თვის კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით /იხ. ს.ფ. 25-27/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა, შემდეგი მოტივით:

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, 1998-2000 წლებში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია სახელმწიფო სამსახურში მომუშავე მოხელეებზე რამდენიმე თვის ხელფასის გაუცემლობა. აღნიშნულ წლებში გასაცემი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დროებით გაიყინა, შესაბამისად, ვერ იქნა გაცემული ხელფასები სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მოხელეებზე და ირიცხებოდა, როგორც სახელმწიფო ვალი. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან განხორციელდა ანტიმონოპოლიური სამსახურის ლიკვიდაცია, სამინისტრო არ წარმოადგენდა ლიკვიდირებული სამსახურის უფლებამონაცვლეს და შესაბამისად, მას ბიუჯეტიდან სახსრები არ გამოეყოფოდა.

აპელანტმა ასევე განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული სარჩელის განხილვისას პროცესში უნდა ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის უშუალო პრეროგატივასაც წარმოადგენდა მსგავსი დავალიანებების გაცემა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. აღნიშნულის განხორციელების ნაცვლად, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე და “შრომის კანონთა კოდექსის” 96-ე მუხლები, რომლის თანახმად, ლიკვიდირებული დაწესებულების მოხელეებზე მათი დათხოვნისას უნდა გაცემულიყო ყველა სახის კუთვნილი თანხა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეზე გაუცემელი ხელფასი და დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასაცემი ყველა სახის დავალიანების დაფარვა უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. ამდენად, სასარჩელო თანხა უნდა დაკისრებოდა არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს /იხ. ს.ფ. 31-32/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკუირ განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. ამასთან, განმარტა, რომ აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არ ყოფილა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი /იხ. ს.ფ. 50-52/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამავე დროს, განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. ამასთან, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, 1998-2000 წლებში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია სახელმწიფო სამსახურში მომუშავე მოხელეებზე რამდენიმე თვის ხელფასის გაუცემლობა. აღნიშნულ წლებში გასაცემი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დროებით გაიყინა, შესაბამისად, ვერ იქნა გაცემული ხელფასები სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მოხელეებზე და ირიცხებოდა, როგორც სახელმწიფო ვალი. გარდა ამისა, ვინაიდან განხორციელდა ანტიმონოპოლიური სამსახურის ლიკვიდაცია, სამინისტრო არ წარმოადგენდა ლიკვიდირებული სამსახურის უფლებამონაცვლეს და შესაბამისად, მას ბიუჯეტიდან სახსრები არ გამოეყოფოდა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული სარჩელის განხილვისას პროცესში უნდა ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის უშუალო პრეროგატივასაც წარმოადგენდა მსგავსი დავალიანებების გაცემა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. ამდენად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას მიღებული აქვს ერთი თვის კომპენსაცია, შესაბამისად, სასამართლომ თავისი განჩინებით მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ ასევე დარღეულია სსსკ-ის 248-ე მუხლი. /იხ. ს.ფ. 56-57; 66-67/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ლ. გ-ვის ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ _ ლ. გ-მა არ ცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. , სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ერთი თვის კომპენსაცია 250 ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ლ. გ-ვის ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაცო პრეტენზია, კერძოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ მას მიღებული ჰქონდა ერთი თვის კომპენსაცია, რის თაობაზეც წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა მტკიცებულების მიღებაზე და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-ის სარჩელი ორი თვის კომპენსაციის _ 500 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, დატოვებულ იქნა უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში გამოტანილია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამდენადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლ. გ-ი სარჩელით მოითხოვდა ორი თვის კომპენსაციის 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას, დავის მიმდინარეობის პერიოდში მას აუნაზღაურდა 1 თვის კომპენსაცია, რაც თავადვე აღიარა, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით სარჩელი დააკმაყოფილა კვლავ ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 393.2 “ბ” მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სამართლებრივად არასწორი განჩინების დადგენის საფუძველი გახდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. გ-ის სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას ნაწილობრივ, კერძოდ, ერთი თვის კომპენსაციის (250 ლარის ოდენობით) ანაზღაურების ნაწილში, რამდენადაც საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა ორი თვის თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად, იმ ვითარებაში როცა დავის მიმდინარეობის პერიოდში ლ. გ-ზე გაიცა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას დანარჩენ ერთი თვის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითება ლ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, არ გულისხმობს, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ იქნა დაკმაყოფილებული, რამდენადაც საქალაქო სასამართლომ ლ. გ-ის სარჩელი დააკმაყოფილა სრულად, როგორც სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, ასევე კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, კერძოდ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ორივე მოთხოვნაზე და მიიჩნია საფუძვლიანად. ამდენად, ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება ლ. გ-ვის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში დამოუკიდებლად არ იქნა მითითებული, არ მიიჩნევა საფუძვლად იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომ კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში საქალაქო სასამართლომ მსჯელობა არ იქონია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში ექვემდებარება გაუქმებას. ამავე დროს, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, კერძოდ, ერთი თვის კომპენსაციის (250 ლარის) ანაზღაურების ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 53-ე, 372-ე, 389-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ. გ-ის სარჩელი 2 თვის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისროს დარჩენილი ერთი თვის კომპენსაციის _ 250 ლარის გადახდა ლ. გ-ის სასარგებლოდ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.