¹ბს-797-759(კ-07) 10 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ჯ. ყ-მა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ 1992 წლის სექტემბერში მისი შეიარაღებულ ძალებში გაწვევის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მის მონაწილეობისა და 1993 წლის 27 სექტემბერს მიღებული სამხედრო ტრავმის დადასტურებულად ცნობა და შესაბამისი ე.წ. “კოტის” მინიჭება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ქ. სოხუმში ცხოვრობდა და სოხუმის სასოფლო ინსტიტუტში ..... მუშაობდა. 19... წლის სექტემბერში გაწვეულ იქნა ქ. სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ და ჩაირიცხა ....-ე ბრიგადის მე-.... სადაზვერვო ბატალიონში. იბრძოდა ქ. სოხუმის, გუმისთის, ქვედა ეშერის და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის წარმოებულ ბრძოლებში. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დაიჭრა აგუძერაში საბრძოლო მოქმედების დროს და მიიღო მძიმე კონტუზია. სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მოათავსეს ქ. სოხუმის მე-9 საშუალო სკოლაში განთავსებულ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჩავარდა ტყვედ და თავის დახსნა მხოლოდ 1995 წლის ნოემბერში მოახერხა. ჭრილობის მკურნალობის ჩაუტარებლობის გამო გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც სხვადასხვა დროს მკურნალობდა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში. საომარ მოქმედებებში მიღებული ტრავმების გამო გახდა შრომისუუნარო და სამხედრო ტრავმის საფუძველზე 1996 წლის 16 დეკემბერს დაენიშნა პენსია. 2005 წლის 1 იანვრიდან დაუდგინდა II ჯგუფის ინვალიდობა და დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 2006 წლის აგვისტოდან შეუწყდა, რადგან სამინისტრომ მოსთხოვა ისეთი დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა აფხაზეთის ომში მის მონაწილეობას და მიღებული ჭრილობით გამოწვეულ შრომისუუნარობას, რაც შესაძლებელს გახდიდა, მისთვის პენსიის ხელახლა დანიშვნას.
მოსარჩელის მითითებით, მან მოპასუხეს წარუდგინა საბრძოლო მოკვლევის მასალები და ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან, მაგრამ დამატებით მოსთხოვეს თავდაცვის სამინისტროდან ე.წ. სამხედრო “კოტის” წარდგენა, რაც 1992-1993 წლებში თავდაცვის სამინისტროს მიერ მის გაწვევას დაადასტურებდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა აღნიშნული კოტის გაცემაზე იმ მოტივით განაცხადა უარი, რომ მათთან არსებულ საარქივო მასალებში ჯ. ყ-ის საქართველოს შეიარაღებულ რიგებში ჩარიცხვისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი, ისევე როგორც სოხუმის სხვა მოქალაქეები, საომარ მოქმედებებში გაწვეული იყო არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არამედ _ ქ. სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ და შესაბამისად, გაწვევისა და სამხედრო მოქმედებებში მისი მონაწილეობის შესახებ მონაცემები დაცული უნდა ყოფილიყო ქ. სოხუმის სამხედრო კომისარიატის არქივში, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი მოვლენები გამო განადგურდა (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამათლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მისი შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა-ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალება (ს.ფ. 22-23).
ამავე სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ¹310556 საპენსიო მოწმობის თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ყ-ს მიღებული ჰქონდა სამხედრო ტრავმა და იყო II ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც დაენიშნა პენსია. სამხედრო კომისრის ¹4063 ცნობის თანახმად, მოსარჩელე გაწვეულ იქნა სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ და ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 სარეზერვო ბატალიონში, 1993 წლის 28 სექტემბრის საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა თავის არეში და მიიღო მძიმე კონტუზია. საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დადგენილების თანახმად, ჯ. ყ-ს დაუდგინდა, რომ ცეცხლსასროლი ჭრილობის შემდგომი ნაწილი მარცხენა თხემის არეში, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის (ბარო ტრავმის) ნარჩენი მოვლენები _ არის სამხედრო ტრავმა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება ან ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. ამრიგად, მოპასუხე ვალდებული იყო, განცხადების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მოემზადებინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე განმცხადებლისათვის მიეცა საკუთარი აზრის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობა, მათი უარმყოფელი გარემოებები კი უნდა დაესაბუთებინა გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის შესახებ მოსარჩელის მიერ განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში მიეღო, ხოლო თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელი იქნებოდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას უნდა მიეღო გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის, არა უმეტეს 3 თვისა, განსაზღვრის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებით უდავოდ დგინდებოდა, რომ მოპასუხეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავადაცვის სამინისტროს დაავალა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიზნით დაეწყო წარმოება, შეესწავლა და ჩაეტარებინა ყველა ღონისძიება მოსარჩელის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგელობიდან ამორიცხვის დასადასტურებლად, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა იმ დოკუმენტების მოპოვებას და ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც ასახავდნენ სამხედრო ფორმირებებისა და ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების ნუსხასა და რაოდენობას, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-2 სარეზერვო ბატალიონის შეიარაღებული ძალებისადმი დაქვემდებარებასა და მოსარჩელის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, მოსარჩელის მიერ მითითებული ინფორმაციის მიხედვით დაეზუსტებინა განმცხადებლის მიერ დასახელებული ფაქტები, გამოეკითხა კომპეტენტური პირები, ჩამოერთმია მათთვის ახსნა-განმარტებები, გამოეთხოვა საჭირო დოკუმენტაცია, მიემართა სხვადასხვა უწყებისათვის განცხადებაში მითითებულ გარემოებათა ან წარმოდგენილ დოკუმენტთა გადამოწმების და დაზუსტების მიზნით (ს.ფ. 26-28).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალების გადამოწმების რეალური შედეგები. თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში ინფორმაციის არარსებობა მოპასუხის ბრალეულობით არ ყოფილა გამოწვეული. წერილობითი პასუხი არანაირ უფლებას არ ულახავდა ჯ. ყ-ს და გაურკვეველი იყო, რატომ აცხადებდა პრეტენზიებს მოსარჩელე თავდაცვის სამინისტროს მიმართ. 2007 წელს საქართველოს თავდავცის სამინისტრო ვერ გამოსცემდა 1992 წელს მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებებს სათანადო დოკუმენტების არსებობის გარეშე და ვერ აწარმოებდა მოკვლევას. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებისა და გაცემის წესის შესახებ” 2004 წლის 20 ივლისის ¹175 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სათანადო ბრძანების არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა აღნიშნული ფაქტის სხვა მტკიცებულებებით დამტკიცება, რაც თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას აღემატებოდა (ს.ფ. 35-36).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა და მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტი აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა (ს.ფ. 5-58).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 5 ივნისის ¹3200 წერილით დეპარტმენტის სარქივო მასალებში შესაბამისი ინფორმაციის არარსებობის გამო ჯ. ყ-ს უარი ეთქვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და სამხედრო მოქმედებებში მისი მონაწილეობის დადასტურებაზე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, კონკრეტულ შემთხვევაში, ჯ. ყ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამსახურებრივი ურთიერთდამოკიდებულება, შესაძლებელია, მათი არსებობის შემთხვევაში, დადგინდეს დოკუმენტებით. ასეთ მტკიცებულებებად შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში პირის ჩარიცხვის ან/და ამორიცხვის, სამსახურებრივი მივლინების, შვებულების, კმაყოფაზე აყვანისა და მოხსნის, სამკურნალო დაწესებულებაში პირის წარგზავნის შესახებ ბრძანებები, სახელფასო უწყისები და სანივთე ატესტატები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა კომპეტენციის ფარგლებში, მის ხელთ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაეყრდნო მის ხელთ არსებულ საარქივო მონაცემებს და ჯ. ყ-ს უარი უთხრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაამოწმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის არქივში დაცული გარდაცვლილ და თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები და გასცა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით. თავდაცვის სამინისტრო არ იყო ვალდებული, ეწარმოებინა მოკვლევა იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ მონაცემებიც (ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები, კონფლიქტის ზონაში მივლინების ბრძანება ან სხვა რაიმე დოკუმენტი) არქივში არ მოიპოვებოდა. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის საფუძველზე მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის უტყუარად და დასაბუთებულად მიჩნევა არ ვერ ჩაითვლებოდა მისი შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მონაწილეობის ფაქტის დადასტურებად, ვინაიდან “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9.”გ” მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანად და მათთან გათანაბრებულ პირებად განსაზღვრულნი არიან ის პირები, რომლებიც საქართველოს მთლიანობისათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, ანუ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და უშიშრობის სამინისტროს, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დახოვნილი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ოფიციალური დაცვის უზრუნველმყოფ სახელმწიფო სამსახურად განსაზღვრულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების მე-2.”ე” მუხლის მიხედვით, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ფუნქციად განისაზღვრა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ,” “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” და საქართელოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი ერთიანი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებებში პირის მონაწილეობის დაადსტურება და ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. ვეტერანთა სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა განეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, იგია ვალდებული, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება (ს.ფ. 60-62).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო საჩივარში არ არის დასაბუთებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.