Facebook Twitter

¹ბს-803-765(კ-07) 26 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

17.01.07წ ვ. შ.-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 26.12.06წ. ¹1393-პ ბრძანებით განთავისუფლდა ქ. გორის საგადასახადო ინსპექციის ...-ის სამმართველოს ...-ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან ...-ის რაიონში ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან მუშაკის გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო. მოსარჩელის განცხადებით, საგადასახადო სისტემაში მუშაობდა 1997 წლიდან და მუშაობის პერიოდში მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად, არ დაუმსახურებია რაიმე დისციპლინური სასჯელი. სადავო ბრძანების თანახმად, მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო გორის საგადასახადო ინსპექციის ...-ის მ/შ 22.12.06წ. ¹05-40/ფ/9354 წარდგინება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნომრით რეგისტრირებულია შუამდგომლობა, რომელშიც მითითებულია, რომ თითქოს, ვ. შ.-ი არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოსარჩელის აზრით, დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული ჰქონდა მთელი რიგი ღონისძიებანი, ...-ის რაიონში საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმას დაქვემდებარებული 83 ობიექტიდან 80 მათგანს უკვე ამუშავებული ჰქონდა სალარო-აპარატი. მას გამოვლენილი ჰქონდა ასევე მთელი რიგი სამართალდარღვევები. მოსარჩელემ სამსახურიდან მისი გათავისუფლების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 26.12.06წ. ¹1393-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.06წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩაება მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.07წ. გადაწყვეტილებით ვ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 26.12.06წ. ¹1393-პ ბრძანება ვ. შ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელე აღდგენილი იქნა სამსახურში, მოპასუხეს დაევალა მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.03.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის საფუძველზეც გათავისუფლდა ვ. შ.-ი სამსახურიდან, ითვალისწინებდა მუშაკის სამუშაოდან დათხოვნას დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევდა სამსახურებრივ მოვალეობებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა ვ. შ.-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს, რაც ზაკ-ის მე-601 მუხლის შესაბამისად მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის იანვარ-სექტემბრის თვის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების ცხრილის მიხედვით ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების გეგმა გორის საგადასახადო ინსპექციაში შემავალ 9 რაიონიდან ...-ის რაიონს ყველა რაიონზე მეტი პროცენტით ჰქონდა შესრულებული, ხოლო გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსის ¹155 ბრძანების თანახმად მესამე კვარტალში ვ. შ.-ს მიეცა 300 ლარის ოდენობით პრემია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. შ.-ის სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე და 112-ე მუხლების შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. კასატორის განმარტებით, საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე ვ. შ.-ს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არ შეუდგენია არც ერთი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა მონაწილეობას ღებულობდა სხვა თანამშრომლის მიერ გატარებულ ღონისძიებაში, რაც, კასატორის აზრით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამსახურებრივ მოვალეობად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ექვსივე ოქმი შედგენილი იყო 2006 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას არ დარღვეულა მისი მომზადების წესი, მისი ბათილად ცნობა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამათლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.10.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად. კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.