ბს-801-763(კ-07) 14 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთA სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 დეკემბერს ბ. ლ-ამ, თ. გ-მა, გ. ვ-ემ, ა. გ-მა, ბ. ხ-მა და დ. ნ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, სხვადასხვა დროს მუშაობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, რომელსაც მოსარჩელეთა მიმართ დაუგროვდა სახელფასო დავალიანება, რამაც მთლიანობაში შეადგინა 15773,69 ლარი. მიუხედავად მოსარჩელეთა არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხე მათთვის გაურკვეველი მიზეზებით, თავს არიდებდა სახელფასო დავალიანების გადახდას. აღნიშნულს ადასტურებდა მოპასუხის 2006 წლის 5 იანვრის ¹01-2-19/53, 2006 წლის 16 იანვრის ¹01-2-19/739, 2006 წლის 7 თებერვლის ¹01-2-19/2407, 2006 წლის 17 თებერვლის ¹11-468, 2006 წლის 4 აპრილის ¹01-219/7547, 2006 წლის 5 აპრილის ¹11-979, 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹01-1-15/22142 წერილები. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო მათ მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების თაობაზე ანგარიშსწორება მოეხდინა შვიდი კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ იგი კვლავ უხეშად არღვევდა მათ კანონიერ უფლებებს და არ ახდენდა შესაბამის ანგარიშსწორებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების _ 15773,69 ლარის, აქედან ხელზე მისაღები (შესაბამისი გადასახადების გამოკლებით) 12411,66 ლარის, კერძოდ: ბ. ლ-ას მიმართ სახელფასო დავალიანების _ 2125,71 ლარის, ხელზე მისაღები _ 1658 ლარის, თ. გ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების _ 3045,8 ლარის, ხელზე მისაღები _ 2377,45 ლარის, გ. ვ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების _ 2388,11 ლარის, ხელზე მისაღები _ 1862,73 ლარის, ა. გ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების _ 2794,9 ლარის, ხელზე მისაღები _ 2224,4 ლარის, ბ. ხ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების _ 1995,89 ლარის, ხელზე მისაღები _ 1556,82 ლარის, დ. ნ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების _ 3423,28 ლარის, ხელზე მისაღები _ 2732,29 ლარის მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ბ. ლ-ას, თ. გ-ის, გ. ვ-ის, ა. გ-ის, ბ. ხ-ისა და დ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ლ-ას, თ. გ-ის, გ. ვ-ის, ა. გ-ის, ბ. ხ-ისა და დ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა ბ. ლ-ას სასარგებლოდ 1658,06 ლარის, თ. გ-ნის სასარგებლოდ 2377,45 ლარის, გ. ვ-ის სასარგებლოდ 1862,73 ლარის, ა. გ-ის სასარგებლოდ 2224,4 ლარის, ბ. ხ-ის სასარგებლოდ 1556,82 ლარისა და დ. ნ-ის სასარგებლოდ 2732,29 ლარის სახელფასო დავალიანების გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დავალიანება მოსარჩელე ბ. ლ-ას მიმართ შეადგენდა 1658,06 ლარს, თ. გ-ის მიმართ _ 2377,45 ლარს, გ. ვ-ის მიმართ _ 1862,73 ლარს, ა. გ-ის მიმართ _ 2224,4 ლარს, ბ. ხ-ის მიმართ _ 1556,82 ლარს, დ. ნ-ის მიმართ _ 2732,29 ლარს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც დადგენილი იყო, რომ მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდიდა საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ მოპასუხე ორგანიზაციაში. მოპასუხეს მათ მიმართ 1998-2003 წლებში წარმოექმნა სახელფასო დავალიანება. მოპასუხე მის მიერვე გაცემული ცნობებით აღიარებდა, რომ მოსარჩელეების მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება, საიდანაც მათ ხელზე ერგებოდათ: ბ. ლ-ას _ 1658,06 ლარი, თ. გ-ს _ 2377,45 ლარი, გ. ვ-ეს _ 1862,73 ლარი, ა. გ-ს _ 2224,4 ლარი, ბ. ხ-ს _ 1556,82 ლარი და დ. ნ-ს _ 2732,29 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი. საბაჟო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) დაფინანსების შემცირების საფუძველი. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება იყო შეთანხმება საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ერთი მხარე, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, ვალდებულებას იღებდა, უზრუნველეყო მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაეხადა ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ხოლო მეორე მხარე, მუშაკი, ვალდებულებას იღებდა, შეესრულებინა გარკვეული სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, მოსამსახურეს მისი დათხოვნისას საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გადაცემული უნდა ყოფილიყო არა უგვიანეს შემდეგი დღისა დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეები მუშაობდნენ მოპასუხე ორგანიზაციაში, საიდანაც დათხოვნილ იქნენ და მოპასუხეს მოსარჩელეების მიმართ გააჩნდა 1998-2003 წლებში დარიცხული თანხებიდან ხელზე გასაცემი თანხების დავალიანება, რომელთა არსებობაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მოპასუხის მიერ მოსარჩელეებზე გაცემული არ იყო, მოსარჩელეები სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხესთან და მისგან იღებდნენ ხელფასს. აქედან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელეებისთვის აენაზღაურებინა სახელფასო დავალიანება.'
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და სწორად დააკმაყოფილა სარჩელი, გადაწყვეტილება იყო არსებითად სწორი და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და გამოტანილია ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების გარეშე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ვერ გაისტუმრა სახელფასო დავალიანებები იმის გამო, რომ ბიუჯეტში აღნიშნული თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხარჯზე შეუძლებელია, რადგან შესაბამისი კანონის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად თანხა გამოყოფილი აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შესაბამისი მუხლები შეტანილია, როგორც წინა წლების, ისე 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში), ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხას.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6, მე-8 და მე-40 მუხლები, რომელთა თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი აქვს თანხა სახელფასო დავალიანებების დასაფარავად და შესაბამისად, აღნიშნული დავალიანებების ანაზღაურება წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 14 ნოემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.