ბს-773-742(კ-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ვ. პ.-ის წარმომადგენლის ი. პ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 22 ოქტომბერს ვ. პ.-ის წარმომადგენელმა ი. პ.-მა სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის – გ. დ.-ისა და მესამე პირის – ზ. ა.-ის მიმართ აუქციონის შესახებ განკარგულების, საჯარო ვაჭრობის აქტისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. პ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. პ.-ის წარმომადგენელმა ი. პ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით ვ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. პ.-ის წარმომადგენელმა ი. პ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ვ. პ.-ის წარმომადგენლის – ი. პ.-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით ვ. პ.-ის წარმომადგენლის – ი. პ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, კასატორს დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს და მის წარმომადგენლებს გაეგზავნათ 2008 წლის 21 ივლისს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელს – ი. პ.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 27 ივლისს, ხოლო კასატორის წარმომადგენელს – ნ. ა.-ს – 2008 წლის 25 ივლისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვ. პ.-ს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 6 აგვისტოს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ. პ.-ის წარმომადგენლის ი. პ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. პ.-ის წარმომადგენლის – ი. პ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.