ბს-790-752(კ-07) 19 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ქ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2007 წლის 14 თებერვალს ქ. ნ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ¹6/კ ბრძანების ბათილად ცნობა და .....-ის თანამდებობაზე დაბრუნება, სადაც დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ადვოკატისათვის გადახდილი თანხის – 285 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელე ქ. ნ-ი მუშაობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში. მინისტრის 2002 წლის 4 იანვრის ¹8/კს ბრძანებით რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს ...-ის თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა მინისტრის აპარატში კადრების სამმართველოს ....-ად, თანახმად ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 43-ე მუხლისა. მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ¹1/კს ბრძანებით სამინისტროს აპარატის კადრების სამმართველოს ......-ის თანამდებობიდან ქ. ნ-ი მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს უფროსი ....-ის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2007 წლის 15 იანვრამდე. 2007 წლის 9 იანვარს ქ. ნ-ი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ, აგრეთვე წერილობითი ფორმით შეეთავაზა კადრების სამმართველოში .....-ის თანამდებობაზე გადაყვანა, რაზეც ქ. ნ-მა განაცხადა (წერილობით) თანხმობა. აღნიშნულის მიუხედავად, მინისტრის მოადგილის 2007 წლის 15 იანვრის ¹6/კ ¹76 ბრძანებით ქ. ნ-ი 2007 წლის 15 იანვრიდან გადაყვანილ იქნა სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს .....-ის თანამდებობიდან, ამავე სამინისტროს ადმინისტრაციის კადრების სამმართველოს .....-ის თანამდებობაზე დროებით შემცვლელად, ნაცვლად შეთავაზებული მუდმივი საშტატო ერთეულისა.
მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია მითითებული ბრძანება, რადგან უწყებაში რეორგანიზაციის განხორციელებამდე მუშაობდა განუსაზღვრელი ვადით, რეორგანიზაციით კი შეიცვალა მხოლოდ სამმართველოს სახელწოდება, საშტატო ერთეულთა ოდენობა და არსი იგივე დარჩა, რის გამოც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის თანახმად, არ ექვემდებარებოდა არც გათავისუფლებას, არც გადაყვანას. ქ. ნ-ი არ გათავისუფლებულა რეორგანიზაციის გამო და არც მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული გამოცხადებულა ვაკანსიად.
მოსარჩელის მითითებით, 2007 წლის 15 იანვრის ¹6/კ ¹76 ბრძანებაში გადაყვანის საფუძვლად მიეთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 22.1 მუხლი, 30-ე მუხლის ,,გ” პუნქტი და 43-ე მუხლი. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნის უფლება აქვს დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისთვის უფლებამოსილ მოხელეს. მინისტრის 2007 წლის 3 იანვრის ¹1/კს ბრძანება ქ. ნ-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალური მართვის სამმართველოს ....-ის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ შეიცვალა 2007 წლის 15 იანვრის ¹6/კ ბრძანებით, რომელსაც ხელს აწერს მინისტრის მოადგილე, როგორც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
მოსარჩელის მითითებით, არასწორად იქნა ბრძანებაში მითითებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 30-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნას, რაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული მის მიმართ. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 43-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს მოხელის თანხმობის აუცილებლობას სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას, მას კი დროებით სამუშაო ადგილზე გადაყვანის შესახებ თანხმობა არ განუცხადებია (ს.ფ. 1-4).
ქ. ნ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
მოპასუხის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ქ. ნ-ის მიმართ არ დარღვეულა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 43-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილების საფუძველზე სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის შედეგადაც გაუქმდა ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, ასევე მასში შემავალი სამმართველოები, მათ შორის, პერსონალის მართვის სამმართველო. ქ. ნ-მა განაცხადა თანხმობა სხვა თანამდებობაზე _ სამინისტროს ადმინისტრაციის პერსონალის მართვის სამმართველოს .....-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ არ დარღვეულა 43-ე მუხლი, რადგან მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა სხვა თანამდებობაზე _ .....-ად დანიშვნაზე და დაინიშნა კიდეც უფრო მაღალი თანრიგის თანამდებობაზე.
მოპასუხის წარმომადგენელმა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მოსარჩელის მითითება, რომ სადავო ბრძანებით დაირღვა მისი კანონიერი ინტერესები, რადგან ქ. ნ-ი დაინიშნა უფრო მაღალი თანრიგის თანამდებობაზე – .....-ად. შესაბამისად, მისი ინტერესები არ შელახულა და პირიქით, გაუმჯობესდა.
მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, დაუშვებელია გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა, რადგან იგი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან მის მიმართ მოსარჩელეს აქვს კანონიერი ნდობა. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ამგვარი აქტის ბათილად ცნობა.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, რადგან სამინისტროში აღარ არსებობს ამგვარი თანამდებობა (ს.ფ. 50-52).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ნ-ი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 23 თებერვლის ბრძანებით მუშაობდა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ¹1/კს ბრძანებით გადაიყვანეს სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს .....-ის თანამდებობაზე 2006 წლის 3 იანვრიდან; 2006 წლის 14 ნოემბრის ¹301/ო ბრძანების საფუძველზე, 2007 წლის 9 იანვარს გაფრთხილებულ იქნა სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და თანამდებობების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ; ქ. ნ-მა 2007 წლის 9 იანვარს ¹12/287 მოხსენებითი ბარათით მიმართა მინისტრს, რომ ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პირობებში, მუშაობა გაეგრძელებინა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე; მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის ¹11/ო ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. აღნიშნული ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მუშაკთა საშტატო ერთეულების რიცხოვნობის, სტრუქტურისა და თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების მოცულობის შესახებ მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის ¹8/ო ბრძანების პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი, რითაც გაუქმდა სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველო, შესაბამისად გაუქმდა ქ. ნ-ის მიერ დაკავებული .....-ის თანამდებობა. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ნ-ი 2007 წლის 12 იანვარს, საჯარო მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, გაფრთხილებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის პერსონალის მართვის სამმართველოს ....-ის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 22.1 მუხლის შესაბამისად, თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილ მოხელეს. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის ¹5/კ ბრძანებით, მინისტრის არყოფნის პერიოდში _ 2007 წლის 14 იანვრიდან 17 იანვრამდე, პირველ მოადგილეს _ ვ. მ-ს დაევალა მინისტრის მოვალეობის შესრულება “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 23.5 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის ¹249 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის საფუძველზე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება რომ მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანის ბრძანება გამოცემულია არა მინისტრის, არამედ მისი პირველი მოადგილის მიერ და მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანების კანონიერება სადავო არ არის, ვინაიდან მინისტრის პირველი მოადგილე ბრძანების გამოცემისას მოქმედებდა მისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ უკანონოა გასაჩივრებულ ბრძანებაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 30-ე მუხლზე მითითება, რადგან ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ამ დაწესებულებაში გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო საკონკურსო თანამდებობაზე პირი შეიძლება დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. ამავე კანონის 30-ე მუხლის “გ” პუნქტისა, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ დროებით შემცვლელები. კონკრეტულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს მითითებით, სამინისტროში კონკურსი არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მოსარჩელე კონკურსის წესით დანიშნული არ ყოფილა ქ. ნ-ი 2007 წლის 15 იანვრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს ....-ის თანამდებობიდან, ამავე სამინისტროს ადმინისტრაციის კადრების სამმართველოს .....-ის (ი. ჯ-ის) თანამდებობაზე, დროებით შემცვლელად, რის თაობაზეც მან 2007 წლის 12 იანვარს განაცხადა თანხმობა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე დანიშნული არ ყოფილა კონკურსის შედეგად, იგი სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პირობებში, დაკავებული თანამდებობის გაუქმების გამო, საკუთარი მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით და წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გადაყვანილ იქნა სხვა სამუშაოზე დროებით შემცვლელად.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ქ. ნ-ის სხვა სამუშაოზე გადაყვანისას დაცულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 43-ე მუხლი, კერძოდ, სხვა სამუშაოზე გადაყვანა მოხდა მისივე წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელის სხვა სამუშაოზე გადაყვანასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 15 იანვრის ¹6/კ ბრძანების გამოცემისას კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, იგი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მისი ....-ის იმ საშტატო ერთეულზე დაბრუნების შესახებ, სადაც იგი დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის ¹11/ო ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის შესაბამისად, ქ. ნ-ის მიერ დაკავებული ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს .....-ის თანამდებობა გაუქმდა. ამდენად, თუ ქ. ნ-ი არ იქნებოდა გადაყვანილი სხვა სამუშაოზე, დაწესებულების რეორგანიზაციისას მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების პირობებში, იგი ექვემდებარებოდა სამუშაოდან გათავისუფლებას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.3 მუხლის თანახმად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველ დღეს. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მოსარჩელის სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანის და გადაყვანის ბრძანების ბათილად ცნობის პირობებშიც კი მოსარჩელე აღადგინოს დღეისათვის არარსებულ თანამდებობაზე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ადვოკატის ხარჯების დაკისრების თაობაზე, რადგან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ. ს.ფ. 60-63).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ნ-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
აპელანტის მითითებით, მინისტრის 2002 წლის 4 იანვრის ¹8/კს ბრძანებით, სამინისტროს აპარატის კადრების სამმართველოს ....-ის თანამდებობიდან მისი თანხმობით გადაყვანილ იქნა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს ....-ის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2007 წლის 15 იანვრამდე.
აღნიშნული დეპარტამენტის ფუნქციებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹216/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულების თანახმად (¹216/ნ ბრძანების დანართი ¹4), შედიოდა სამინისტროს მოხელეების და სამინისტროს ყოფილი მოსამსახურეების წერილებისა და განცხადებების განხილვა შრომითი საქმიანობის საკითხებზე. სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების შესახებ მონაცემთა საინფორმაციო სისტემის შექმნა, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება და სხვა საკადრო საქმიანობა, რომლებიც მითითებულია ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების მეორე მუხლში.
2007 წლის 9 იანვარს ქ. ნ-ი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ. 2007 წლის 12 იანვარს წერილობითი ფორმით შესთავაზეს გადაყვანა ადმინისტრაციის პერსონალის მართვის სამმართველოს ....-ის თანამდებობაზე მუდმივ სამუშაო ადგილზე, რაზედაც წერილობითვე განაცხადა თანხმობა, თუმცა ადმინისტრაციის პერსონალის მართვის სამმართველოს, გარკვეული მიზეზების გამო 15 იანვარს უკვე გადაარქვეს სახელი და დაერქვა ადმინისტრაციის კადრების სამმართველო. მიუხედავად ქ. ნ-ის წერილობითი თანხმობისა, დანიშნულიყო ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე, აღმოჩნდა, რომ 2007 წლის 15 იანვარს მინისტრის მოადგილის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება ¹6/კ §76, რომლის თანახმადაც სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს ....-ის თანამდებობიდან ქ. ნ-ი 2007 წლის 15 იანვრიდან გადაყვანილ იქნა ამავე სამინისტროს ადმინისტრაციის კადრების სამმართველოს ....-ის თანამდებობაზე, დროებით შემცვლელად.
აპელანტის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, ქ. ნ-ი არ ექვემდებარებოდა არც გათავისუფლებას და არც გადაყვანას, მით უფრო, დროებით შემცვლელად, მაშინ როცა იგივე საშტატო ერთეული ისევ არსებობდა და მასზე დაინიშნა ხელშეკრულებით მომუშავე პიროვნება, რომელიც ქ. ნ-ის დეკრეტული შვებულების პერიოდში დროებით იკავებდა მის თანამდებობას.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიჩნია დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ. აპელანტის მითითებით, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2007 წლის 15 იანვრამდე ქ. ნ-ი მუშაობდა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს ....-ის თანამდებობაზე; აღნიშნული დეპარტამენტის დებულებით ირკვევა იმ სამსახურის ფუნქციები, რაც რეორგანიზაციამდე სხვა მუშაკებთან ერთად ევალებოდა ქ. ნ-ს. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს” დებულებით 2007 წლამდე მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით განისაზღვრა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ფუნქცია საკადრო საკითხთა გადაწყვეტის სფეროში.
აპელანტის მითითებით, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ადამიანური რესურსების დეპარტამენტი. მის ბაზაზე, კერძოდ, აღნიშნული დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს საფუძველზე შეიქმნა ადმინისტრაციის კადრების სამმართველო, რაც ასახულია 2007 წლის 10 იანვრის რედაქციის დებულების მე-17 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტში, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციის კომპეტენციას შეადგენს სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტების, პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა. ამდენად, აპელანტის მითითებით, ორივე შემთხვევაში ფუნქციები ერთი და იგივეა და სამინისტროს არც ერთ სხვა სამსახურს, წარმოდგენილი დანართების თანახმად, ეს ფუნქციები არ ეკისრება.
აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ 2007 წლის 15 იანვრიდან ქ. ნ-მა წერილობით თანხმობა განაცხადა დროებით სამუშაო ადგილზე გადასაყვანად, რადგან ასეთი თანხმობა ბუნებაში არ არსებობს. თანხმობის ფურცელი, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, ითვალისწინებს ქ. ნ-ის გადაყვანას რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ....-ის თანამდებობაზე, რაც გაცილებით ნაკლებ სარგოს ითვალისწინებს, ხოლო ი. ჯ-ე, რომლის ნაცვლადაც დაინიშნა იგი, წარმოადგენს .....-ს. შესაბამისად, აღნიშნულ საშტატო ერთეულს აქვს მეტი თანამდებობრივი სარგო, რაც ასევე განასხვავებს ერთმანეთისაგან მითითებულ თანამდებობებს (იხ. ს.ფ. 70-72).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინებით ქ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2006 წლის საშტატო განრიგის თანახმად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გათვალისწინებული იყო ადამიანური რესურსების დეპარტამენტი სტრუქტურული დანაყოფებით, 15 საშტატო ერთეულით, აღნიშნული განრიგით სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გათვალისწინებული იყო 235 საშტატო ერთეული; საქართველოს შრომის, ჯნმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს ....-ი ქ. ნ-ი 2007 წლის 9 იანვარს გაფრთხილებულ იქნა სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და თანამდებობის შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის ¹11/ო ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა 2007 წლის საშტატო ერთეულების რიცხოვნობა, სტრუქტურა და თანამდებობრივი სარგოების მოცულობა. აღნიშნული განრიგით საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 199 ერთეულით, განრიგით გათვალისწინებული აღარ იქნა ადამიანური რესურსების დეპარტამენტი და მასში შემავალი სამმართველოები, მათ შორის, პერსონალის მართვის სამმართველო, სადაც მოსარჩელე ....-ად მუშაობდა; სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, მართალია, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებულ იქნა რა მოსარჩელის განცხადება დასაქმების თაობაზე, იგი სადავო ბრძანებით გადაყვანილ იქნა სამინისტროს ადმინისტრაციის კადრების სამმართველოს ....-ის თანამდებობაზე, დროებით შემცვლელად, 2007 წლის 15 იანვრიდან, რაზედაც მას ფაქტობრივად თანხმობა ჰქონდა გაცემული. განხორციელებულ რეორგანიზაციას შედეგად მოჰყვა რა იმ დეპარტამენტისა და მასში შემავალი იმ სამმართველოს გაუქმება, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ სამმართველოს ფუნქციებს, სადაც მოსარჩელე სადავო ბრძანების გამოცემამდე მუშაობდა, ადმინისტრაციის კადრების სამმართველო ახორციელებს, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ შეიძლება გახდეს, რადგან დასტურდება, რომ სამინისტროს აპარატის სტრუქტურაში განხორციელდა რეორგანიზაცია საშტატო ერთეულთა რაოდენობის შემცირებით, ის გარემოება კი, რომ არსებულ საშტატო ერთეულებზე დანიშვნისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილება მოპასუხე დაწესებულების ადმინისტრაციამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი, გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი (იხ. ს.ფ. 190-197).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ნ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად გამოცემულ სადავო ბრძანებას საფუძველი არ გააჩნდა, რადგან ქ. ნ-ს თანხმობა დროებით თანამდებობაზე გადასაყვანად არ განუცხადებია და წარმოდგენილი თანხმობის ფურცელი ეხება მხოლოდ ერთი რანგით დაბალ მუდმივ და არა დროებით თანამდებობაზე გადაყვანას.
კასატორის მითითებით, მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომ რედაქციით ასევე ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება. სააპელაციო საჩივრის განხილვისას მისმა წარმომადგენელმა დეტალურად მიუთითა დებულების შესაბამის მუხლებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა მხოლოდ სამსახურის სახელწოდება, საშტატო ერთეულთა ოდენობა და ფუნქცია იგივე დარჩა.
კასატორის მითითებით, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მხოლოდ ქ. ნ-ის საშტატო ერთეული და არა მთლიანად დეპარტამენტი და მასში შემავალი სამმართველოები, მათ შორის პერსონალის მართვის სამმართველო, ასეთ პირობებში სააპელაციო სასამართლოს არ უნდა შეეფასებინა მისი თანხმობა იმ შინაარსით, რომ ქ. ნ-მა თანხმობა განაცხადა ადმინისტრაციის კადრების სამმართველოს .....-ის თანამდებობაზე დროებით შემცვლელად გადაყვანაზე, რადგან თუ გაზიარებული იქნება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, ქ. ნ-ს თანხმობა წინასწარ განუცხადებია იმ თანამდებობაზე, რომელიც ჯერ მისთვის ცნობილი არ იყო და რომც ყოფილიყო ცნობილი, მას არ შესთავაზებია. თუ ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებამდე გაცხადებული თანხმობა, ნაცვლად მუდმივი სამუშაო ადგილისა, დროებით სამუშაო ადგილზე გასაზიარებელია, მაშინ გაზიარებული უნდა ყოფილიყო ის მოსაზრებაც, რომ რომ რეორგანიზაცია ქ. ნ-ის შემთხვევაში მხოლოდ სახელწოდების შეცვლით გამოიხატება და მიუხედავად საერთო მოცულობით შტატების შემცირებისა, ის სამსახური, სადაც რეორგანიზაციამდე მუდმივად მუშაობდა იგი, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ დროებით, იმავე საშტატო ოდენობით განისაზღვრება და უფრო მეტიც, იმავე ადამიანებითაა დასაქმებული, ვინც სამინისტროს პერსონალის მართვის სამმართველოში მუშაობდნენ (იხ. ს.ფ. 203-206).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. 253, სხდომის ოქმი/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ქ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ¹6/კ ბრძანება ¹76 და მოპასუხეს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ნ-ის სამსახურში მოწყობის თაობაზე. ამასთან, მოპასუხეს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 284 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394.,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ნ-ის საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ბრძანება ქ. ნ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უთხრა უარი სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს .....-ი ქ. ნ-ი 2007 წლის 9 იანვარს გაფრთხილებულ იქნა სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და თანამდებობების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამავე სამინისტროს 2007 წლის 12 იანვრის ¹11/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა 2007 წლის საშტატო ერთეულების რიცხოვნობა, სტრუქტურა და თანამდებობრივი სარგოების მოცულობა. აღნიშნული განრიგით გათვალისწინებული არ იქნა ადამიანური რესურსების დეპარტამენტი და მასში შემავალი სამმართველოები, მათ შორის, პერსონალის მართვის სამმართველო, სადაც მოსარჩელე ....-ად მუშაობდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება და განმარტა, რომ ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებულ იქნა მოსარჩელის განცხადება დასაქმების თაობაზე და იგი სადავო ბრძანებით გადაყვანილ იქნა სამინისტროს ადმინისტრაციის კადრების სამმართველოს ....-ის თანამდებობაზე დროებით შემცვლელად, 2007 წლის 15 იანვრიდან, რაზედაც მას ფაქტობრივი თანხმობა ჰქონდა გაცემული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ¹6/კ ბრძანება ¹76 ქ. ნ-ის კადრების სამმართველოს .....-ის (ი. ჯ-ის) თანამდებობაზე, დროებით შემცვლელად გადაყვანის შესახებ, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კერძოდ, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პერსონალის მართვის სამმართველოს ....-ს საშტატო ერთეულიდან გადაყვანილ იქნა დროებით საშტატო ერთეულზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაშიც, ეს უკანასკნელი შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ნ-ი ძირითადი საშტატო ერთეულიდან დროებით საშტატო ერთეულზე გადაყვანილ იქნა სრულიად უკანონოდ, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი პროცედურების უგულებელყოფით, რამდენადაც ქ. ნ-ი ძირითადი საშტატო ერთეულიდან დროებით საშტატო ერთეულზე გადაყვანილ იქნა დაწესებულების რეორგანიზაციის და შტატების შემცირების მოტივით, თუმცა მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვით, მოხელის გადაყვანა სხვა თანამდებობაზე ხორციელდება მხოლოდ მოხელის თანხმობით. ქ. ნ-ს თანხმობა დროებით თანამდებობაზე გადასაყვანად არ მიუცია, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი თანხმობის ფურცელი წარმოადგენს მხოლოდ ერთი რანგით დაბალ (....-ის) მუდმივ და არა დროებით თანამდებობაზე გადაყვანაზე თანხმობას.
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის _ ქ. ნ-ის დროებით საშტატო ერთეულზე გადაყვანისას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შესთავაზა სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, მაგრამ მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა არა იმ თანამდებობაზე, რომელზეც დროებით შემცვლელად დაინიშნა, არამედ ერთი რანგით დაბალ (....-ის) მუდმივ თანამდებობაზე. შესაბამისად, ქ. ნ-ის დროებით საშტატო ერთეულზე გადაყვანით ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა მოხელის თანხმობა, თანამდებობის დასაკავებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან 3 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, ქ. ნ-ს ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ნ-ის დროებით საშტატო ერთეულზე გადაყვანით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი პრინციპები, რაც, თავის მხრივ, მუშაკის უფლებათა დაცვის გარანტიაა და უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობისა და ა.შ., როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამავე დროს ქ. ნ-ი ექვემდებარება სამსახურში უპირობო აღდგენას, ხოლო კონკრეტული თანამდებობის შერჩევა, რომელზეც ის უნდა აღდგეს, წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას ყოველი კონკრეტული გარემოების ერთობლიობაში გათვალისწინებით, რაზეც სასამართლო ვერ იმსჯელებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ნ-ის სამსახურში მოწყობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა ადვოკატისთვის გადახდილი 284 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოპასუხეს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გაცეული ხარჯის _ 284 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, რამდენადაც სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები განეკუთვნება სასამართლოს გარეშე ხარჯებს, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ, ს.ფ. 27-ზე წარმოდგენილი ქ. ნ-ის მიერ ადვოკატ თ. მ-თვის ჰონორარის სახით 284 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილშიც, როგორც შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთებული ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 32.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 389-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ¹6/კ ბრძანება ¹76;
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ნ-ის სამსახურში მოწყობის თაობაზე;
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისროს ქ. ნ-ის სასარგებლოდ 284 ლარის გადახდა;
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.