Facebook Twitter

¹ბს-801-767(კ-06) 24 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი/მ ,,...." და მესამე პირის _ ნ. კ-ის მიმართ და მოპასუხის არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში 2003 წლის 3 ივნისს ქ. ქუთაისში, ..... ¹1-ში მდებარე 20,03 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე იჯარის უფლების მოპოვებისთვის გამართულ კონკურსში გაიმარჯვა ნ. კ-მა.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ ფართზე ი/მ ,,ნ. კ-ეს" ქ. ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს ,,ქ-სთან" 2000 წლის 1 ივლისს დადებული ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2002 წლის 1 ივლისს ამოიწურა, თუმცა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ი/მ ,,ნ. კ-ე" არ ათავისუფლებდა დაკავებულ ფართს და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აგრძელებდა ფართით სარგებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავო ფართიდან მოპასუხისა და გამოსახლების მომენტისთვის იქ მყოფი ყველა სხვა პირის გამოსახლება მოითხოვა.

2004 წლის 13 მაისს ნ. კ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ნ. კ-ის მიმართ.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მის მიერ შპს ,,ქ-თან" დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადა 2004 წლის 1 ივლისს იწურებოდა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 572-ე მუხლის თანახმად, მას სადავო ფართზე იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნის უფლება გააჩნდა.

შეგებებული სარჩელის ავტორმა ასევე მიიჩნია, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სადავო არასაცხოვრებელ ფართზე კონკურსი კანონის დარღვევით ჩაატარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. კ-ემ მუნიციპალური დაქვემდებარების სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემა) მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის 2003 წლის 3 ივნისის ¹17.6 ოქმის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ნ. კ-ს შორის 2003 წლის 10 ივნისს დადებული ¹1391 საიჯარო ხელშეკრულებისა და 2003 წლის 20 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ი/მ ,,ნ. კ-ე" გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ..... ¹1-ში მდებარე 20,03 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან, გამოსახლების მომენტისთვის იქ მყოფ ყველა პირთან ერთად.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ქ. ქუთაისის მთავრობა და შპს ,,ქ-ო" ჩაებნენ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება; ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: მუნიციპალური დაქვემდებარების სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემა) მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის 2003 წლის 3 ივნისის ¹17.6 ოქმი; საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ნ. კ-ს შორის 2003 წლის 10 ივნისს დადებული ¹1391 საიჯარო ხელშეკრულება და 2003 წლის 10 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995 წლის 16 თებერვალს სადავო არასაცხოვრებელ ფართზე, რომელიც ქუთაისის მერიის სამეურნეო-ადმინისტრაციული სამმართველოს ბალანსზე ირიცხებოდა, იჯარის ხელშეკრულება სამი წლის ვადით დაიდო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. კ-ეს შორის. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მის საფუძველზე, 1998 წლის 26 თებერვალს ქუთაისის მერიის სახაზინო საწარმო ,,ქ-სა" და ი/მ ,,ნ. კ-ეს" შორის დადებული ხელშეკრულების დროს სადავო ფართი ქ. ქუთაისის მერიის სამეურნეო-ადმინისტრაციული სამმართველოს ბალანსიდან გადაეცა თუ არა ბალანსზე სახაზინო საწარმო ,,ქ-ს".

ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, იყო თუ არა შპს ,,ქ-ო" უფლებამოსილი ი/მ ,,ნ. კ-თან" 2002 წლის 1 ივლისს გაეფორმებინა არასაცხოვრებელ ფართზე ქირავნობის ხელშეკრულება, ანუ ჰქონდა თუ არა აღნიშნული ფართი შპს ,,ქ-ს" გადაცემული სამეურნეო გამგებლობის უფლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომ სადავო არასაცხოვრებელ ფართზე, როგორც უფლებრივად დატვირთულ ნივთზე, კონკურსის გამოცხადება უკანონო იყო და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით Nნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველომ 1995 წლის 16 თებერვალს ნ. კ-ეს 3 წლით გაუფორმა იჯარის ხელშეკრულება ქ. ქუთაისში, .... ¹1-ში მდებარე სადავო 20,03 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. 1998 წლის 26 თებერვალს იმავე ქონებაზე ქუთაისის მერიის სახაზინო საწარმო ,,ქ-სა” და ნ. კ-ეს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება 1999 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. 2000 წლის 1 ივლისს ქუთაისის მერიის სახაზინო საწარმო “ქ-სა” და ნ. კ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2002 წლის 1 ივლისამდე. 2002 წლის 1 ივლისს კი დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 1 ივლისამდე და აღარ გაგრძელებულა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 10 ივნისს ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. კ-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2003 წლის 3 ივნისიდან 2007 წლის 3 ივნისამდე. ამასთან, ხსენებული ხელშეკრულება 2003 წლის 24 ივნისს სანოტარო წესით დადასტურდა. 2003 წლის 10 ივნისს კი საიჯარო ფართზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რაც საჯარო რეესტრში გატარდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ, როდესაც 2002 წლის 1 ივლისს შპს “ქ-სა” და ნ. კ-ეს შორის სადავო ფართზე ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, აღნიშნული ფართი შპს “ქ-ს” სამეურნეო გამგებლობის უფლებით არ გადასცემია, შესაბამისად, მას სადავო ფართზე ნ. კ-თან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ ჰქონდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარიგება უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებად მიიჩნია მისი დადების მომენტიდან.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. კ-ეს შორის 1995 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ¹74 ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1998 წელს დამთავრდა, ხოლო შპს “ქ-სა” და ნ. კ-ეს შორის 2002 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 2004 წლის 1 ივლისს ამოიწურა, ამდენად, ნ. კ-ეს სადავო ფართი უკანონოდ ჰქონდა დაკავებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება ნ. კ-ემ საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 24 იანვრამდე.

2006 წლის 14 ნოემბერს ნ. კ-მა უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა მოსაზრება დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არის დაუშვებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.