Facebook Twitter

¹ბს-793-755კ-07) 30 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა კ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 28.02.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა კარინა კარამოვამ ნ. გ-ის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მ. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული იძულებითი აუქციონისა და ნ. გ-ის სახელზე გაცემული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, კერძოდ, სადავო საცხოვრებელი ბინის მის სახელზე აღრიცხვა მოითხოვა. 27.09.06წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ იძულებით აუქციონის ბათილად ცნობა(ს.ფ. 108-109). სასარჩელო განცხადებაში კ. კ-ამ აღნიშნა, რომ 08.08.2000წ. მ. მ-გან ისესხა 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით, უპროცენტოდ და ამის სანაცვლოდ იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთა თავისსავე კუთვნილი ბინა, ქ. თბილისში, ...., მე-3 ა მკ/რნ-ში, 337-ე კორპუსში, ბინა ¹150. სესხით აღებული თანხა მოსარჩელემ 07.08.01წ. მთლიანად დაფარა, რის შემდეგაც მასსა და მ. მ-ს შორის ნოტარიულად გაფორმდა იპოთეკის მოშლის ხელშეკრულება, რომელიც მოჰპარეს და რის გამოც მიმართა ნოტარიუსს და განმეორებით 18.06.03წ. აიღო ხელშეკრულება იპოთეკის მოშლის შესახებ, რამაც დაადასტურა ფაქტი, რომ ხელშეკრულება ვალის დაფარვის შესახებ შესრულებულია 07.08.01წ. და დადასტურებულია 18.06.03წ. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში მის ბინაში შეიჭრა ნ. გ-ისა და ტ. ჯ-ის ოჯახი, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, რათა ყადაღა დაედო საკუთარ ბინაზე. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 22.05.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს ნ. გ-ის და ტ. ჯ-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 03.02.04წ. გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 28.05.04წ. განჩინებით დარჩა უცვლელად. მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს საკასაციო წესით და საქმე იხილებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში. მოსარჩელის განცხადებით, მისთვის დაუდგენელი მიზეზით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ იძულებითი აუქციონის წესით გაასხვისა მისი ბინა რომელიც საჯარო რეესტრში 23.08.04წ. ნ. გ-ის სახელზე იქნა რეგისტრირებული. მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, სადაც ზეპირად განუცხადეს რომ საქმე დაკარგულია და აღმასრულებელი, რომელმაც აუქციონი ჩაატარა, მიიმალა და იძებნება, სააღსრულებო ფურცელი გამოიწერა 07.11.02წ. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც მიაჩნია უკანონოდ. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-17 მუხლის III პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი ვალდებული იყო შესულიყო ბინაში და დაეყადაღებინა ქონება ორი ქმედუნარიანი პირის თანდასწრებით. აღმასრულებელს ბინა არ აღუწერია, მაშინ როდესაც ბინაში იყო მოსარჩელის ავეჯი, ჭურჭელი, ტანსაცმელი. აღმასრულებელი ვალდებული იყო თუკი არსებობდა 2000 დოლარის დავალიანება და მის ბინაში იყო 10 000-ზე მეტი ქონება, გადახდევინება მოეხდინა ამ ქონებიდან. სააღსრულებო წარმოების საქმეში დაცული იყო საფოსტო გზავნილი, რომლის მიხედვითაც კ. კ-ას მიღებული ჰქონდა საფოსტო გზავნილი 25 თებერვალს. ამის შემდეგ იმავე საფოსტო განყოფილებამ გზავნილი ჩააბარა ჯ. ღ-ეს, რომელმაც განმარტა, რომ მას ხელი არაფერზე არ მოუწერია. მოსარჩელის აზრით, იძულებითი აუქციონის ჩატარებისას ასევე დარღვეული იქნა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე მუხლის II პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც აღსრულების შესახებ უწყებას მოვალეს, კრედიტორს და სხვა მონაწილეს აბარებს სასამართლოს აღმასრულებელი. მოსარჩელისათვის უცნობი იყო, რომ მისი ბინა იყიდებოდა აუქციონზე, კ. კ-ას განმარტებით, ეს ის პერიოდი იყო, როცა მიმდინარეობდა პროცესი ბინიდან გამოსახლების შესახებ, 2004 წლის ბოლომდე მოპასუხე ფიზიკური პირები სისტემატიურად ხვდებოდნენ და მათ არ უცნობებიათ აღმასრულებლისათვის, რომ ჩაებარებინა მისთვის შეტყობინება.

მოსარჩელის განმარტებით სააღსრულებო ბიუროს მიერ დარღვეულია ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის მე-20 მუხლის კატეგორიული მოთხოვნა 1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, 2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას, რაც ფაქტიურად არ არსებობს, რადგანაც მას მოსარჩელის ვალი არ ჰქონდა. აღმასრულებელი ვალდებული იყო გადაწყვეტილების ან სააღსრულებო ფურცლის წარდგენიდან 5 დღის ვადაში მისთვის წინადადება გამოეგზავნა გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შესრულების შესახებ და ამის შემდეგ მოსარჩელე მიიღებდა სათანადო ზომებს.

მოპასუხე ნ. გ-მა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ კ. კ-ას სესხის ხელშეკრულებით გადასცა 2000 აშშ დოლარი და სანაცვლოდ, მესაკუთრის თანხმობით, მის კუთვნილ ბინაში მისი ოჯახი შესახლდა. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეს თანხა არ დაუბრუნებია. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 07.11.02წ. გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და კ. კ-ას მის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. დაკმაყოფილდა მ. მ-ის შეგებებული სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 07.08.01წ. იპოთეკის მოშლის ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ 23.01.04წ. გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. მოპასუხემ განმარტა, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 03.05.04წ. განჩინებით სადავო ბინას 22.05.02წ. განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნა და აღნიშნული განჩინების შესაბამისად გაიცა სააღსრულებო ფურცელი(ს.ფ. 27).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.06წ. გადაწყვეტილებით კ. კ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ თბილისის საარსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო ისანი-სამგორის სასამართლოს მიერ 29.01.04წ. გაცემული ¹2/1203 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კ. კ-ას დაეკისრა 2 000 დოლარი და 30 ლარი ნ. გ-ის სასარგებლოდ, აგრეთვე გადახდა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. კ. კ-ას “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და 113-ე მუხლების საფუძველზე დაეკისრა სააღსრულებო მოსაკრებელი ამოღებული თანხის 7%-ის ოდენობით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე და მე-17 მუხლების შესაბამისად მიეცა წინადადება მოვალე კ. კ-ას სასამართლო გადაწყვეტილების 5 დღის ვადაში ნებაყოფილობით აღსრულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება მოხდებოდა იძულებითი ღონისძიებების შესაბამისად. აღნიშნული გაფრთხილება მოვალეს გაეგზავნა ფოსტით, შესაბამისად ჩაბარდა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას. საქმეში დაცული აუდიტორიული დასკვნით დასტურდებოდა, რომ შეფასდა კ. კ-ას საცხოვრებელი ბინა აუდიტის მიერ 6 000 აშშ დოლარად, რაც ეცნობა ფოსტით. აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა განცხადებით მიმართა სასამართლო აღმასრულებელს და მოითხოვა უზრუნველყოფის მიზნით დანიშნულიყო იძულებითი აუქციონი კ. კ-ას კუთვნილ უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ..., მე-3 ა მკ/რნ-ში, 337-ე კორპუსში და ზემოაღნიშნული კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად გაიცა განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ. 12.07.04წ. დანიშნული იძულებითი საჯარო აუქციონის შესახებ ეცნობა კრედიტორს, გამოქვეყნდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს დაფაზე, ასევე გაზეთ ,,....,” ასევე ეცნობა ისანი-სამგორის გამგეობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც წარმოდგენილი იქნა საქმეში. 12.07.04წ. იძულებითი აუქციონი მყიდველის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. კრედიტორმა კვლავ მიმართა სასამართლო აღმასრულებელს განმეორებითი აუქციონის დანიშვნის მოთხოვნით, გაიცა განკარგულება განმეორებით იძულებითი აუქციონის დანიშვნის თაობაზე. 03.08.04წ. დანიშნული განმეორებითი აუქციონის შესახებ ეცნობა კრედიტორს, ინფორმაცია ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს დაფაზე განთავსდა, გამოქვეყნდა “გაზეთ ....” და სასამართლო აღმასრულებლის გზავნილი ჩაჰბარდა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება რომ აუქციონში მონაწილე პირებს სასამართლო აღმასრულებლის მიერ განემარტათ აუქციონის პირობები და წესი, აუქციონზე დამსწრე პირმა ნ. გ-მა გააკეთა შემოთავაზება. აღნიშნული თანხა აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს და ვინაიდან სხვა შემოთავაზებას ადგილი არ ქონდა უძრავი ქონების შემძენი გახდა ნ. გ-ი, რომლის მიერ თანხა სრულად იქნა გადახდილი რაც დასტურდება წარმოდგენილი ქვითრით და შესაბამისად 2004 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაიცა განკარგულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.06 გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა კ. კ-ას მიერ სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლის 03.08.04წ. ¹01/06-236 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, მიიჩნია, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტს არ წარმოუდგენია და არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.06წ. გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უწყება უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის (2004 წელს მოქმედი რედაქციით) თანახმად, თუ მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო შეუდგება საქმის განხილვას მას შემდეგ, რაც უწყება დაბრუნდა წარწერით, რომელიც ადასტურებს მის მიღებას ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ან იმ ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ, სადაც ბოლო დროს მუშაობდა მოპასუხე. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა უწყების ჩაბარება ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.07წ. განჩინება კ. კ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.07წ. განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლის 03.08.04წ. ¹01/06-236 განკარგულების ბათილად ცნობა.

კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა და დაუსაბუთებელი, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ჩატარებულია ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის უხეში დარღვევით, რაც 03.08.04წ. მიღებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველია. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ სააღსრულებო წარმოებას არ აქვს ნომერი, დარღვეულია კანონის ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” 21-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცელზე გაკეთებული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე, რომლის შინაარსია: ეს ფურცელი ეძლევა (მონაწილე მხარის დასახელება) გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით. სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად მიღებისას და მისი კრედიტორისათვის დაბრუნებისას აღმასრულებელ ფურცელს ასეთი წარწერა არ გააჩნია, რაც, კასატორის აზრით, ადასტურებს, რომ აღმასრულებელს კ. კ-ას საცხოვრებელი ბინის იძულებით აუქციონის გზით გასხვისების უფლება არ ჰქონდა. დარღვეულია ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 25-მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები. აღმასრულებელს აღსრულების შესახებ უწყება კასატორისათვის არ ჩაუბარებია. დარღვეულია აგრეთვე უწყების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესი. ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 17-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია გამოიძახოს მოვალე სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, მიიღოს ზეპირი ინფორმაცია ან წერილობითი შეტყობინება, თუკი ისინი აუცილებელია აღსრულების განსახორციელებლად. აღმასრულებელს არ უცნობებია კასატორისათვის საცხოვრებელი ბინის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ. არასწორია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კ. კ-ას სასამართლო აღმასრულებლის გზავნილები სსკ-ით დადგენილი წესის დაცვით ეგზავნებოდა. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ 05.04.04წ. აღმასრულებელი კასატორს აძლევს წინადადებას ნებაყოფილობით აღსრულების შესახებ და წერილობით შეტყობინებას აგზავნის იმ ბინის მისამართზე, სადაც ცხოვრობს კრედიტორი. აღნიშნულ წინადადებაზე არ არის კასატორის კ. კ-ას ხელმოწერა და არც შენიშვნა არ გაუკეთებია აღმასრულებლს გაფრთხილებაზე, თუ რატომ არ არის ხელმოწერა. აღმასრულებლის მომდევნო გზავნილებზე მითითებული აღარ იქნა კ. კ-ას მისამართი, რაც, კასატორის აზრით, არ შეიძლება ჩაითვალოს ჩაბარებულად. კასატორის განცხადებით, ასევე არ შეიძლება ჩაბარებულად ჩაითვალოს ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სახელზე გაგზავნილი შეტყობინება, რადგან წერილს ადრესატის მისამართი არ აქვს მითითებული. ტექსტის ბოლოს არის აღმასრულებლის ხელისმოწერა და სააღსრულებო ბიუროს ბეჭედი. აღნიშნული გზავნილის მიღებაზე ხელს აწერს გაურკვეველი პიროვნება და არის მითითებული თარიღი _ 02.01.04წ., მეორე პიროვნების ხელმოწერა და თარიღი 30.06.04წ. და მესამე ხელმოწერა _ ნ-ი და თარიღი 02.07.04. კასატორს შეუძლებლად მიაჩნია იმის დადგენა, სინამდვილეში მიიღო თუ არა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ შეტყობინება კ. კ-ას საცხოვრებელი ბინის იძულებითი აუქციონის წესით გასხვისების შესახებ. კასატორი თვლის, რომ აღმასრულებლის მიერ დარღვეულია ,,სააღსრულებლო წარმოების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა. აღმასრულებელი ვალდებული იყო დაეთვალიერებინა კასატორის საკუთრებაში არსებული ბინა, სადაც იმ პერიოდისთვის ცხოვრობდა ნ. გ-ის ოჯახი, ჩაეტარებინა კასატორის ქონების აღწერა ორი ქმედუნარიანი პირის თანდასწრებით და გაეფორმებინა ოქმი. აღმასრულებელმა ეს მოქმედება არ განახორციელა, არ დაადო Yყადაღა მოვალის მოძრავ ქონებას და არ მიაქცია გადახდევინება ამ ქონებაზე, რითაც დაარღვია კანონის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.09.07წ. განჩინებით კ. კ-ას საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც კ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.