¹ბს-778-744(კ-06) 4 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (მოპასუხე);
2. ნ. და ბ. ბ-ები (მოსარჩელეები, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ სარჩოს დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 23 აპრილს ნ. და ბ. ბ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ და მარჩენლის დაკარგვის გამო სარჩოს დანიშვნა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2001 წლის 29 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მძღოლი ნ. ი-ი, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე მათ შვილს _ ა. ბ-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათ დაკარგეს მარჩენალი, ვინაიდან იმყოფებოდნენ აწ გარდაცვლილი შვილის კმაყოფაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის საფუძველზე, თითოეული მათგანისათვის ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით სარჩოს დანიშვნა მოითხოვეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. და ბ. ბ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ნ. ბ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 25 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2004 წლის 25 ოქტომბერს ნ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ ხსენებული სასამართლოს მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება ნ. და ბ. ბ-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ნ. ი-ი ჩაება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში წარადგინა შესაგებელი და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის მე-2 ნაწილში ცალსახად მითითებულია, რომ სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი, მოცემულ შემთხვევაში კი, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა ერთჯერადი ანაზღაურების შესახებ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაეკისრა 8365 ლარი, რაც უცვლელად დარჩა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით. ამდენად, ნ. ბ-მა მოითხოვა და მიიღო ერთჯერადი ანაზღაურება სარჩოს სანაცვლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. და ბ. ბ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ნ. და ბ. ბ-ვის სარჩოს სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 33 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 8 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 29 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც ნ. ი-ი მართავდა, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ა. ბ-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის სარჩელი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ზარალის ასანაზღაურებლად მოსარჩელის სასარგებლოდ 8365 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. და ბ. ბ-ები 1973 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. საქმეზე წარმოდგენილი საპენსიო მოწმობის თანახმად, ნ. ა-ი (ბ-ი) პენსიონერია, ხოლო მის მეუღლეს _ ბ. ბ-ს აღენიშნება ადაპტაციის დარღვევები და ფაქტობრივად ლოგინადაა ჩავარდნილი. ქ. ქუთაისის მთავრობის ,,ავტოქარხნის” მართვის ტერიტორიული ორგანოს 2004 წლის 5 მარტის ¹640 ცნობის თანახმად, ნ. და ბ. ბ-ები შვილის _ აწ გარდაცვლილი ა. ბ-ის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
რაც შეეხებოდა სარჩოს ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოში პენსიის მინიმალური ოდენობა 33 ლარს შეადგენდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ნ. და ბ. ბ-ების სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით თითოეულისათვის 33 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ნ. და ბ. ბ-ების მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების თაობაზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გადაუხადა მათ ერთჯერადი ფულადი თანხა _ 8365 ლარი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინეს ნ. და ბ. ბ-ებმა და მოითხოვეს ხსენებული დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ამჟამად პენსიის მინიმალური ოდენობა შეადგენს 38 ლარს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ითვალისწინებს იმას, რომ სარჩოს ოდენობა ზუსტად განისაზღვროს პენსიის მინიმალური ოდენობის შესაბამისად, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მათ სასარგებლოდ თითოეულისათვის თვეში 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ნ. და ბ. ბ-ების საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება 2007 წლის 31 იანვრამდე განისაზღვრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ნ. და ბ. ბ-ების საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 4 აპრილს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. და ბ. ბ-ების შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2001 წლის 29 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ნ. ი-ი დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ. და ბ. ბ-ების შვილს _ ა. ბ-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა (2001 წლის 1 ოქტომბრის გარდაცვალების მოწმობა _ ს.ფ. 4). მოსარჩელეებმა დაკარგეს მარჩენალი, ვინაიდან იმყოფებოდნენ გარდაცვლილი შვილის კმაყოფაზე (ქ. ქუთაისის მთავრობის “ავტოქარხნის” მართვის ტერიტორიული ორგანოს 2004 წლის 5 მარტის ¹640 ცნობა _ ს.ფ. 5). 2002 წლის 25 ნოემბერს ნ. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 8 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ს.ფ. 12-13) ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ნ. ბ-ის სასარგებლოდ 8365 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, რომელიც საბოლოოდ უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით (ს.ფ. 14-19), მითითებულია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის განაჩენით (ს.ფ. 102-103) ნ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და დაზარალებულ ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის _ 8365 ლარის გადახდა, ხოლო ნ. ბ-მა აღნიშნა, რომ ნ. ი-ი აღნიშნულ თანხას უქონლობის გამო, ვერ იხდიდა, რის გამოც ხსენებული თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა ავტომანქანის მფლობელს _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ნ. ბ-ი არის პენსიონერი (საპენსიო მოწმობა ¹080037 _ ს.ფ. 6), ხოლო მის მეუღლე ბ. ბ-ს, რომლებიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1973 წლიდან (ქორწინების მოწმობა _ ს.ფ. 30) აღენიშნება ადაპტაციის დარღვევები და რეაქცია უბედურ შემთხვევაზე (ქუთაისის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერის 2002 წლის 21 მაისის შემოწმების აქტი _ ს.ფ. 7). ნ. ბ-მა გაიღო შვილის _ ა. ბ-ის დაკრძალვის ხარჯი (ქ. ქუთაისის მთავრობის “ავტოქარხნის” მართვის ტერიტორიული ორგანოს 2003 წლის 22 ივლისის ცნობა _ ს.ფ. 9). დამატებით სააპელაციო საჩივარში (ს.ფ. 95-96) მითითებულია, რომ ბ. ბ-ი არის ფსიქიკურად დაავადებული.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ნ. და ბ. ბ-ების მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების თაობაზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გადაუხადა მათ ზარალი _ 8365 ლარი და არა სარჩოს სანაცვლო ერთჯერადი ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის განაჩენით (ს.ფ. 102-103) ნ. ი-ს დაზარალებულ ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ა. ბ-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის _ 8365 ლარის გადახდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ა. ბ-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დაწვრილებითი ჩამონათვალი (ს.ფ. 108-112).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან ნ. და ბ. ბ-ებს არ მოუთხოვიათ ხსენებული ნაწილის შესაბამისად, სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურება, არამედ მათ შესაბამისი სარჩელით სარჩოსაგან დამოუკიდებლად მოითხოვეს ა. ბ-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯის _ 8365 ლარის ანაზღაურება, რაც საერთოდ არ არის კავშირში იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მათთვის სარჩოს დანიშვნასთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2004 წლის 25 ოქტომბერს ნ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და უარი განაცხადა ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უარის თქმის შეუქცევადი ხასიათისა, სააპელაციო სასამართლომ მიიღო და განიხილა ნ. და ბ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვეღარ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, რომელიც სადავოდ არც კასატორს _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ გაუხდია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ განიხილა ნ. და ბ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი, თუმცა ხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაუშვა მექანიკური შეცდომა და მიუთითა, რომ არ დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პენსიების ოდენობებში ცვლილებები აისახება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. დასახელებული კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მინიმალური პენსიის ოდენობა განისაზღვრა 38 ლარით. აღნიშნული კანონი ამოქმედდა 2007 წლის 1 იანვრიდან. მაშასადამე, ამჟამად საქართველოში მინიმალური პენსიის ოდენობა შეადგენს 38 ლარს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. და ბ. ბ-ების სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ არის საფუძვლიანი, კერძოდ, თითოეულ მათგანს უნდა დაენიშნოს სარჩო ამჟამად საქართველოში არსებული პენსიის მინიმალური ოდენობის მიხედვით _ 38 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. და ბ. ბ-ების შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. და ბ. ბ-ების სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. და ბ. ბ-ების შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. და ბ. ბ-ების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ნ. და ბ. ბ-ვის სარჩოს სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 38 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.