ბს-781-743(კ-07) 30 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. შ-ისა და ე. გ-ას წარმომადგენელ გ. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიიღო რ. შ-ის საკასაციო საჩივარი. იმავე თარიღის ხარვეზის შესახებ განჩინებით კი მიიჩნია, რომ ე. გ-ას წარმომადგენელ გ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებული საკასაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილს _ წარმომადგენელ გ. მ-ას მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, ხოლო საქმეში არსებული ე. გ-ას მიერ გ. მ-ას სახელზე გაცემულ მინდობილობას საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის ვადა ჰქონდა გასული, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი კი, მხოლოდ რ. შ-ისა და გ. მ-ას მიერ იყო ხელმოწერილი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და ე. გ-ას დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2007 წლის 14 სექტემბერის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გ. მ-ას სახელზე გაცემული, სასამართლო გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. ე. გ-ას განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში ე. გ-ას წარმომადგენელ გ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ე. გ-ვის ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურიდან ირკვევა, რომ ე. გ-ას აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 22 სექტემბერს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2007 წლის 8 ოქტომბერს. ე. გ-ას მისთვის მიცემულ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ შემოუტანია გ. მ-ას სახელზე გაცემული, სასამართლო გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა და შესაბამისად, არ შეუვსია 2007 წლის 14 სექტემბერის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოება ე. გ-ას წარმომადგენელ გ. მ-ას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, ე. გ-ას წარმომადგენელ გ. მ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ე. გ-ას წარმომადგენელ გ. მ-ას საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.