¹ბს-801-770(კ-08) 2 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 25 იანვარს ლ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მ. ნ-ის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა დ. ც-ზე.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 12 აგვისტოს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროში ჩატარდა განმეორებითი იძულებითი აუქციონი, რომელზეც ქ. თბილისში, ..... მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსის ¹41-ში მდებარე ბინის, რიცხული მოსარჩელე ლ. შ-ას სახელზე, მესაკუთრე გახდა დ. ც-ე. ხსენებული აუქციონი ჩატარდა უხეში დარღვევებით. აღნიშნულ ბინაზე ლ. შ-იამ და მ. ნ-ემ გააფორმეს იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ ისესხა მისგან 4340 აშშ დოლარი თვეში ორ პროცენტად, სამი თვის ვადით, ხოლო შემდეგ 2500 დოლარი გადაუხადა მას. ამის შემდგომ მოპასუხე მ. ნ-ემ აღუთქვა მოსარჩელეს, რომ ადროვებდა ნასესხები თანხის დაფარვას, 2004 წლის დასაწყისში კი უკვე კატეგორიულად მოითხოვა თავისი კუთვნილი თანხის დაბრუნება. მოსარჩელემ ისევ სთხოვა მ. ნ-ეს, რომ იგი შესულიყო მის მდგომარეობაში და ეცლია ვალის გასტუმრება, მ. ნ-ემ კი სასამართლოში შეიტანა სარჩელი. იმ პერიოდში, ანუ 2004 წლის მაისისთვის მოსარჩელეს განუვითარდა მწვავე კატარაქტა და ფაქტობრივად, დაკარგა მხედველობა, ამასთანავე, იგი იყო მარტოხელა, II ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი და იმ პერიოდში იმყოფებოდა მარტო. 2004 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ, ისე, რომ არ იცოდა რაზე აწერდა ხელს, ხელი მოაწერა აუქციონის ჩატარების შეტყობინებაზე, რომელზედაც უნდა გაეყიდათ მისი ბინა, რაზეც იგი, რომ სცოდნოდა რაზე აწერდა ხელს, არ დათანხმდებოდა. 2004 წლის ნოემბერში ლ. შ-ას გაუკეთეს თვალის ოპერაცია. მხარეები მორიგდნენ, რომ აუქციონის შედეგებს მ. ნ-ე გააუქმებდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გაისტუმრებდა მის ვალს. 2004 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხე მ. ნ-ეს გადასცა დარჩენილი თანხა, რაც მოპასუხემ დაადასტურა ხელწერილით, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მასაც შეესრულებინა თავისი პირობა და გაეუქმებინა აუქციონის შედეგები, დამატებით მოითხოვა ხუთი ათასი დოლარი, რაზედაც მოსარჩელე არ დათანხმდა. ამდენად, მოსარჩელემ არაფერი იცოდა აუქციონთან დაკავშირებით, რადგან არავინ ჰყავდა ისეთი, რომელიც მიუთითებდა, თუ რაზე აწერდა რეალურად ხელს, ანუ ფაქტობრივად, დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 72-ე მუხლების პირველი ნაწილები და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, მიემართა სასამართლოსათვის, რათა სასამართლოს გაეუქმებინა იძულებითი აუქციონი, რადგან იმ მომენტში მოსარჩელე იყო ავად და უმწეო მდგომარეობაში _ დაკარგული ჰქონდა მხედველობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2004 წლის 18 აგვისტოს ჩატარებული იძულებითი აუქციონის გაუქმება, მისგან გამომდინარე იურიდიული შედეგებით, ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ქ. თბილისში, ..... მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსის ¹41-ში მდებარე ბინის აღრიცხვა მოსარჩელის სახელზე, ასევე _ სასამართლო ხარჯების, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის ჰონორარის – 500 ლარის გადახდის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
ლ. შ-ამ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროზე და დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მანამდეც და აუქციონის მომზადებისა და ჩატარების პერიოდშიც დაკარგული ჰქონდა მხედველობა 80%-ით, დაკარგული ჰქონდა ორიენტაცია, იმყოფებოდა პანიკის მდგომარეობაში და ამ ვითარებაში, მას, როგორც აღსრულების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს _ მოვალეს არ მიეცა თავისი საპროცესო უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის (მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას) მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მძიმე ავადმყოფობის გაუთვალისწინებლად, მას არ განემარტა თავისი უფლება, რომ წერილობითი განცხადების საფუძველზე შეეძლო მოეთხოვა, სასამართლოს მთლიანად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა აღსრულების ღონისძიება, აეკრძალა ან დროებით შეეჩერებინა იგი. გარდა ამისა, სასამართლო აღმასრულებელმა კანონის დარღვევით ჩაატარა სხვა სააღსრულებო მოქმედებებიც, კერძოდ, კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, საერთოდ არ გაუფრთხილებია მოვალე და არ მიუწვევია პირველ აუქციონზე, რომელიც ჩატარდა შესაბამისი განკარგულების გარეშე, ასევე მას საერთოდ არ გაუფრთხილებია მოვალე და არ მიუწვევია იგი ისეთი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებაში მონაწილეობისათვის, როგორიც იყო აუქციონზე რეალიზაციისათვის დაქვემდებარებული ქონების აუდიტორული შეფასება, საჯარო ვაჭრობის ჩატარება, ქონების აღწერა და სხვა. ლ. შ-ას, ფაქტობრივად, საერთოდ არ მიეცა უფლება და საშუალება, მონაწილეობა მიეღო აღსრულების პროცესში, ეწარმოებინა კრედიტორთან მოლაპარაკება მორიგებისა და აუქციონის სხვაგვარად თავიდან აცილების შესახებ. აღნიშნულის გამო, აღსრულების პროცედურა განხორციელდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის ნორმების უხეში დარღვევით, რაც იწვევდა დარღვევით განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული საჯარო აუქციონის შედეგის _ 2004 წლის 12 აგვისტოს გამოცემული ¹01/15-242 სააღსრულებო განკარგულებისა და შესაბამისად, აუქციონის შედეგების საჯარო რეესტრში ასახვის ბათილობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო აუქციონის შედეგად გამოცემული 2004 წლის 12 აგვისტოს ¹01-15-242 სააღსრულებო განკარგულებისა და ამ განკარგულებიდან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა, ანუ ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ქ. თბილისში, ..... მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსის ¹41-ში მდებარე ბინის აღრიცხვა მოსარჩელის სახელზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 იანვრის განჩინებით ლ. შ-ას წარმომადგენელ თ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო დ. ც-ის სახელზე რიცხულ ბინას, მდებარე ქ. თბილისში, ..... მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსის ¹41-ში.
ლ. შ-ამ კიდევ ერთი დაზუსტებული სარჩელი წარადგინა ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (რომელსაც გადაეცა მოცემული საქმე განსახილველად), მოპასუხედ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროზე და დამატებით აღნიშნა, რომ ძირითად სარჩელსა და დაზუსტებულ სარჩელში მითითებული გარემოებების გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ სასამართლო აღმასრულებელმა მეორე აუქციონი ჩაატარა შესაბამისი განკარგულების გარეშე, კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რომლის შესახებაც საქმეში არ მოიპოვებოდა არავითარი დოკუმენტი, რაც იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების წესის დარღვევა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ც-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა 2004 წლის 12 აგვისტოს ¹01/15-242 სააღსრულებო განკარგულების ბათილად ცნობასა და 500 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლომ მის მიერ გამოთხოვილი ¹01/04-01-82-44 სააღსრულებო წარმოების საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. შ-ას მ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6553 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, მ. ნ-ემ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა სააღსრულებო ფურცელი. 2004 წლის 31 მაისს აღმასრულებელ ი. მ-ის მიერ მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა თანხის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში _ მოსალოდნელი იძულებითი აუქციონის შესახებ. აღმასრულებლის მიერ, კრედიტორ მ. ნ-ის განცხადების საფუძველზე, 2004 წლის 15 ივნისის განკარგულებით დაინიშნა იძულებითი აუქციონი ლ. შ-ას სახელზე რიცხულ, ქ. თბილისში, ...... მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსში მდებარე ¹41 ბინაზე. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა 2004 წლის 12 ივლისს. იმავე აუქციონის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ „....“. 2004 წლის 20 ივლისის პირველ აუქციონზე ბინის შემძენის მსურველის გამოუცხადებლობის გამო, ხსენებული ბინის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. კრედიტორ მ. ნ-ის განცხადების საფუძველზე, აღმასრულებელ ი. მ-ის მიერ დაინიშნა II იძულებითი აუქციონი 2004 წლის 12 აგვისტოსთვის, რაც გამოქვეყნდა გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ საჯარო ინფორმაციის სახით და რაზეც აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო განკარგულება არ გამოცემულა. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა 4 აგვისტოს (დადასტურებული იყო ხელმოწერით). 2004 წილს 12 აგვისტოს განმეორებით აუქციონზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, ხოლო აუქციონზე გამოტანილი უძრავი ქონება შეიძინა მოქალაქე დ. ც-ემ, რაზეც 2004 წლის 12 აგვისტოს გაიცა ¹01/15-241 განკარგულება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სარჩელი აღძრული იყო სააღსრულებო განკარგულების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო განკარგულება გამოცემული იყო კანონის შესაბამისად. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვეული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სასამართლო აღმასრულებელს შეეძლო გაეცა განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებული იყო, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე. საქმის მასალებით, მართალია, დადგენილი იყო, რომ მოვალე _ მოსარჩელე ლ. შ-ა რეგისტრირებული იყო, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრე, მაგრამ საქალაქო სასამართლომ მიუთითა ხსენებულ მუხლზე და გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ მეორე იძულებითი აუქციონის შესახებ განკარგულების გაუცემლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარეობდა სასამართლო აღმასრულებლის დისკრეციული უფლებამოსილება და არა ვალდებულება იძულებითი აუქციონის შესახებ განკარგულების გაცემის თაობაზე.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო აღმასრულებელს კანონი არ ავალდებულებდა, გამოეცა იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულება. მართალია, სასამართლო აღმასრულებლის მიერ პირველი აუქციონის შესახებ გაიცა განკარგულება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა იმის საფუძველს, რომ აღმასრულებელს განმეორებითი აუქციონის დანიშვნის თაობაზეც იმავე წესით უნდა ემოქმედა და გამოეცა მეორე იძულებითი აუქციონის შესახებ განკარგულება.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ აუქციონის ჩატარების შედეგად დაირღვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მოსარჩელის ავადმყოფობის, უმწეო მდგომარეობაში ყოფნის გამო, რადგან სასამართლო აღმასრულებელს უფლება არ ჰქონდა, ამ საფუძვლით შეეჩერებინა იძულებითი აღსრულება, ვინაიდან ხსენებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხოლოდ სასამართლო იყო უფლებამოსილი, მოვალის განცხადების საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა აღსრულების ღონისძიება, აეკრძალა ან დროებით შეეჩერებინა ესა თუ ის ღონისძიება, არა უმეტეს ორი თვის ვადით. სასამართლოს მიერ კი ზემოაღნიშნულ შესაძლო ღონისძიებათაგან არც ერთი არ ყოფილა გამოყენებული, იმდენად, რამდენადაც მოსარჩელეს (მოვალე ლ. შ-ას) არ მიუმართავს მისთვის.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო მოქმედებდა კანონის ფარგლებში, მის მიერ დაცული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 68-77-ე მუხლები, რის გამოც არ უნდა გაუქმებულიყო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 2004 წლის 18 აგვისტოს ¹01/15-242 განკარგულება. რაც შეეხებოდა თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილ ადვოკატისათვის გაწეულ ხარჯებს 500 ლარის ოდენობით, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში იყო უსაფუძვლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით ლ. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ლ. შ-ას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ არასრულად შეამოწმა სააპელაციო საჩივარი ფაქტობრივი თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე, არ გაიზიარა ლ. შ-ას მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ლ. შ-ია საქმის წარმოების პერიოდში იყო მარტოხელა, უსინათლო, უმწეო მდგომარეობაში, მას არ ჰქონდა არავითარი საშუალება, ადეკვატურად მოეხდინა რეაგირება საქმესთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებზე, ასევე დარღვეული იყო მისი, როგორც მხარის უფლება, მიეღო შესაბამისი იურიდიული დახმარება, აგრეთვე, დარღვეული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რადგან იგი აქტიურად არ ყოფილა გაფრთხილებული. ამ გარემოებების გამო, სააპელაციო სასამართლომ მიიღო არასწორი განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. შ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 14 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 2 ოქტომბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.