ბს-796-765(კ-08) 2 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 სექტემბერს მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ ......-ში, საჰაერო თავდაცვის I ბაზაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 10 დეკემბრის ¹1748 ბრძანების საფუძველზე, დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, დათხოვნისას კი არ მიუღია სანივთე ქონების კომპენსაცია _ 843,25 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 843,25 ლარის მის სასარგებლოდ გადახდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრება.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 3 თებერვლის ¹69/97 ცნობის თანახმად, მ. მ-ის კუთვნილი, 1997-1999 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენდა 843,25 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება 843,25 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2005 წლის თებერვალში გაცემული ¹69/97 ცნობის თანახმად, მოსარჩელეს მიუღებელი ჰქონდა 1997-1999 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია 843,25 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2006 წლის 3 ივნისის ¹9/3199 ცნობის მიხედვით, ბიუჯეტიდან სათანადო ასიგნებათა სრულფასოვნად გამოუყოფლობის გამო, ვერ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის გაცემის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე და მიიჩნია, რომ სანივთე ქონების კომპენსაციის გაცემა სამხედრო მოსამსახურის მიმართ სახელმწიფოს კანონისმიერი ვალდებულება იყო, რის გამოც ზემოთ მითითებული ცნობის თანახმად, მ. მ-ს უნდა ანაზღაურებოდა სანივთე ქონების კომპენსაცია _ 843,25 ლარი.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საბიუჯეტო სისტემების შესახებ” და ,,ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონებზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეზე გაცემული ცნობით აღიარა 1997-1999 წლებში ბიუჯეტიდან დაუფინანსებლობის გამო, გაუცემელი სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 843,25 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ს უარი ეთქვა სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, ასევე არასწორად განმარტა კანონი _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 393-ე მუხლების თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2006 წელს მოითხოვა 1997-1999 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის სანივთე ქონების ღირებულება. ამასთან, მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქმეში წარმოდგენილი ცნობით დაადასტურა მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა, რითაც აღიარა მოთხოვნის არსებობა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა სარჩელის დასაკმაყოფილებლად. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი ეხებოდა შემთხვევას, როდესაც მხარე აღიარებდა მეორე მხარის წინაშე დავალიანების არსებობას. კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დადასტურდა ორი გარემოება _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაცემული არ ჰქონდა მოსარჩელეზე სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა და მითითებული თანხის ოდენობა შეადგენდა 843,25 ლარს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი ცნობის შინაარსზე. აღნიშნული დოკუმენტი გაიცა ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის ოდენობის თაობაზე. მითითებული ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, სანივთე ქონების კომპენსაციის თანხა ამ სამინისტროს მიერ არ იყო მიჩნეული მოსარჩელის მიმართ არსებულ დავალიანებად და არ შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე ვალდებულების აღიარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო ვალდებული პირის აღიარება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების შეცვლა დაასაბუთა ურთიერთგამომრიცხავი, ერთმანეთთან შეუსაბამო არგუმენტებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას მიეკუთვნებოდა და მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც მოსარჩელის მიერ გაშვებულ იქნა.
კასატორის განმარტებით, არაერთხელ მიმართა ზეპირი ფორმით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების თანხის ანაზღაურების თაობაზე, ამ სამინისტროდან აიღო ცნობა (გაცემული 2005 წლის 3 თებერვალს), რომელშიც ნათლად და ხაზგასმითაა მითითებული, რომ მას მისაღები აქვს სანივთე ქონების კომპენსაცია 843,25 ლარის ოდენობით. ხსენებული ცნობა გაცემულია პერსონალურად კასატორის სახელზე და ამ ცნობის გაცემის დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტში მისი წარდგენა. გარდა დასახელებული ცნობისა, კასატორს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დავალიანების მოთხოვნის პასუხად მიღებული აქვს 2006 წლის 3 ოქტომბრის წერილი იმის შესახებ, რომ ბიუჯეტიდან სათანადო ასიგნებები სრულფასოვნად არ გამოიყოფოდა და სამხედრო მოსამსახურეებზე უნიფორმის სანაცვლოდ გასაცემი შესაბამისი თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა. აღნიშნული დავალიანების გაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონისმიერი ვალდებულებაა, რაც არ არის დამოკიდებული იმაზე, აღიარებს თუ არა ხსენებული სამინისტრო მას კრედიტორულ დავალიანებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 14 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 2 ოქტომბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.