¹ბს-799-768(კ-08) 9 ოქტომბერი,2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ზ. ჯ-ა და ნ. ო-ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე)
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ო-ამ, მ. ქ-ამ, გ. უ-ამ, ს. ს-ამ, ზ. ჯ-ამ და მ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 29 ოქტომბრის ¹309 ბრძანებისა და მათი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის განჩინებით ზ. ჯ-ას, მ. ქ-ას, ნ. ო-ას, მ. ბ-ასა და ს. ს-ას სასარჩელო მოთხოვნა მათი პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ას, მ. ქ-ას, ნ. ო-ას, მ. ბ-ასა და ს. ს-ას სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 29 ოქტომბრის ¹309 ბრძანების პ-2 ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით, ხოლო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ო-ამ, მ. ქ-ამ, მ. ბ-ამ და ზ. ჯ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის განჩინება ზ. ჯ-ას და ნ. ო-ას სასარჩელო მოთხოვნის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ო-ამ, გ. ბ-ამ, მ. ქ-ამ და ზ. ჯ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-სა და ნ. ო-ას სასარჩელო განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზურაბ ჯღარკავამ და ნოდარ ოკუჯავამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ჯ-ამ და ნ. ო-ამ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ ზ. ჯ-ას მიმართ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, გამოყენებული უნდა ყოფილიყო კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, რადგან ის წარმოადგენდა პროკურატურის აპარატის უფროსს, რომელიც არის პროკურატურის მრჩეველი და მასზე ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად უნდა გავრცელდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები. ნ. ო-ან მიმართებაში კასატორებმა განმარტეს, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მისი მოსაზრება შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის გამო, მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, რადგან ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი შრომისუუნარობის ფურცელზე მყოფის სამსახურიდან დათხოვნა არდათხოვნის საკითხს არ აწესრიგებს. სასამართლოს მოთხოვნასთან მიმართებაში უნდა გამოეყენებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლი, რომელიც ნათლად განსაზღვრავს, რომ საავადმყოფო ფურცელზე მყოფი მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დაუშვებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ჯ-სა და ნ. ო-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. ჯ-სა და ნ. ო-ას საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ზ. ჯ-სა და ნ. ო-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.