Facebook Twitter

ბს-782-751(კ-08) 22 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ს-ას, ც. გ-ას, კ. მ-ის, თ. კ-ისა და ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ს-ამ, ც. გ-ამ, კ. მ-მა, მ. ჯ-მა, თ. კ-ემ და ზ. მ-ემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 08.09.05წ. ¹¹150, 147, 149, 0909.05წ. ¹¹151, 152 და 21.09.05წ. ¹161 ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ. ს-ამ, მ. კ-ემ, კ. მ-მა, მ. ჯ-მა, თ. კ-ემ და ზ. მ-ემ შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, ხოლო მოსარჩელე ც. გ-ამ მხარი დაუჭირა სასარჩელო განცხადებას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა სამსახურში მიღებისას შეადგენინა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ განცხადებები თარიღის მითითების გარეშე, რათა შემდეგ პირადი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა ისინი თანამშრომელთა სამსახურიდან გასათავისუფლებად. 08.09.05წ. სამუშაო საათების დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, ყველასათვის მოულოდნელად, გენერალური ინსპექციის უფროსმა ოპერატიულ თათბირზე გამოაცხადა მ. ს-ას, ც. გ-ას, კ. მ-ის, მ. ჯ-ის და ასევე სხვა თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მართალია, მოსარჩელეთა გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ განთავისუფლების შესახებ ბრძანებების საფუძვლად გამოყენებული განცხადებები თარიღდაუსმელია, რაც განასხვავებს მათ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებების საფუძვლად ჩათვლილი განცხადებებისაგან. განთავისუფლების შესახებ განცხადებები არ გამოხატავს მოსარჩელეთა ნებას. მათი განთავისუფლების ბრძანებებზე მათი გაცნობის შემდეგ, მოსარჩელეებმა შესაბამისი შენიშვნები გააკეთეს და წერილობით მიმართეს ფინანსთა მინისტრს. მოსარჩელეთა განცხადებით, ზემოაღწერილი უკანონო ქმედების გამო თ. კ-ემ და ზ. მ-ემ პროტესტის ნიშნად დატოვეს თანამდებობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის სადავო აქტები გამოცემული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლისა და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 13.04.04წ. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების მე-11 მუხლის “ო” პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. სასამართლოს განცხადებით, გენერალური ინსპექციის უფროსმა დააკმაყოფილა თანამშრომლების მიერ მათივე ინიციატივით შედგენილი განცხადებები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. პირადი განცხადებები კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში იქნა გატარებული და მიეთითა რეგისტრაციის აღმნიშვნელი თარიღები და ნომრები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 18.05.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. სააპელაციო პალატის 30.04.08წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.08წ. განჩინებით მ. ს-ას, ც. გ-ას, კ. მ-ის, თ. კ-ისა და ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ს-ამ, ც. გ-ამ, კ. მ-მა, თ. კ-ემ და ზ. მ-ემ. კასატორთა განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები არ შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას. აღნიშნული დასტურდებოდა აგრეთვე გათავისუფლების ბრძანებებზე გაკეთებული შენიშვნებითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახელზე შედგენილი მათი განცხადებებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ მ. ს-ას, ც. გ-ას, კ. მ-ის, თ. კ-ისა და ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ს-ას, ც. გ-ას, კ. მ-ის, თ. კ-ისა და ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს-ას, ც. გ-ას, კ. მ-ის, თ. კ-ისა და ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.