ბს-799-765(კ-06) 14 მარტი 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,გ...ი”
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 ივლისს შპს ,,გ...მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 11 ივნისს მიიღო საგადასახადო შეტყობინება, რომლის შესაბამისადაც მას ერიცხებოდა ბიუჯეტის დავალიანება, კერძოდ: ძირითადი თანხა - 848 ლარი, საურავი - 304 ლარი და ზედმეტობა - 59 ლარი. ვინაიდან მისთვის დაუსაბუთებელი და არარელაური აღმოჩნდა საგადასახადო მოთხოვნა, მან მიმართა მოპასუხე ორგანიზიციას შეემოწმებინა შპს ,,გ...ის” ბიუჯეტთან და სახელმწიფო ფონდებთან ანგარიშსწორების სისწორე. შესაბამისად, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 14 ივნისის ¹160 ბრძანების თანახმად, ამავე ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის სამმართველოს საგადასახადო ინსპექციამ შეამოწმა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 ივნისამდე პერიოდის ანგარიშსწორება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს ,,გ...ს” ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დარიცხვოდა 633 ლარი. მითითებული თანხა მათ მიერ ბიუჯეტში ჩაირიცხა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹12 შეტყობინებით გირავნობის უფლების წარმოშობისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ეცნობათ, რომ ერიცხებოდათ დავალიანება 3131,32 ლარი. ამასთან, მათთვის საგადასახადო მოთხოვნა წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 28 აგვისტოს ¹26 და 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹12 შეტყობინებებისა და ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე 2005 წლის 25 აგვისტოს ¹13 და 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹12 შეტყობინებების ბათილად ცნობას.
მოპასუხე ფოთის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,გ...ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 25 აგვისტოს ¹26 და 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹12 შეტყობინებები საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლების წარმოშობის და 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹12 შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ შპს ,,გ...ს” საშემოსავლო და სოციალური გადასახადები დაერიცხა საგადასახადო ინსპექციის იმ თანამშრომლების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელთაც ევალებოდათ ურჩ გადამხდელთა გამოვლენა და ბიუჯეტთან ანგარისწორების შესწავლა. საგადასახადო ინსპექციის პასუხისმგებელი მუშაკების მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათი საგადასახადო ინსპექციისათვის სანდო ინფორმაციას წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,გ...ზე” აღნიშნული მოხსენებითი ბარათით გადასახადის დარიცხვა, აპელანტის მოსაზრებით, კანონიერია.
ამასთან, აპელანტის განმარტებით, შემოწმების მიზანი იყო დამატებით დასარიცხი თანხის გამოვლენა და არა უკვე დარიცხული თანხის გადამოწმება. შესაბამისად, შემოწმების აქტში დარიცხულ თანხაზე მიუთითებლობა ვერ იქცევა მისი ბათილობის საფუძვლად.
აპელანტის მითითებით, შპს ,,გ...ს” მიწის გადასახადი დაერიცხა მიწის მართვის სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 2004 წლამდე საწარმოს ერიცხებოდა 1365 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2005 წელს - 256 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, მოცემულ ნაწილშიც ასევე არასწორია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ საწარმოს ყოველწლიურად 50 ლარი უნდა გადაეხადა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, შპს ,,გ...ს” 2004 წლის აპრილიდან სექტემბრამდე გაცემული აქვს ხელფასის სახით 1400 ლარი, რის გამოც შპს ,,გ...ს” უნდა დაერიცხოს სოციალური და საშემოსავლო გადასახადი.
აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო კოდექსის (ძველი რედაქცია) 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, დაარიცხა შპს ,,გ...ს” სოციალური და საშემოსავლო გადასახადები, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით, კერძოდ, 2005 წლის 30 ივნისის შემოწმების აქტით წარმოდგენილი სახელფასო უწყისებით არ დასტურდება, რომ შპს ,,გ...ს” 2004 წლის აპრილ-აგვისტოში გაცემული აქვს ხელფასები. შესაბამისად, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რომ შპს ,,გ...ს” დავალიანება დაერიცხოს ხელფასის გაცემის ფაქტიდან გამომდინარე, რადგანაც საგადასახადო ინსპექციის თანმაშრომლის მოხსენებით ბარათს თან არ ერთვის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა შპს ,,გ...ში” 2005 წლის აპრილ – აგვისტოში ხელფასების გაცემის ფაქტს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საფუძვლიანია შპს ,,გ...ის” მტკიცება, რომ მას ბიუჯეტის მიმართ მიწის გადასახადის დავალიანება არ გააჩნია.
საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-8 ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობის უფლება გაუქმებულად ითვლება დავალიანების დაფარვისთანავე. განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატის მითითებით, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დავალიანება და, შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) საფუძველი.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც - სააპელაციო საჩივარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია და მითითებულს ადასტურებს თავად კასატორიც, რომ შპს ,,გ...ისათვის” საშემოსავლო და სოციალური გადასახადის დარიცხვა მოხდა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,გ...ზე” სავარაუდო დარიცხვის განხორციელება იმ მოტივით, რომ 2004 წლის აპრილიდან სექტემბრამდე საზოგადოებამ დაქირავებულ მუშებზე აწარმოვა ხელფასების გაცემა, რის მიუხედავადაც, ამ ნაწილში არ მოუხდენია საგადასახადო ვალდებულების შესრულება.
დარიცხვის საფუძვლად კასატორი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის (საუბარია 1997 წლის რედაქციაზე) 235-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ არსებობს გადასახადის დარიცხვის კანონისმიერი საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიხედვით გადასახადის თანხის დარიცხვა გულისხმობს კონკრეტულ საგადასახადო პერიოდში გადამხდელისაგან კუთვნილი გადასახადის თანხის საგადასახადო ორგანოში აღრიცხვას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ გადამხდელი არ წარმოადგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დაარიცხოს მას გადასახადი მის ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე.
ამდენად, როგორც მითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, გადასახადის სხვა სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე დარიცხვის შემთხვევაში უნდა არსებობდეს ორი პირობა: გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას და მას ეკუთვნის ამ გადასახადის გადახდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას სადავო თანხის ნაწილში და ამ ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის სისწორეს, კერძოდ, საქმეში, ს.ფ. 39-41, წარმოდგენილია ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 30 ივნისის შემოწმების აქტი, რომელმაც მოიცვა პერიოდი 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის პირველ ივნისამდე. მითითებული აქტის საფუძველზე შპს ,,გ...ს” ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი - 239 ლარი და სოციალური გადასახადი 394 ლარი. დადგენილია, რომ მითითებული თანხა შპს ,,გ...ის” მიერ გადახდილია.
შემოწმების აქტში სადავო თანხები აღნიშნული არ არის.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ შემოწმების მიზანი იყო დამატებითი თანხის გამოვლენა და არა უკვე დარიცხული თანხის გადამოწმება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აქტის შინაარსს, რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს შემდეგი შინაარსის ჩანაწერს: 2004 წელს საზოგადოებას ხელფასის სახით დარიცხული აქვს 210 ლარი, რაზედაც დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი სწორად და დეკლარირებულია საგადასახადო ინსპექციაში. როგორც შემოწმებით დადგინდა, საზოგადოებას 2004 წლის ოქტომბერში ნედლეულის გადატვირთვაზე კერძო პირებისათვის გაცემული აქვს საწვავი შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელიც არ იქნა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, რაზედაც უნდა დაერიცხოს საშემოსავლო გადასახადი 170 ლარი, ჯარიმა 42 ლარი და გადასახადის არადროული გადახდისათვის 225 დღეზე გაანგარიშებით - 27 ლარი. მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში დარიცხულია ხელფასი 150 ლარი, რაზედაც დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი სწორად და დეკლარაციები წარდგენილია ინსპექციაში დროულად.
საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს აქტის შინაარსს და აღნიშნავს, რომ მითითებული აქტი პირდაპირ ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მხრიდან გადასახადის დარიცხვისათვის საჭირო ინფორმაციის დროულად წარდგენის ფაქტს, რაც, თავის მხრივ, უსაფუძვლოს ხდის მითითებას საზოგადოების მხრიდან, გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს გადასახადზე დარიცხული თანხის შესახებ შეტყობინების არარსებობის ფაქტს, რითიც საგადასახადო არგანოს მხრიდან დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 236-ე მუხლის მოთხოვნა. საგულისხმოა, რომ შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მეწარმე სუბიექტისათვის წარდგენილია ისე, რომ მას არ მიუღია შეტყობინება გადასახადის დარიცხვის შესახებ, არ წარდგენია მოთხოვნა გადასახადის გადახდის ვალდებულებასა და გადახდის ვადებზე მითითებით.
აქვე საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც, მიუხედავად საგადასახადო ორგანოს მხრიდან კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევისა, სასამართლოს მისცემდა საფუძველს სადავო თანხის დარიცხვა მიეჩნია კანონშესაბამისად. რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მოხსენებით ბარათს, აღნიშნული არ ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რის გამოც, მარტოოდენ მითითებული განმარტებითი ბარათის არსებობა, სასამართლოს არ აძლევს დარიცხული თანხის კანონიერად მიჩნევის საფუძველს.
რაც შეეხება მიწის გადასახადს, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილია, რომ შპს ,,გ...ის” მიერ დაკავებული მიწის ფართი შეადგენს 296 კვ.მ-ს, რაზე გადაანგარიშებითაც შპს ,,გ...ს” მიწის გადასახადი გადახდილი აქვს სრულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კასატორი, მართალია, სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას შპს ,,გ...ის” მიერ დაკავებული მიწის ფართის ნაწილში და მიუთითებს, რომ შპს ,,გ...ს” 2004 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა 1365 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მაგრამ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად ვერ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას, ეჭვქვეშ დააყენოს სააპელაცო სასამართლოს მხრიდან მიწის ნაკვეთის ფართთან მიმართებაში დადგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.