ბს-779-741(კ-07) 7 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2004 წლის 13 აგვისტოს ს. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ნ. მ-ის, კ. ა-ისა და თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ 2003 წლის 28 ნოემბრის სპეციალიზებული ღია აუქციონისა და აღნიშნული აუქციონის ¹121-ე და ¹123-ე ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1972 წლიდან მუშაობდა ტრესტ საქართველოს ...........-ის გურჯაანის სამშენებლო უბანზე მატერიალურ პასუხისმგებელ პირად. 1986 წლამდე იყო საქმის მწარმოებელი, ხოლო შემდგომში გადაიყვანეს საიზოლაციო საამქროს უფროსად, სადაც იმუშავა 2004 წლის აპრილამდე.
2004 წლის აპრილში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მომხდარა ტრესტ საქართველოს ..........-ის გურჯაანის სამშენებლო უბნის ქონების გაყიდვა სპეციალიზირებულ ღია აუქციონზე.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული აუქციონი და მისი მსვლელობის დროს შედგენილი ოქმები არის უკანონო, ვინაიდან, აუქციონის მოწვევა მოხდა დარღვევით, კერძოდ, გაურკვეველია, თუ საიდან წარმოიშვა დავალიანება, ან რა დავალიანებაა ის თანხა, რის გამოც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა. ადგილი აქვს დავალიანების ხელოვნურად წარმოშობას, რასაც ასევე ხელოვნურად მოჰყვა საგადასახადო გირავნობა.
წარმოშობილი დავალიანების შესახებ, კანონის შესაბამისად, უნდა ეცნობოს გადამხდელს. შეტყობინების გაგზავნის დროს, კერძოდ, 2002 წლის 8 და 16 აგვისტოს, გადამხდელი იყო სს საქართველოს .........-ის გურჯაანის ფილიალი, კ. ა-ის სახით. გაურკვეველია, ვის ჩაჰბარდა შეტყობინება. ამავე დროს გაურკვეველია, როდის გაეცნო და ჩაიბარა 2002 წლის 8 აგვისტოსა და 16 აგვისტოს საგადასახადო შეტყობინებები ¹10 კ. ა-მა. თუ იგი ჩაიბარა და გაეცნო 2002 წლის აგვისტოში, ამ პერიოდისთვის იგი არ იყო უფლებამოსილი პირი, ვინაიდან იგი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ........-ის გურჯაანის ფილიალის დირექტორად რეგისტრირებულია 2003 წლის 3 ივლისს. ამავე დროს, დაუდგენელია, თუ საიდან წარმოშვა 13 956 ლარის დავალიანება.
აქვე მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გადასახადის გადახდას საფრთხე არ ემუქრებოდა და საგადასახადო ინსპექციას არ ჰქონდა საფუძველი ქონებაზე ყადაღის დადების. ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მისი თანამშრომლებისათვის დავალიანების შესახებ იმთავითვე რომ ყოფილიყო ცნობილი, ისინი შეძლებდნენ დავალიანების დაფარვას. საქმის მასალებში კი, არ მოიპოვება საფრთხის არსებობის დამამტკიცებელი არცერთი დოკუმენტი.
დაცული არ არის ასევე სასამართლოსათვის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნის წარდგენის ვადაც. კერძოდ, არ ჩანს საგადასახადო ინსპექციამ 3 სამუშაო დღით ადრე აცნობა თუU არა სასამართლოს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ: ამ ვადის დაუცველობა მიუთითებს აუქციონის მომზადებისა და ჩატარების არაკანონიერებაზე. იმის გამო, რომ საგადასახადო ინსპექციას არ მიუმართავს სასამართლოსათვის ქონების დაყადაღების შესახებ, სასამართლოსაც არ აქვს მიღებული ამის შესახებ გადაწყვეტილება, რაც არამართებულია.
აუქციონის მოწვევის წესის დარღვევაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მისი მოწვევის შესახებ არ ყოფილა განცხადება აუქციონამდე 30 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ასევე არასწორია განცხადება, რომელიც ჩაჰბარდა გამოსაქვეყნებლად ტელეკომპანია “ .........-ს", მასში არ არის მითითებული, რომ იყიდება ავტოსატრანსპორტო საწარმოს ბაზა და საქართველოს გურჯაანის ფილიალის ადმინისტრაციული შენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით 2003 წლის 28 ნოემბერს გამართული სპეციალიზირებული ღია აუქციონის სს საქართველოს ........-ის გურჯაანის ფილიალის გაყიდვის ნაწილში ბათილად ცნობასა და 2003 წლის 28 ნოემბრის აუქციონის დროს შედგენილი ¹121 და ¹123 ოქმების ბათილად ცნობას.
2005 წლის 27 ივლისს ს. კ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს მოპასუხე შპს ,,გ-ის” მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელსა და ნ. მ-ეს შორის გაფორმებული 2004 წლის 1 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის 2004 წლის 1 მარტის რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
მოპასუხეებმა სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოპასუხისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრვი გარემოებები, რომ სს ,, ..........-ის” გურჯაანის ფილიალს ბიუჯეტის მიმართ გააჩნდა დავალიანება 5800 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გამო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო სს ,, .......-ის” გურჯაანის ფილიალის ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზირებული ღია აუქციონის ჩატარებაზე, რის თაობაზეც სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
რაიონულმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია გაგრმოება, რომ სპეციალიზირებული ღია აუქციონის ჩატარებისას არ დარღვეულა კანონით დადგენილი პროცედურა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. კ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ს. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ს. კ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ს. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ს. კ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.