¹ბს-794-756(კ-07) 3 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – ა. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინება
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 6 ივნისს ა. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 3080 ლარის, ერთჯერადი (5 წლის) დახმარების სახით 23100 ლარის, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების სახით 500 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი 2005 წლის 11 მაისს დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნდა სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის რვამაგი და 5 წლის სახელფასო სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტისა და 53-ე პუნქტის “ა" ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემის ვალდებულება, რაზეც მოპასუხის მხრიდან ეთქვა უარი და რაც, მოსარჩელის აზრით, კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტისა და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების პირველი პუნქტის “ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ მოსამსახურეებს ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება წელთა ნამსახურობითა და ამ ბრძანებულებით დადგენილი ფულადი სარგოების მიხედვით, რაც მოსარჩელის მიმართ არ განხორციელებულა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულების 61-ე პუნქტის შესაბამისად, ზემომითითებული ნორმის შეჩერება არ გულისხმობს მის გაუქმებას, რის გამოც 2006 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მისთვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება 3080 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ასევე ვალდებული იყო, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების მე-10 პუნქტის “ბ" ქვეპუნქტით დადგენილი ფულადი სარგო 5 წლის ოდენობით ერთჯერადი დახმარების სახით – 23100 ლარი, აენაზღაურებინა მისთვის, ვინაიდან მოსარჩელემ სამხედრო ტრავმა მიიღო 1993 წლის 7 ივლისს სოფელ .... წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში და 1994 წლის 11 მაისს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის ინვალიდობის დამდგენი განყოფილების მიერ მიენიჭა მე-2 ჯგუფის ინვალიდის სტატუსი. მოგვიანებით, ინვალიდობის სტატუსი ჩამოერთვა მორიგი სამედიცინო შემოწმების გაუვლელობის გამო, რაც აღიდგინა 2006 წლის 4 ოქტომბერს.
მოსარჩელის მითითებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისთვის 1996-2004 წლებში მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ა. ჭ-ის სასარგებლოდ 2001-2003 წლებში გასაცემი სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის გაუცემელი ნაწილის გადაანგარიშება და გაცემა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა 2004 წლიდან 2005 წლის 11 მაისამდე მოსარჩელისათვის კუთვნილი სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჭ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა 2005 წლის 11 მაისამდე, იგი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ლოჯისტიკის სარდლობის ბაზის მართვის განყოფილების ოფიცრის თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1272 ბრძანებით.
ა. ჭ-ემ 1993 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მიიღო სამხედრო ტრავმა და დაინვალიდდა.
ა. ჭ-ეს ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია 2001-2003 წლებში ეკუთვნოდა 855,21 ლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას აღნიშნული თანხის ნაწილი მიღებული აქვს, მაგრამ რა რაოდენობით, ვერ დაასახელა.
სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა და ჩათვალა, რომ თავდაცვის სამინისტროს უნდა დაკისრებოდა სანივთე ქონების კოპენსაციის გაუცემელი ნაწილის მოსარჩელეზე გაცემა. ასევე, გაცემული უნდა ყოფილიყო სანივთე ქონების ფულადი კომპენსაცია 2004 წლისათვის და 2005 წლის იმ პერიოდისათვის, რა დრომდეც მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სანივთე ქონების 2001-2003 წლების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, გასარკვევი იყო ხანდაზმულობის საკითხი, ვინაიდან სარჩელი შეტანილი იყო 2006 წლის 6 ივნისს. აღნიშნული სახის გასაცემლები, სასამართლოს მითითებით, წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მათზე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით აღიარებული იყო ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუU ხანდაზმულობის ვადა შეწყდა, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის შესახებ საფუძვლიანია, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეზე სანივთე ქონების ან მისი შესაბამისი კომპენსაციის გაცემას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი იყო აპელანტის მოთხოვნა სამხედრო ტრავმის შედეგად დაინველიდებისას ერთჯერადი დახმარების მიღების თაობაზე.
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი მოსამსახურეებისათვის განისაზღვრა მთელი რიგი სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები. აღნიშნულ ბრძანებულებაში 2004 წლის 31 დეკემბერს შეტანილ იქნა მოსარჩელის მიერ აპელირებული-განსახილველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცვლილებები (დამატებები) 331-ე და 611-ე პუნქტები.
ბრძანებულების 331-ე პუნქტით დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გასასვლელი) ფულადი დახმარება ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.
ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად კი, 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე, თუ ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში ბრძანებულებამ გააკეთა დათქმა იმის თაობაზე, რომ წინამდებარე 331-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, ეს ცვლილებები არ მოქმედებს, ვიდრე არ დადგება მისი მოქმედების ვადა, ანუ 2006 წლის 1 იანვარი. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუU ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 11 მაისს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ე.ი. პრეზიდენტის ბრძანებულების ზემოაღნიშნული 331-ე პუნქტის ამოქმედებამდე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმით დადგენილი სოციალური შეღავათი მოსარჩელეზე ვერ გავრცელდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებისათვის ერთჯერადი დახმარების მიღების შესახებ. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 53-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის მიღების შემთხვევაში მიეცემა ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა)დაინვალიდებისას _ 5 წლის; ბ) მძიმე ჭრილობისას _ 10 თვის; გ) მსუბუქი ჭრილობისას _ 5 თვის.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სხეულის დაზიანება მიიღო 1993 წელს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა 2004 წლის 5 ნოემბერს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე. ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი. დადგენილია ასევე, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებას არ აქვს დათქმა უკუქცევითი ძალის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე აღნიშნული ნორმა არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო და სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორი აღნიშნავდა, რომ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურებას ითხოვდა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების 22-ე პუნქტის “ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კასატორის მითითებით, მისი მოთხოვნა კანონისმიერია და არა სახელშეკრულებო და მასზე უნდა გავრცელდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის არა სამწლიანი, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი, ხანდაზმულობის საერთო ვადა _ 10 წელი.
კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ლ. ბ-ის განმარტება (დანართი ¹1), რომელშიც ცალსახადაა მითითებული, რომ: “აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემა შეჩერებული იყო იმავე ბრძანებულების 611-ე პუნქტით - 2006 წლის 1 იანვრამდე, რითიც მოხდა ზემოთ მითითებული ერთჯერადი დახმარების მიღების უფლების რეალიზაციის შეჩერება და არა მისი გაუქმება’’.
აქედან გამომდინარე, კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული 331-ე პუნქტის მოქმედება უნდა გავრცელდეს 2005 წელს წარმოშობილ ურთიერთობებზე.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ განსჯის გარეშე დატოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/30 გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კანონის ის ნორმა, რომელიც არათუ აუქმებდა, არამედ 2006 წლის 1 იანვრამდე აჩერებდა 2005 წელს დათხოვნილ პირებზე ერთჯერადი დახმარების გაცემას და იმის ნაცვლად, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული და საფინანსო სამსახურის მუშაკებს, დადგენილი წესის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ესარგებლათ, აბსურდული მოტივით, დახმარებების გაცემაზე უარი განაცხადეს.
კასატორის მითითებით, მან ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლება მოიპოვა მაშინ, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა, ანუ მან იცოდა, რომ, როდესაც სამსახურიდან დაითხოვდნენ, მას, როგორც უმუშევარს, სამუშაოს პოვნამდე არსებობისა და ცხოვრების ერთადერთი საშუალება, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ექნებოდა, რასაც ერთგვარ სოციალურ გარანტად და ამ ფულად სარგებელს მომავალში მისაღებ საკუთრებად მიიჩნევდა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის გარემოება, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური პირობების მოწესრიგების მიზნით. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი კი, სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში 5 წლის საზღაურის ოდენობით, ერთჯერადი დახმარების გაცემას ითვალისწინებს. კასატორის აღნიშვნით, პრეზიდენტის ბრძანებულებამ კანონის აღნიშნული ნორმა იმგვარად მოაწესრიგა, რომ 5 წლის საზღაურის ოდენობით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება მხოლოდ იმ პირებს დაუტოვა, რომლებმაც სამხედრო ტრავმის მიღებით შერყეული ჯანმრთელობა მკურნალობით ვერ აღიდგინეს და შესაძლებლობის შეზღუდვის, ანუ ინვალიდობის სტატუსი დაუდგინდათ.
კასატორის აზრით, რადგან კანონში კონკრეტულად არ იყო მითითებული ტერმინი “ინვალიდი", სწორედ ასეთი ხარვეზების მოწესრიგების მიზნით იქნა გამოცემული ზემოაღნიშნული ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც ითხოვდა დახმარების მიღებას.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ მისთვის გაუგებარი იყო საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების შესახებ მისი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის მოტივი, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სასამართლო ვალდებული იყო საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების 22-ე პუნქტის “ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, 1996-2000 წლებში მასზე გაუცემელი სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების დაანგარიშებასა და ანაზღაურებას.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის “გ" ქვეპუნქტის, 53-ე პუნქტის “ა" ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების პირველი პუნქტის “ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით _ 3080 ლარის, ხოლო დაინვალიდების გამო ერთჯერადი (5 წლის) დახმარების სახით _ 23100 ლარის ანაზღაურებასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით - 500 ლარის ანაზღაურებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ავთანდილ ჭელიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს ა. ჭ-ის ერთჯერადი დახმარების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ერთჯერადი დახმარების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში მიღებულია სამართლის ნორმათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის ნორმის არასწორ განმარტებას, რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის ,,გ” პუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს.
დადგენილია, რომ კასატორი _ ა. ჭ-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1272 ბრძანების საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 28 აპრილიდან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. კასატორმა 2006 წლის 5 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რაზედაც მიიღო უარყოფითი პასუხი იმ მოტივით, რომ ბრძანებულების ზემოაღნიშნული მუხლი ვერ გავრცელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ პირებზე, ვინაიდან მითითებული მუხლი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან.
დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს იმ ნორმის სამართლებრივ ანალიზს, რაც საფუძვლად უდევს პირის მოთხოვნას.
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლის შესაბამისად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს სახით.
ბრძანებულება ამოქმედდა 2004 წლის 15 ნოემბრიდან.
2004 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ¹640 ბრძანებულებით ცლილება შევიდა ¹493 ბრძანებულებაში, რის საფუძველზეც, ზემოაღნიშნული 33-ე პუნქტი ფაქტობრივად გაიყო ორ პუნქტად და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, ვინც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით განისაზღვრა ბრძანებულების 331-ე პუნქტით. იმავე ¹640 ბრძანებულების 611 პუნქტით ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.
საკასაციო სასამართლო ნორმის მოქმედებასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა ნორმის მოქმედების შეჩერება და არა მისი ამოქმედება, რაც პრინციპულად ცვლის ნორმის შეფარდების საკითხს.
ზემოაღნიშნული ბრძანებულების სადავო პუნქტების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ნორმები პირობითად დაყოს ორ ნაწილად, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ნაწილით მოხდა უფლების აღიარება (ნამსახურები წლების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ ერთჯერადი დახმარების ფულადი სარგოს სახით მიღების უფლება), ხოლო მეორეში ჩაიდო უფლების რეალიზების მექანიზმი, რომლითაც დადგინდა, რომ აღიარებული უფლების რეალიზება მოხდებოდა 2006 წლის 1 იანვრიდან.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ მომენტზე ხაზგასმას, რომ ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა კასატორის უფლება, მიიღოს ფულადი დახმარება, ხოლო რაც შეეხება ამ აღიარებული უფლების რეალიზაციის მექანიზმს, მითითებული დაუკავშირა დროის შემდგომ პერიოდს.
საკასაციო სასამართლო გამორიცხავს რა ნორმის სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოაღნიშნული უფლება იძენს ფიქტიურ ხასიათს და არ არსებობს მისი რეალიზების საშუალება. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნის მომენტში ნორმა მოქმედებდა სრული მოცულობით, ავთანდილ ჭელიძე უფლებამოსილი იყო ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით მოეთხოვა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რისი გაცემის ვალდებულებაც, ზემოაღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, ეკისრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამასთან საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ა. ჭ-ის მოთხოვნას ერთჯერადი დახმარების სახით 3080 ლარის ანაზღაურების თაობაზე და კასატორის ყურადღებას მიაქცევს “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331-ე პუნქტების შინაარსს, რომელთა შესაბამისად განისაზღვრა ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი სარგოს წელთა ნამსახურობის მიხედვით გაცემის წესი. იმავე ბრძანებულების მე-9 პუნქტით დადგინდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი სარგოების ¹1 დანართის შესაბამისად დაწესების პირობები და ამავე პუნქტით განისაზღვრა ფულადი სარგოს შემადგენლობა, რომელმაც მოიცვა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები.
ზემოაღნიშნული ბრძანებულებებით დამტკიცებულ ¹1 დანართში ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით დამტკიცებული ¹1 დანართით, რის შედეგადაც ფულადი სარგოების ნუსხას დაემატა მე-3 კომპონენტი სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორია. საგულისხმოა, რომ, მიუხედავად დანართში განხორციელებული ცვლილებისა, ბრძანებულების მე-9 პუნქტი დარჩა უცვლელად, რომლითაც ფულადი სარგო, როგორც აღინიშნა, წარმოდგენილია, მხოლოდ ორი კომპონენტით _ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოთი.
საქმეში ს.ფ 14-ზე წარმოდგენილია ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ჭ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 210 ლარს, ხოლო წოდებრივი 50 ლარს, მითითებული ცნობიდან გამომდინარე და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს ერთჯერადი დახმარება 2080 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სანივთე ქონების კომპენსაციისა და სამხედრო ტრამვის შედეგად დაინვალიდებისას ერთჯერადი დაზმარების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დადგენილია და აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორიც, რომ მან სხეულის დაზიანება მიიღო 1993 წელს. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულება მიღებულია 2004 წლის 5 ნოემბერს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულება მსგავს დათქმას არ შეიცავს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო გამორიცხავს აქტის გამოცემამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე მითითებული აქტის შესაბამისი ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას სანივთე ქონების კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადების გამოყენების თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის საფუძველზე მართებულად გამოიყენა ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზიის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სავალდებულოდ მიიჩნევს, დოკუმენტალურად დადასტურებული იყოს ხარჯის გაწევის ფაქტი, ანუ წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულება, რომ მხარემ ადვოკატთან აწარმოა ანგარიშსწორება და რეალურად გასწია ხარჯი, რისი მტკიცების საკმარის საფუძველსაც არ წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს ა. ჭ-ის მოთხოვნას ერთჯერადი დახმარების გაცემის ნაწილში, ხოლო პრეტენზიას დანარჩენ ნაწილში თვლის დაუსაბუთებლად და მიუთითებს, რომ არ არსებობს მისი გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ა. ჭ-ის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. ავთანდილ ჭელიძის სარჩელი ერთჯერადი ფულადი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი დახმარების ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობის, კერძოდ 2080 ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.