ბს-783-745(კ-07) 21 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. კ-მა 03.10.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1999 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში მე-...... ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილედ აღდგენა და მოპასუხისათვის სამსახურში აღდგენის დღისათვის იძულებითი დროის განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. 01.08.04წ. თავდაცვის მინისტრის ¹1779 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-..... ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილედ. სამხედრო ნაწილის ....... მეთაურის 30.08.06წ. ¹206 ბრძანების საფუძველზე გაშვებულ იქნა მოკლევადიან შვებულებაში, 2006 წლის 1 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე კუთვნილი შვებულების ხარჯზე. 10.09.06წ. სამხედრო ნაწილის ....... მეთაურის ¹217 ბრძანებით 2006 წლის 4 სექტემბრიდან გამოიძახეს შვებულებიდან დისლოკაციის ადგილზე, დივიზიონის დისლოკაციის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. 09.09.06წ. კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1199 ბრძანებით დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.09.06წ ¹1999 ბრძანება მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, მოსარჩელის აზრით, იყო უკანონო, ვინაიდან 2006 წლის 1 სექტემბრიდან იმყოფებოდა შვებულებაში. შვებულებაში ყოფნის პერიოდში დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან მაშინ, როდესაც 10 სექტემბერს გამოიძახეს შვებულებიდან. ა. კ-ის შეიარაღებლი ძალების რიგებიდან დათხოვნის მიზეზად მითითებულია ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის” შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის (სამსახურებრივი შეუსაბამობა), მაშინ, როდესაც არავითარი დისციპლინური სასჯელი არ მიუღია, ყოველთვის აწინაურებდნენ სამსახურში და გავლილი აქვს რიგითიდან დივიზიონის მეთაურის მოადგილემდე გზა. მოსარჩელის აზრით, მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას დაირღვა ,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ”, შრომის და ,,საჯარო მოსამსახურის შესახებ” საქართველოს კანომდებლობა, საქართველოს კონსტიტუცია, რადგან გაათავისუფლეს შვებულებაში ყოფნის პერიოდში უკანონოდ, სამსახურებრივი შეუსაბამობის მოტივით, რისი საფუძველიც ადმინისტრაციას არ ჰქონდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თავდაცვის სამინისტროს 04.09.06წ. ¹1999 ბრძანება ა. კ-ის გათავისუფლების თაობაზე; ა. კ-ი აღდგენილ იქნა სამსახურში და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური. სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11.2 მუხლის “თ” ქვეპუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურეებზე ეს კანონი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. სპეციალური კანონმდებლობით არ არის დადგენილი სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში ყოფნის პერიოდში ურთიერთობები, ამდენად ამ ნაწილში უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის Aშესახებ” კანონი, რომლის 89-ე მუხლის შესაბამისად მოხელეს სამსახურებრივი ურთიერთობა უჩერდება შვებულების პერიოდში, რაც ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, ხოლო 111-ე მუხლის შესაბამისად არ შეიძლება მოხელე გათავისუფლდეს სამსახურიდან სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების განმავლობაში შტატების შემცირების ან ატესტაციის შედეგების გამოც კი, არათუ საფუძვლის მითითების გარეშე. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლებას შვებულებაში ყოფნის პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, რის გამო იგი სზაკ-ის მე-601 მუხლის თანახმად ბათილია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.06.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა არსებითად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, რომელთა გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტს არ წარუდგენია. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეზე, როგორც საჯარო მოხელეზე, ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებანი, იმ გამონაკლისით, რომლებსაც სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ურთიერთობების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმატიული აქტები შეიცავს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია იმ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც იმყოფება ანაზღაურებად შვებულებაში, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ თავდაცვის სამინისტროს 04.09.06წ. ¹1999 ბრძანების გამოცემისას ა. კ-ი კუთვნილ შვეუბლებაში იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრს არ ჰქონდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.09.06წ. ბრძანება სასამართლდო კოლეგიამ სწორად ცნო ბათილად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.06.07წ. განჩნება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა უსაფუძვლობის გამო.
კასატორმა მიუთითა, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს, რომელიც მოიცავს სავალდებულო, ვადიან, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურებს. ,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამხედრო სამსახური არის სპეციალური სამსახური, რომელიც რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ: ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონით, “სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდებით”, დამტკიცებული 10.02.06წ. საქართველოს პრეზიდენტის ¹111 ბრძანებულებით. სამხედრო კანონმდებლობისა და მისი სპეციფიკის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიმართ მისი მეთაურის მიერ შეიძლება გაიცეს, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირსიტყვიერი ბრძანება. ა. კ-ის მიმართ ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობისათვის, ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულია სადისციპლინო წესდების 182-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს სამსახურიდან დათხოვნას. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.09.06წ. ¹1999 ბრძანება ა. კ-ის დათხოვნის შესახებ კანონიერია, ვინაიდან იგი გამოცემულია საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების 45-ე, 182-ე მუხლების, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.