ბს-778-747(კ-08) 16 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 21 ნოემბერს დ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების – 585 ლარის, სანივთე ქონების ღირებულების – 845,68 ლარისა და სახელფასო დავალიანების – 962,71 ლარის, სულ – 2393,39 ლარის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე დ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 1808,39 ლარისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების – 575 ლარის ანაზღაურება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 1808,39 ლარის ანაზღაურება, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 579,06 ლარის, სანივთე ქონების კომპენსაციის – 845,68 ლარის ანაზღაურება; დ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნას კვების კომპენსაციის – 383,65 ლარის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას საქართველოს თვადაცვის სამინისტროსათვის თანხების დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 16 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 1 აგვისტოს დ. ჩ-მა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
2008 წლის 4 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.