ბს-790-759(2კ-08) 14 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2007 წლის 2 ნოემბერს ზ. ფ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე _ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება /იხ. ს.ფ. 1-2/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის 2007 წლის 1 ივნისიდან აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის 2 თვის ხელფასის _ 2000 ლარის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 51-54/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზეYუარის თქმა /იხ. ს.ფ. 59-72/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსარჩელისათვის 2006 წლის 1 ივნისიდან 12 ივნისამდე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებაში თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის 10 სამუშაო დღის ხელფასის _ 333 ლარის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 138-144/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, ზ. ფ-ის სასარგებლოდ სამინისტროსათვის 333 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 151-161/.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად /იხ.ს.ფ. 185-188/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ზ. ფ-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 177-180/.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ. ს.ფ. 182-183/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორს მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ზ. ფ-ის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ზ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.