Facebook Twitter

ბს-780-742(კ-07) 27 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სტატისტიკის დეპარტამენტი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების დაყოვნების თანხის _ 0,07%-ის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. ბ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველოს 2004 წლის 7 დეკემბრის ¹24-კ ბრძანებით გათავისუფლდა ....... რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობიდან.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოუხედავად მოსარჩელის არა ერთი მოთხოვნისა, ნ. ბ-ესა და მოპასუხეს შორის საბოლოო ანგარიშსწორება არ მომხდარა, მოსარჩელის კუთვნილი სახელფასო დავალიანება _ 694.68 ლარს შეადგენდა, რომელიც არ მიუღია.

სარჩელის სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის.

საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის მოპასუხისათვის თანხის 0,07%-ის ანაზღაურების დაკისრება /იხ.ს.ფ. 27/.

საქალაქო სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც წერილობითი შესაგებელი იქნა წარდგენილი ნ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების და 2006 წლის 5 ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის _ 694,68 ლარის 0,07%-ის გადახდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე ნ. ბ-ე 1971 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის საქალაქო სამმართველოში. 2004 წლის 7 დეკემბრის ¹24-კ ბრძანებით რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველოს ¹1-16/4 ცნობის თანახმად, მოსარჩელე ნ. ბ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენდა 694,68 ლარს. მოპასუხემ დაადასტურა დავალიანების არსებობა.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად: “...მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისთვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს”. ამავე მუხლის მიხედვით, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მითითებული კანონის 14.1. მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც აღნიშნული კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ასევე, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლი და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალედარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა გათავისუფლების მომენტიდან. ამასთან, შრომის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ეს კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დღისა. ამავე კოდექსის 31.3. მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07%.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნება წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსის 31.3. მუხლის საფუძველზე დამსაქმებლის ვალდებულებას _ მოსარჩელისთვის გადაეხადა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის 0,07%, 2006 წლის 5 ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე /იხ.ს.ფ. 37-39/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სტატისტიკის დეპარტამენტს დაეკისრა დაყოვნებული თანხის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება, შემდეგი მოტივით:

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა საქმის წინასწარი მომზადების შემდეგ, რაზეც დეპარტამენტის თანხმობა არ მიუღია, მაშინ, როცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.3. მუხლის მიხედვით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის თანხმობით /იხ.ს.ფ. 44-45/.

მოწინააღმდეგე მხარემ _ ნ. ბ-ემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ ცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიოს უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. 58, სხდომის ოქმი/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ის სარჩელი _ სახელფასო დავალიანების გაცემის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე ნ. ბ-ე 1971 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის საქალაქო სამმართველოში. 2004 წლის 7 დეკემბრის ¹24-კ ბრძანებით რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველოს ¹1-16/4 ცნობის თანახმად, მოსარჩელე ნ. ბ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენდა 694,68 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სასამართლოს შეფასება – სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად საქართველოს შრომის კოდექსის 31.3. მუხლის გამოყენების თაობაზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმა ძალაში შევიდა 2006 წლის 5 ივლისიდან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლით კი შრომის კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მისი წარმოშობის დროისა, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გამორიცხავდა სადავო ურთიერთობის მიმართ მისი გამოყენების შესაძლებლობას /იხ.ს.ფ. 62-65/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება /იხ.ს.ფ. 69-71/.

კასაციის მოტივი:

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, ვინაიდან სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რამდენადაც მითითებული კანონი ძალაში შევიდა 2006 წლის 5 ივლისიდან და მასში მიეთითა, რომ კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად მითითებული კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონის განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კოდექსით არის მოწესრიგებული, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1. მუხლის თანახმად კი მოხელეს უფლება აქვს, მიიღოს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე შრომითი გასამრჯელო, რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 53-ე მუხლი, რამდენადაც დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07%, თანახმად შრომის კოდექსის 31-ე მუხლისა. აღნიშნული ნორმა შრომითი ურთიერთობების მიმართ წარმოადგენს ნოვაციას. ანალოგიურ დათქმას არ ითვალისწინებდა 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.

მოწინააღმდეგე მხარემ _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტმა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა /იხ.ს.ფ. 77-78/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეული არ ყოფილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად მოქმედი კანონის შესაბამისად.

სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ: მოსარჩელე ნ. ბ-ე 1971 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის საქალაქო სამმართველოში. 2004 წლის 7 დეკემბრის ¹24-კ ბრძანებით რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველოს ¹1-16/4 ცნობის თანახმად, მოსარჩელე ნ. ბ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენდა 694,68 ლარს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რამდენადაც მითითებული კანონი ძალაში შევიდა 2006 წლის 5 ივლისიდან და მასში მიეთითა, რომ კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ის ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე.

საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 14.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახურიდან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

2006 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც გამოქვეყნდა 2006 წლის 19 ივნისს და ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს _ 2006 წლის 5 ივლისს. კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, შრომის კოდექსის VII თავი აწესრიგებს შრომის ანაზღაურების საკითხს, რომლის 31.3. მუხლის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამავე კანონის 53-ე მუხლით განისაზღვრა, რომ ეს კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსით განხორციელდა საკანონმდებლო ნოვაცია, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა დამსაქმებლის ვალდებულება ანაზღაურების ან ანგარიშსწორების დაყოვნების შემთხვევაში მოახდინოს დასაქმებულისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება. ამასთან, ამავე კოდექსით განიმარტა, რომ მისი მოქმედება გავრცელდება არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ნ. ბ-ესა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2004 წელს, თუმცა მოსარჩელეს გააჩნდა სახელფასო დავალინება ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობას, რომ სახელფასო დავალიანების არსებობით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაგრძელდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, რაც 2006 წელს მიღებული საქართველოს შრომის კოდექსის გავრცელების შესაძლებლობას წარმოშობდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ ვრცელდება შრომის კოდექსით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი, ვინაიდან სამართლის ნორმა გამოყენებულ უნდა იქნეს დამდგარი ფაქტების იურიდიული შედეგების ე. ი. უფლებების მიმართ, რომელიც შეძენილია ამ ფაქტების საფუძველზე და აგრძელებს არსებობას ახალი კანონის შემოღების პირობებში, მხოლოდ იმ სამართლებრივი რეჟიმით, რომლის მოქმედების დროს წარმოიშვა ეს უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა სახეზეა, როცა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დღევანდელი მდგომარეობით, სახეზეა და გრძელდება, არ შემწყდარა, რაც, თავის მხრივ ითვალისწინებს 2006 წელს ძალაში შესული შრომის კოდექსის გავრცელების შესაძლებლობას მომუშავე პირზე, როგორც კანონის მოქმედების სუბიექტზე, მაგრამ იმ პირობებში, როცა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა, დასრულდა 2004 წელს _ 2006 წლის საქართველოს შრომის კოდექსის მიღებამდე და ძალაში შესვლამდე, აღნიშნულით ცალსახად გამოირიცხა შრომის კანონთა კოდექსის გავრცელების შესაძლებლობა სადავო სამართალურთიერთობაზე. ამასთან, დავის არსს არ ცვლის ის გარემოება, რომ მოპასუხეს გააჩნდა სახელფასო დავალიანება მოსარჩელის სასარგებლოდ, რამდენადაც აღნიშნული არ გულისხმობს, რომ სახელფასო დავალიანების არსებობით შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა განგრძობად ხასიათს ატარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო შრომის კოდექსის 31.3. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში შრომის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრისას კანონმდებელმა დაადგინა ფულად-ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი _ ასანაზღაურებელი გასამრჯელოს დაყოვნებული თანხის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,07%-ის ოდენობით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს არა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში კანონით გათვალისწინებული ფულად ვალდებულებითი ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის და არც შეწყვეტის მომენტში შრომის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამგვარ ფულად-ვალდებულებით ურთიერთობას. ამდენად, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების არსებობა არ ნიშნავს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის განგრძობადობას, შესაბამისად, ზემომითითებული ნორმის გავრცელებას სადავო სამართალურთიერთობაზე.

საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ 2006 წლის შრომის კოდექსით კანონს მიენიჭა არა უკუქცევითი ძალა, როგორც ამას ითვალისწინებს “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47.2. მუხლი, არამედ ის ვრცელდება მისი ძალაში შესვლის მომენტში მიმდინარე, დაუსრულებელ შრომით სამართლებრივ ურთიერთითობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.