ბს-795-757(2კ-07) 29 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. ც-ე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2006 წლის 22 ნოემბერს ე. ც-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹760 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის აღდგენა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბათუმის განყოფილებაში სადგურ “...” ოპერატორად ..... მიმართულებით, მოსარჩელის სასარგებლოდ გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის და ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის შემდეგი საფუძვლით:
ე. ც-ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹760 ბრძანებით გათავისუფლდა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბათუმის განყოფილებაში სადგურ “....” ოპერატორის თანამდებობიდან. გ. ც-ის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-9 თავის მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი და მე-6 თავის მე-7 პუნქტის .,,ბ” ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სასაზღვრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაციის შედეგად სადგური ,,...” ოპერატორის თანამდებობა არ გაუქმებულა და შესაბამისად, არ არსებობდა მისი გათავისუფლების საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციას უნდა ეხელმძღვანელა არა ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის ¹424 ბრძანებულებით, რადგან ეს უკანასკნელი განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მოვალეობებსა და უფლებებს.
მოსარჩელის მითითებით, ე. ც-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.2 მუხლის დარღვევით, რადგან ე. ც-ის შტატი არ შემცირებულა, რის გამოც არ არსებობდა მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი (იხ.ფ.ს. 1-3).
ე. ც-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 23 ივნისის ¹242 ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა შსს საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზე გაუქმდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს მთელი საშტატო ერთეული, ხოლო პირადი შემადგენლობა ჩაითვალა შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს სანაპირო დაცვის ბათუმის განყოფილება სანაპირო დაცვის სადგური ,,...”, რომელიც 2006 წლის 23 ივნისის შემდეგ ჩამოყალიბდა როგორც სამართალდამცავი სტრუქტურა, ანუ მოხდა რეორგანიზაცია და არა ატესტაცია, თანამშრომლები დათხოვნილ იქნენ რეზერვში და შემდეგ მოხდა ხელახლა დანიშვნა ხელმძღვანელობის შეხედულებისამებრ (იხ. ს.ფ. 50).
საქალაქო სასამართლოში მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა იძულებითი განაცდური ხელფასის ოდენობის გამოთვლა სადგურ ჩაქვის ოპერატორის თანამდებობრივი სარგოდან – 359 ლარიდან, ადვოკატის მომსახურების ხარჯის – 500 ლარის, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯების – 280 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 51).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹760 ბრძანება; ე. ც-ე აღდგენილ იქნა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბათუმის განყოფილებაში სანაპირო დაცვის სადგურ ,,....” ოპერატორის თანამდებობაზე რადიოტექნიკური მიმართულებით; მოპასუხეს დაეკისრა ე. ც-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან – 2006 წლის 23 ოქტომბრიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე, თვეში 359 ლარის ოდენობით, ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 500 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის – 280 ლარის ანაზღაურება, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის წერილით დასტურდება, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 23 ივნისის ¹242 ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეორგანიზაცია. მითითებული წერილის თანახმად, ბოლო პერიოდში უწყების მიერ თანამშრომელთა ატესტაცია არ ჩატარებულა. საქალაქო სასამართლომ სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სამმართველოს სანაპირო დაცვის აჭარის რეგიონის განყოფილების სანაპირო დაცვის სადგურ ,,....” რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ, საშტატო ნუსხის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ შტატები არ შემცირებულა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოიცა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” 96.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
საქალაქო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური, ასევე ადვოკატის მომსახურებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯები (იხ. ს.ფ. 53-56).
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:
აპელანტის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილებით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი გარდაიქმნა სასაზღვრო პოლიციად. ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” კანონში 2006 წლის 25 მაისს შეტანილი ცვლილების თანახმად, სასაზღვრო პოლიცია გამოვიდა სამხედრო ძალების რიგებიდან. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი გარდაიქმნა სასაზღვრო პოლიციად და სამხედრო სტრუქტურის ნაცვლად ჩამოყალიბდა სამართალდამცავი სტრუქტურა. შესაბამისად, მთლიანად შეიცვალა სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგი, ხოლო ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” კანონის შესაბამისად, შემოღებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდებები. სამხედრო მოსამსახურეები დათხოვნილ იქნენ სამხედრო ძალების რეზერვში და ხელახლა შერჩევის გზით, დაინიშნენ სასაზღვრო პოლიციის ვაკანტურ თანამდებობაზე. აღნიშნულის შესაბამისად, აპელანტის მითითებით, ე. ც-ე არ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, მაგრამ მას შესთავაზეს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება, რაზეც ე. ც-ემ განაცხადა თანხმობა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 72 კონკურსანტმა, მაგრამ ე. ც-ეს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალების რეზერვში (იხ. ს.ფ. 70-71).
სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ ცნო ე. ც-ემ და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ასევე მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურებისათვის სააპელაციო სასამართლოში გაწეული ხარჯის – 300 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის – 70 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 84-88).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹760 ბრძანება და მოპასუხეს დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის, სულ _ 780 ლარის ანაზღაურება; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹760 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ე. ც-ის ნაწილში, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ც-ეს ეკავა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სამმართველოს სანაპირო დაცვის აჭარის რეგიონის განყოფილების სანაპირო დაცვის სადგურ “....” ოპერატორის თანამდებობა; სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის ¹4095 პ/შ ბრძანებით გამოცხადდა შს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაცია; საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაევალა დეპარტამენტის რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის კადრების განკარგულებაში აყვანა; ამავე ბრძანების თანახმად, “პოლიციის შესახებ” კანონის 22.3 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ჩაითვალა შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. მითითებული ბრძანების საფუძველზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2006 წლის 23 ივნისს გამოიცა ¹242 ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეორგანიზაცია; დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში; პირად შემადგენლობას დაევალა მოვალეობის შესრულება კადრების განკარგულებაში გასვლამდე დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ბრძანებაში მიეთითა, რომ დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ჩაითვალა შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹760, შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹4095 და სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 23 ივნისის ¹242 ბრძანებების შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები დაითხოვეს სამხედრო ძალების რეზერვში.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელდა რეორგანიზაცია.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 97-ე მუხლებით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ იმ სამსახურში, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, საშტატო განრიგი არ შეცვლილა და მისი საშტატო-ერთეული უცვლელად დარჩა. შესაბამისად, რეორგანიზაციას შტატების შემცირება არ მოჰყოლია, რის გამოც ადმინისტრაციას არ გააჩნდა ე. ც-ის დათხოვნის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ბრძანებით ე. ც-ე, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი, დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალების რეზერვში, მაგრამ კადრების განკარგულებაში აყვანის შემდეგ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მისი სამსახურიდან რეალური დათხოვნა ამ ბრძანებით მოხდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი საქალაქო სასამართლოს მიერ მთლიანად და არა ე. ც-ის ნაწილში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5, 112-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ და განმარტა, რომ სსსკ-ის 37-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები, ხოლო ამ უკანასკნელს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები, რომელშიც არ მოიაზრება სასამართლოში გამოცხადებისა და მასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ე. ც-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ადვოკატთან დადებული ხელშეკრულება, მაგრამ სსკ-ის 53-ე მუხლი გულისხმობს უკვე გაღებულ ხარჯებს, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ ჰონორარის თანხა გადახდილია, არ არის წარმოდგენილი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები არ არის განსაზღვრული სსსკ-ის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოს გარეშე ხარჯებში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურების ხარჯის – 300 ლარისა და საქმის განხილვის გამო გამოცხადების ხარჯის – 70 ლარის ანაზღაურების შესახებ მტკიცებულების არარსებობის გამო (იხ. ს.ფ. 121-127).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. ც-ემ და სასაზღვრო პოლიციამ.
ე. ც-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულებით ე. ც-ემ იკისრა ვალდებულება ადვოკატის ჰონორარის – 500 ლარის გადახდის შესახებ, ხელშეკრულების შინაარსიდან დგინდება, რომ ე. ც-ემ ხელმოწერისთანავე გადაიხადა ჰონორარი.
კასატორმა ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ სსსკ-ის 37.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებში არ მოიაზრება სასამართლოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლით გათვალისწინებულ მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯებში განსაზღვრულია სასამართლოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯებიც, რადგან აღნიშნული წარმოადგენს მხარის მიერ გაღებულ აუცილებელ ხარჯს (იხ.ს.ფ. 135-138).
სასაზღვრო პოლიციამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, ე. ც-ე შს მინისტრის 2006 წლის ¹4095 პ/შ ბრძანების შესაბამისად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 2006 წლის ¹242 ბრძანებით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დაევალა დროებითი მოვალეობის შესრულება სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. აღნიშნული ბრძანებები ე. ც-ეს არ გაუსაჩივრებია. ე. ც-ე დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალების რეზერვში სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹760 ბრძანებით. ე. ც-ის დათხოვნა მოხდა კადრების განკარგულებიდან, რადგან ¹242 ბრძანებით იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ე. ც-ე აღადგინა იმ თანამდებობაზე, რომელიც მას გათავისუფლებისას არ ეკავა. კასატორის მოსაზრებით, ე. ც-ე აღდგენილი უნდა იქნეს კადრების განკარგულებაში და უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, რადგან კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ანაზღაურებადია მხოლოდ ორი თვე (იხ.ს.ფ.154-155; 167-168).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და ე. ც-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /დივერგენტული კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საქმის სასამართლოს სხდომაზე განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და ე. ც-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეული არ ყოფილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად მოქმედი კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ე. ც-ეს ეკავა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სამმართველოს სანაპირო დაცვის აჭარის რეგიონის განყოფილების სანაპირო დაცვის სადგურ “...” ოპერატორის თანამდებობა; სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის ¹4095 პ/შ ბრძანებით გამოცხადდა შს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაცია; საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაევალა დეპარტამენტის რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის კადრების განკარგულებაში აყვანა; ამავე ბრძანების თანახმად, “პოლიციის შესახებ” კანონის 22.3 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ჩაითვალა შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. მითითებული ბრძანების საფუძველზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2006 წლის 23 ივნისს გამოიცა ¹242 ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეორგანიზაცია; დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში; პირად შემადგენლობას დაევალა მოვალეობის შესრულება კადრების განკარგულებაში გასვლამდე დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ბრძანებაში მიეთითა, რომ დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ჩაითვალა შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
საქმის მასალების თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹760, შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹4095 და სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 23 ივნისის ¹242 ბრძანებების შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები დაითხოვეს სამხედრო ძალების რეზერვში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა ე. ც-ე, ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, თუმცა საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ამასთან, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოხელე შესაძლებელია გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. მოცემულ შემთხვევაში, სამსახურში, სადაც მუშაობდა მოსარჩელე ე. ც-ე, ცვლილებები არ მომხდარა საშტატო განრიგში და მის საშტატო-ერთეულს ცვლილება არ განუცდია. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციას შტატების შემცირება არ მოჰყოლია, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციას არ გააჩნდა ე. ც-ის დათხოვნის კანონიერი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ე. ცხადაძის დათხოვნა მოხდა კადრების განკარგულებიდან, რადგან ¹242 ბრძანებით იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ბრძანებით ე. ც-ე დათხოვნილ იქნა როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი საჯარო მოხელე, თუმცა კადრების განკარგულებაში აყვანის შემდეგ იგი კვლავ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას დაკავებული შტატის შესაბამისად და ამდენად, მისი სამსახურიდან დათხოვნა, რეალურად, სწორედ დაკავებული შტატიდან მოხდა სადავო ბრძანებით.
საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ხოლო, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დაკმაყოფილებული ე. ც-ის სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
რაც შეეხება ე. ც-ის მოთხოვნას ადვოკატის მომსახურებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ, ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალები გამოკვლეული იქნა სრულყოფილად, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი დასკვნა ჩამოყალიბა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 37.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ პროცესის ხარჯებს წარმოადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, სხვა აუცილებელი ხარჯები, რომელიც არ გულისხმობს სასამართლოში გამოცხადებასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს. საქმის მასალებში არსებული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მოსარჩელე ე. ც-სა და ადვოკატს შორის, ადასტურებს, რომ ე. ც-ემ აიღო ვალდებულება, ხელმოწერისთანავე გადაეხადა ადვოკატისათვის ჰონორარი 500 ლარის ოდენობით, თუმცა გადახდის ქვითარი საქმეში წარმოდგენილი არ არის. მითითებული მტკიცებულების არსებობის და შეფასების გარეშე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც ნორმა ითვალისწინებს მხარის მიერ გაღებული ხარჯების წაგებულ მხარეზე გადაკისრების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა მხარის მიერ თანხის (500 ლარის) გაღებას /გადახდის ფაქტს/ საქმეში არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები განეკუთვნება სასამართლოს გარეშე ხარჯებს, თუმცა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარის მიერ აღნიშნული ხარჯი იქნა გაღებული, საქმის მასალებში არ მოიპოვება, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული, რამდენადაც სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობა განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული დანახარჯებით, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ამგვარის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. კასატორის მიერ არც საკასაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის სახით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ არსებობს ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე, სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ც-ის წარმომადგენლის ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
4. საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.