ბს-770-739(კ-08) 18 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ თ. ჭ-ა, წარმომადგენელი _ ჯ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო წარმომადგენელი _ გ. ნ-ე, ზ. მ-ი
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 12 ნოემბერს თ. ჭ-ამ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 24 ოქტომბრის სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
2007 წლის 24 ოქტომბერს თ. ჭ-ას მიმართ საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პატრულის მიერ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დადგინდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129.1 მუხლით გათვალისწინებული ქმედება _ ტვირთამწეობის დადგენილ ზღვარზე გადაჭარბება.
მოსარჩელის მითითებით, მართალია, მის ავტომანქანას “მერსედეს-ბენც ......-ს” მწარმოებლის მიერ დადგენილი აქვს ტვირთამწეობის ზღვარი _ 7490 კგ, მაგრამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა უგულებელყო ის გარემოება, რომ ავტომანქანას კონსტრუქციული ცვლილების შედეგად გაზრდილი ჰქონდა ტვირთამწეობა, რაზეც არსებობს შესაბამისი მოწმობა. აღნიშნული კონსტრუქცია განახორციელა შპს “ი-მა”, რომელსაც ოფიციალურად გააჩნია მსგავსი საქმიანობის განხორციელების უფლება.
მოსარჩელის მითითებით, მოწმობის შესაბამისად, ავტომანქანის დასაშვები წონაა 13105 კგ. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, გადასატანი ტვირთი დასაშვებ ზღვარზე 3470 კგ-ით მეტი იყო, რაც ტვირთამწეობის გაზრდის შედეგად დასაშვებ ზღვარზე – 13105 კგ-ზე 2145 კგ-ით ნაკლებია. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს არ ჰქონდა ოქმის შედგენის არანაირი საფუძველი, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129.1 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია (იხ. ს.ფ. 4).
თ. ჭ-ას სარჩელი არ ცნო მოპასუხე საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველომ უსაფუძვლობის მოტივით.
მოპასუხის მითითებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ზენორმატიული ტვირთებით მოძრავი სატრანსპოტრო საშუალებების გამოსავლენად გეგმურად ტარდება მიზნობრივი ღონისძიებები სამმართველოს უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ხოლო მიზნობრივი ღონისძიების ჩატარებისას, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2007 წლის 24 ოქტომბერს მორიგი მიზნობრივი ღონისძიებების ჩატარებისას თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 301 კმ-ზე, სოფელ ....... ტერიტორიაზე, საკონტროლო გადაწონვის მიზნით, გაჩერებულ იქნა “მერსედეს-ბენც .......” მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოსარჩელე თ. ჭ-ა. საავტომობილო სასწორით საკონტროლო გადაწონვისას დადგინდა, რომ სატრანსპოტრო საშუალების სრული მასა შეადგენდა 10960 კგ-ს. აღნიშნული ავტომანქანის დასაშვები წონა შეადგენდა 7490 კგ-ს. შესაბამისად, დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებას გადაჰქონდა ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი ტვირთამწეობის ზღვარზე 3470 კგ-ით მეტი ტვირთი. გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა ოქმი.
მოპასუხის მოსაზრებით, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის ქმედება კანონიერია და არ არსებობს საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობის საფუძველი.
მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება შპს “ი-ის” მიერ 2007 წლის 23 მარტს გაცემული სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შესახებ ¹....... მოწმობის გაუზიარებლობის უკანონობის შესახებ, რადგან “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას, რასაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ახლად დამზადებული თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია მისი მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელეს 2007 წლის 23 მარტის მოწმობის რეგისტრაცია სავალდებულო წესით უნდა გაეტარებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რაც არ განუხორციელებია (იხ. ს.ფ. 11-13).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პატრული ინსპექტორის 2007 წლის 24 ოქტომბრის სამართალდარღვევის ოქმი, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹792 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის საქმის სრულყოფილი განხილვისათვის აუცილებელი იყო ისეთი ცნობები, როგორიცაა ავტომანქანის მონაცემები ტვირთამწეობის შესახებ. ოქმის შედგენისას იხელმძღვანელა მხოლოდ ავტომობილის ტექმომსახურების მოწმობით და არ გაითვალისწინა შპს “ი-ის” მიერ 2007 წლის 23 მარტს გაცემული მოწმობა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების აქტის დაურეგისტრირებლობა გავლენას არ ახდენს ტვირთამწეობის ნორმის განსაზღვრაზე, რადგან სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ განიმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების მოწმობის სათანადო წესით რეგისტრაციის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არ შედგებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონული სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული გადაცდომა არ არსებობდა, რაც გამორიცხავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას (იხ. ს.ფ. 41).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა ა. ბ-ამ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ჭ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების მოწმობის დაურეგისტრირებლობა გავლენას არ ახდენს ტვირთამწეობის განსაზღვრაზე, რადგან სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელებული კონსტრუქციული ცვლილებების შს ორგანოში რეგისტრაციამდე სატრანსპორტო საშუალების მესკუთრე მიმართავს აკრედიტებულ ტესტირების ცენტრს, რომელიც გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამასთანავე, ტარდება სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შედეგად გაიცემა შესაბამისი ბარათი, რის შედეგადაც ხდება მომსახურების სააგენტოში რეგისტრირება. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, თ. ჭ-ას სახელზე გაცემული მოწმობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განხორციელებული კონსტრუქციული ცვლილება სავალდებულო წესით გაივლიდა რეგისტრაციას შს ორგანოში (იხ. ს.ფ. 44-54).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შესახებ მოწმობის რეგისტრაცია ვერ მოახდენდა ზეგავლენას ტვირთამწეობის ნორმის განსაზღვრაზე და განმარტა, რომ “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის 9.1 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას, ხოლო მითითებული ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულო რეგისტრაციას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შესახებ 2007 წლის 23 მარტის მოწმობა არ იყო რეგისტრირებული შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის 9.3 მუხლი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ახლად დამზადებული თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აკრძალულია. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ჭ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა რა ზემოთ მითითებული კანონის მოთხოვნათა დარღვევებს, სამართალდარღვევის ოქმი შედგა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. ს.ფ. 83-88).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჭ-ამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, სადავო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია არასწორად, კერძოდ, შედგენილია არა იმ დარღვევისათვის, რაც ფაქტობრივად დადგენილად მიიჩნია საპატრულო პოლიციამ. სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, თ. ჭ-ამ ჩაიდინა თუ არა სადავო ოქმში აღწერილი დარღვევა, რადგან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ჭ-ას ავტომანქანის გაზრდილი დასაშვები წონა არ ჰქონდა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8, 33-ე მუხლების შესაბამისად, პირს სახდელი უნდა დაეკისროს იმ დარღვევისათვის, რომელიც მან ჩაიდინა. კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთამწეობა გაზრდილი იყო, მაგრამ დაურეგისტრირებლობის მოტივით მართებულად მიიჩნია მოსარჩელისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლის შესაბამისად, სახდელის დადება, როდესაც ამავე კოდექსის 122-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ავტომანქანის დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე მართვისათვის და ადგენს სახდელის სახით ჯარიმას – 300 ლარის ოდენობით.
გარდა აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, ოქმის კანონიერად მიჩნევის პირობებში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით და შეეცვალა ჯარიმის ოდენობა, რადგან სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროისათვის მოქმედი 1291 მუხლი ადგენდა ჯარიმას ყოველ ზედმეტ კილოგრამზე ერთი ლარის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 3490 ლარი. საქმის სასამართლოში განხილვისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები და მითითებული დარღვევისათვის ჯარიმა ყოველ ზედმეტ 1000 კილოგრამზე იყო 500 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 1500 ლარს. ამდენად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად მსუბუქდება თ. ჭ-ას მდგომარეობა და აღნიშნულზე უნდა ემსჯელა სასამართლოს (იხ. ს.ფ. 109-114).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელშიც მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, რამდენადაც არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს /იხ.ს.ფ. 123-124/
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენელმა არ ცნო თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. 142-154, სხდომის ოქმი/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; თ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პატრულის მიერ 2007 წლის 24 ოქტომბერს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით ¹476391 განსაზღვრული სანქცია (ფულადი ჯარიმა 3490 ლარი) შემცირდეს 1745 ლარამდე, ხოლო თ. ჭ-ას სარჩელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პატრულის მიერ 2007 წლის 24 ოქტომბერს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის ¹476391 ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394. ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 2007 წლის 24 ოქტომბერს თ. ჭ-ას მიმართ საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პატრულის მიერ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დადგინდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129.1 მუხლით გათვალისწინებული ქმედება _ ტვირთამწეობის დადგენილ ზღვარზე გადაჭარბება. მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანა “მერსედეს-ბენც .......-ს” მწარმოებლის მიერ დადგენილი აქვს ტვირთამწეობის ზღვარი _ 7490 კგ, თუმცა ავტომანქანას კონსტრუქციული ცვლილების შედეგად გაზრდილი ჰქონდა ტვირთამწეობა. აღნიშნული კონსტრუქცია განახორციელა შპს “ი-მა”, რომელსაც ოფიციალურად გააჩნია მსგავსი საქმიანობის განხორციელების უფლება, თუმცა მოსარჩელის მიერ არ მომხდარა ავტომანქანის კონსტრუქციული ცვლილების სამართლებრივი რეგისტრაცია. შესაბამისად, ავტომანქანის დასაშვები წონაა 13105 კგ. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, გადასატანი ტვირთი დასაშვებ ზღვარზე 3470 კგ-ით მეტი იყო, რაც ტვირთამწეობის გაზრდის შედეგად დასაშვებ ზღვარზე – 13105 კგ-ზე 2145 კგ-ით ნაკლებია.
საკასაციო სასამართლო “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის 9.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას, ხოლო მითითებული ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულო რეგისტრაციას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამავე ნორმის მე-3 პუნქტის თანახმად, ახლად დამზადებული თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია მისი მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, აკრძალულია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონით დადგენილი ავტომანქანის კონსტრუქციული ცვლილების _ გაზრდილი ტვირთამწეობის სამართლებრივი რეგისტრაციის არარსებობის ფაქტს, არსებითი _ განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია სადავო სამართალურთიერთობაში, რამდენადაც მოსარჩელის მიერ ავტომანქანის ტვირთამწეობის გაზრდის მიზნით ჩატარებული სამუშაოები (ავტომანქანის კონსტრუქცია შპს “ი-ის” მიერ ჩატარებული, რომელსაც ოფიციალურად გააჩნია მსგავსი საქმიანობის განხორციელების უფლება), მხოლოდ სამართლებრივი რეგისტრაციის შედეგად შეიძენდა ლეგიტიმურ ხასიათს, ანუ სწორედ რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ არის დასაშვები გადაკეთებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრაცია წარმოადგენს სავალდებულო პროცედურას, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობის საფუძველზე ამოწმებს ა/მანქანის გადაკეთების შესაბამისობას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებით შემთხვევაში, განაპირობებს ამგვარი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების მართლზომიერებას. მეტიც, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-20 მუხლი ადგენს მძღოლის ზოგად მოვალეობებს, რომლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ თ. ჭ-ას მიერ ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ჩადენას, ვინაიდან ავტომანქანას კონსტრუქციული ცვლილების შედეგად გაზრდილი ჰქონდა ტვირთამწეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა მოსარჩელის მიერ არ მომხდარა “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის 9.1 მუხლით იმპერატიულად დადგენილი ვალდებულების შესრულება ავტომანქანის კონსტრუქციული ცვლილებების გაზრდილი ტვირთამწეობის სამართლებრივი რეგისტრაცია, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ კასატორის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უნდა დაკვალიფიცირდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122.2 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ავტომანქანის დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე მართვისათვის და ადგენს სახდელის სახით ჯარიმას – 300 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 122.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნორმით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახე ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა სახეზეა ავტომანქანის რეგისტრაციის წესების დარღვევით მართვა, რაც არ გამორიცხავს, რომ სახეზეა გამოვლენილი სამართლდარღვევა, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოტანის საფუძველი გახდა ავტომანქანის კონსტრუქციული ცვლილებების _ გაზრდილი ტვირთამწეობის რეგისტრაციის არარსებობა, რაც სწორად დაკვალიფიცირდა საპატრულო პოლიციის მიერ 129I მუხლით დადგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვას ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული დავის განხილვა-გადაწყვეტისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. ა) მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129I მუხლში 2008 წლის 11 მარტს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება მოხდა, რამდენადაც შემცირდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სანქცია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, მას უნდა შეუმცირდეს სამართალდარღვევათა ოქმით განსაზღვრული სანქცია (ფულადი ჯარიმა 3490 ლარი) 1745 ლარამდე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129I /2006 წლის 23 ივნისის რედაქცია/ მუხლის, /რომელიც განსაზღვრავს ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვას ავტოსანტრანსპორტო საშუალებით/ საფუძველზე განმარტავს, რომ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომელთა თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა _ დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი ტვირთამწეობის ზღვარს, გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).
2008 წლის 11 მარტის საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129I მუხლით განსაზღვრული სანქცია: “თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად)”, შემცირდა და დადგინდა ახალი სანქცია “თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).”
საკასაციო სასამართლოს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე /რომელიც ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედებას/ მიაჩნია, რომ, ვინაიდან 2008 წლის 11 მარტის საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129I მუხლით განსაზღვრული სანქცია შემცირდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ანუ ვრცელდება ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც, მოსარჩელეს უნდა შეუმცირდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით შეფარდებული სანქცია, 2008 წლის 11 მარტის საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ” 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონის 1-ლი მუხლით დადგენილია, რომ ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელებისაგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. თუმცა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებლის მიერ განისაზღვრა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება არ ვრცელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რიგ ნორმებზე, მათ შორის 129I მუხლზე, რომლითაც დაკვალიფიცირდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ გავრცელდება “ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ” 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონის მოქმედება.
ამდენად, საკანონმდებლო ნორმის ინტერპრეტაცია განეკუთვნება რა სასამართლოს იურისდიქციის სფეროს, მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა შეუმცირდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129I მუხლით განსაზღვრული სანქცია 2008 წლის 11 მარტის საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს მიერ იქნა დაკმაყოფილებული. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თ. ჭ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თ. ჭ-ას მიერ საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარიდან 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3, 257-ე, 372-ე, 389-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პატრულის მიერ 2007 წლის 24 ოქტომბერს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით ¹476391 განსაზღვრული სანქცია (ფულადი ჯარიმა 3490 ლარი) შემცირდეს 1745 ლარამდე;
4. თ. ჭ-ას სარჩელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2007 წლის 24 ოქტომბრის სამართალდარღვევის ოქმის ¹476391 ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. თ. ჭ-ას მიერ საკასაციო სამართალწარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარიდან 150 ლარი გადასახდელად დაეკისროს მოპასუხე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თ. ჭ-ას სასარგებლოდ;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.