ბს-792-754(კ-07) 25 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებაზე (საქმე მ. ჯ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე). საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2006 წლის 10 აგვისტოს მ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი მეუღლის, ა. გ-ის, პოლიტიკური რეპერსიების მსხვერპლად აღიარება, მასზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზე, «მოქალაქეთა პოლიტიკური რეპერსიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და შეღავათების გავრცელება და ყოველთვიური პენსიის დანიშვნა (ს.ფ. 1-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 48-52).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 57-61).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 111-114).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 118-122).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მ. ჯ-ეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან ათდღიან ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, გასაჩივრების კონკრეტული საფუძვლების მითითებით, ასევე იმის მითითებით, თუ რაში გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას კანონის დარღვევა და აღნიშნულმა დარღვევებმა რამდენად განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
2007 წლის 15 ოქტომბერს მ. ჯ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარუდგინა განცხადება საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი კვლავ არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარში კვლავ არ არის მითითებული, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი), კონკრეტული მოტივები, თუ რაში გამოიხატება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.