Facebook Twitter
ბს-798-764(კ-06) 18 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს «....»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 2 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს «....» მოპასუხე ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის ¹208 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მას ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის ¹208 ბრძანების საფუძველზე დაეკისრა დღგ-ს _ 5200 ლარის, საურავის _ 21634,48 ლარის, ასევე მიწის გადასახადის – 9128,86 ლარისა და საურავის _ 16124,42 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გადასახადის დარიცხვა უკანონოდ გამხორციელდა. მასზე გადასახადების დაკისრება იმ მოტივით, რომ შპს «....» არის საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნული ალიანსის «....» ..... დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლე, არამართებულია, რამდენადაც აღნიშნულზე არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც საჯარო რეესტრში საწარმოს სახელზე მიწის რეგისტრაციას დაადასტურებდა(ს.ფ. 4-5).
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «...." სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის ¹208 ბრძანება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ «....» გაყიდა თავისი ქონება _ ..... დაფნის კომბინატის უძრავ-მოძრავი ქონება საინიციატივო ჯგუფზე. საინიციატივო ჯგუფმა იყიდა .... დაფნის კომბინატის ქონება და არა უშუალოდ საწარმო. ის ფაქტი, რომ მყიდველის მიერ შეძენილი ქონება ჩაიდო შპს «....» საწესდებო კაპიტალში, ვერ გახდებოდა ამ საწარმოს ..... დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლედ მიჩნევის საფუძველი. შპს «....» დაფნის კომბინატის ვალდებულებების უფლებამონაცვლე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა დაფნის კომბინატის რეორგანიზაცია. შპს-ს წესდებით, ასევე სარეგისტრაციო და საქმის სხვა მასალებით დასტურდებოდა, რომ არ მომხდარა ..... დაფნის კომბინატის რეორგანიზაცია და შესაბამისად, შპს «.....» ვერ იქნებოდა .... დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლე, მით უფრო, რომ საქმის მასალების თანახმად, ..... დაფნის კომბინატი არ წარმოადგენდა არც იურიდიულ პირს და არც იურიდიული პირის ფილიალს. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ შპს «....» წარმოადგენდა მიწის მოსარგებლეს ან მესაკუთრეს. საგადასახადო ინსპექციის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მიწის მართვის სამმართველოს ბეჭდით დამოწმებული სიები, რომლის საფუძველზეც ხდებოდა შპს «.....» გადასახადის დარიცხვა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად, მიწის გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ფართობის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საჯარო რეესტრიდან წარდგენილი ცნობით, რომლითაც დასტურდება მიწაზე საკუთრება ან კანონით დადგენილი წესით სარგებლობის უფლება, შპს «.....» საკუთრებაში ან სარგებლობაში მიწის ნაკვეთი არ ერიცხება (ს.ფ. 51-53).
საქალაქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ. აპელანტმა მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულება საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსის «....» .... დაფნის კომბინატს დაეკისრა სამეგრელოს რეგიონალური კონტროლის პალატის 1995 წლის 10 იანვრის შემოწმების აქტით. ეს აქტი .... საგადასახადო ინსპექციაში 2000 წლის დეკემბრის თვეში მომხდარი ხანძრის შედეგად განადგურდა სხვა დოკუმენტებთან ერთად. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს კონტროლის პალატამ 2005 წლის 26 სექტემბერს ¹1210/17 ნომრით მათ მიაწოდა ხსენებული აქტი.
აპელანტის მითითებით, ის გარემოება, რომ შპს «.....» «....» ..... დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლეა, დასტურდება 1998 წლის 12 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დაფნის კომბინატის ქონება გადაეცა საინიციატივო ჯგუფს. საინიციატივო ჯგუფმა, თავის მხრივ, ამ ქონებით შექმნა საწესდებო კაპიტალი და დააარსა შპს «....», რომელიც გახდა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსის «....» ..... დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლე და შესაბამისად, დავალიანების გადახდაზე უფლებამოსილი პირი.
რაც შეეხებოდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადს, ამასთან დაკავშირებით აპელანტმა აღნიშნა, რომ შპს «....» მიწა 1998 წლიდან გააჩნდა კანონიერ სარგებლობაში, საქალაქო სასამართლო ცალმხრივად დაეყრდნო საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილ ცნობებს, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ შპს «.....» არ გააჩნდა საკუთრებაში მიწის ნაკვეთი. თანხის დარიცხვის პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის შესაბამისად, მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი. ის გარემოება, რომ შპს «....» ნამდვილად გააჩნდა კანონიერ სარგებლობაში მიწის ნაკვეთები, დასტურდებოდა მიწის მართვის სამმართველოდან ხობის საგადასახადო ინსპექციაზე გადაგზავნილი მიწის მართვის ბეჭდით დამოწმებული და .... საკრებულოს მიერ გაგზავნილი, ასევე ბეჭდით დამოწმებული სიებით (ს.ფ. 57-58).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «....» სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 95-99).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის განჩინებით შპს «.....» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 156-162).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «.....» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის ¹208 ბრძანება შპს «.....» დღგ-ს ნაწილში 5200 ლარის, საურავის _ 21634.48 ლარისა და მიწის გადასახადში საურავის _ 16124.21 ლარის დაკისრების ნაწილში, მიწის გადასახადში ძირითადი თანხის _ 9128.86 ლარის გადახდევინების ნაწილში გასაჩივრებული ბრძანება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლის 12 ივლისს საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნული ალიანსის ..... გამგეობამ ცეკავშირის .... დაფნის კომბინატის საინიციატივო ჯგუფს მიჰყიდა ..... დაფნის კომბინატი. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, ..... მყიდველს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა ..... დაფნის კომბინატის ქონება და დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებები. შპს «....» წესდების 4.3 პუნქტის შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ცეკავშირის ..... კომბინატი, რომელიც პარტნიორებს ეკუთვნოდათ ამხანაგობის შესახებ 1997 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებით და 1998 წლის 12 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით. ამდენად, შპს «.....», რომელიც დასახელებული ობიექტის შესყიდვის შემდეგ დაფუძნდა, წარმოადგენდა დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლეს და ის ქონება, რაც კომბინატის სახელზე ირიცხებოდა, გადავიდა შპს «.....» საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «.....» ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის ¹208 ბრძანებით გადასახდელად დაეკისრა დღგ-ს ნაწილში ძირითადი თანხა _ 5200 ლარი და საურავი _ 21634.48 ლარი, ასევე მიწის გადასახადში ძირითადი თანხა _ 9128.86 ლარი და საურავი _ 16124.42 ლარი. შპს «.....» 2005 წლის 8 ივლისს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა ¹7/168, რომლის თანახმად, მასზე რიცხული საგადასახადო დავალიანება მთლიანობაში შეადგენდა 652303.29 ლარს.
როგორც ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის გასაჩივრებული ¹208 ბრძანებით დასტურდებოდა, შპს «....» დღგ-ს ძირითადი თანხა _ 5200 ლარი დარიცხული იყო საქართველოს კონტროლის პალატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს 1996 წლის 10 იანვრის რევიზიის აქტით. შემოწმება ეხებოდა 1993-1995 წლების პერიოდს.
ამდენად, სადავო არ იყო, რომ შპს «....» დარიცხული დღგ-ს ძირითადი დავალიანება _ 5200 ლარი და მასზე დარიცხული საურავი _ 21634.48 ლარი წარმოიშვა 1996 წლამდე და იგი თავდაპირველად დაერიცხა ხობის დაფნის კომბინატს. საგადასახადო მოთხოვნა ხობის დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლე შპს «.....» წარედგინა 2005 წლის 8 ივლისს, ანუ 9 წლის შემდეგ.
საგადასახადო კოდექსის (2005 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 237-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ საგადასახადო ორგანოს შეუძლია დაარიცხოს გადასახადის თანხა საგადასახადო პერიოდის დამთავრებიდან 6 წლის განმავლობაში. საგადასახადო ორგანოს გაშვებული ჰქონდა აღნიშნული ნორმით განსაზღვრული 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რამდენადაც თანხის დარიცხვა გადასახადის გადამხდელზე განხორციელდა 1996 წელს, ხოლო საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა მხოლოდ 2005 წელს, ანუ 9 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დავა შპს «.....» დღგ-ს თანხის _ 5200 ლარისა და საურავის _ 21634.48 ლარის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმული იყო.
რაც შეეხებოდა შპს «....» არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (14877 კვ.მეტრი) დარიცხულ გადასახადს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს «.....» წარმომადგენლების მტკიცება იმის შესახებ, რომ ისინი არ არიან მიწის გადასახადის გადამხდელები. საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით, მიწის გადასახადის გადამხდელებს წარმოადგენენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი. შპს «.....» წარმოადგენდა ყოფილი .... დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლეს, რომელსაც სარგებლობაში გააჩნდა 14847კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შესაბამისად, დაფნის კომბინატის ქონების შეძენის შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსარგებლე გახდა შპს «....». სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «.....» სწორად დაერიცხა მიწის გადასახადის ძირითადი თანხა _ 9128.86 ლარი, ხოლო რაც შეეხებოდა აღნიშნულ თანხაზე დარიცხულ საურავს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნა მეწარმე იურიდიულ პირს წარედგინა 2004 წლის 8 ივლისს, ამავე დღიდან დადგა საურავის დარიცხვის ვალდებულებაც. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო 16214.42 ლარის საურავის დარიცხვა (ს.ფ. 180-187).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ საგადასახადო ორგანომ შპს «.....» თანხის დარიცხვისას გაუშვა ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული მსჯელობა მცდარია, რადგან სააპელაციო სასამართლომ თავისივე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტად მიიჩნია, რომ შპს «.....» არის ცეკავშირის ..... დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლე, რომელსაც ამ უკანასკნელმა გადასცა მისი დებიტორ-კრედიტორები. საქმეშია ფოთის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც ირკვევა, რომ 2000 წლის დეკემბერში ..... საგადასახადო ინსპექციაში ხანძრის შედეგად სხვა დოკუმენტებთან ერთად მთლიანად განადგურდა შპს «....» დაბეგვრის მასალები. დღგ-ს გადასახადის დარიცხვა მოხდა ცეკავშირის ..... დაფნის კომბინატზე და არა შპს «.....», ე.ი გადამხდელისათვის ცნობილი იყო აღნიშნული დავალიანების შესახებ იმ მომენტიდან, როდესაც შპს «.....» გახდა ცეკავშირის ხობის დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს «.....» იყო მიწის კანონიერი მოსარგებლე, რის გამოც იგი მიიჩნია მიწის გადასახადის გადამხდელად. ე.ი. კანონიერად ჩათვალა მასზე დარიცხული მიწის გადასახადის ძირითადი თანხის _ 9128.86 ლარის დარიცხვა, მაგრამ არ დააკისრა გადასახადის გადამხდელს მიწის გადასახადის ძირითად თანხაზე რიცხული საურავი _ 16124.21 ლარი, რაც არასწორია, ვინაიდან სადავო პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით, თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი დადგენილი ვადისათვის, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს გადაუხდელი თანხის 0.15% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 192-194).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორად მოახდინა მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს 1996 წლის 10 იანვრის რევიზიის აქტით .... დაფნის კომბინატს დაეკისრა დღგ-ს სახით 5200 ლარის გადახდა. ასევე დადგენილია, რომ ..... დაფნის კომბინატის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს «.....», რომელსაც აღნიშნული რევიზიის აქტის საფუძველზე საგადასახადო მოთხოვნა ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარედგინა 2005 წლის 8 ივლისს. საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, დღგ-ში რიცხული დავალიანება შეადგენს ძირითად თანხას _ 5200 ლარს და საურავს _ 21 634,48 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ ზემოაღნიშნული თანხის ნაწილში საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის თაობაზე. 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლი საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისათვის ადგენდა 6-წლიან ხანდაზმულობის ვადას საგადასახადო პერიოდის დამთავრებიდან. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიმართ წარდგენილია კონტროლის პალატის რევიზიის აქტით გადასახადის დაკისრებიდან 9 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ფოთის საგადასახადო ინსპექციის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მის მიერ ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან 2000 წელს ხობის საგადასახადო ინსპექციაში მომხდარი ხანძრის შედეგად განადგურდა შპს «.....» დაბეგვრის მასალები. კასატორი ამ საკითხზე ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნულ ნაწილში არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამდენად, ფოთის საგადასახადო ინსპექციას გაშვებული აქვს 1997 წლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს «.....» არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის საურავის _ 16 124,42 ლარის დარიცხვის არამართლზომიერების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია მხოლოდ აღნიშნული საურავის დარიცხვის კანონიერება. საკასაციო საჩივრის დავის საგანს არ წარმოადგენს მიწის გადასახადის ძირითადი თანხის _ 9 128,86 ლარის დარიცხვის კანონიერება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული თანხის დაკისრების შესახებ შპს «....» საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია. დადგენილია, რომ აღნიშნული საურავი დარიცხულია 1997 წლის საგადასახადო კოდექსის საფუძველზე და წარმოადგენს ამავე კოდექსით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის ძირითადი თანხის _ 9 128,86 ლარის გადაუხდელობის გამო გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული გადასახადის დარიცხვის თაობაზე ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნა წარდგენილია 2005 წლის 8 ივლისს. შპს «.....» აღნიშნული მიწის გადასახადის შესახებ მანამდე საგადასახადო შეტყობინების წარდგენის შესახებ საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი და არც საკასაციო საჩივარი შეიცავს ამ საკითხზე დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 152-ე, 156-ე, 215-ე მუხლების შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გაანგარიშების ვალდებულება ეკისრებოდათ საგადასახადო ორგანოებს. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს გადასახდელი თანხების გაანგრიშებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა მანამდე, ვიდრე საგადასახადო ორგანო არ გადასცემდა შეტყობინებას გადასახადის დარიცხული თანხების შესახებ. აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავის დარიცხვის ვალდებულება გადასახადის გადამხდელს წარმოეშობა მხოლოდ საგადასახადო ვალდებულების დადგენილი ვადისათვის შეუსრულებლობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს _ შპს «....» მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია საგადასახადო ინსპექციის შესაბამისი საგადასახადო შეტყობინების ჩაბარებამდე, რაც, საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 8 ივლისის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენამდე არ განხორციელებულა. ამდენად, საურავის დარიცხვა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებამდე არსებულ პერიოდზე არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნებს და საურავის, როგორც ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომის არსს.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.