Facebook Twitter

¹ბს-777-739(კ-07) 10 იანვარი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლ. ფ-მა და მ. კ-ემ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

1992 წლიდან მოსარჩელე ლ. ფ-ი, ხოლო 1993 წლიდან მოსარჩელე მ. კ-ე მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. მოსარჩელეები საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანებით დათხოვნილ იქნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე ვალდებული იყო, გაეცა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების 331-33-ე მუხლებისა, რაც არ შესრულებულა აღნიშნული მუხლების 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერების გამო. მოსარჩელეების მითითებით, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 5.11.05 წლის ¹493 ბრძანებულებით განსაზღვრულია მოსამსახურეთათვის ერთჯერადი დახმარების გამოანგარიშების წესი, რომლის მიხედვითაც ნამსახურები წლების გათვალისწინებით, მათ ეკუთვნით ფულადი სარგო რვამაგი ოდენობით. აღნიშნული შეადგენს ლ. ფ-ის სასარგებლოდ 2400 ლარს, ხოლო მ. კ-ის შემთხვევაში - 2080 ლარს (ს.ფ. 2-5).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ფ-სა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გადახდა ლ. ფ-ის სასარგებლოდ 2400 ლარის, ხოლო მ. კ-ის სასარგებლოდ _ 2080 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611- პუნქტს 2006 წლის 1 იანვრიდან არ განუცდია რაიმე ცვლილება, სამართლებრივი ნორმის მოქმედების შეზღუდვის ვადა ამოიწურა 2006 წლის 1 იანვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დღიდან დღემდე დავის გადაწყვეტის მომენტისათვის ბრძანებულების 331-ე პუნქტი ძალაშია და მოქმედებს.

რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თავდაცვის სამინისტროს უარი ერთჯერადი გასასვლელი თანხის გაცემაზე, ნორმის 2006 წლამდე შეჩერების გამო. სასამართლოს განმარტებით, დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა არა აქვს მოსარჩელეთა დათხოვნის პერიოდს, რადგან იმ პერიოდში ნორმის მოქმედება იყო შეჩერებული, თუმცა ეს უკანასკნელი არსებობდა და იგი გაუქმებული არ იყო (იხ. ს.ფ.81-83).

რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611_ე პუნქტით 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა 331-ე პუნქტის მოქმედება. შესაბამისად, 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე არ მოქმედებდა ნორმა, რომელიც ერთჯერადი დახმარების გაცემას ითვალისწინებდა.

აპელანტის მოსაზრებით, ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებული უფლება გავრცელდება მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამასთან, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმას უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა (ს.ფ. 91-92).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 116-118).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კასატორის განმარტებით, ნორმის შეჩერება გამოიწვია იმან, რომ “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით არ იქნა გათვალისწინებული ასიგნებები, რომლის ფარგლებშიც განხორციელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთათვის გასასვლელი დახმარების უზრუნველყოფა. ამასთან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მუხლის მოქმედების შეჩერების პერიოდში წარმოშობილი უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინება მიიღო საპროცესო ნორმათა დარღვევით. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობას. საქალაქო სასამართლომ კი ნაცვლად სასკ-ის 23-ე და 33-ე მუხლებისა, საქმე განიხილა სასკ-ის 24-ე და 331 მუხლების მიხედვით. ამასთან ერთად, კასატორის მოსაზრებით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის (ს.ფ.127-129).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.