Facebook Twitter

ბს-775-737(კ-07) 27 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ჭ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. ჭ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების, მიუღებელი სანივთე კომპენსაციისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-2/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე 1998-2004 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს .......... დეპარტამენტში. წლების მანძილზე მიუღებელი ჰქონდა სახელფასო დავალიანება, ასევე კვებისა და სამხედრო ფორმის შესაძენად გამოყოფილი კუთვნილი თანხა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ 2006 წლის 19 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ არსებული დავალიანების თანხის საერთო რაოდენობის დაანგარიშების თაობაზე, ასევე, მოითხოვა განმარტება, ეკუთვნოდა თუ არა მას კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ. იმავე წლის 2 ივნისს მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი სახელფასო დავალიანების დაფარვა მოხდებოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გასული წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სათანადო ასიგნებები სრულყოფილად არ გამოეყოფოდა, სამხედრო მოსამსახურეებზე უნიფორმის სანაცვლოდ გასაცემი საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელეს უარი უთხრა საკომპენსაციო თანხის დავალიანების ანაზღაურებაზე. ასევე, თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს არ აცნობა 1998-2004 წლების მანძილზე მიუღებელი სახელფასო დავალიანების, სანივთე კომპენსაციისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების თაობაზე გამოყოფილი კუთვნილი თანხის ოდენობა.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის განმარტებით, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹49 ბრძანებულების 33-ე პუნქტისა და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება წელთა ნამსახურობითა და ამ ბრძანებულებით დადგენილი ფულადი სარგოების მიხედვით.

საქალაქო სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო გ. ჭ-ას სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 59-60, სხდომის ოქმი/.

საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 587,73 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეს უარი ეთქვა 1998-2002 წლების მიუღებელი ნორმით გათვალისწინებული სანივთე კომპენსაციის ანაზღაურებაზე, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ 2003-2004 წლების მიუღებელი ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თანხის ანაზღაურება, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

გ. ჭ-ა 1998-2004 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ........... მთავარი სამმართველოს ............. III განყოფილების უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 12 მარტის ¹730 ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1. მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა 1998-2002 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში. რაც შეეხება 2002-2004 წლების მიუღებელი ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებას, ამ ნაწილში მოპასუხეს დაევალა მისი გადაანგარიშება და ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის 2003-2004 წლების მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მოპასუხე მხარის მიერ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების საფუძველზე.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება წელთა ნამსახურობითა და ამ ბრძანებულებით დადგენილი ფულადი სარგოების მიხედვით, კერძოდ, 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში, გ. ჭ-ა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა 1999 წლიდან 2004 წლის 12 მარტამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას უნდა მისცემოდა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგო 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი ოდენობით /იხ.ს.ფ. 64-70/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, 2003-2004 წლების მიუღებელი ფორმა-ტანსაცმლის ღირებულების ფულადი გადაანგარიშებისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით თანხის გადახდის ნაწილში, შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, ერთჯერადი გასასვლელი თანხის ანაზღაურების ნაწილში, არ ვრცელდებოდა მოსარჩელეზე, ვინაიდან 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ნორმა ვრცელდებოდა მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი იყვნენ 2006 წლის 1 იანვრიდან. აპელანტის მითითებით, რამდენადაც მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი იყო 2005 წელს, მასზე აღნიშნული ნორმის მოქმედება ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან იგი შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე /იხ.ს.ფ. 74-75/.

მოწინააღმდეგე მხარემ _ გ. ჭ-ამ არ ცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიოს უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. 87, სხდომის ოქმი/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობა /იხ.ს.ფ. 89-91/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება /იხ.ს.ფ. 95-97/.

კასაციის მოტივი:

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ხოლო განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების დაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გ. ჭ-ა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2004 წლის 12 მარტს, რა დროისთვისაც “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება არ მოქმედებდა, უფრო მეტიც, იმ დროისთვის აღნიშნული ბრძანებულება მიღებული არ იყო. ამდენად, ზემოაღნიშნული ბრძანებულებისთვის უკუძალის მინიჭება კანონსაწინააღმდეგოა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47.1. მუხლის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია /.

მოწინააღმდეგე მხარეს _ გ. ჭ-ას საკასაციო სასამართლოში წერილობითი შეპასუხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჭ-ას სარჩელი ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების დაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება.

მოცემულ შემთხვევაში, ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტი, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების მიხედვით, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება ამავე ბრძანებულების 33-ე პუნქტით დადგენილი ფულადი სარგოების ოდენობით. მითითებული პუნქტი ბრძანებულებას დაემატა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულებით. ამავე ბრძანებულების 611-ე პუნქტით ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, ანუ ერთი და იმავე ბრძანებულებით მოხდა ნორმის მიღებაც და შეჩერებაც.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ. ჭ-ას მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომელსაც სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს საკასაციო სასამართლო გ. ჭ-ა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა 2004 წლის 12 მარტს, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი _ საჯარო სამართლის ნორმატიული აქტი _ საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” მიღებულია 2004 წლის 5 ნოემბერს, ანუ იმ პერიოდში, როცა მოსარჩელე აღარ მსახურობდა სამხედრო სამსახურში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ჭ-ას მიმართ ვერ გავრცელდება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება, ვინაიდან:

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებისათვის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს უკუქცევითი ძალა არ მიუნიჭებია სპეციალური დათქმით, როგორც ამას ითვალისწინებს “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47.1. მუხლი, ხოლო ნორმა, რომელსაც უკუძალა არ მინიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

ამდენად, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმის ინტერპრეტაცია განეკუთვნება რა სასამართლოს იურისდიქციის სფეროს, მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტი არ უნდა გავრცელდეს მოსარჩელეზე, შესაბამისად გ. ჭ-ას მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე უსაფუძვლოა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორად განმარტების შედეგად საქმეზე არასწორი განჩინება დაადგინა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 399-ე, 408.3 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ჭ-ას სარჩელი ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.