¹ბს-794-763(2კ-08) 2 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის ქუთაისის რეგიონალური
ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)(მოპასუხე)
2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე _ ინდმეწარმე ,,......” (მოსარჩელე)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განჩინება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. კ-ემ 2007 წლის 29 მარტს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახაოდ ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 1 მაისის საგადასახადო მოთხოვნა ¹თ-064-0-268 ი. კ-ის მიმართ ბიუჯეტის სასარგებლოდ 771143 (შვიდასსამოცდათერთმეტი ათას ასორმოცდასამი) ლარის გადახდის შესახებ და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 7 ნოემბრის ¹5990-64 შეტყობინება ი. კ-ის მიმართ საგადასახადო დავალიანების 828308,40 (რვაასოცდარვა ათას სამასრვა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის დარიცხვისა და გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 20 ივლისის ¹240-მ ბრძანების საფუძველზე, ამავე ინსპექციის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმება ი/მ ..... ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. ბრძანებას საფუძვლად დაედო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის ბრძანება, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსის 2005 წლის 18 ივლისის ¹3211/26/4/14/13 წერილი და შემოწმების საფუძველზე 2005 წლის 30 ივლისს შედგა გასვლითი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზე ინდ. მეწარმე ი. კ-ეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაერიცხა 729711,07 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 400394,0 ლარი, ჯარიმა 294290,85 ლარი და საურავი 35026,22 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 ნოემბრის ¹884 ბრძანების საფუძველზე, ამავე ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველოს დაევალა 2005 წლის 30 ივლისის შუალედურ აქტზე დაყრდნობით ი/მ .... ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენა დამტკიცებული პროგრამის მიხედვით. ბრძანებას საფუძვლად დაედო ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის 2005 წლის 3 ნოემბრის ¹26/4/14/13-056 წერილი. შემოწმება მოიცავდა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 ივნისამდე პერიოდს, კამერალური საგადასახადო შემოწმების საფუძველზე 2005 წლის 8 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე ი/მ ..... ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაერიცხა 729711,07 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 400394,0 ლარი, ჯარიმა 294290,85 ლარი და საურავი 35026,22 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში 2005 წლის 1 ივლისს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ¹92051056 ი/მ .... მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. ი/მ .... ბრალდებულის სახით მიცემული იქნა პასუხისგებაში და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს გამომძიებლის 2005 წლის 24 ოქტომბრის და 2005 წლის 8 ნოემბრის დადგენილებებით ი/მ ..... მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა დამატებითი სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზები და ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა საკითხები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასაადო ინსპექციის 2005 წლის 30 ივლისის შუალედური აქტით იყო თუ არა ი/მ .... სწორად დარიცხული თანხები და 2005 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 8 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების კამერალური აქტიდან, რომელი შეესაბამებოდა რეალობას და რას შეადგენდა საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებში დარიცხული თანხები. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ასევე, რომ ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის 5 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები მათ შორის ძირითადი გადასახადები დარიცხულია საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 30 მარტის ¹141 ბრძანებულების შესაბამისად, არ არის შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან, დამატებული ღირებულების გადასახადი დარიცხვას არ ექვემდებარებოდა. ხოლო ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის ¹524 დასკვნიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახაოდ დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა კამერალური შემოწმების 2005 წლის 8 ნოემბრის აქტიდან, რომელიც იდენტურია გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2005 წლის 30 ივლისის აქტთან, რეალობას შეესაბამება ექსპერტიზის ბიუროს ¹524 დასკვნა, რადგან დასკვნა შედგენილია გამოძიების მიერ დადგენილი არასწორი ხარჯების ჩვენებებიდან გამომდინარე, რაც შეადგენს შესყიდული ჯართის ოდენობის ჩვენებით გაზრდილი ხარჯების გათვალისწინებით 22224 ლარს, მათ შორის სოციალური გადასახადი 13529 ლარი და საშემოსავლო გადასახადი 8695 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ჯ. ს-ესა და ი/მ .... შორის და ი. კ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებული იქნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებული ი. კ-ის სახელზე 2005 წლის 22 დეკემბერს პროკურატურის საპროცესო გარიგების დავალიანების დასაფარავად იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეტანილი 10000 ლარი ზიანის ანაზღაურების მიზნით გადაირიცხა აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის 2005 წლის 30 ივლისის აქტის თანახმად.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ი/მ .... მიერ სრულად იქნა დაფარული გამოძიებათა და სასამართლოს განაჩენით დადგენილი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 22224 ლარი. ი/მ ..... ქუთაისის საგადასახადო ინსპექციიდან ჩაბარდა 2006 წლის 1 მაისის საგადასახადო მოთხოვნა ¹Т-064-0-268 ბიუჯეტის სასარგებლოდ 771143 ლარის გადახდის შესახებ და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 7 ნოემბრის ¹5990-64 შეტყობინება საგადასახადო დავალიანების 828308 ლარის და 40 თეთრის დარიცხვისა და გირავნობისათვის უფლების წარმოშობის შესახებ. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხისა და მესამე პირის მითითება იმის შესახებ, რომ ი. კ-ის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენი ეხებოდა მხოლოდ ი/მ ..... ჯართის შესყიდვა-რეალიზაციის საკითხს, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტში კი ასახული იქნა კომპლექსური შემოწმების შედეგები, რადგან საქმეში არსებული მასალებით გამოძიების მიერ გამოკვლეულ იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2005 წლის 30 ივლისის აქტი და კამერალური საგადასახადო შემოწმების 2005 წლის 8 ნოემბრის აქტი, ჩატარებულ იქნა სასამართლო საბუღალტრო ექსპერტიზა და დამატებითი სასამართლო საბუღალტრო ექსპერტიზები, რის შემდეგაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 იანვრის განაჩენით დადგენილი იქნა, რომ ი/მ ..... სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 22224 ლარის ზიანი.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მითითება იმის შესახებ, რომ 22224 ლარი ი/მ ..... მიერ არ არის გადახდილი, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 იანვრის განაჩენით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ი. კ-ის სახელზე 2005 წლის 22 დეკემბერს პროკურატურის საპროცესო გარიგების დავალიანების დასაფარავად იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეტანილი 10000 ლარი ზიანის ანაზღაურების მიზნით გადაირიცხა აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის 2005 წლის 30 ივლისის აქტის თანახმად, ხოლო საქმეში არსებული გადახდის ქვითრებით დადგენილია, რომ ი. კ-ის მიერ სრულად იქნა დაფარული ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეული და დადგენილად ცნობილ ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ” პუნქტი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორის მოსაზრებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განჩინება გამოტანილია კანონის დარღვევით. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორი მიიჩნევს, რომ დავის სწორი გადაწყვეტისათვის ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, რომ განაჩენით და აქტით დადგენილია ბიუჯეტის წინაშე ი. კ-ის დავალიანება, არამედ იმას, თუ რა არის როგორც ერთ ისე მეორე შემთხვევაში აღნიშნული დავალიანების დარიცხვის საფუძველი. კასატორი თვლის, რომ ფაქტების რეალური პრეიუდიცია უნდა დადგინდეს სასამართლოს მიერ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგის არა ფორმალური არამედ არსებითი შესწავლის შედეგად. კასატორი განმარტავს, რომ მისი მოთხოვნა იყო არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, არამედ იმის დადგენა რეალურად რა შემოწმდა აქტით და რა შემოწმდა ექსპერტიზის მიერ, არის თუ არა თანხვედრა საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული გადასახადის თანხის დარიცხვის გამომწვევ და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულების წარმომშობ ფაქტობრივ გარემოებებსა და იმ საგადასახადო ვალდებულებათა ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელიც გამოკვლეული და დადგენილ იქნა განაჩენით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე წინასწარ დადგენილი, სავალდებულო ძალა აქვს იმას, რომ ი. კ-ის ქმედებამ გამოიწვია ზიანი, რაც ბიუჯეტის წინაშე დავალიანების წარმოშობაში გამოიხატა, მაგრამ ზიანის ოდენობა აქტის შემთხვევაში დადგენილია სხვა გარემოებების საფუძველზე, ხოლო განაჩენის შემთხვევაში სხვა გარემოებებით, რაც უდავოდ უნდა გამხდარიყო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
კასატორი თვლის, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო არ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას, არასწორად განმარტავს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტის და 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა ,,....” ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით გამოკვლეული და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო ბიუჯეტში მეწარმის მიერ დამატებით გადასახდელი თანხის შესწავლას თავი აარიდა, არ განიხილა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერება და არ მოახდინა საქმის მასალების სრულყოფილი გამოკვლევა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის ¹1/557 საქმეზე 2006 წლის 6 იანვარს დადგა განაჩენი (საპროცესო შეთანხმების მიხედვით), რომელიც დაეფუძნა მხოლოდ ექსპერტის მოსაზრებას; ფიზიკურ პირს და არა საწარმოს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან დამოუკიდებლად შეუმცირდა მხოლოდ სს პასუხისმგებლობა. ხოლო მოქალაქე ი. კ-ეს, როგორც ინდივიდუალური საწარმოს ,,....” მფლობელს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ფორმით და ვადაში არ მიუმართავს საგადასახადო ორგანოსათვის და ამის გამოც კანონის მიხედვით ჩაითვალა კიდეც ¹064-0-268 საგადასახადო მოთხოვნა ი.მ. ,,...” მიერ აღიარებულად.
ი.მ. ,,.....” ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უკვე მოგვიანებით გაასაჩივრა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ხსენებულ აქტები – ფაქტიურად უკვე აღიარებულად მიჩნეული საგადასახადო აქტები და მოითხოვა დარიცხული თანხის იმ ოდენობამდე შემცირება, რომელიც განაჩენით დაუდგინდა მას.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლი.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა განმარტებების მიხედვით, პალატამ არ შეამოწმა და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები (დარიცხული თანხის დაზუსტების მიზნით არ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ექსპერტის მოწმის სახით პროცესზე მოწვევის შესახებ).
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა 2005 წლის 30 ივლისის შემოწმების აქტით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული 729 711 ლარის საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე და შემოიფარგლა მხოლოდ სისხლის სამართლის ¹1/557 საქმეზე 06.01.06წ. განაჩენის მიხედვით.
კასატორს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის ¹1/557 საქმეზე 2006 წლის 6 იანვრის განაჩენი ვერ გახდება ი.მ. ,,....” მიმართ საგადასახადო შემოწმებით და 2005 წლის 30 ივლისის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე 2006 წლის 1 მაისს გამოცემული ¹064-0-268 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების საფუძველი, მით უფრო, რომ მოსარჩელის მიერ საგადასახადო დავა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და ვადაში არ დაწყებულა.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მეორე ნაწილი.
კასატორი მიაჩნია, რომ ი.მ. ,,.....” ჯართის შეძენის შესახებ შედგენილი დოკუმენტები არასწორად გააფორმა; ხსენებული დოკუმენტები ექსპერტიზის დასკვნით მიჩნეულია ე.წ. ფინანსური აღრიცხვისათვის საკმარისად, რაც ვერ მიიჩნევა საკმარისად საგადასახადო აღრიცხვისათვის, რამეთუ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძველი, აგრეთვე მისი შესრულების წესი და პირობები რეგულირდება მხოლოდ საგადასახადო კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მიზეზების და საფუძვლების შემოწმების გარეშე გააუქმა მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულება, რითაც დაარღვია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა საკუთარი ინიციატივითაც უნდა შეეგროვებინა დამატებითი მტკიცებულებები, რათა დაედგინა სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.