¹ბს-785-747(კ-07) 18 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებაზე, /ი/მ «ს. თ.-ის» სარჩელისა გამო, თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ქმედების განხორციელების და დარიცხული საურავის გაუქმების შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი/მ «ს. თ.-მა» სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის _ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქმედების განხორციელება და საურავის გაუქმება (იხ. ს.ფ. 1-4).
საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ «ს. თ.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის მოთხოვნა 2002-2003 წლებში საგადასახადო ინსპექციის მიერ მისთვის დაწესებული პრეზუმფციული გადასახადის გადასინჯვისა და სწორად განსაზღვრის, 2003 წელს მის საფუძველზე შესაბამისი კორექტირების განხორციელების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; სასარჩელო მოთხოვნა 2003-2004 წლების სოციალური გადასახადის სწორად განსაზღვრისა და კორექტირების განხორციელების, ასევე მასზე დარიცხული საურავების გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდა; ი/მ «ს. თ.-ს» ჩამოეწერა მის პირად საგადასახადო ბარათზე რიცხული 2003 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვის სოციალური გადასახადი 90 ლარის ოდენობით და 2004 წლის სოციალური გადასახადი 192 ლარის ოდენობით, როგორც არასწორად დარიცხული. მასვე მოეხსნა ზემოაღნიშნული გადაუხდელი გადასახადისათვის დაკისრებული საურავები /იხ.ს.ფ. 78-83/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 87-88/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის განჩინებით თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 154-157/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 87-ე, 89-ე, 186-ე, 188-ე და 257-ე მუხლები და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არასწორი სამართლებრივი ეფასება მისცა /იხ.ს.ფ. 160-164/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 168-169/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 171-174/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 168-169/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ არ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.