Facebook Twitter

ბს-789-751(კ-07) 14 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 28 აპრილს გ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 13 თებერვლის ¹08 ბრძანებით იმავე წლის 15 მარტს დაინიშნა აუქციონი _ ყოფილი სახაზინო აგროფირმა “ს-ოს” უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით.

მოსარჩელის განცხადებით, გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 15 მარტის ¹20 ბრძანებით, ყოფილი სახაზინო აგროფირმა “ს-ოს” პრივატიზების მიზნით დანიშნული აუქციონი ჩაითვალა შემდგარად, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდა გ. კ-ი.

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის აპრილში მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2006 წლის 29 მარტს გამოცემული ¹34 ბრძანებით, არარად გამოცხადდა იმავე სამმართველოს 2006 წლის 13 თებერვლის ¹08 ბრძანება _ 2006 წლის 15 მარტს ¹4 აუქციონის Eდანიშვნის შესახებ, ხოლო იმავე სამმართველოს 2006 წლის 29 მარტის ¹35 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი, იმავე სამმართველოს 2006 წლის 15 მარტის აუქციონის შედეგების ოქმი ¹1 და ბრძანება ¹20 – ¹4 აუქციონის მსვლელობისა და შედეგების ოქმის დამტკიცების შესახებ.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 29 მარტის ¹34 და ¹35 ბრძანებები არაკანონიერია, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, ხოლო ამავე მუხლის მე-7 ნაწილით _ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას თუ: ა) აქტი გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ არც ერთ დასახელებულ წინაპირობას მის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა და მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ირღვეოდა მისი კანონიერი უფლებები.

მოსარჩელე ასევე უთითებდა, რომ 2006 წლის 29 მარტის ¹34 ბრძანება გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო. ხოლო, 2006 წლის 29 მარტის ¹35 ბრძანება გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო აქტები მომზადებული და გამოცემული იყო კანონის დარღვევით, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. კ-ი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 29 მარტის ¹34 და ¹35 ბრძანებების ბათილად ცნობას.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 29 მარტის ¹34 და ¹35 ბრძანებები.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ 2006 წლის 15 მარტს გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში ყოფილი სახაზინო აგროფირმა “ს-ოს” პრივატიზების მიზნით, ჩატარებულ იქნა ¹4 აუქციონი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ორი სუბიექტი _ შპს “ქ-ი” და მოსარჩელე გ. კ-ი. გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2006 წლის 15 მარტს გამოცემული ¹20 ბრძანებით ¹4 აუქციონი ჩაითვალა შემდგარად და გამარჯვებულად გამოცხადდა გ. კ-ი.

აპელანტი მიუთითებდა, რომ შპს “ქ-ის” მიერ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 15 მარტის ¹20 ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, რაზეც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ¹1-1/226 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და შეჩერდა გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 15 მარტის ¹1 ოქმისა და 2006 წლის 15 მარტის ¹20 ბრძანების მოქმედება _ შპს “ქ-ის” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვამდე.

აპელანტი უთითებდა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეისწავლა ყოფილი სახაზინო აგროფირმა “ს-ოს” საპრივატიზებო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გამოარკვია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით 2006 წლის 15 მარტს დანიშნული ¹4 აუქციონის დანიშვნის შესახებ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 13 თებერვლის ¹08 ბრძანებით ყოფილი სახაზინო აგროფირმა “ს-ო” გამოცხადებულ იქნა არასწორად. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 27 მარტის ¹21/509/6-6 კორესპონდენციით სამმართველომ მიიღო მითითება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გარეშე დარჩენილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა უნდა განხორციელებულიყო “მეწარმეთა Eშესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავდნენ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას და მოიხსენიებოდნენ როგორც სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 13 თებერვლის ¹08 ბრძანებით საპრივატიზებოდ იქნა გატანილი არარსებული სახაზინო აგროფირმა “ს-ო” და არა მისი ქონება, შესაბამისად შეუძლებელი იქნებოდა გაყიდულიყო არარსებული სახაზინო აგროფირმა “ს-ო”.

აპელანტმა განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ 2006 წლის 29 თებერვალს გამოსცა ¹34 ბრძანება – იმავე სამმართველოს მიერ 2006 წლის 13 თებერვალს გამოცემული ¹08 ბრძანების არარად გამოცხადების შესახებ და ¹35 ბრძანება _ იმავე სამმართველოს მიერ 2006 წლის 15 მარტის აუქციონის შედეგების ¹1 ოქმისა და ¹20 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

ამასთან, აპელანტი მიიჩნევდა, რომ გარდაბნის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 29 მარტის ¹34 და ¹35 ბრძანებების ძალაში დატოვებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ ეთანხმაბა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო პალატის განმარტებით, გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 29 მარტის ¹34 და ¹35 ბრძანებები ეწინააღმდეგება კანონს, რადგან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი და ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტები.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2006 წლის 29 მარტის ¹34 ბრძანების მიღებისას არასწორად იქნა განმარტებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო. რადგან, გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა აუქციონი, გაზეთ “ .......” გამოქვეყნდა ინფორმაცია ყოფილი სახაზინო აგროფირმა “ს-ოს” პრივატიზების თაობაზე, რომელშიც მითითებული იყო საპრივატიზაციოდ გატანილი ქონების ჩამონათვალი, ხოლო გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 15 მარტის ბრძანებით აუქციონი გამოცხადდა შემდგარად და გამოვლინდა გამარჯვებული, შესაბამისად, 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანებას მოჰყვა სამართლებრივი შედეგი და საბოლოოდ, შესრულდა ის მიზანი, რასაც ითვალისწინებდა ამ აქტის გამოცემა – აუქციონის ჩატარება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ აუქციონი უნდა გამოცხადებულიყო ყოფილ სახაზინო აგროფირმა “ს-ოს” ქონებაზე და არა თვით აგროფირმაზე, მაგრამ აქვე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა აქტის არარად გამოცხადების საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი მიუთითებდა არა აქტის უკანონობაზე, არამედ მასში არსებულ ტექნიკურ შეცდომაზე. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლით და გაესწორებინა მის მიერ აქტის გამოცემისას დაშვებული შეცდომა, რასაც არ სჭირდებოდა ადმინისტრაციული წარმოების ფორმალური მოთხოვნის დაცვა და არ გამოიწვევდა განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას – შეცვალოს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოაცხადოს იგი ამ კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ავალდებულებს აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის შეცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოცხადებისას დაიცვას ადმინისტრაციული წარმოების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აუქციონში გამარჯვებული გ. კ-ი არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციული წარმოებისას და შესაბამისად არ მისცემია საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების გარეშე იქნა მიღებული ¹34 და ¹35 სადავო ბრძანებები, ხოლო გ. კ-ს ეცნობა კანონის დარღვევით, რადგან სადავო ბრძანებები გამოცემულ იქნა 2006 წლის 29 მარტს, გ. კ-ს კი, აღნიშნული ბრძანებები გაეგზავნა იმავე წლის 31 მარტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ სადავო აქტების გამოცემისას არსებითად იქნა დარღვეული როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, ასევე აქტის გამოცემის პროცედურული დებულებები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სადავო აქტების ძალაში დატოვებას.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2006 წლის 15 მარტს, 11 საათზე გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში ჩატარებულ იქნა აუქციონი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ორი სუბიექტი _ შპს “ქ-ი” და მოსარჩელე გ. კ-ი. გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ 2006 წლის 15 მარტის ¹20 ბრძანებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყოფილი სახაზინო აგროფირმა “ს-ოს” პრივატიზების მიზნით დანიშნული აუქციონი ჩათვალა შემდგარად და გამარჯვებულად გამოაცხადა გ. კ-ი.

კასატორის განცხადებით, შპს “ქ-ის” მიერ ¹20 ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ¹1-1/226 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის საფუძველზეც შეჩერდა გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 15 მარტის ¹20 ბრძანების (2006 წლის 15 მარტს დანიშნული ¹4 აუქციონის მსვლელობისა და შედეგების ოქმის დამტკიცების შესახებ) მოქმედება შპს “ქ-ის” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვამდე. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით შეისწავლა ყოფილი სახაზინო აგროფირმა “ს-ოს” საპრივატიზებო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გამოარკვია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით 2006 წლის 15 მარტს დანიშნული აუქციონი გამოხადდა არასწორად, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 27 მარტის ¹21/509/6-6 მომართვით, გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ მიიღო მითითება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გარეშე დარჩენილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა უნდა განხორციელებულიყო “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავდნენ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას და მოიხსენიებოდნენ როგორც სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონება. ხოლო, გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2006 წლის 13 თებერვლის ¹08 ბრძანებით საპრივატიზებოდ იქნა გამოტანილი არარსებული სახაზინო აგროფირმა “ს-ო” და არა მისი ქონება, შესაბამისად, შეუძლებელი იყო გაყიდულიყო არარსებული სახაზინო აგროფირმა “ს-ო”, რის საფუძველზეც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, 2006 წლის 29 თებერვალს გამოსცა ¹34 ბრძანება – ამავე სამმართველოს მიერ 2006 წლის 13 თებერვალს გამოცემული ¹08 ბრძანების არარად გამოცხადების შესახებ და ¹35 ბრძანება _ ამავე სამმართველოს მიერ 2006 წლის 15 მარტის აუქციონის შედეგების ოქმი ¹1 და ¹20 ბრძანების – აუქციონის მსვლელობისა და შედეგების ოქმის დამტკიცების შესახებ ბათილად ცნობის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, გასაჩივრებულ განჩინების, საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.