Facebook Twitter

ბს-797-763(კ-06) 7 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება; სახელფასო დანამატის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 9 იანვარს მ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹317 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და ხელფასზე 10%-იანი სახელფასო დანამატის ანაზღაურების უზრუნველყოფა მოითხოვა.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 1 ივლისს დაინიშნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ... განყოფილების მთავარ ...ად, ხოლო აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹317 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემისას დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა მუშაკის გათავისუფლების საფუძველს. ხსენებულ სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდა აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹109 დადგენილების საფუძველზე, რის შემდეგაც სამინისტროს საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 49 თანამშრომლით, ხოლო აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹476-ე ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და მოხდა ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის შტატის გაუქმება, თუმცა ახალი საშტატო განრიგით შეიქმნა მთავარი ...ის სტატუსის მქონე ...ის შტატი, რის გამოც, მოსარჩელის მოსაზრებით, მისი შტატი არ შემცირებულა და ჩამოყალიბდა ახალი შტატი, რომლითაც გათვალისწინებული იყო იგივე ფუნქციების შესრულება, ხოლო ...ის თანამდებობა მისთვის არ შეუთავაზებიათ, ...ად მუშაობის დროს კი, მიღებული არ ჰქონდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 10%-იანი სახელფასო დანამატი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლოს 6 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ¹317 ბრძანება, მ. ჩ-ე აღდგენილ იქნა ხსენებულ სამინისტროში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის თანაბარმნიშვნელოვან თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მისთვის ანაზღაურება; მ. ჩ-ეს უარი ეთქვა 10%-იანი სახელფასო დანამატის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხსენებულ ნაწილშიც უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ჩ-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება მ. ჩ-ის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გათავისუფლებამდე დაკავებული ... განყოფილების ...ის თანაბარმნიშვნელოვან თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში; მ. ჩ-ე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ... განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹109 დადგენილების საფუძველზე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა შტატების რიცხოვნობა 76 საშტატო ერთეულიდან და დაყვანილ იქნა 49 საშტატო ერთეულამდე. გაუქმდა ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის შტატი და შეიქმნა .... განყოფილებაში ...ის შტატი. მ. ჩ-ე რეორგანიზაციის შედეგად დათხოვნილ იქნა ... განყოფილების ...ის თანამდებობიდან აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹317 ბრძანებით ისე, რომ ადმინისტრაციას მისთვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა, რასაც ითვალისწინებდა „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ... განყოფილებაში ...ად იმავე სამინისტროს 2005 წლის 21 დეკემბრის ¹382 ბრძანებით დაინიშნა მედეა ჩ-ი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ გამორიცხავდა დაწესებულების რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას იმავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. აღნიშნული ნორმა არ გულისხმობდა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისას მოხელის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლებას. მოხელის გათავისუფლება დაუშვებელი იყო, თუ არ გამოირიცხებოდა რეორგანიზებულ დაწესებულებაში მოხელის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა. ამდენად, ადმინისტრაცია ვალდებული იყო მოხელისთვის შეეთავაზებინა შესაბამისი თანამდებობა, რის შესაძლებლობაც არსებობდა დაწესებულებაში, მუშაკთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდებოდა, რომ დაწესებულებაში არ არსებობდა შესაბამისი ვაკანსია (შტატი) ან აღნიშნულ მოხელეს არ ჰქონდა შეთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელი იყო მისი გათავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ... განყოფილების ...ის შტატი და ... განყოფილებაში შეიქმნა ...ის ახალი შტატი.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა პირველ რიგში შეეთავაზებინა მ. ჩ-ისათვის (რეორგანიზაციამდე აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით) და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი უარს განაცხადებდა ხსენებულ თანამდებობაზე, გაეთავისუფლებინა იგი სამსახურიდან. ადმინისტრაციამ კი კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მ. ჩ-ისათვის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზების გარეშე, ...ის ახლადშექმნილ თანამდებობაზე დანიშნა პირი, რომელიც ადრე ამ დაწესებულებაში არ მუშაობდა. საქმის მასალებით დადგენილი იყო ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მ. ჩ-ე თავისი კვალიფიკაციით სრულად აკმაყოფილებდა ახლადშექმნილი თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მ. ჩ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და კონკრეტულად მოითხოვა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ... განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე აღდგენა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმებულიყო და სარჩელი დაკმაყოფილებულიყო დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹109 დადგენილებით განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კუტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული და ფუნქც. რეორგანიზაცია _ დამტკიცდა ახალი დებულება და ხსენებული სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა 76 საშტატო ერთეულიდან შემცირდა და განისაზღვრა 49 საშტატო ერთეულით. მართალია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დაენიშნათ სხვა თანამდებობაზე, მაგრამ კანონის აღნიშნული მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდიოდა რეალობასთან, რადგან რეორგანიზაციამდე არსებული შტატების რაოდენობა მეტი იყო რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილი შტატების რაოდენობაზე. ყველა მუშაკი თანახმა იყო, რომ დასახელებული პუნქტის თანახმად, არ გათავისუფლებულიყო და დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე, მაგრამ ისიც სრულიად ნათელი იყო, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹109 დადგენილებით დამტკიცებული შტატების რაოდენობა ამისთვის საკმარისი არ იყო და შეუძლებელი იყო ყველა თანამშრომლის დასაქმება სამინისტროს ცენტრალურ აპარატში.

კასატორი აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ იარსებებდა სხვა ტოლფასოვანი თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა. ამასთან, უპირატესი დარჩენის უფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს რომელიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფში არსებული, ფუნქციურად მსგავსი ტოლფასოვანი შტატების შემცირება და დარჩენილი შტატების იგივე ფუნქც. დატვირთვით შენარჩუნება. მ. ჩ-ის შემთხვევაში კი, გაუქმდა არა მარტო მოსარჩელის მიერ დაკავებული ... განყოფილების ...ის თანამდებობა, არამედ ... განყოფილება მთლიანად. აღნიშნულით ნათლად გამოიკვეთა, რომ რეორგანიზებულ სამინისტროში არ არსებობს თანამდებობა, რომელიც შეესაბამება რეორგანიზაციამდე მ. ჩ-ის მიერ დაკავებულ თანამდებობას, კერძოდ, ... განყოფილების ...ის ფუნქციურ დატვირთვას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რომელი ნორმატიული აქტის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია ვალდებული იყო, რეორგანიზებულ სამინისტროში მ. ჩ-ისათვის შეეთავაზებინა რესურსების მართვის დეპარტამენტის ... განყოფილების ....ის თანამდებობა.

კასატორი აღნიშნავს, რომ, რადგან გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებულ სამუშაო ადგილს არ წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის ... განყოფილების ...ის თანამდებობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა. ამასთან, სახეზე არ არის რეორგანიზაციამდე მ. ჩ-ის მიერ დაკავებული სამინისტროს ... განყოფილების ...ისა და რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილი სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის ... განყოფილების ...ის თანამდებობების იდენტურობა. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 28 თებერვლის ¹80 ბრძანებით დამტკიცდა იმავე სამინისტროს საშტატო განრიგი, რომლითაც შეიქმნა ... განყოფილება. აღნიშნული განყოფილების ფუნქციურ დატვირთვას წარმოადგენდა პრესასთან, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა. რაც შეეხება ... განყოფილებას, მისი ფუნქციები ზუსტად არის განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის ¹250 ბრძანებით, რომლითაც დამტკიცდა სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულება.

კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს რეორგანიზაციამდე არსებული სამინისტროს ... განყოფილების ...ისა და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამინისტროს ... განყოფილების ...ის ფუნქციურ დატვირთვებს შორის არსებული განსხვავება. კასატორი აღნიშნავს, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ორი ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებით მ. ჩ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კუტურისა და სპორტის სამინისტროში განთავისუფლებამდე დაკავებული ... განყოფილების ...ის თანაბარმნიშვნელოვან თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, სააპელაციო სასამართლო, ფაქტობრივად, დაეთანხმა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიციას იმის შესახებ, რომ რეორგანიზებულ სამინისტროში არ არსებობდა რეორგანიზაციამდე მ. ჩ-ის მიერ დაკავებული ... განყოფილების ...ის თანაბარმნიშვნელოვანი და ფუნქციურად იდენტური დატვირთვის მქონე თანამდებობა, მაგრამ მოცემული მსჯელობის საპირისპიროდ, მ. ჩ-ე აღდგენილ იქნა რესურსების მართვის დეპარტამენტის ... განყოფილებაში. ამასთან, თუ რომელი კანონის საფუძველზე და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული თანამდებობები იდენტურად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დასაბუთებული არ არის, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1" ქვეპუნქტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 17 იანვრამდე.

2006 წლის 13 ნოემბერს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტით გამოგზავნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 7 მარტს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლოს 6 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ. ჩ-ეს უარი ეთქვა 10%-იანი სახელფასო დანამატის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო, აღნიშნული გადაწყვეტილება კი სააპელაციო წესით მ. ჩ-ეს არ გაუსაჩივრებია, დასახელებული გადაწყვეტილება ხსენებული დანამატის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, რის გამოც ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სამსახურიდან მ. ჩ-ის გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე მისი აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მისთვის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ჩ-ე 2005 წლის 1 ივლისს დაინიშნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ... განყოფილების ...ად, ხოლო აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის ¹317 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო. ხსენებულ სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდა აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹109 დადგენილების საფუძველზე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹476-ე ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რის შემდეგაც აღნიშნული სამინისტროს საშტატო რაოდენობა 76 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 49 საშტატო ერთეულამდე და ... განყოფილების ...ის შტატი გაუქმდა. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსარჩელისთვის მოპასუხე ადმინისტრაციას არ შეუთავაზებია სხვა რაიმე თანამდებობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, ვინაიდან აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ... განყოფილების ...ის შტატი და ...ის განყოფილებაში შეიქმნა ...ის ახალი შტატი, ხოლო მოსარჩელე მ. ჩ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და კონკრეტულად მოითხოვა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ... განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე აღდგენა, მისი სარჩელი დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს და იგი აღდგენილ იქნეს აღნიშნულ თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად, რასაც ითვალისწინებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ახალი საშტატო განრიგით მანამდე არსებული თანამდებობის გაუთვალისწინებლობა და აღნიშნული თანამდებობის მსგავსი ფუნქციების მქონე სხვა თანამდებობის გათვალისწინება ნიშნავს შესაბამისი ფუნქციების მქონე ახალი თანამდებობის შემოღებას, ანუ ძველი და ახალი თანამდებობების ფუნქციების იგივეობა არ აფუძნებს ხსენებული თანამდებობების იდენტურობას და, ამდენად, მოსარჩელის ფუნქციონალურად შესაბამის ახალ თანამდებობაზე აღდგენა ვერ ჩაითვლება მის მიერ მანამდე დაკავებულ, იმავე თანამდებობაზე აღდგენად. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ჩ-ე, ფაქტობრივად, მის მიერ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღადგინა, ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მ. ჩ-ისათვის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და წინანდელი თანამდებობის არარსებობის გამო, მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხი თვით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, რადგან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ჩ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, რომლის დროსაც მან უნდა გამოარკვიოს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული აღნიშნულ სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად და ხომ არ არის სხვა სამსახური, რომელზეც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ... განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე მ. ჩ-ის აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალება მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ჩ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს მ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მ. ჩ-ისათვის ანაზღაურების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ... განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე მ. ჩ-ის აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ჩ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე;

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს მ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მ. ჩ-ისათვის ანაზღაურების ნაწილში;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.