¹ბს-781-747(კ-06) 7 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – ი. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მერია
მესამე პირი – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 მაისს ი. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – თბილისის მერის, ზ. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა ,,ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის ლიკვიდაციის შესახებ” ქ. თბილისის მერიის მიერ 2005 წლის 12 აპრილს გამოცემული ¹13 ბრძანების, ,,ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის – კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ” 2005 წლის 18 აპრილის ¹79 განკარგულების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისის მერიის დებულების” პირველი პუნქტით ლიკვიდირებულად გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ქ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი. აღნიშნული ბრძანებულებით ქ. თბილისის მერიის კანონიერების დაცვის გენერალურ ინსპექციას ლიკვიდაცია არ შეხებია, პირიქით, მოსარჩელის მითითებით, პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის სამსახურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აღნიშვნით, ქ. თბილისის მერმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია მოახდინა კანონის დარღვევით. შესაბამისად, მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია 2005 წლის 18 აპრილის ¹79 ბრძანებაც, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდა სამსახურიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 მაისის განჩინებით ი. ხ-ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 18 აპრილის ¹79 განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხოლო ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 12 აპრილის ¹13 ბრძანების ბათილობის ნაწილში საქმე დაექვემდებარა განსახილველად. 2005 წლის 14 ივლისს საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სარჩელი ამ ნაწილშიც განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლის 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 12 აპრილის ¹13 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-4 პუნქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის სტრუქტურა და შეიქმნა ქ. თბილისის მერიის მთელი რიგი საქალაქო სამსახურები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, განხორციელდა სამართლებრივი ცვლილებები, კერძოდ, ძალადაკარგული ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმება, ქ. თბილისის მერის მთელი რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და სამართლებრივი მდგომარეობის ახალ ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სწორედ აღნიშნული უფლებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის ¹13 ბრძანებით (რომლითაც ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია) ფაქტობრივად ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერის 2004 წლის 10 მაისის ¹5 ბრძანება “ქ. თბილისის მერიის კანონიერების დაცვის, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან ურთიერთობის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის შექმნის შესახებ".
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ სამართლებრივი აქტის გაუქმება, რომლითაც შეიქმნა ესა თუ ის სამსახური, ავტომატურად იწვევს სამსახურის ლიკვიდაციას. სამსახურის ლიკვიდაცია კი მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-3 მუხლით, ქ. თბილისის მერიის სტრუქტურის განსაზღვრით, ფაქტობრივად, შეიქმნა ახალი საქალაქო სამსახური, რის შემდეგაც ქ. თბილისის მერმა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაამტკიცა ახალი საქალაქო სამსახურების დებულებები, მათ შორის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დებულება.
,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მერია წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემას. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების მართვას ახორციელებს საქალაქო სამსახურები.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების" მე-2 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მერია არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემა. ამავე დებულების 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქალაქო სამსახური არის დარგობრივი მმართველობის ორგანო. ამავე დებულების მე-3 მუხლის “ი" ქვეპუნქტის თანახმად კი ქ. თბილისის მერიის სისტემაში გათვალისწინებულია კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის საქალაქო სამსახური.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის “ა" პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სამსახურები წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოებს და შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებს, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონზე უფრო გვიან არის მიღებული როგორც “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონი, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მათ შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული აქტით დადგენილი ნორმა, “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ი. ხ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის არ არსებობდა.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი მიუთითებდა, რომ პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება თბილისის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე და ახლად დამტკიცებული დებულებით განისაზღვრა მერიის სტრუქტურა (მათ შორის, კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია), მაგრამ 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების არც ერთ მუხლში არ არის მითითებული ქ. თბილისის მერის ვალდებულებაზე, გაეუქმებინა 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ამ დებულების საფუძველზე შექმნილი საქალაქო სამსახურები, მათ შორის, კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია.
კასატორის აღნიშვნით, პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემის მომენტისათვის აღნიშნული სამსახური არსებობდა ზუსტად იმავე სახელწოდებით და ფუნქციებით რა სახელწოდებითა და ფუნქციებითაც განისაზღვრა შემდგომში პრეზიდენტის მიერ 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში მერიის სტრუქტურა. ამდენად, კასატორის აზრით, მერიის ახალი დებულებით არ ყოფილა დადგენილი არც ამ სამსახურის ლიკვიდაცია და არც მისი ახლად შექმნა. ახალმა დებულებამ ეს სამსახური მერიის სტრუქტურაში განსაზღვრა ზუსტად ისევე, როგორც იგი არსებობდა ამ დებულების დამტკიცებამდე.
კასატორი აღნიშნავდა, რომ ბრძანებულების გამოცემიდან მერის 2005 წლის 12 აპრილის ¹13 სადავო ბრძანების გამოცემამდე, არც ფაქტობრივად და არც იურიდიულად არ არსებოდა კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის 2 სამსახური. ერთი, რომელიც არსებობდა 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების გამოცემის მომენტისათვის და მეორე, რომელიც განსაზღვრულ იქნა მერიის ახალი დებულებით. როგორც პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების გამოცემის დროისათვის, ისე შემდგომ პერიოდშიც არსებობდა ასეთი სახის მხოლოდ ერთი საქალაქო სამსახური. თბილისის მერმა კი გამოსცა რა 2005 წლის 12 აპრილის ¹13 ბრძანება აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაციაზე, კასატორის აზრით, გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და მიისაკუთრა პრეზიდენტის უფლებამოსილება მერიის სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ. ამასთან, ამ ბრძანების გამოცემის შემდეგ, თბილისის მერს არავითარი ახალი ბრძანება არ გამოუცია, მის მიერ ლიკვიდირებული სამსახურის ნაცვლად, ახალი სამსახურის შესაქმნელად.
კასატორი აღნიშნავდა, რომ მერია თავისი სამსახურებით, მათ შორის, კანონიერების დაცვის ინსპექციით არსებობდა პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების გამოცემის მომენტამდე. ამ ბრძანებულებით განისაზღვრა რა მერიის სტრუქტურა, რაიმე სახის ცვლილება საქალაქო სამსახურს არ შეხებია. იგი ზუსტად ისეთივე სახელწოდებითა და ფუნქციებით დარჩა, როგორითაც იყო ადრე. ამასთან, ბრძანებულებით პრეზიდენტს არ დაუვალებია მერისათვის აღნიშნულ სამსახურთან დაკავშირებით ადრე მიღებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმება და მისი ლიკვიდაცია. ასეთ ვითარებაში, კასატორის აზრით, მერი არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა სადავო ბრძანება უკვე პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სამსახურის _ კანონიერების დაცვის ინსპექციის ლიკვიდაციაზე.
კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ სადავო აქტი გამოცემულია არასათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ, რომ ეს აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არღვევს ამ სამსახურის მუშაკების კანონიერ ინტერესებს. ეს გარემოებები, კასატორის აზრით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2006 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსაზრებით მიმართა ი. ხ-მა და მიუთითა, რომ მისი სარჩელი ეხება საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე ქ. თბილისის მერის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, რომელზედაც მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა ექნება სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ …ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერიის დებულება. ამავე ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება ,,საქართველოს დედაქალაქის ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით განისაზღვრა ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა, რომელშიც კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია შევიდა როგორც ქ. თბილისის მერიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული.
ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებით ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერის 2004 წლის 10 მაისის ¹5 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური ,,კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია”
ქ. თბილისის მერის 2005 წლის 18 აპრილის განკარგულებით ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გათავისუფლდნენ სამსახურიდან. საფუძველი ქ. თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის ¹13 ბრძანება.
საკასაციო სასამართლო ქ. თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის ¹13 ბრძანების კანონიერების შეფასებისას დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.1 მუხლზე მითითებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ ნორმის დეკლარირებით და არ იძლევა მითითებული ნორმის გამოყენების სამართლებრივ მოტივაციას.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს და აღნიშნავს, წინამდებარე შემთხვევაში მხარე სადავოდ ხდის არა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ზოგადი პრინციპის დარღვევის ფაქტს, არამედ იმ გარემოებას, რომ კონკრეტული სადავო აქტის გამოცემის მომენტში ქ. თბილისის მერი არ იყო მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ უფლებამოსილების საკითხის შესწავლა-გამოკვლევას.
საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, რომელ საკანონმდებლო ნორმას ემყარება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სამართლებრივი აქტის გაუქმება, რომლითაც არის შექმნილი ესა თუ ის სამსახური ავტომატურად იწვევს ამ სამსახურის ლიკვიდაციას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი სახის განმარტება ატარებს ზედაპირულ ხასიათს და არ ემყარება ნორმატიულ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო საქმის ხელახალი განხილვისას არსებითად მიიჩნევს რა აქტის გამოცემის მომენტისათვის მერის უფლებამოსილების საკითხის გარკვევას, ყურადღებას მიაქცევს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების” მე-3 მუხლს, რომლის ,,ი” ქვეპუნქტით კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია გათვალისწინებულია ქ. თბილისის მერიის სტრუქტურაში.
იმავე დებულების მე-12 მუხლის ,,ნ” ქვეპუნქტით, ქ. თბილისის მერის უფლებამოსილებას მიეკუთვნება საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცება.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულება ძალაში შევიდა იმავე წლის 2 მარტიდან.
ქ. თბილისის მერის სადავო ¹13 ბრძანება მიღებულია 2005 წლის 12 აპრილს.
საკასაციო სასამართლო თვლის, სააპელაციო სასამართლო არ შევიდა საქმის არსებით განხილვაში და არ დაასაბუთა, მას შემდეგ, რაც კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია საქართველოს პრეზიდენტის ¹120 ბრძანებულებით შეყვანილი და გათვალისწინებული იქნა მერიის სტრუქტურაში, ქ. თბილისის მერი იყო თუ არა უფლებამოსილი მიეღო აქტი მითითებული სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე, მით უფრო, თუ გათვალისწინებული იქნება ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის მომენტისათვის მერის უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების დამტკიცებით.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთბს იმ გარემოებაზე, რომ მერისათვის სამსახურის დებულების დამტკიცების უფლების მინიჭება, არ ნიშნავს მისთვის სამსახურის შექმნის უფლების მინიჭებას და აღნიშნავს, სახელმწიფოებრივი მოწყობის უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გააჩნია საქმიანობის სამართლებრივი ინსტრუმენტი, მაგალითად, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის უფლება, ამასთან მითითებული ბერკეტის ამოქმედების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აქტის კანონიერების განსზღვრისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ საკითხის დადგენას, აქტი მიღებულია თუ არა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, უფლებამოსილების ფარგლებში, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვროს, ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება მოქცეულია თუ არა კანონმდებლის ნების ფარგლებში, რაც თავის მხრივ აისახება მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მერი იმავე დღეს, რა დღესაც აცხადებს სამსახურის ლიკვიდაციას, იღებს მეორე აქტს (ბრძანება ¹14), რომლითაც ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ერთეულების ნუსხას. ( საგულისხმოა, რომ მერი მითითებული ბრძანებით ქმნის არა ახალ სამსახურს, არამედ ამტკიცებს მის დებულებას.)
ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ინსპექცია წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერის 15.04.2005 წლის ¹13 ბრძანების საფუძველზე ლიკვიდირებული ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის სამართალმემკვიდრეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს: სამართალმემკვიდრეობა სამართლებრივი თვალსაზრისით აღნიშნავს მოვლენას, როდესაც ერთი სუბიექტის უფლებები და მოვალეობები გადაეცემა უფლებამონაცვლე სუბიექტს, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული უფლებებისა და მოვალეობის იურიდიულ მემკვიდრეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია თავისი თანმდევი შედეგებით პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან და იერარქიული თვალსაზრისით საჭიროებს სხვადასხვა დონის სამართლებრივ რეგულირებას, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სადავო ბრძანება განხილულ იქნას მითითებულ დებულებასთან ერთობლივ კონტექსტში, რაც სასამართლოს მისცემს სადავო ბრძანების სამართლებრივი ანალიზის შესაძლებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც საქმე შემდგომი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმონისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.