¹ბს-782-744(კ-07) 10 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა ზ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. კ-ემ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელფასო დავალიანების, მივლინების თანხის, სანივთე ქონების კომპენსაციისა და ერთჯერადი ფულადი დახმარების ანაზღაურება.
მოსარჩელის მითითებით, იგი 1986 წლის 1 აგვისტოდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. აქვს უმაღლესი სამხედრო განათლება, პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის 19 წლის სტაჟი. არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და დაჯილდოებულია მედლით “მხედრული მამაცობისათვის.” შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანებით გენშტაბის .... ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან დაითხოვეს რეზერვში. ამ დროისათვის მოპასუხეს ასანაზღაურებელი ჰქონდა სახელფასო დავალიანება, რის დაფარვას დაჰპირდა სათანადო თანხების გამოყოფის შემთხვევაში, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 9 მარტის ¹82 ბრძანებით “გასული პერიოდის დავალიანებების დაფარვის შესახებ,” გათვალისწინებული იქნა მხოლოდ იმ პირთა დავალიანებების დაფარვის პირობები, რომლებიც მსახურობდნენ შეიარაღებული ძალების რიგებში, რითაც შეილახა მისი უფლებები და მიმართა სასამართლოს.
მოსარჩელის მითითებით, 1996-1999 წლებში იგი სწავლობდა რუსეთის ფედერაციის ..... სახელობის სამხედრო აკადემიაში და 1998-1999 წლებში დაუგროვდა სახელფასო დავალიანება 1567.05 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, იგი, როგორც სასწრაფო რეაგირების ძალების ¹.... სასწავლო ცენტრის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი, შედიოდა 2002 წლის ნოემბრის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლო პროცესის გასაცნობად მივლინებულ დელეგაციაში, მაგრამ სამივლინებო თანხა ისევე არ მიუღია, როგორც 2004-2005 წლების ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაცია და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულების 33-ე პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება. 2006 წლის 25 მაისს გენშტაბის საფინანსო სამსახურში მიიღო ერთჯერადი დახმარება, სადაც გამოწერილი იყო მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, ხოლო სხვაობა, რომელიც არ იქნა დარიცხული, 2150 ლარს შეადგენს (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1831,27 აშშ დოლარისა და ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 253,85 ლარის ოდენობით ანაზღაურება. სამივლინებო დავალიანებისა და ერთჯერადი დახმარების სახით დანამატის _ 2150 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზ. კ-ე 1986 წლის 1 აგვისტოდან მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში სხვადასხვა თანამდებობებზე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 8 იანვრის ¹556 ბრძანებით დათხოვნილ იქნა გენერალური შტაბის .... ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ზ. კ-ე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად _ სამხედრო მოსამსახურეს.
სასამართლოს მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხის მიერ ზ. კ-ის მიმართ 1831,27 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობის დადასტურება სასამართლომ მოთხოვნის აღიარებად და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ ჰქონდა 253,85 ლარის ოდენობით ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დავალიანება. სასამართლოს მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები. ასეთი ხასიათის ერთ-ერთი დამატებითი უფლება და გარანტია სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12.3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რაც სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს უფლებას ანიჭებს, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
მოსარჩელის მითითება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან წარმოდგენილი ცნობაში სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ოდენობის არასწორი გაანგარიშების შესახებ სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სახელფასო დავალიანების _ 1831,27 აშშ დოლარისა და ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 253,85 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში.
საქალაქო სასამართლომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამმართველოს უფროსის 2007 წლის ¹291 წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საფინანსო სამმართველოში ზ. კ-ის მიმართ მიუღებელი სამივლინებო დავალიანება არ ირიცხებოდა, ხოლო მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული მტკიცებულების გამაქარწყლებელი დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების სახით დანამატების კატეგორიის _ 2150 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილნი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ეძლევათ ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, რომლის “დ” პუნქტის თანახმად, 15-დან 20 წლამდე ნამსახურობისთვის გათვალისწინებულია ათმაგი ოდენობა. ისანი-სამგორის სამობლიზაციო შტაბის უფროსის 2006 წლის 14 აპრილის ¹85 ცნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-ის წელთა ნამსახურობა შეადგენდა 19 წელს. მას ხსენებული ბრძანებულების თანახმად მიღებული ჰქონდა ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების და წოდებრივი კატეგორიების მიხედვით და მიუღებელი ჰქონდა დანამატების კატეგორიები. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების პირველადი რედაქციის მე-9 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს უწესდებოდათ ფულადი სარგოები (თანამდებობრივი და წოდებრივი სრგოები), ხოლო სამოქალაქო პირებს _ თანამდებობრივი სარგოები ამ ბრძანებულების ¹1 დანართის შესაბამისად, რაც ადასტურებდა, რომ ფულადი სარგო შედგებოდა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან და რაც ამავე ბრძანებულების 331-ე პუნქტის შესაბამისად წარმოადგენდა ერთჯერად (გამოსასვლელ) დახმარებას. მითითებულ ბრძანებულებაში 2005 წლის 24 იანვარს ¹47 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება, რომლითაც დამტკიცდა ზემოხსენებული ბრძანებულების ¹1 დანართი _ სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი სარგოების ნუსხა, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიები, თუმცა მე-9 პუნქტში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა და ფულადი სარგო, მითითებული ნორმის განმარტებით, შეადგენდა თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს, ხოლო ამავე ნორმაში მითითებულ ¹1 დანართი ეხებოდა მხოლოდ სამოქალაქო პირებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებული ბრძანებულებით დამტკიცებულ ¹1 დანართში ფულადი სარგოების ნუსხაში შევიდა ცვლილება და დაემატა დანამატი კატეგორიები, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენდა ბრძანებულების მე-9 პუნქტით ასანაზღაურებელ ფულად სარგოს, ვინაიდან მე-9 პუნქტს, რომლითაც განსაზღვრული იყო ფულადი სარგოები, ცვლილება არ განუცდია და იგი კვლავ შეიცავდა თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს. მასში ცვლილება შევიდა 2006 წლის 27 იანვარს, რომლითაც განისაზღვრა წოდებრივი სარგოები ¹1 დანართით, მაშინ როდესაც, ზ. კე-ე სამუშაოდან დათხოვნილ იქნა 2006 წლის 8 იანვარს, ანუ იმ დროს, როცა მოქმედებდა ბრძანებულების მე-9 მუხლი, რომლითაც ფულადი სარგო მოიცავდა თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს, ხოლო 2006 წლის აგვისტოს ცვლილების თანახმად, მე-51 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო კვლავ შედგებოდა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან მიუხედავად 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების ¹1 დანართში მითითებული დანამატი კატეგორიებისა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს დასკვნით, დანამატი კატეგორია არ წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებულ ერთჯერად დახმარებას და სარჩელის ეს მოთხოვნა იყო უსაფუძვლო (ს.ფ. 81-85).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი მოსაზრება წარმოდგენილ ცნობაში სანივთე ქონების საკომპენსციო თანხის ოდენობის არასწორად დაანგარიშების შესახებ. სასარჩელო განცხადებით იგი ითხოვდა 2004-2005 წლების ცნობას საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-8 მუხლით დამტკიცებული სამხედრო მოსამსახურთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის შესახებ და ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაციის მისაღებად. თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცნობა არ ემთხვევა არც სანივთე ქონების დასახელების რაოდენობით _ ნაცვლად 40 დასახელებისა, არის 29, არც ტარების ნორმებს _ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹492 ბრძანებულების დანართი ¹, ნორმა ¹2 და არც პერიოდს _ 2004-2005 წლებს. თავდაცვის სამინისტროს შეეძლოა წარმოედგინა უწყისი, რომ ზ. კ-ეს 2004 წლის 1 იანვრიდან 19 აგვისტომდე მიღებული აქვს ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაცია. თავდაცვის სამინისტოს მიერ წარმოდგენილი ცნობის, ფასების საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების დანართი ¹3 ნორმა ¹2, თანახმად, მიუხედავად სანივთე ქონების რაოდენობისა ნაცვლად 253,85 ლარისა, შეადგინა 781,1 ლარი.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2 მუხლის უგულებელყოფით სარწმუნოდ მიიჩნია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის უფროსის 2007 წლის 12 მარტის წერილი, მაშინ როდესაც, მოსარჩელემაც და სასამართლომაც მოპასუხეს მიითება მისცა, რომ წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 24 ნოემბრის ¹165 ბრძანების საფუძველზე გაცემული იქნა თუ არა ფულადი დახმარება. ამდენად, მოსარჩელის მიერ მიერ წარდგენილი წერილი, რომელიც სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებად, ზ. კ-ის აზრით, საკმარისი ვერ იქნებოდა, რადგან მოპასუხეს უნდა წარმოედგინა სახელფასო უწყისი, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ რა ფულადი ანაზღაურება ჰქონდა მიღებული მას.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქართელოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-9 პუნქტში მითითებულ ¹1 დანართი ეხებოდა მხოლოდ სამოქალაქო პირებს, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებულების მე-6 პუნქტით დამტკიცდა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ყოველთვიური ფულადი სარგოების ნუსხა (დანართი ¹1), ბრძანებულების მე-9 პუნქტით კი სამხედრო მოსამსახურებს დაუწესდათ ფულადი სარგოები (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები), ხოლო საოქალაქო პირებს _ თანამდებობრივი სარგოები ბრძანებულების ¹1 დანართის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები და ბრძანებულებით დამტკიცებული ¹1 დანართი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი სარგოების ნუსხა; სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიები; სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოები; სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიები. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹500 ბრძანებულებით 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში შეტანილ იქნა დამატება ¹5 _ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2005 წლის მდგომარეობით ფულადი სარგო შედგებოდა სამი კომპონენტისაგან, რამაც განაპირობა პრეზიდენტის ბრძანებულებაში დამატების შეტანის საჭიროება (ს.ფ. 92-94).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგელობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს (ს.ფ. 119-121).
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი მოსაზრება წარმოდგენილ ცნობაში სანივთე ქონების საკომპენსციო თანხის ოდენობის არასწორად დაანგარიშების თაობაზე. სასარჩელო განცხადებით იგი ითხოვდა 2004-2005 წლების ცნობას, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-8 მუხლით დამტკიცებული სამხედრო მოსამსახურთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის შესახებ და ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაციის მისაღებად. რაც შეეხება ცნობას, რომელიც წარმოადგინა თავდაცვის სამინისტრომ, არ ემთხვევა არც სანივთე ქონების დასახელების რაოდენობით (29 დასახელება, ნაცვლად 40-ისა), არც ტარების ნორმებს (საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹492 ბრძანებულების დანართი ¹3 ნორმა ¹2) და არც პერიოდს _ 2004-2005 წლებს. წინაღმდეგ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს უნდა წარმოედგინა უწყისი, რომ ზ. კ-ეს 2004 წლის 1 იანვრიდან 19 აგვისტომდე მიღებული აქვს ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაცია. ვინაიდან მოპასუხეს უწყისი არ წარმოუდგენია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რაც არ მომხდარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცნობის ფასების, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების დანართი ¹3 ნორმა ¹2 თანახმად, მიუხედავად სანივთე ქონების რაოდენობისა, რაც თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი ნაცვლად 253,85 ლარისა, შეადგინა 781,1 ლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება ცნობის არასწორად გაანგარიშებასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ხდება სამხედრო ფორმის ტანსაცმლის საკომპენსაციო თანხის დაანგარიშება, ხოლო წარმოდგენილი ცნობა სრულიად შეუსაბამო იყო აღნიშნული ნორმატიული აქტისა, რის გამოც ეს უკანასკნელი ე.წ. “მტკიცებულება” არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას.
კასატორის მოსაზრებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის უფროსის 2007 წლის 12 მარტის წერილი სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარწმუნოდ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში ზ. კ-ის მიერ და სასამართლოს მხრიდანაც მოპასუხეზე მიითება იქნა მიცემული, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები იმისა, გაცემული აქვთ თუ არა ზ. კ-ის მიმართ ფულადი დახმარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 24 ნოემბრის ¹165 ბრძანების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილი, რომელიც სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებად, ვერ იქნება უტყუარი, რადგან აღნიშულის დასადასტურებლად მოპასუხეს უნდა წარმოედგინა სახელფასო უწყისი, რომლითაც დაადასტურებდა, თუ რა ფულადი ანაზღაურება ჰქონდა მიღებული სამივლინებო თანხის მხრივ და რა ოდენობით. სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების თანახმად, ვალდებული იყო, თვითონ მოეპოვებინა მტკიცებულებები, რადგან ეს მოქმედება საქალაქო სასამართლომ სრულიად უკანონოდ არ განახორციელა.
კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა რაიონული სასამართლოს არგუმენტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-9 პუნქტში მითითებული ¹1 დანართი მხოლოდ სამოქალაქო პირებს ეხებოდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. კ-ეს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები აქვს 19 წელზე მეტი. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 280, ხოლო წოდებრივი _ 60 ლარს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹566-ე ბრძანებით იგი დაითხოვეს სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატეგორლური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურიდან ვადაზე ადრ დათხოვნილ პირთათვის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის სახით. კერძოდ, აღნიშნული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილნი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. თავის მხრივ, ამავე ბრძანებულების 33-ე პუნქტით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურეთათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გამოანგარიშების წესი. ამ ნორმის მიხედვით ზ. კ-ეს წელთა ნამსახურებისათვის გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით ეკუთვნოდა ფულადი სარგო ათმაგი ოდენობით. ამავე ბრძანებულებაში 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით განხორციელებული ცვლილებით დამტკიცდა ¹1 დანართის ახალი რედაქცია, სადაც განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი სარგოს ნუსხა. აღნიშნული დანართით სამხედრო მოსამსახურეთა ფულად სარგოში შევიდა სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი, წოდებრივი და დანამატების კატეგორიები. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331-ე პუნქტებით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით გათვალისწინებული თანხის გაანგარიშებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით დამტკიცებული ¹1 დანართი, რომლის მიხედვით თანამდებობრივი სარგო შეადგენს 280, წოდებრივი _ 60, ხოლო დანამატების კატეგორია _ 215 ლარს. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹500 ბრძანებულებით ცვლილება განიცადა ¹493 ბრძანებულებამ, კერძოდ ბრძანებულების მე-51 პუნქტით დადგინდა სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს შემადგენლობა. ამ პუნქტის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება: თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს ოდენობებისაგან სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით დანამატის კატეგორიის 2150 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ იყო ¹493 ბრძანებულების შეუსაბამო, რაც არასწორია, ვინაიდან ზ. კ-ე შეირაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა 2006 წლის 8 იანვარს, როდესაც მოქმედებდა 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით დამტკიცებული ¹1 დანართი, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს ოდენობის ცვლილება განხორციელდა 2006 წლის 22 აგვისტოს ¹500 ბრძანებულებით. თავის მხრივ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაანგარიშება უნდა მომხდარიყო სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის (ანუ 2006 წლის 8 იანვრისათვის) არსებული, მოქმედი ნორმის შესაბამისად, რადგან ამ დროისათვის ¹493 ბრძანებულების მე-51 პუნქტი არ არსებობდა და საქალაქო სასამართლო ხსენებულ ნორმას ვერ გამოიყენებდა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ¹493 ბრძანებულების მე-9 პუნქტის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო განისაზღვრა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ჯამით, თუმცა ამავე ბრძანებულებაში 2006 წლის 27 იანვრის ცვლილების მიხედვით (რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვარს), სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრა მოხდა ამავე ბრძანებულების ¹1 დანართის საფუძველზე, რომლის შემადგელობაშიც შევიდა თანამდებობრივი წოდებრივი და დანამატის კატეგორიები. ვინაიდან მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა სწორედ მითითებული ნორმის ამოქმედების შემდეგ, ანუ 2006 წლის 8 იანვარს, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით თანხის ოდენობის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების დანართი ¹1-ის მიხედვით, რაც არ მომხდარა (ს.ფ. 130-134)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო საჩივარში არ არის დასაბუთებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.