Facebook Twitter

¹ბს-79-79(კ-07) 25 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ს. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. კ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დაბა წყნეთის გამგეობის, ს. მ.-ის, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა: წყნეთის გამგეობის 2002 წლის 13 ივნისის ¹7112.11 დადგენილების ბათილად ცნობა ს. მ.-ვის დაბა წყნეთში ე.წ. ,,იფნის ბაღის” მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე ბინათმშენებლობისათვის ¹... ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე და ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ამ ნაკვეთის წითელი ხაზები და პროექტის ბათილად ცნობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული ნაკვეთის გამოყოფით უხეშად შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები, რადგან ეზღუდება სახლით თავისუფალი სარგებლობის უფლება და საერთო სამანქანო გზის გამოყენებით ვერ შეძლებს სახლში მისვლას, რადგან ასეთი გზა არ არსებობს და მისი მოწყობა საინჟინრო-ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოესპო კანალიზაციით სარგებლობის უფლება. რაგან მისი ჩართვა ცენტრალურ სარკინიგზო ქსელში სადაო ტერიტორიაზე ასეთის არარსებობის გამო ვერ მოახერხებდა. წყნეთის გამგეობა ვალდებული იყო საქართევლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.2 მუხლის შესაბამისად, ეცნობებინა მისთვის ადმინიტსრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველეყო მისი მონაწილეობა, რადგან სადაო აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს, უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 27.02.04წ. გადაწყვეტიებით მ. კ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ.-ს ეკუთვნის დაბა წყნეთში ...-ის ქუჩა ¹...-ში მდებარე 264 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავისებულია 1../... შენობა, მისი კუთვნილი ნახევარი წილით. ნაკვეთს მისასვლელი სამანქანო გზა გააჩნდა ...-ის მხრიდან, რომელიც წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრებას, რითაც სარგებლობს. სამანქანო გზა ე.წ. ,,ტყის მხრიდან” არ არსებობდა. დაბა წყნეთის გამგეობამ დააპროექტა ე.წ. ,,იფნის ბაღის” ტერიტორია, შეათანხმა ქალაქის მთავარ არქიტექტორთან და გაანაწილა ადგილობრივ მოსახლეობაზე. 2002 წლის 13 ივნისის ¹7.112.111 დადგენილებით დაბა წყნეთში ე.წ. ,,იფნის ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე ბინათმშენებლობისათვის ს. მ.-ს გამოეყო ¹... ნაკვეთი და თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გასცა ამ ნაკვეთის წითელი ხაზები. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, სადაო დადგენილებით არ გაუარესებულა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა და მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულო არ იყო.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 27.02.04წ გადაწყვეილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ.-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ძირითად სარჩელთან ერთად წყნეთის გამგეობის იმავე საკითხზე გამოცემული 2002 წლის 19 ივლისის ¹9.127/III დადგენილების ბათილად ცნობის საკითხის განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 06.08.04წ. განჩინებით აეკრძალა მოპასუხე ს. მ.-ს ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაბა წყნეთის გამგეობის 13.06.02წ. ¹7.112.111 დადგენილებით ,,იფნის ბაღის” მიმდებარედ გამოყოფილ ¹... ნაკვეთზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.11.04წ. განჩინებით მოპასუხე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალოატის 27.01.05წ განჩინებით ქალაქ თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.07წ. განჩინებით დაბა წყნეთის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 27.02.04წ გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ¹7.112/111 და 19.07.2002წ ¹9.127/111 დადგენილებები დაბა წყნეთში ...-ს ქუჩა ¹...-ში მცხოვრები ს. მ.-თვის ინდ. ბინათმშენებლობისათვის დაბა წყნეთში, ე.წ. ,,იფნის ბაღის” ტერიტორიაზე – ნაკვეთი ¹...-ის გამოყოფის ნაწილში და დაევალა ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობას (დაბა წყნეთის გამგეობის უფლებამონაცვლე) საქმისპათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, არსებითად იქნა დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და აქტები არიან კანონშეუსაბამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 ,,დ” მუხლით (2005 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის დაბა წყნეთის გამგეობის 13.06.02 წლის ¹7.112.111 დადგენილებით დაკმაყოფილდა დაბა წყნეთში, ...-ს ქუჩა ¹3-ში მცხოვრები ს. მ.-ის თხოვნა და ინდ. ბინათმშენებლობისათვის გამოეყო დაბა წყნეთში, ე.ი. ,,იფნის ბაღის” ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი@¹.... იდენტური შინაარსის არის ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართვეოლობის დაბა წყნეთის გამგეობის 19.07.02 წლის ¹9.127/111 დადგენილება. შესაბამისად, ერთ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს სხვადასხვა რეკვიზიტების მქონე ორი გადაწყვეტილება. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის დაბა წყნეთის გამგეობის 19.12.2005 წლის ¹547 წერილის თანახმად, 2002 წლის 19 ივლისს დაბა წყნეთის გამგეობის სხდომა არ ჩატარებულა და ...-ს ქუჩა ¹...-ში მცხოვრებ ს. მ.-თვის მიწის გამოყოფის საკითხი არ განხილულა, აღნიშნულ მოქალაქეს მიწის ნაკვეთი გამოეყო დაბა წყენეთის გამგეობის 13.06.02წ. დადგენილებით.

საქართევლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის გარდაბნის სატყეო მეურნეობის 2006 წლის 1 თებერვლის ¹8 წერილის თანახმად, ¹... ნაკვეთი მდებარეობს გარდაბნის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეო მეურნეობის უბანში, კერძოდ, კვ. ¹... ლიტერ ...-ში. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის 2005 წლის 25 ოქტომბრის ¹02-11/198-1584 წერილის თანახმად, გარდაბნის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეო კვარტლის ¹...-ის ლიტერი ... და ...-დან წყნეთის მოსახლეობასა და რეფორმის ფონდში გადაცემული არაა.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ. კ.-ს საკუთრების უფლებით ეკუთვნის დაბა წყნეთში ...-ის ქუჩა ¹...-ში მდებარე 264 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ¹... ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელე მ. კ.-ის მოსაზღვრედ. მოსარჩელის კომუნიკაციები (წყლის და კანალიზაციის მილები) გადის ამ ნაკვეთზე. მოსარჩელის განმარტებით ის და მისი წინაპრები წლების განმავლობაში სარგებლობდნენ იმ გზით, რომელიც სადაო ადმინისტრაციული აქტებით, როგორც ¹... მიწის ნაკვეთი გამოეყო მოპასუხე ს. მ.-ს. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინიტსრაციულ-სამართლებრივ აქტებით შეილახა და უკანონოდ შეიზღუდა მესაკუთრე მ. კ.-ის კანონიერი უფლება, რადგან ვეღარ სარგებლობს ტერიტორიით, როგორც სახლთან მისასვლელი გზით, ასევე იძულებულია უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე განთავსებული მისი კომუნიკაციების ამოღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი შესაგებელით მ. კ.-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დასტურდება, რომ აპელანტის მოსაზრება გეგმარებით დოკუმენტში პარსებულ ხარვეზთან დაკავშირებით არაა უსაფღუძთვლო. მ. კ.-ის მიმართ არ იქნა მხედველობაში მიღებული ექსტრემალური სიტუაციის წარმოშობისას ალტერნატიული მისასვლელი გზა. ამავდროულად ,,ტყის მხრიდან” ასეთი პერსპექტივა გეგმარებით არ მოიაზრება. არასრულფასოვნად არის დამუშავებული საკანალიზაციო კოლექტორის მოწყობის პერსპექტივა და შესაძლებლად იქნა მიჩნეული ,,იფნის ბაღის” დაგეგმარების პროექტის კორექტირება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (2005 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) 22.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ როდის გაეცნო მოსარჩელე მ. კ.-ე სადაო ადმინისტრაციულ აქტებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართევლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომლის გარეშე ამავე მუხლის მეორე ნაწილით დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ამავე კოდექსის 95.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და ურუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის დაბა წყნეთის გამგეობის მიერ მოპასუხე ს. მ.-თვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ¹... მიწის ნაკვეთის გამოყოფა სადაო ადმინიტსრაციული აქტებით მოხდა ორჯერ – 2006 წლის 13 ივნისის (¹7.112/111) და 2002 წლის 19 ივლისის (¹9.127/111) დადგენილებებით. ასევე სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული ¹... ნაკვეკთის მოსაზღვრედ მებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კანონიერი უფლებები და ინტერესები. აგრეთვე გაურკვეველია ¹... ნაკვეთი შედის სატყეო მეურნეობის ფონდში თუ იგი გადაცემულია დაბა წყნეთის მოსახლეობის მიწის რეფორმის ფონდში.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ, ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობამ (დაბა წყნეთის გამგეობის უფლებამონაცვლე), ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისს უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ უნდა აცნობოს დაინტერესებულ მხარეებს და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. მ.-მ და გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონოა, არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებიდან იურიდიულად დაუსაბუთებელია და იგი გაუქმებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არასაპატიო მიზეზით გაშვებული ჰქონდა დადგენილებებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ გაკეთებული წითელი ხაზებისა და პროექტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ლ. კ.-თვის იმავე დღეს გახდა ცნობილი, ხოლო 2003 წლის აგვისტოში მან თვითნებურად მოანგრია ღობე და სადავო მიწის ნაკვეთზე მოაწყო საქათმე ტუალეტი და კანალიზაცია. გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის სახლამდე ფეხით და მანქანთ მისასვლელი გზა არ არსებობდა მას ასეთი მისასვლელი გზა აქვს სხვა მხრიდან.

დაბა წყნეთის გამგეობის 19.07.02წ დადგენილება ნაკვეთის გამოყოფის შესახებ მიღებული იქნა ერთის მხრივ მას და მოსარჩელის და-ძმის მ. და ნ. ს.-ების შორის დავის გადაჭრის მიზნით (ვინაიდან ს. მ.-თვის 1998წ. გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მათ მოიტაცეს თვითნებურად) და მეორეს მხრივ იმის გამო, რომ ისინი იმყოფებოდნენ გამოუვალ მდგომარეობაში და სასწრაფოდ საჭიროებდნენ საკითხის დროულ გადაწყვეტას.

მიწის ნაკვეთის ერთადერთი მესაკუთრე იყო სახელმწიფო, რომელსაც უფლება ჰქონდა თავისუფლად განეკარგა საკუთრება. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სრული უფლება ჰქონდა კანონიერი მოთხოვნების დაცვით გამოეყო მისთვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი.

დაბა წყნეთის გამგეობამ დოკუმენტალურად წარუდგინა სასამართლოს თავისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პროექტში კორექტირება ვერ მოხდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტერიტორიას გააჩნია საკმაო ქანობი და გზის მოწყობა სწორი მიმართულებით პრაქტიკულად ვერ განხორციელდება ეს არც კანონის ნორმებითაა გათვალისწინებული.

სააპელაციო პალატამ იმის ნაცვლად, რომ თვითონ მიეღო საქმეზე საბოლოო, ობიექტური გადაწყვეტილება, საკითხის გადაჭრა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გზით მიანდო ადგილობრივი მმართველობის ორგანოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.