ბს-774-740(კ-06) 21 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მერია (მოპასუხე)
მესამე პირები: 1. რ. ტ-ე; 2. ნ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 თებერვალს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 31 იანვრის ¹02-12-13 განკარგულების ბათილად ცნობა, ნ. ბ-ის სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მისთვის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 31 იანვრის ¹02-12-13 განკარგულებით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, სამსახურიდან გათავისუფლდა პროფკომიტეტის თავმჯდომარე ნ. ბ-ე, რომელიც ქ. ბათუმის მერიაში მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის საერთო განყოფილების ...ის თანამდებობაზე. “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელი იყო დამსაქმებლის ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული, არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის სამუშაოდან დათხოვნა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რის გამოც ზემოაღნიშნული განკარგულება იყო უკანონო.
2006 წლის 27 მარტს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მთავრობის მიმართ და დამატებით მიუთითა, რომ ნ. ბ-ე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიუხედავად, ერთი თვით ადრე და უფრო მეტიც, საერთოდ არ გაუფრთხილებიათ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ხსენებული კანონის 96-ე მუხლი და 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ვინაიდან “ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და თანამდებობის (საშტატო ერთეულის) შემცირების თაობაზე აპარატის საჯარო მოსამსახურეთა გაფრთხილების შესახებ” ქ. ბათუმის მერიის ¹154 განკარგულება გამოიცა 2005 წლის 26 დეკემბერს, ხოლო გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებულ იქნა 2006 წლის 31 იანვარს, ანუ გაფრთხილებიდან არა პირველივე, არამედ მეექვსე დღეს, მაშინ, როდესაც 2006 წლის 25 იანვრის შემდეგ უნდა მომხდარიყო ნ. ბ-ის გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. ტ-ე და ნ. ბ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განჩინებით საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 31 იანვრის განკარგულებით ნ. ბ-ე გათავისუფლდა ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის საერთო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად. ქ. ბათუმის მერიის პროფკავშირული ორგანიზაციის 2003 წლის 2 აპრილის კრების მიერ ნ. ბ-ე არჩეულ იქნა პროფკომიტეტის თავმჯდომარედ. ნ. ბ-ს დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის სახელმწიფო მიწათმოწყობის უნივერსიტეტი მიწათმომწყობის სპეციალობით, მისი მშობლები იყვნენ პენსიონერები, ხოლო მისივე ძმა ცხოვრობდა ქ. ოდესაში. რ. ტ-ს დამთავრებული ჰქონდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-სისტემა-ტექნიკოსის სპეციალობით, ჰყავდა მეუღლე _ ტრანსპორტის სამმართველოს ექსპლუატაციის ინჟინერი და ორი არასრულწლოვანი შვილი. რ. ტ-ს ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო სისტემის შესაბამისი სერტიფიკატი. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის საერთო განყოფილებაში იყო მთავარი სპეციალისტის 6 და წამყვანი სპეციალისტის 1 შტატი. საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქ. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებიდან გამომდინარე, რ. ტ-ე დაინიშნა ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა მიღებისა და მოქალაქეთა წერილებზე მუშაობის განყოფილებაში ...ად. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ნ. ბ-ე გაფრთხილებულ იქნა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულით დაცულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა.
ქ.ბათუმის მერიის მიერ დარღვეულ იქნა “პროფესიული კავშირების შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა, რადგან ნ. ბ-ის გათავისუფლება არ იყო შეთანხმებული პროფკავშირულ ორგანოსთან, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც რეორგანიზაციის შემდეგ არ არსებობდა ნ. ბ-ის თანამდებობა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა შეეთავაზებინა მუშაკისთვის სხვა თანამდებობა და შტატების შემცირებისას საკითხი გადაეწყვიტა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რადგან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებოდათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და მუშაობის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ. ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ნ. ბ-ზე მეტი შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდა რ. ტ-ე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, შრომის ნაყოფიერების განსაზღვრა იყო დაწესებულების ადმინისტრაციის დისკრეციული უფლებამოსილება. ნ. ბ-ე და რ. ტ-ე რეორგანიზაციამდე სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობდნენ. რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული შტატების შემცირებისას კი, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენება გულისხმობდა აღნიშნულ განყოფილებაში მყოფ პირებს შორის კონკურენციას, ანუ კონკრეტულ განყოფილებაში თუ ვის ჰქონდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა. მოსარჩელის მოსაზრებით, ნ. ბ-ს უპირატესობა ჰქონდა რ. ტ-სთან შედარებით, რომელიც სხვა განყოფილებაში მუშაობდა, კერძოდ, ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ნებართვების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების წამყვან სპეციალისტად და მის ფუნქციაში შედიოდა კონტროლზე აყვანილ კორესპონდენციებთან და განცხადებებთან მუშაობა. აღნიშნული განყოფილება მთლიანად იქნა ლიკვიდირებული და რ. ტ-ე გადაყვანილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის საერთო განყოფილებაში წამყვან სპეციალისტად და ასრულებდა იმავე ფუნქციებს, რასაც ზემოთ დასახელებულ განყოფილებაში. ამდენად, გამოირიცხა ნ. ბ-ის სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ნ. ბ-ე უნდა გათავისუფლებულიყო გაფრთხილების ვადის გასვლის პირველივე დღეს და განმარტა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა სამუშაოზე აღდგენის საფუძველს, რადგან დაცული იყო გაფრთხილების ერთთვიანი ვადა, ხოლო, რამდენადაც არ ხდებოდა სამუშაოზე აღდგენა, შესაბამისად, არ უნდა ანაზღაურებულიყო იძულებით გაცდენილი დროის ხელფასიც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც იყო პროფკავშირი, დაუშვებელი იყო სამუშაოდან მუშაკის გათავისუფლება შესაბამისი პროფკავშირის თანხმობის გარეშე, ხოლო სამუშაოდან პროფკავშირის თავმჯდომარის გათავისუფლება _ ზემდგომი პროფკავშირის თანხმობის გარეშე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი და გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმაოდ დაუსაბუთებელია, რადგან შესაბამის კონკურსში გაიმარჯვა ნ. ბ-მ, რომელიც უნდა დასაქმებულიყო კიდეც, ხოლო რ. ტ-ე სადავო თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა სხვა სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ამასთან, ნ. ბ-ს გააჩნდა ქ. ბათუმის მერიაში მუშაობის 14 წლის, ხოლო რ. ტ-ს _ 1 წლის სტაჟი, რის გამოც ნ. ბ-ს მასთან შედარებით ჰქონდა მეტი კვალიფიკაცია, შრომის ნაყოფიერება და, შესაბამისად _ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 17 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 21 მარტს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 31 იანვრის ¹02-12-13 განკარგულებით (ს.ფ. 2) ნ. ბ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2006 წლის 31 იანვრიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად. სამსახურიდან გათავისუფლებამდე ნ. ბ-ე ქ. ბათუმის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის საერთო განყოფილების ...ის თანამდებობაზე მუშაობდა და ქ. ბათუმის მერიის პროფკავშირული ორგანიზაციის 2003 წლის 2 აპრილის კრების ოქმის (ს.ფ. 3) მიხედვით, იმავე კრების მიერ ქ. ბათუმის მერიის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარედ იყო არჩეული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობდა პროფკავშირი, დაუშვებელი იყო ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ, პირდაპირ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ნ. ბ-ე გაფრთხილებულ იქნა და აღნიშნულით დაცულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, ხოლო ქ. ბათუმის მერიის მიერ დარღვეულ იქნა “პროფესიული კავშირების შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა, რადგან ნ. ბ-ის გათავისუფლება არ იყო შეთანხმებული პროფკავშირულ ორგანოსთან, ხოლო, მეორე მხრივ, იქვე აღნიშნა, რომ ხსენებული გარემოება ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც რეორგანიზაციის შემდეგ არ არსებობდა ნ. ბ-ის თანამდებობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განკარგულების კანონიერებაზე იმსჯელა არასრულად, მართალია, დაადასტურა ქ. ბათუმის მერიის მიერ “პროფესიული კავშირების შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნის დარღვევა, კერძოდ, ის გარემოება, რომ ნ. ბ-ის გათავისუფლება არ იყო შეთანხმებული პროფკავშირულ ორგანოსთან, თუმცა აღნიშნული გარემოება არასწორად დაუკავშირა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის შემდეგ არ არსებობდა ნ. ბ-ის თანამდებობა, რითაც სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია გასაჩივრებული განკარგულება და, ფაქტობრივად, გაამართლა ადმინისტრაციის მხრიდან დასახელებული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება არ არის დამოკიდებული მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ფაქტობრივ შესაძლებლობაზე და სასამართლოს მიერ, პირველ ყოვლისა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმება და შეფასება უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ შესაბამისი თანამდებობის არარსებობა სხვა საკითხია და დაკავშირებულია მოსარჩელის შემდგომ დასაქმებასთან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც იყო პროფკავშირი, დაუშვებელი იყო სამუშაოდან მუშაკის გათავისუფლება შესაბამისი პროფკავშირის თანხმობის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამუშაოდან მუშაკის (მოსამსახურის) გათავისუფლების შეთანხმება შესაბამის პროფკავშირულ ორგანოსთან წარმოადგენდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება (გადაწყვეტილება, განკარგულება) არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის შრომის უფლებას, რის გამოც სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ხსენებულ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი ნორმების, ასევე “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. დასახელებული აქტებიდან ძირითად აქტს, რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც აღნიშნული აქტის დეფინიციასა და ელემენტებს, ისე მის ფორმას, რეკვიზიტებსა და ბათილად ცნობის შემთხვევებს, რის გამოც ხსენებული აქტის კანონიერება, პირველ ყოვლისა, დასახელებული კოდექსის მიხედვით უნდა შემოწმდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევისათვის იგი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით რეგლამენტირებულ ყველა ლეგალურ დანაწესსა და იმპერატიულ მოთხოვნას, რათა ობიექტურად გამოირიცხოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ხოლო თუ იგი ეწინააღმდეგება ამა თუ იმ კანონს, სახეზე იქნება დასახელებული მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რამაც განაპირობა მის მიერ დაუსაბუთებელი განჩინების მიღება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, პირველ ყოვლისა, არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმები და არ იმსჯელა მთავარ საკითხზე _ რამდენად კანონიერად მოხდა სამსახურიდან ნ. ბ-ის გათავისუფლება პროფკავშირული ორგანოს თანხმობის გარეშე და, შესაბამისად, რამდენად იყო გამორიცხული ხსენებული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, არ დაუსაბუთებია გასაჩივრებული განკარგულების მის მიერ კანონიერად მიჩნევა, აგრეთვე, არ გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები უნდა გამოეყენებინა “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან ერთობლიობაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განკარგულების კანონიერება სრულყოფილად არ შეუმოწმებია და ამ კუთხით საერთოდ არ შეუფასებია სასარჩელო მოთხოვნების, პირველ ყოვლისა კი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიიღო იურიდიულად საკმარისად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განკარგულების კანონიერება უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა დამსაქმებელთა ინიციატივით დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.