¹ბს-773-735(კ-07) 26 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
28.11.05წ. დ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 19.10.05წ. ¹618-კ ბრძანებით გათავისუფლდა რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,...-ის” ...-ის თანამდებობიდან. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არ არის მითითებული კანონი, რომლის საფუძველზე მოსარჩელე იქნა გათავისუფლებული. ამასთან, გათავისუფლებას საფუძვლად უდევს დეპარტამენტში ჩატარებული ატესტაციის შედეგები, რაც დარღვევით ჩატარდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 17.12.02წ. ¹409 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების შესახებ” დადგენილი წესის თანახმად ტესტირება შეიძლება ჩატარდეს წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით. მოსარჩელის თქმით, მას სხვებისგან განსხვავებით ტესტირება ჩაუტარდა ზეპირი ფორმით და აღმოჩნდა სხვებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში. ბრძანების მოთხოვნის მიუხედავად, გასაუბრების შედეგი არ ასახულა გასაუბრების ოქმში. ამასთან, კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უმაღლესი განათლება, საბაჟო ორგანოებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება, ჩაბარებული ჰქონდა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები და მუშაობის პერიოდში არ ჰქონდა მიღებული არც ერთი შენიშვნა და საყვედური. დ. გ.-ის განმარტებით, ატესტაციის შედეგები მას ეცნობა არა ბრძანებით დადგენილ ვადაში – გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის განმავლობაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 17 ოქტომბრის ოქმი მას ჩაჰბარდა 24 ოქტომბერს, გათავისუფლების შესახებ ბრძანებასთან ერთად. მას არ მიეცა ატესტაციის შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა საპრეტენზიო კომისიაში, ასეთის არარსებობის გამო, რომელიც უნდა შექმნილიყო ¹409 ბრძანების თანახმად. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის თანახმად - საჯარო მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის (ატესტაციის შედეგების) საფუძველზე, თუ მოხელეს არ სურს გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე. მოპასუხეს კი დ. გ.-სთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.03.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 19.10.05წ. ¹618-კ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 13.09.05წ. ¹879 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოების საჯარო მოსამსახურეების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, დაინიშნა ატესტაცია გასაუბრების ფორმით. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 17.12.02წ. ¹409 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის» საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,...-ის» საჯარო მოხელეთა ატესტაცია გასაურების ფორმით. მოსარჩელეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გასაუბრება ჩაუტარდა 2005 წლის 17 ოქტომბერს და ¹42 ოქმის საფუძველზე კომისიის მიერ მიეცა რეკომენდაცია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული მის მიერ გასაუბრებისას დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 19.10.05წ. ¹618-კ ბრძანებით დ. გ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლომ დაადგინა, რომ დ. გ.-სთან მიმართებაში ატესტაცია გასაუბრების ფორმით ჩატარდა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 17.12.02წ. ¹409 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნათა შესაბამისად და დასმულ კითხვებზე მის მიერ გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გასაუბრების შედეგები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია სწორად.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მისთვის უცნობი იყო ატესტაციის შედეგებისა და საპრეტენზიო კომისიის არსებობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისია შეიქმნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 25.05.05წ. ¹361 ბრძანებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოსა და პირის მიერ. შესაბამისად, მოსარჩელეს გათავისუფლების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგეანასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.07წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.03.06წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ.-მ.
კასატორის განმარტებით, მოპასუხე მხარემ არ შეასრულა «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა და ატესტაციის ჩატარების დებულების შესახებ» 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს უნდა ეცნობოს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. შესაბამისად, კასატორს არ მიეცა შესაძლებლობა გაესაჩივრებია ტესტირების შედეგები. მით უმეტეს, რომ გასაჩივრების ვადის გასვლამდე 2005 წლის 19 ოქტომბერს მიღებულ იქნა ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომელსაც ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული აქვს ატესტაციის შედეგები. ამასთან, საატესტაციო ფურცელზე არ არის კასატორის ხელმოწერა. საატესტაციო კომისიამ დაარღვია ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების შესახებ» ¹409 ბრძანების მე-4 პუნქტის მოთხოვნაც, რომლის მიხედვითაც საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით და შეტანილი უნდა იყოს საატესტაციო ფურცელში. საატესტაციო ფურცელში არანაირი მოტივაცია არ არის იმისა, თუ რატომ გათავისუფლდა კასატორი დაკავებული თანამდებობიდან. ასევე, საატესტაციო ფურცელში ტესტირების შედეგების გრაფაში არაა მითითებული დ. გ.-ის მიერ დაგროვილი ქულები.
კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.03.06წ. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, რაც ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ განმარტა, რომ ატესტაციის შედეგები კომისიის მიერ არადამაკმაყოფილებლად მიჩნეული იქნა სწორად, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი კითხვა _ პასუხის ამსახველი საოქმო ჩანაწერის ასლით. სასამართლომ შეითავსა საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის ფუნქცია, ვინაიდან მას არ ჰქონდა უფლება, ემსჯელა ატესტაციაში ასახულ კითხვა-პასუხის სისწორეზე, შესაბამისი კომპეტენციის არქონის გამო.
გარდა ამისა გადაწყვეტილებაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებითაც ნათელია, რომ ამ უკანასკნელს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მაშინ როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საატესტაციო კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა უმაღლესი განათლების ორი დიპლომი, პროკურატურისა და ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ფაქტები, ორგანოებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 30.04.07წ. გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების შესახებ» ¹409 ბრძანების მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით და შეტანილი უნდა იყოს საატესტაციო ფურცელში. მითითებული ნორმის გამოყენებით შესაძლებელი იყო საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის 14.09.07წ. განჩინებით დ. გ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
მოპასუხემ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ დ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და დ. გ.-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის და განსახილველ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება. საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.